Facebook Twitter

საქმე №ბს-1098(კ-22) 01 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ზ.გ-ე

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ.გ-ემ 2021 წლის 21 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდგომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 26 აგვისტოს №MIA72102256347 ბრძანების ბათილად ცნობა, ზ.გ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ...ის დეპარტამენტის ...ის მთავარი სამმართველოს ... განყოფილების ...ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოცემის დავალება და აგრეთვე ზ.გ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ.გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის განჩინებით, ზ.გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ.გ-ემ.

კასატორი მიიჩნევს, რომ წარდგენილი მტკიცებულებების სწორად შეფასებით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გათვალისწინებით, კანონის სწორად და სრულყოფილად გამოყენების შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმებულიყო და სააპელაციო პალატას უნდა მიეღო ახალი გადაწყვეტილება მოსარჩელე ზ.გ-ის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების შესახებ.

კასატორი აღნიშნავს, რომ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებს ყურადღება არ გაუმახვილებიათ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, წარმოდგენილი შესაგებლით მიუთითებს, რომ მოსარჩელე ზ.გ-ე არის პოლიციელი და მასზე ვრცელდება საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“, რასაც კასატორის წარმომადგენელი არ ეთანხმება. იგი მიიჩნევს, რომ ზ.გ-ე არ არის პოლიციელი და მასზე არ ვრცელდება საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“, რასაც ადასტურებს საქართველოს საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის/...ის სამმართველოს უფროსი მოადგილის ნ.გ-ას 2021 წლის 6 აგვისტოს მიმართვა, სადაც მითითებულია, რომ ზ.გ-ე არ არის პოლიციელი და მას არ აქვს დადებული პოლიციელის ფიცი, ასევე პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მიერ არ იქნა გამოკვლეული, ვრცელდება თუ არა ზ.გ-ეზე „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურის მიერ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ზოგიერთ შემთხვევაში დისციპლინური სახდელის სახის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 12 ივლისის №MIA61801001/318 ბრძანების მოქმედება. ამასთან, აღნიშნული ბრძანების გავრცელების შემთხვევაში კასატორი მიიჩნევს, რომ ირღვევა ზ.გ-ის უდანაშაულობის პრეზუმფცია.

სააპელაციო სასამართლო უსწოროდ მიუთითებს, რომ შესაძლოა სისხლის სამართლის საქმეზე დადგეს გამამართლებელი განაჩენი, თუმცა ეს შემაკავებელ ორდერს საფუძველს მოკლებულად არ აქცევს და არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი მექანიზმის - კანონიერ ძალაში მყოფი შემაკავებელი ორდერით დადგენილი ფიზიკური ძალადობა არ არის სახეზე. ამ შემთხვევაში განმარტებული უნდა იქნას კანონიერ ძალაში მყოფი შემაკავებელი ორდერით დადგენილი ფიზიკური ძალადობა რას მოიცავს და რას მოიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პირველი პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ფიზიკური ძალადობა, მაშინ როდესაც მართალია ეს ორი ინსტიტუტი განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ ამომწურავად არ არის განმარტებული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ფიზიკური ძალადობა და სისხლის სამართლის კოდექსის 126 პირველი პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ფიზიკური ძალადობა.

კასატორის მოსაზრებით, გენერალურმა ინსპექციამ დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნია ზ.გ-ის მხრიდან მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა, რაზედაც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის განხილვა, აღნიშნული ქმედება მას ბრალად აქვს შერაცხული, მის მიმართ კი სასამართლო განაჩენი არ არის დამდგარი, შესაბამისად გაუგებარია, გენერალურმა ინსპექციამ რა ფაქტებსა და გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ ზ.გ-ემ ჩაიდინა მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა. ზ.გ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების მიმდინარეობა არ წარმოადგენს სადავო გარემოებას, შესაბამისად მას იცავს უდანაშაულობის პრეზუმფცია, რაც პირს უდანაშაულოდ მიიჩნევს მის მიმართ წაყენებული ბრალდების კანონით დადგენილი წესით დამტკიცების, ყველა სისხლისსამართლებრივი პროცედურების დასრულებამდე.

ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (სადავო ბრძანება), რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, არ არის დასაბუთებული, ასევე არ არის დასაბუთებული თუ რატომ გახდა აუცილებელი ზ.გ-ის მიმართ უმკაცრესი ზომის გამოყენება, მისი დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლება, მაშინ როდესაც, სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით - ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანების 37-ე მუხლის პირველი პუნქტით მოსამსახურე, სასამართლოს განჩინების, საგამოძიებო ორგანოს დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება დროებით გადაყენებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან, სისხლის სამართლის საქმეში მისი ბრალდებულად ცნობის გამო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ამ პუნქტით გათვალისწინებული ბრძანება გამოიცემა შემთხვევაში, თუ არ არსებობს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება მოსამსახურის თანამდებობიდან გადაყენების ან ჩამოშორების შესახებ, ასევე ამავე ბრძანების 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით, მოსამსახურის თანამდებობიდან/სამსახურიდან გათავისუფლების/დათხოვნის ერთ-ერთი საფუძველია - დისციპლინური გადაცდომის ჩადენა ან მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა, მოცემულ შემთხვევაში კი ზ.გ-ის მხრიდან არ დგინდება დისციპლინური გადაცდომა, ასევე ზ.გ-ის მიმართ არა თუ კანონიერ ძალაში არ შესულა გამამტყუნებელი განაჩენი, არამედ განაჩენიც არ დამდგარა. ამასთანავე, ზ.გ-ის მიმართ ადრე ადმინისტრაციულ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია, მის მიმართ არ ყოფილა დისციპლინური სახდელი გამოყენებული, რის გამოც მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნები საფუძვლიანია, დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 03 ოქტომბრის განჩინებით, ზ.გ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ზ.გ-ემ 2023 წლის 03 აპრილს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში დამატებით წარმოადგინა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 09 თებერვლის განაჩენი, რომლითაც ზ.გ-ე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა. საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის მონაცემების მიხედვით, აღნიშნული განაჩენი გასაჩივრებულია ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის მიერ და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მოცემული ეტაპისთვის მიღებული არ არის (საქმის ნომერი ...).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ.გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით (საქართველოს კონსტიტუციის 25.1 მუხ.). საქართველოს კონსტიტუციის ზემოხსენებული ნორმით გარანტირებული შრომის უფლება გულისხმობს მოქალაქის უფლებას, გააჩნდეს წვდომა საჯარო სამსახურზე და სახელმწიფოს ვალდებულებას არ დაუშვას პირის საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება. აღსანიშნავია, რომ შრომის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და ექვემდებარება შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მნიშვნელოვანია, რომ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი უნდა იყოს დამაჯერებლად დასაბუთებული.

განსახილველ შემთხვევაში შესაფასებელია შემაკავებელი ორდერის არსებობისას, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გააჩნდა თუ არა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ჯერ კიდევ არ იყო დამდგარი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი.

საკასაციო პალატა განმარტავს, ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. ადამიანის ღირსების ხელშეუხებლობა მიეკუთვნება აბსოლუტურ უფლებათა კატეგორიას, რომლის შეზღუდვაც დაუშვებელია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შემაკავებელი ორდერი არის დროებითი სახის ღონისძიება და მისი გამოცემის საფუძველს მსხვერპლის მოძალადისაგან დაცვა წარმოადგენს. აღნიშნულ ორდერში მითითებული აკრძალვებით მოძალადეს ეზღუდება მსხვერპლის მიმართ გარკვეული მოქმედებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მსხვერპლის მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას.

საქმის მასალებში დაცული საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის, ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ 2021 წლის 05 აგვისტოს გამოცემული შემაკავებელი ორდერის მიხედვით, ორდერი გაიცა ზ.გ-ის მიმართ იმის გამო, რომ მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის მეუღლეს (ს.ფ 114). შემაკავებელი ორდერით, მოსარჩელე ზ.გ-ეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, აეკრძალა ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ზ.გ-ეს აგრეთვე შეეზღუდა იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობა. ამავე ორდერით მოსარჩელეს განემარტა, რომ შემაკავებელი ორდერი მოძალადეს შეეძლო გაესაჩივრებინა სასამართლოში მისთვის ამ ორდერის გადაცემიდან/ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. მოსარჩელეს მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი კანონით დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, საფუძველსაა მოკლებული ზ.გ-ის მოსაზრება იმის შესახებ, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემა არ ადასტურებდა მისი მეუღლის მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღნიშნული წესით განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის პირობები და პროცედურები. აღნიშნული ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გავლას საფუძვლად უდევს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და გამჭვირვალობის პრინციპები, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, მოსამსახურე ვალდებულია პატივი სცეს და დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, ასაკისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა მახასიათებლებისა. ხსენებული ბრძანების 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად მოსამსახურე (გარდა სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო ან მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის გამო.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 01.04.2019წ. №29 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოხელის მიერ დისციპლინური გადაცდომის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან სამსახურის დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელის ჩადენა, განურჩევლად იმისა, ის სამსახურშია ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ, ხოლო ამავე მუხლის ამავე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი დისციპლინური გადაცდომის ერთ-ერთ სახედ მიიჩნევს, მოსამსახურისთვის შეუფერებელი ქმედების ჩადენას, რომელიც ლახავს სამსახურის ავტორიტეტს.

საქმეში დაცული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ზ.გ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებას საფუძვლად დაედო გენერალური ინსპექციის დასკვნა, რომლის თანახმად, ზ.გ-ემ ჩაიდინა ზემოხსენებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებები, რაც გამოიხატა მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში. დასკვნის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე ზ.გ-ის მხრიდან მსგავსი ქმედების ჩადენა საზოგადოებაში იწვევდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ უნდობლობას, ეჭვქვეშ აყენებდა მის ავტორიტეტს და ლახავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა რეპუტაციას. შს სამინისტროს მოსამსახურეების მიმართ დაწესებულია ქცევის განსაკუთრებულად მაღალი სტანდარტი, როგორც სამსახურში, ასევე მის გარეთ, რის გამოც შს სამინისტროს მოსამსახურეს უნდა გააჩნდეს მომეტებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკაზე, სადაც განმარტებულია, რომ კანონით აკრძალული ქმედების ჩადენის ფაქტის სასამართლო აქტით დადასტურების არ არსებობა, ნასამართლობის არქონა, არ გამორიცხავს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დადგენის შესაძლებლობას დისციპლინური წარმოების ფარგლებში. ის, რომ პირი ნასამართლევად არ ითვლება მანამ, სანამ მის მიმართ კანონიერ ძალაში არ შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, არ ადასტურებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას. უდანაშაულობის პრეზუმფცია ადამიანსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობათა განმსაზღვრელ უმნიშვნელოვანეს პრინციპს შეიცავს. ამასთანავე, მოსარჩელის მიმართ დისციპლინური ღონისძიება გამოყენებულ იქნა არა დანაშაულის, არამედ დისციპლინური სამართალდარღვევის ჩადენის გამო, დისციპლინურ სამართალდარღვევაზე რეაგირება არ უკავშირდება განაჩენის არსებობას. ამდენად, მოცემული სამართალურთიერთობის მიმართ უდანაშაულობის პრინციპის დარღვევის მოსაზრებები არ არის რელევანტური და არ ქმნის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს (სუსგ საქმეზე №ბს-902(კ-20), 25.11.2021წ.).

ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შემაკავებელი ორდერი კანონიერი ძალის მქონეა, არ დასტურდება ზ.გ-ის სამსახურიდან გათავისუფლების უკანონობა - ზ.გ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოცემულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, ამასთან არ დასტურდება სამსახურიდან გათავისუფლების სახით გამოყენებული დისციპლინური სახდელის ზ.გ-ის მიერ ჩადენილი დარღვევის სიმძიმესთან შეუსაბამობა, არ არსებობს სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ ზ.გ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ზ.გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ.გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა