საქმე №ბს-766(კ-22) 31 მაისი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, გოჩა აბუსერიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი; მესამე პირები (სასკ 16.2) - ლ. ფ-ჰ-ი, მ. გ-ი, რ. ლ-ა, მ. ტ-ი)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 20 ივლისს მ. გ-მა სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 18.03.2010 წლის №... გადაწყვეტილების, 19.05.2014 წლის №... გადაწყვეტილებისა და 27.09.2018 წლის №... გადაწყვეტილების ნაწილობრივ, სადავო მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში, ბათილად ცნობა მოითხოვა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 25 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ლ. ფ-ჰ-ი, რ. ლ-ა და მ. ტ-ი, ხოლო 2020 წლის 24 აგვისტოს განჩინებით - მ. გ-ი.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ, მ. გ-ის საკუთრებაში არსებული 570 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი „რეგისტრაციის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 18.03.2010 წლის №... გადაწყვეტილება.
სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს რ. ლ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციისას, არ დაუდგენია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი საკადასტრო ნახაზით დგინდებოდა, რომ მოსარჩელის და რ. ლ-ასთვის გადაცემული მიწის ნაკვეთები მდებარეობდა ერთმანეთის გვერდით. მ. გ-ის ოჯახის სახელზე გაცემული მიწის მიღება- ჩაბარების №18 აქტის მიხედვით მიწას პირობითი სახელწოდებით „სახლთან“, ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა - უ-ი, სამხრეთით და აღმოსავლეთით გზა, ხოლო დასავლეთით ს-ე, ხოლო რ. ლ-ას სახელზე გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების №7 აქტით მიწის ნაკვეთს, პირობითი სახელწოდებით „ეზო სახლი“, ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა გზა, სამხრეთით უ-ი, აღმოსავლეთით გ-ი, ხოლო დასავლეთით ს-ე.
სასამართლოს შეფასებით, რ. ლ-ას მიერ სარეგისტრაციოდ საკადასტრო-აზომვითი ნახაზით წარდგენილი მიწის ნაკვეთი და მიღება-ჩაბარების აქტში აღნიშნული მიწის ნაკვეთი, მის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ნაკვეთი არ შეესაბამებოდა ერთმანეთს. ამას ადასტურებდა თავად რ. ლ-ა, რომლის განმარტებითაც მოსარჩელის კუთვნილი, რეფორმამდე არსებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთი მდებარეობდა მისთვის მიღება-ჩაბარების აქტით გაცემული ნაკვეთის მომიჯნავედ და რ. ლ-ას სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მოიცავდა ამ უკანასკნელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილს, რომელიც მაშინაც და ამჟამადაც გამოყოფილი იყო ღობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. გ-ის საკუთრებაში არსებული 570 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში, არსებობდა „რეგისტრაციის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 18.03.2010 წლის №... გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის საფუძველი.
რაც შეეხება მოთხოვნებს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 19.05.2014 წლის ... და 27.09.2018 წლის ... გადაწყვეტილებების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ, სასამართლომ მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლითაც უძრავ ქონებაზე, ს.კ ..., დარეგისტრირდა ჯერ მ. ტ-ის, შემდეგ კი ლ. ფ-ჰ-ის საკუთრების უფლება, დამოუკიდებლად წარმოადგენდნენ სარეგისტრაციო აქტების გამოცემის საფუძველს. წინა რეგისტრაციის უკანონობა თავისთავად არ იწვევდა შემდგომი რეგისტრაციების ბათილობას, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის კანონიერების გადასინჯვის გარეშე. აღნიშნული მიდგომა მოქმედებდა მესამე პირებთან მიმართებაში, ვინაიდან რეგისტრირებული მესაკუთრე, თუნდაც ის არ იყოს უძრავი ნივთის ნამდვილი მესაკუთრე, საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველზე მესამე პირებისათვის მიიჩნევა ნამდვილ მესაკუთრედ.
სასამართლომ აღნიშნა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ჩანაწერების და შესაბამისად, ამონაწერში დაფიქსირებული მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. ამდენად, ნებისმიერ პირს აქვს შესაძლებლობა, დაეყრდნოს რეესტრში დაცულ მონაცემთა სიზუსტეს. მითითებული კანონის 3.6 მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამდენად, მარეგისტრირებელ ორგანოში დაცულ მონაცემთა სისწორე და შესაბამისი რეგისტრაციის ამსახველ ამონაწერში მონაცემთა სრულყოფილად მითითება, მარეგისტრირებელი ორგანოს პასუხისმგებლობაა. მონაცემთა არასათანადოდ ასახვა არ უნდა გახდეს კეთილსინდისიერი შემძენის უფლების შელახვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სადავო უძრავი ქონება, რომელიც რეგისტრირებული იყო რ. ლ-აზე თავდაპირველად გასხვისდა მ. ტ-ზე, ხოლო მოგვიანებით ლ. ფ-ჰ-ზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც შემძენების არაკეთილსინდისიერების საკითხი დავის საგანს არ წარმოადგენდა და შესაბამისად არ იყო დადგენილი, არ არსებობდა მათ სახელზე განხორცილებებული რეგისტრაციების ბათილად ცნობის საფუძველი.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 მარტის განჩინებით მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულდ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი შეფასება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-მა რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საკასაციო საჩივრის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებით რეალურად დადგინდა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის ... (18.03.2010) გადაწყვეტილება არის უკანონო და რ. ლ-ამ 2010 წელს უკანონოდ დაირეგისტრირა 1623 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რითაც შეილახა მოსარჩელე მ. გ-ის საკუთრების უფლება, თუმცა სასამართლომ მოსარჩელეს უარი უთხრა იმ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობაზე, რომლითაც ჯერ მ. ტ-მა, ხოლო შემდგომ ლ. ფ-ჰ-მა საკუთრებაში მიიღო სადავო უძრავი ქონება. სასამართლო მოცემულ შემთხვევაში განმარტავს, რომ შემძენის არაკეთილსინდისიერების საკითხი დავის საგანს არ წარმოადგენს და შესაბამისად არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. მ. გ-ის მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში ერთმნიშვნელოვნად არის მითითებული გარემოებები, რითაც ხაზი გაესვა ჯერ მ. ტ-ის, ხოლო შემდგომ ლ. ფ-ჰ-ის როგორც არაკეთილსინდისიერი შემძენების საკითხს და მხარემ სადავოდ გახადა აღნიშნული გარემოებები. სასამართლოში გამართულ პროცესებზეც ასევე მნიშვნელოვნად მახვილდებოდა ყურადღება მოცემულ საკითხზე. მოსარჩელე მხარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 2010 წლის 18 მარტს რ. ლ-ამ მიღება-ჩაბარების აქტის, როგორც უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა სადავო უძრავი ქონება (№...). აღნიშნული ქონების ნაწილი, 570 კვ.მ მაშინაც და ახლაც მოქცეულია მ. გ-ის ფაქტიურ სარგებლობაში და გამოყოფილია ღობით. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას თვით სასამართლო ადგენს და უთითებს გადაწყვეტილებაში.
2014 წლის 13 მაისს რ. ლ-ამ გაყიდა მისი უძრავი ქონება და იყიდა მ. ტ-მა, რომელმაც შემდგომში 2018 წლის 24 სექტემბერს ასევე მიყიდა ლ. ფ-ჰ-ს. როგორც პირველი, ასევე მეორე ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს მყიდველებმა იცოდნენ რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით მიწის ნაკვეთი 1623 კვ.მ შეადგენდა თუმცა ფაქტობრივად იყო გაცილებით ნაკლები. 570 კვ.მეტრის მიწის ნაკვეთი არ გახლავთ ისეთი მცირე ოდენობის, რომლის მესამე პირის მიერ დაუფლების ფაქტი შეუმჩნეველი დარჩებოდა შემძენისათვის. სასამართლო პროცესზე ლ. ფ-ის წარმომადგენელი არც შეწინააღმდეგებია აღნიშნულ ფაქტს, სადავო მიწის ნაკვეთის მ. გ-ის სარგებლობაში არსებობის შესახებ. ის ფაქტი, რომ ჯერ მ. ტ-მა, ხოლო შემდგომ ლ. ფ-ჰ-მა იცოდნენ ზემოაღნიშნული ფაქტის შესახებ, რომ მიწის ნაკვეთი 570 კვ. მეტრის ოდენობის იყო სადავო, ასევე აღნიშნული მიწის ნაკვეთი იყო ღობით გამოყოფილი იმ უძრავი ქონებისგან რომელსაც ისინი ყიდულობდნენ და იყო მ. გ-ის ფაქტიურ სარგებლობაში, მათ აქცევს არაკეთილსინდისიერ შემძენებად. შესაბამისად, სასამართლოს უნდა ემსჯელა აღნიშნულ საკითხებზეც და მიეღო გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. გ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
1997 წლის 15 ივნისის მიწის მიღება-ჩაბარების №18 აქტით დადგენილია, რომ მ. გ-ის ოჯახს ...ის რაიონის სოფელ ...ში გადაეცა 0.75 ჰა მიწის ნაკვეთი, მათ შორის მიწა პირობითი სახელწოდებით „სახლთან“. მიღება-ჩაბარების აქტში მიწას, პირობითი სახელწოდებით „სახლთან“, ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა - უ-ი, სამხრეთით და აღმოსავლეთით გზა, ხოლო დასავლეთით ს-ე.
საქართველოს ეროვნული არქივის ახალციხის რეგიონული არქივის 2020 წლის 30 ივნისის №21/50619 წერილით დადგენილია, რომ ახალციხის რეგიონულ არქივში დაცული ...ის რაიონის ...ის საკრებულოს, კერძოდ სოფელ ...ის 1999- 2003 წწ. საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილი იყო გ-ი ლ., კომლში ირიცხებოდნენ გ-ი ლ. - უფროსი, გ-ი მ. - შვილი, გ-ი მ. - შვ. შვილი. 2001-2005 წწ. საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილი იყო გ-ი ლ., რომელიც გადახაზულია და კომლის უფროსად ჩაწერილი იყო გ-ი მ., კომლში ირიცხებოდნენ გ-ი ლ. - უფროსი (გადახაზულია, გარდაიცვალა), გ-ი მ. - შვილი, გ-ი მ. - შვ. შვილი.
2020 წლის 26 ივნისს მ. გ-მა მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ითხოვა ...ში, სოფელი ...ში, „სახლთან“ მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რაზეც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის 3 ივლისს მიიღო №... გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ მხარეს ეცნობა, რომ წარდგენილ და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა კანონით განსაზღვრული ზედდება და დაევალა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა.
1997 წლის 27 თებერვლის მიწის მიღება-ჩაბარების №7 აქტით დადგენილია, რომ რ. ლ-ას ...ის რაიონის სოფელ ...ში გადაეცა 0.17 ჰა მიწის ნაკვეთი, პირობითი სახელწოდებით „ეზო სახლი“, რომელსაც ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა გზა, სამხრეთით უ-ი, აღმოსავლეთით გ-ი, ხოლო დასავლეთით ს-ე.
2010 წლის 17 მარტს რ. ლ-ამ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ითხოვა ...ში, სოფელი ...ში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რაზედაც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2010 წლის 18 მარტს მიიღო №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და 1623 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე ...ი, სოფელი ...ი, დარეგისტრირდა რ. ლ-ას საკუთრებაში.
2014 წლის 13 მაისს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მ. ტ-მა რ. ლ-ასგან იყიდა უძრავი ქონება, 1623 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ...ის რაიონი, სოფელი ...ი, ს.კ. ....
2014 წლის 13 მაისს მ. ტ-მა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ითხოვა ...ის რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია გარიგების საფუძველზე, რაზეც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წლის 19 მაისს მიიღო №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლის შედეგადაც ...ის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 1623.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ს.კ. ..., აღირიცხა მ. ტ-ის საკუთრებად.
2018 წლის 24 სექტემბერს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ლ. ფ-ჰ-მა მ. ტ-ისგან იყიდა უძრავი ქონება, 1623 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ...ის რაიონი, სოფელი ...ი, ს.კ. ....
2018 წლის 24 სექტემბერს ლ. ფ-ჰ-ის წარმომადგენელმა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ითხოვა ...ის რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია გარიგების საფუძველზე, რაზეც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 27 სექტემბერს მიიღო №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლის შედეგადაც ...ის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 1623.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ს.კ. ..., აღირიცხა ლ. ფ-ჰ-ის საკუთრებად.
საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება „რეგისტრაციის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 18.03.2010 წლის №... გადაწყვეტილების, ნაწილობრივ, მ. გ-ის საკუთრებაში არსებული 570 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში ბათილად ცნობის შესახებ შესულია კანონიერ ძალაში, რამდენადაც მითითებულ ნაწილში იგი მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობას, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 19.05.2014 წლის №... გადაწყვეტილებისა და 27.09.2018 წლის №... გადაწყვეტილების ნაწილობრივ, სადავო მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში, ბათილად ცნობის მოთხოვნებთან დაკავშირებით აფასებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 18.03.2010 წლის №... გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა ავტომატურად არ ქმნის მოცემულ უძრავ ქონებაზე შემდგომში განხორციელებული უფლების რეგისტრაციების გაუქმების საფუძველს. ყოველი რეგისტრაცია დამოუკიდებლად ეფუძნება შესაბამის სამართლებრივ საფუძვლებს - სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, რომლის კანონიერების შემოწმების გარეშეც, მათი ძალაში ყოფნის პირობებში, დაუშვებელია განხორციელებული რეგისტრაციების გაუქმება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ დადგენილი პრაქტიკა - №ბს-30-30(2კ-15); №ბს-193-189(2კ-15); ბს-585-572(4კ-14)).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომელთა თანახმადაც, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად კი, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. შესაბამისად, გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისებისა, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი საჯარო რეესტრში არასწორად იყო რეგისტრირებული წინა მესაკუთრეზე უძრავი ქონება, კეთილსინდისიერი შემძენი მაინც ხდება ქონების მესაკუთრე გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება №3/4/550; საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 იანვრის №ას-189-182-2013 გადაწყვეტილება).
საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ 2014 წლის 13 მაისს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მ. ტ-მა რ. ლ-ასგან იყიდა უძრავი ქონება, 1623 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ...ის რაიონი, სოფელი ...ი, ს.კ. .... 2014 წლის 13 მაისს მ. ტ-მა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ითხოვა ...ის რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია გარიგების საფუძველზე, რაზეც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წლის 19 მაისს მიიღო №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლის შედეგადაც ...ის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 1623.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ს.კ. ..., აღირიცხა მ. ტ-ის საკუთრებად.
2018 წლის 24 სექტემბერს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ლ. ფ-ჰ-მა მ. ტ-ისგან იყიდა უძრავი ქონება, 1623 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ...ის რაიონი, სოფელი ...ი, ს.კ. .... 2018 წლის 24 სექტემბერს ლ. ფ-ჰ-ის წარმომადგენელმა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ითხოვა ...ის რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია გარიგების საფუძველზე, რაზეც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 27 სექტემბერს მიიღო №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლის შედეგადაც ...ის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 1623.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ს.კ. ..., აღირიცხა ლ. ფ-ჰ-ის საკუთრებად.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ სადავო რეგისტრაციები, ორივე შემთხვევაში განხორციელებულია ისეთ პირობებში, როდესაც მიწის ნაკვეთზე კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით რეგისტრირებული იყო მესაკუთრე, რომელიც ამავდროულად იყო გამსხვისებელი. შესაბამისად, მოქმედი პრეზუმფციის თანახმად, ასეთი გარიგებები ნამდვილია, ისინი სადავო არც გამხდარა, ხოლო, განხორციელებული რეგისტრაციები სწორედ ამ გარიგებებს ეფუძნება. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ განხორციელებული რეგისტრაციების საფუძვლების - უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულებების ძალაში ყოფნის პირობებში, უსაფუძვლოა მათ საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციების ბათილად ცნობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, რ. გ-ეს საკასაციო საჩივარზე 22.06.2022 წ. საგადასახდო დავალება №13652840685-ით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 მარტის განჩინება;
3. რ. გ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 22.06.2022 წ. საგადასახდო დავალება №13652840685-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
გ. აბუსერიძე