№ბს-471(2კ-22) 17 მაისი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ლ. გ-ი, მესამე პირი - მ. გ-ი-დ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ლ. გ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 2 ოქტომბრის №003813 დადგენილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 15 იანვრის №18 ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ლ. გ-ის მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმული იქნა მ. გ-ი-დ-ე.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ლ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 15 იანვრის №18 ბრძანება. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 2 ოქტომბრის №003813 დადგენილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შესწავლის შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ.
5.1 კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, საჯარო რეესტრიდან 2016 წლის 31 ოქტომბრის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქ. №2-ის მიმდებარედ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს მ. გ-ი-დ-ე. არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 20 ნოემბრის №3691848 ბრძანებით განუხილველი დარჩა მ. გ-ი-დ-ეის 2017 წლის 4 ოქტომბრის №... განცხადება, ქ. თბილისში, ...ის ქ. №2-ის მიმდებარედ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ განთავსებული შენობა-ნაგებობის ლეგალიზების თაობაზე, განცხადებაზე დადგენილი ხარვეზების გამოუსწორებლობის გამო. არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 16 მარტის №3868213 ბრძანებით ასევე განუხილველი დარჩა მ. გ-ი-დ-ეის 2018 წლის 9 მარტის AR1583023 განცხადება, ქ. თბილისში, ...ის ქ. №2-ის მიმდებარედ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ განთავსებული შენობა-ნაგებობის ლეგალიზების თაობაზე, განცხადებაზე დადგენილი ხარვეზების გამოუსწორებლობის გამო.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ლ. გ-ის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო 2018 წლის 11 ივლისის №003813 მითითების შედგენით, სადაც სამართალდარღვევად დაფიქსირდა ქ. თბილისში, ...ის ქ. №2-ის მიმდებარედ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე შენობა-ნაგებობის განთავსება, რომლის ნაწილიც გადადის სახელმწიფო ტერიტორიაზე. მითითებით, ლ. გ-ის განესაზღვრა 20 კალენდარული დღის ვადა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად ან უსაფრთხოების ნორმების დაცვით ობიექტის დემონტაჟის განსახორციელებლად. ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 2 აგვისტოს №003813 შემოწმების აქტით დაფიქსირდა ამავე სამსახურის 2018 წლის 11 ივლისის №003813 მითითებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა. ზედამხედველობის სამსახურში 2018 წლის 31 აგვისტოს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოცხადებულმა ლ. გ-იმა დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება. მანვე განმარტა, რომ მოხდა წითელი ხაზების გამოსწორება და მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის მიზნით მიმართული აქვთ შესაბამისი კომისიისთვის. საქმის მასალებში არსებული მუნიციპალური ინსპექციის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ–სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტის 2018 წლის 2 ოქტომბრის №9463 მოხსენებითი ბარათის თანახმად, ობიექტის ხელმეორედ გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ მხარის მიერ არ გამოსწორებულა მითითებით გათვალისწინებული დარღვევები, კერძოდ, არ იქნა წარდგენილი უნებართვო სამშენებლო სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და არ მომხდარა შენობა-ნაგებობის დემონტაჟი. მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 2 ოქტომბრის №003813 დადგენილებით ლ. გ-ი დაჯარიმდა 10 000 ლარით, ქ. თბილისში, ...ის ქ. №2-ის მიმდებარედ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე შენობა-ნაგებობის განთავსებისთვის, რომლის ნაწილიც გადადის სახელმწიფო ტერიტორიაზე. ამავე დადგენილებით, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს დაევალა უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი.
კასატორის განმარტებით, სადავო დადგენილებით სამართალდარღვევის ობიექტად მიჩნეული შენობა-ნაგებობის მშენებლობა განხორციელდა 2007 წლის 27 ივლისამდე, რამდენადაც საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 31 ოქტომბრის საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №2-ის მიმდებარედ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მ. გ-ი-დ-ეის საკუთრებაში აღირიცხა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 20 ოქტომბრის №168 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე. შესაბამისად, ვინაიდან დადგენილია, რომ სადავო შენობა-ნაგებობა აშენებულია 2007 წლის 27 ივლისამდე, მშენებლობის კანონიერების შესაფასებლად გამოყენებული უნდა იქნას სამშენებლო საქმიანობის სფეროში 2007 წლის ივლისის მდგომარეობით მოქმედი კანონმდებლობა, კერძოდ, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილება. გათვალისწინებით იმისა, რომ განსახილველ შემთხვევაში განხორციელებული მშენებლობა, საჭიროებდა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მშენებლობის ნებართვის გაცემას, სახეზეა უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოები.
კასატორი აღნიშნავს, რომ ლ. გ-ის პასუხისმგებლობა დაეკისრა, როგორც სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირს. მოსარჩელემ როგორც წარმოდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარში, ისე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე დაადასტურა სამშენებლო სამუშაოების მის მიერ წარმოების ფაქტი. ლ. გ-ი დაჯარიმდა 10 000 ლარით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის. უნებართვოდ განხორციელებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის განხორციელება დაევალა უძრავი ქონების მესაკუთრეს, ვინაიდან უძრავ ქონებაზე არსებობს მისი ფაქტობრივი ბატონობა. აღნიშნული კი გულისხმობს იმას, რომ მესაკუთრის ნების გამოვლენის გარეშე, მხოლოდ მწარმოებელი პირი ვერ მოახდენს უნებართვო სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟს.
კასატორის განმარტებით სააპელაციო პალატა საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ უნებართვო შენობა-ნაგებობის ნაწილი, რომელიც გადადის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ნაწილობრივ დემონტირებულია, შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იმსჯელოს საჯარიმო სანქციის ოდენობაზე, თუმცა სასამართლოს მიერ ყურადღების მიღმა დარჩა ის გარემოება, რომ გასაჩივრებული დადგენილებით მხარის დაჯარიმების მომენტში სადავო შენობა-ნაგებობა განთავსებული იყო როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე.
5.2 კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გააუქმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით ბათილად ცნო მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 2 ოქტომბრის დადგენილება, თუმცა არ მიუთითებია კონკრეტულად რომელი გარემოება არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რასაც არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა დადგენილების კანონიერების საკითხის გადაწყვეტისათვის. სასამართლომ მითითებები დააფუძნა სადავო აქტის გამოცემის შემდგომ წარმოშობილ გარემოებებზე, რაც სასამართლოს სრულ საფუძველს აძლევდა თვითონ გადაეწყვიტა დადგენილების კანონიერების საკითხი.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
მოცემულ საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №2-ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდით: №..., საკუთრების უფლებით აღრიცხულია მ. გ-ი-დ-ეის სახელზე (ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 33.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1). უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ქ. თბილისის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 20 ოქტომბრის №168 საკუთრების უფლების მოწმობა (ს.ფ 141-142); ბ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ, 2018 წლის 11 ივლისს ლ. გ-ის მიმართ შედგა №003813 მითითება, რომლის თანახმად ლ. გ-ის მიერ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №2 კორპუსის მიმდებარედ (ს/კ ...) განთავსებულია შენობა-ნაგებობა, რომელიც ნაწილობრივ გადასულია სახელწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე. დარღვევის გამოსწორების მიზნით ლ. გ-ის დაევალა 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადაში სამშენებლო სამუშაოების შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან ობიექტის დემონტაჟი უსაფრთხოების ნორმების დაცვით (ს.ფ 53-54); გ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 2 აგვისტოს შედგენილ იქნა №003813 შემოწმების აქტი, რომლითაც დადგინდა, რომ ლ. გ-ის მიერ არ არის შესრულებული №003813 მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები (ს.ფ 78-79); დ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 2 ოქტომბრის №003813 დადგენილებით ლ. გ-ი დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №2-ის მიმდებარედ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე შენობა-ნაგებობის (რომელიც გადადის სახელმწიფო ტერიტორიაზე) განთავსებისთვის. ამავე დადგენილებით №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ობიექტის მესაკუთრეს დაევალა შენობა-ნაგებობის დემონტაჟი (ს.ფ 50-52); ე) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 15 იანვრის №18 ბრძანებით ლ. გ-ისა და მ. გ-ი-დ-ეის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 2 ოქტომბრის №003813 დადგენილება (ს.ფ 14-22, 61-64); ვ) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე შენობა-ნაგებობის ფართი შეადგენს 36 კვ.მ-ს, საიდანაც 3 კვ.მ გადადიოდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. ამასთან, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვო შენობა-ნაგებობა განთავსებული იყო საკუთრების უფლების აღიარებამდე პერიოდში; ზ) განცხადებაზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 20 ნოემბრის №3691848 ბრძანებით განუხილველი დარჩა მ. გ-ი-დ-ეის განცხადება, ქ. თბილისში ...ის ქ. №2-ის მიმდებარედ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ განთავსებული შენობა-ნაგებობის ლეგალიზების თაობაზე. ამავე სამსახურის მიერ განუხილველად იქნა დატოვებული, ამავე შენობა-ნაგებობის ლეგალიზების მიზნით 2018 წლის 9 მარტს წარდგენილი მ. გ-ი-დ-ეის AR1583023 განცხადება, დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო (ს.ფ 14-22, 134-136, 136-138).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსზე, რომლის 25-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს მითითების შესრულების საკითხს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
ზემოაღნიშნული კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. ხსენებული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება უშუალოდ იმ პირს, ვინც აწარმოა უნებართვო მშენებლობა, ხოლო ასეთი პირის დაუდგენლობის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ეკისრება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2018 წლის 7 მარტის ცვლილებამდე მოქმედი რედაქცია), რომლის მიხედვითაც უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით; ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 8 000 ლარით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ არ ხდის მისი მხრიდან უნებართვო მშენებლობის განხორციელების ფაქტს. ნებართვის არარსებობას თავის მხრივ ადასტურებს მ. გ-ი-დ-ეის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსთვის შენობა-ნაგებობის ლეგალიზების მოთხოვნით მიმართვაც.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ არაერთ საქმეზე გაკეთებულ განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც სანქციის შეფარდების დრო მოიცავს არა მხოლოდ ორგანოს მიერ მისი გამოყენების მომენტს, არამედ აგრეთვე ზემდგომი ორგანოების ან სასამართლოს მიერ სანქციის გამოყენების კანონიერების შემოწმების პერიოდს. სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების მიზნით ჩატარებულ საქმის წარმოებას, რა დროსაც კანონმდებლობა თითოეული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებამდე საჭიროდ მიიჩნევს შესაბამისი პროცედურების დაცვას, დამრღვევს ეძლევა დარღვევის გამოსწორებისა და პასუხისმგებლობის თავიდან არიდების შესაძლებლობა. ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების მთავარ მიზანს წარმოადგენს არა სუბიექტის დასჯა, არამედ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენით გამოწვეული უარყოფითი შედეგების აღმოფხვრა/გამოსწორება, პრევენციული და აღმზრდელობითი ღონისძიებების განხორციელება, რათა შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი გადაცდომა. მოცემულ შემთხვევაში ლ. გ-ი მიუთითებს, რომ მის მიერ განხორციელებულია შენობა-ნაგებობის იმ ნაწილის დემონტაჟი, რომელიც გადადიოდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილი ახდენს ჯარიმის ოდენობის დიფერენცირებას და ითვალისწინებს ჯარიმის დაკისრებას 10000 ლარის ოდენობით სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ხოლო 8000 ლარის ოდენობით - კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (2018 წლის 7 მარტის ცვლილებამდე მოქმედი რედაქცია). აღნიშნული გარემოება საჭიროებს გამოკვლევასა და გათვალისწინებას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ხელახალი ჩატარებისას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე