№ბს-77(კ-20) 31 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - მ.დ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მოპასუხე - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მესამე პირი - სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 11 სექტემბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2013 წლის 20 ნოემბერს მ.დ-ის სახელზე გაცემული №... საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა მოითხოვა.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება მ.დ-ი.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2013 წლის 20 ნოემბერს მ.დ-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა №....
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.დ-მა, რომელმაც თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით მ.დ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2013 წლის 20 ნოემბერს მ.დ-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა №...
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2013 წლის 20 ოქტომბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას განცხადებით მიმართა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ...ში მცხოვრებმა მ.დ-მა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მოითხოვა საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა მიწის ნაკვეთზე, რომელზეც განთავსებული აქვს საცხოვრებელი სახლი. განცხადებას თან ერთვოდა: სამეზობლო აქტი, აზომვითი ნახაზი, პირადობის მოწმობის ასლი, ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.
2013 წლის 10 ნოემბრის აქტის თანახმად, ...ის ტერიტორიულ ორგანოს რწმუნებულს ბ.ყ-ს მიმართეს სოფელ ...ში მცხოვრებმა მოქალაქეებმა გ.ს-მა, ი.წ-მა, რ.ქ-მ, რომლებიც ადასტურებენ ხელის მოწერით იმ ფაქტს, რომ მოქალაქე მ.დ-ი 2005 წლიდან ფლობს და ამუშავებს სოფელ ...ში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ფართობით 695 კვ.მ, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება მის ძირითად ნაკვეთს. მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნიათ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 16 ოქტომბრის №... წერილით მ.დ-ს ეცნობა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განიხილა მისი განცხადება (სააგენტოში შემოსვლის N..., 15.10.2013წ.), თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზით წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის (ფართობი-1800კვ.მ, მისამართი-თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფელი ...) რეგისტრაციის, დანიშნულებისა და კატეგორიის შესახებ ინფორმაციის გაცემის თაობაზე და აცნობა განმცხადებელს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული სარეგისტრაციო მასალების მიხედვით მოთხოვნის მომენტისათვის უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით აღნიშნული ნაკვეთი რეგისტრირებული არ იყო, ხოლო საარქივო მასალების, კერძოდ, თეთრიწყაროს რაიონის ...ის ს/მეურნეობის 1988 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 21 ოქტომბრის №... წერილით მ.დ-ს ეცნობა, რომ თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურში 2008 წლის პირველ მარტამდე მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია წარმოებდა დაუზუსტებელი სახით, ვინაიდან თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურს არ გააჩნდა შესაბამისი საკადასტრო რუკები სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და კონფიგურაციის მოსანიშნად. ამიტომ, მის მიერ აზ. ნახაზით წარდგენილ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციას 2008 წლის პირველი მარტის მდგომარეობის მიხედვით თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახური დაზუსტებულ პასუხს ვერ გასცემდა. რაც შეეხება, 2008 წლის პირველი მარტიდან დღეის მდგომარეობით ინფორმაციას, ეცნობა, რომ მის მიერ აზ. ნახაზით წარდგენილი მიწის ნაკვეთი, მდებარე: თეთრიწყარო, სოფ. ..., 1800.00 კვ.მ. თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურში დაზუსტებულად რეგისტრირებული არ იყო.
მოქალაქეთა მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო მიწების დათვალიერების ოქმის თანახმად, 2013 წლის 28 ოქტომბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მოახდინეს მოქალაქე მ.დ-ის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის დათვალიერება. აღნიშნულ ნაკვეთს ფართობით 900 კვ.მ ფლობდა და ამუშავებდა მ.დ-ი, მიწის ნაკვეთი შემოკავებული იყო მავთულხლართით. აქტს ხელს აწერდნენ: 1. სახელმწიფო მიწების საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარე ვ.ბ-ი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ჯ.დ-ა, კომისიის წევრები ბ.პ-ი, ზ.წ-ი, რ.ს-ი და აქტი დამოწმებული იყო ტერიტორიული ორგანო რწმუნებულის ბეჭდით.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის“ მიერ 2013 წლის 31 ოქტომბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება №205, რომლის თანახმად, დაკმაყოფილდა მოქ. მ.დ-ის მოთხოვნა და შესაბამისი თანხის გადახდის ქვითრის წარდგენის შემდეგ მიეცა საკუთრების უფლების მოწმობა. საფუძველი: ცნობა საჯარო რეესტრიდან, სამეზობლო აქტი, დათვალიერების აქტი.
2013 წლის 20 ნოემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საკუთრების უფლების მოწმობა №... მიეცა მ.დ-ს მასზედ, რომ მას საკუთრებაში გადაეცა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართობი 695 კვ.მ, რომელიც მდებარეობდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში.
2013 წლის 16 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა მ.დ-მა და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია კერძო საკუთრებად გამოცხადებულ არასასოფლო-სამეურნეო მიწაზე, მდებარე: თეთრიწყარო, სოფელი ... და საჯარო რეესტრიდან ამონაწერის გაცემა. განცხადებას თან ახლდა შემდეგი დოკუმენტები: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, საკუთრების უფლების მოწმობა №... საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 20 დეკემბრის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე და იმავე დღეს გაცემული იქნა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად უძრავი ქონება (ს/კ ... ) საკუთრების უფლებით აღირიცხა მ.დ-ის სახელზე.
2017 წლის 10 აგვისტოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს №03/16336 წერილით მიმართა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, რომ მოქალაქე მ.დ-ის საკუთრებაში გადაცემულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 695 კვ.მ. ს/კ ... მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა/ნაგებობა, რომლის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილება. სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს მიაჩნდა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, განსაკუთრებით კი შენობა-ნაგებობა, წარმოადგენდა ყოფილი სატყეოს ბალანსზე არსებულ უძრავ ქონებას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც კანონით უფლებამოსილ სახელმწიფო ქონების მესაკუთრეს და მმართველს ეთხოვა შესაბამისი ღონისძიებების განხორცილება.
სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 2017 წლის 14 ნოემბრის №03/26890 წერილით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასამართლოებთან ურთიერთობის სამსახურს გაეგზავნა სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე მდებარე შენობა-ნაგებობების (ს/კ ..., ს/კ ... ) - უძრავი ქონების სატყეო ბალანსზე არსებობის, შპს ,,ა...ის“ მიერ ჩატარებული 2007 წლის 12 ივლისის ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის და შეფასების შედეგები. შპს „ა...ის“ მიერ ჩატარებული 2007 წლის 12 ივლისის ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის და შეფასების შედეგები შუალედურ ანგარიშში №121-ით 5 მითითებულია კორდონი, ხის სახლი ბელეტაჟზე, ესაჭიროება მიმდინარე რემონტი.
სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 2017 წლის 01 დეკემბრის №03/28971 წერილით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასამართლოებთან ურთიერთობის სამსახურს დამატებით გაეგზავნა სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე მდებარე შენობა-ნაგებობების (ს/კ ..., ს/კ ... ) - უძრავი ქონების სატყეო ბალანსზე არსებობის, სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ქვემო ქართლის სამსახურის ქონების განკარგვის მიზნით შექმნილი საინვენტარიზაციო კომისიის 2011 წლის 01 ოქტომბრის ანგარიში. სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს კუთვნილი ძირითადი აქტივების ინვენტარიზაციის და ბალანსზე რიცხული ამორტიზირებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის საფუძველზე მიღებული ნარჩენი ქონების განკარგვის მიზნით შექმნილი საინვენტარიზაციო კომისიის ანგარიშში 2011 წლის მდგომარეობით, ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სწრაფცვეთადი საგნების დასახელებაში რიგითი ნომერი 8 მითითებულია ,, კორდონი (ს. ...ი), გამოშვების წელი 1945, ერთეულის საზომი ც, ფასი, 1892,00, რაოდენობა 1, აღრიცხვის მონაცემებით 985,00 ესაჭიროება რემონტი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ და მე-2 მუხლებზე და განმარტა, რომ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტიდან გამომდინარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის დაინტერესებულმა პირმა უნდა დაადასტუროს, რომ ფლობდა და სარგებლობდა მიწის ნაკვეთით, რომელზეც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული). ამასთან, პირი მიწის ნაკვეთს უკანონოდ უნდა იყოს დაუფლებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. ამასთან, მოცემული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების შემთხვევაშიც კი, აუცილებელია, რომ მოთხოვნა უკავშირდებოდეს ისეთ მიწის ნაკვეთს, რომელიც ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას. კერძოდ, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულია თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება, მათ შორისაა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი („ლ“ ქვეპუნქტი).
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო შენობა ეკუთვნოდა სატყეო სააგენტოს, ირიცხებოდა მის ბალანსზე. ამდენად, უდავო იყო, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ვერ გადაეცემოდა კერძო პირებს საკუთრების უფლების აღიარების ფორმით, რადგან მასზე განთავსებული იყო სახელმწიფოს კუთვნილი ობიექტი. რაც შეეხება აპელანტის მითითებას, რომ ჰყავს მრავალსულიანი ოჯახი და არის სოციალურად დაუცველი, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემული გარემოება ვერ გახდებოდა კანონის იმპერატიული დათქმის - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების დაუშვებლობის გამომრიცხავი გარემოება, თუმცაღა ეს არ ართმევდა აპელანტს უფლებასა და საშუალებას, მიემართა სახელმწიფოსათვის და ისარგებლა კუთვნილი სოციალური გარანტიებით.
სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა მასზედ, რომ, სადავოდაა გამხდარი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს, ხოლო მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან, სადავო აქტი ეწინააღმდეგებოდა კანონმდებლობას და ზიანს აყენებდა სახელმწიფოს ინტერესს, ამასთან, ვინაიდან, ცნობილი იყო, რომ სადავო შენობა მას არ აუშენებია და იგი ეკუთვნოდა სატყეო სააგენტოს, განსახილველ შემთხვევაში კანონიერი ნდობის პრინციპი არ მოქმედება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი იყო საფუძვლიანი და არსებობდა მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.დ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელი წინაპირობაა სარჩელის ხანდაზმულობის ვადის დაცვით წარდგენა. სასამართლოს კი მოცემული საკითხი არ შეუმოწმებია. კერძოდ, სასამართლოს უნდა შეეფასებინა ის გარემოება, რომ საკუთრების უფლების მოწმობა გაიცა 2013 წელს, ხოლო სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2017 წელს. სააპელაციო საჩივრის თანახმად, სასამართლომ არ იმსჯელა კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტზე. სადავო მოწმობის ბათილად ცნობის გარდაუვალი თანმდევი სამართლებრივი შედეგია საკუთრების უფლების დაკარგვა. მიუხედავად ამისა, სასამართლოს საკუთრების უფლების მომწესრიგებელი არცერთი ნორმა არ გამოუყენებია. ასევე, სასამართლოს არ შეუპირისპირებია საჯარო და კერძო ინტერესები. იმ პირობებში როდესაც აქტის ადრესატი მ.დ-ი წარმოადგენს 7 შვილის მამას და „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონი ადგენს, რომ უსახლკარო პირების საცხოვრებლით უზრუნველყოფა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა. სასამართლოს უნდა ემსჯელა, რომელი ინტერესი იყო უპირატესი - მრავალსულიანი ოჯახის უსახლკაროდ დატოვება თუ ადმინისტრაციული ორგანოსათვის ქონების გადაცემა.
კასატორი თვლის, რომ სადავო საკუთრების უფლების მოწმობა გაიცა იმ დროისთვის მოქმედი ნორმატიული აქტების სრული დაცვით. სასამართლო მხოლოდ მაშინ იყო უფლებამოსილი გასაჩივრებული აქტი ეცნო ბათილად, თუ დაადგენდა რომ მითითებული ნორმის დისპოზიციით დადგენილი არცერთი ელემენტი არ იყო სახეზე. კასატორის მოსაზრებით, აქტის ბათილად ცნობის საფუძველია არა ნებისმიერი, არამედ მხოლოდ არსებითი ხასიათის დარღვევა. მაშასადამე, სასამართლოს გამოკვლევის საგანი უნდა ყოფილიყო კუმულატიურად ორი შემდეგი პირობის არსებობა: 1) დარღვევა; 2) დარღვევის არსებითი ხასიათი. სასამართლოს გაზიარებული აქვს მოსარჩელისა და მესამე პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს პოზიცია იმის შესახებ, რომ ნაგებობა წარმოადგენდა ამ უკანასკნელის ბალანსზე მყოფ ქონებას, თუმცა ბალანსზე არსებობა არ წარმოადგენს სამართლებრივ კატეგორიას. კანონმდებელი იცნობს უძრავ ნივთზე მხოლოდ 6 სახის სანივთო უფლებას, რომელთა ამომწურავ ჩამონათვალს იძლევა სამოქალაქო კოდექსი. განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ მესამე პირს სანივთო უფლება გაჩნდა სადავო ნაგებობაზე, ასევე, საჯარო რეესტრიდან ამონაწერით არ დადგინდა კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ეტაპისათვის მესამე პირის საკუთრების უფლება. ამდენად, კომისიას არ დაურღვევია იმ პერიოდისათის მოქმედი მატერიალური კანონმდებლობა. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ საქართველოში უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების სპეციალური მოწესრიგებაა დადგენილი და არსებობს ერთადერთი კომპეტენტური ორგანო საჯარო რეესტრის სახით, სადაც ხორციელდება საკუთრების უფლების ადმინისტრირება. ვინაიდან დაინტერესებულმა პირმა მოიძია საჯარო რეესტრში ინფორმაცია საკუთრებად ასაღიარებელ ნივთზე და არ დადგინდა მასზე მესამე პირთა უფლება, კომისიის გადაწყვეტილების მიღების შემდგომ მას საჯარო რეეტრმა დაურეგისტრირა საკუთრების უფლება, იგი წარმოადგენს კეთილსინდისიერ შეძენს და მის სასარგებლოდ გამოცემული აქტი, რომლის მიმართაც მას წარმოეშვა კანონიერი ნდობა, არ ექვემდებარება ბათილად ცნობა
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ.დ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მ.დ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.დ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2013 წლის 20 ნოემბერს მ.დ-ის სახელზე გაცემული №... საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობის კანონიერების და საფუძვლიანობის შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2013 წლის 20 ოქტომბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას განცხადებით მიმართა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ...ში მცხოვრებმა მ.დ-მა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მოითხოვა საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა მიწის ნაკვეთზე, რომელზეც განთავსებული აქვს საცხოვრებელი სახლი. განცხადებას თან ერთვოდა: სამეზობლო აქტი, აზომვითი ნახაზი, პირადობის მოწმობის ასლი, ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.
2013 წლის 10 ნოემბრის აქტის თანახმად, ...ის ტერიტორიულ ორგანოს რწმუნებულს ბ.ყ-ს მიმართეს სოფელ ...ში მცხოვრებმა მოქალაქეებმა გ.ს-მა, ი.წ-მა, რ.ქ-მ, რომლებიც ადასტურებენ ხელის მოწერით იმ ფაქტს, რომ მოქალაქე მ.დ-ი 2005 წლიდან ფლობს და ამუშავებს სოფელ ...ში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ფართობით 695 კვ.მ. მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნიათ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 16 ოქტომბრის №... წერილით მ.დ-ს ეცნობა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განიხილა მისი განცხადება (სააგენტოში შემოსვლის №..., 15.10.2013წ.), თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზით წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის (ფართობი-1800კვ.მ, მისამართი-თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფელი ...) რეგისტრაციის, დანიშნულებისა და კატეგორიის შესახებ ინფორმაციის გაცემის თაობაზე და აცნობა განმცხადებელს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული სარეგისტრაციო მასალების მიხედვით მოთხოვნის მომენტისათვის უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით აღნიშნული ნაკვეთი რეგისტრირებული არ იყო, ხოლო საარქივო მასალების, კერძოდ, თეთრიწყაროს რაიონის ...ის ს/მეურნეობის 1988 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 21 ოქტომბრის №... წერილით მ.დ-ს ეცნობა, რომ თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურში 2008 წლის პირველ მარტამდე მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია წარმოებდა დაუზუსტებელი სახით, ვინაიდან, თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურს არ გააჩნდა შესაბამისი საკადასტრო რუკები სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და კონფიგურაციის მოსანიშნად, ამიტომ, მის მიერ აზ. ნახაზით წარდგენილ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციას 2008 წლის პირველი მარტის მდგომარეობის მიხედვით თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახური დაზუსტებულ პასუხს ვერ გასცემდა. რაც შეეხება, 2008 წლის პირველი მარტიდან დღეის მდგომარეობით ინფორმაციას, ეცნობა, რომ მის მიერ აზ. ნახაზით წარდგენილი მიწის ნაკვეთი, მდებარე: თეთრიწყარო, სოფ. ..., 1800.00 კვ.მ. თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურში დაზუსტებულად რეგისტრირებული არ იყო.
მოქალაქეთა მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო მიწების დათვალიერების ოქმის თანახმად, 2013 წლის 28 ოქტომბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მოახდინეს მოქალაქე მ.დ-ის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის დათვალიერება. აღნიშნულ ნაკვეთს ფართობით 900 კვ.მ ფლობდა და ამუშავებდა მ.დ-ი, მიწის ნაკვეთი შემოკავებული იყო მავთულხლართით. აქტს ხელს აწერდნენ: 1. სახელმწიფო მიწების საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარე ვ.ბ-ი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ჯ.დ-ა, კომისიის წევრები ბ.პ-ი, ზ.წ-ი, რ.ს-ი და აქტი დამოწმებული იყო ტერიტორიული ორგანო რწმუნებულის ბეჭდით.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის“ მიერ 2013 წლის 31 ოქტომბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება №205, რომლის თანახმად, დაკმაყოფილდა მოქ. მ.დ-ის მოთხოვნა და შესაბამისი თანხის გადახდის ქვითრის წარდგენის შემდეგ მიეცა საკუთრების უფლების მოწმობა. საფუძველი: ცნობა საჯარო რეესტრიდან, სამეზობლო აქტი, დათვალიერების აქტი.
2013 წლის 20 ნოემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საკუთრების უფლების მოწმობა №... მიეცა მ.დ-ს მასზედ, რომ მას საკუთრებაში გადაეცა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართობი 695 კვ.მ, რომელიც მდებარეობდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში.
2013 წლის 16 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა მ.დ-მა და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია კერძო საკუთრებად გამოცხადებულ არასასოფლო-სამეურნეო მიწაზე, მდებარე: თეთრიწყარო, სოფელი ... და საჯარო რეესტრიდან ამონაწერის გაცემა. განცხადებას თან ახლდა შემდეგი დოკუმენტები: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, საკუთრების უფლების მოწმობა №... საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 20 დეკემბრის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე და იმავე დღეს გაცემული იქნა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად უძრავი ქონება (ს/კ ... ) საკუთრების უფლებით აღირიცხა მ.დ-ის სახელზე.
2017 წლის 10 აგვისტოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს №03/16336 წერილით მიმართა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, რომ მოქალაქე მ.დ-ის საკუთრებაში გადაცემულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 695 კვ.მ. ს/კ ... მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა/ნაგებობები, რომლის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილება. სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს მიაჩნდა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, განსაკუთრებით კი შენობა-ნაგებობა, წარმოადგენდა ყოფილი სატყეოს ბალანსზე არსებულ უძრავ ქონებას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც კანონით უფლებამოსილ სახელმწიფო ქონების მესაკუთრეს და მმართველს ეთხოვა შესაბამისი ღონისძიებების განხორცილება.
სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 2017 წლის 14 ნოემბრის №03/26890 წერილით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასამართლოებთან ურთიერთობის სამსახურს გაეგზავნა სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე მდებარე შენობა-ნაგებობების (ს/კ ... , ს/კ ... ) - უძრავი ქონების სატყეო ბალანსზე არსებობის, შპს ,,ა...ის“ მიერ ჩატარებული 2007 წლის 12 ივლისის ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის და შეფასების შედეგები. შპს ,,ა...ის“ მიერ ჩატარებული 2007 წლის 12 ივლისის ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის და შეფასების შედეგები შუალედურ ანგარიშში №121-ით 5 მითითებულია კორდონი, ხის სახლი ბელეტაჟზე, ესაჭიროება მიმდინარე რემონტი.
სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 2017 წლის 01 დეკემბრის №03/28971 წერილით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასამართლოებთან ურთიერთობის სამსახურს დამატებით გაეგზავნა სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე მდებარე შენობა-ნაგებობის (ს/კ ... ) - უძრავი ქონების სატყეო ბალანსზე არსებობის, სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ქვემო ქართლის სამსახურის ქონების განკარგვის მიზნით შექმნილი საინვენტარიზაციო კომისიის 2011 წლის 01 ოქტომბრის ანგარიში. სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს კუთვნილი ძირითადი აქტივების ინვენტარიზაციის და ბალანსზე რიცხული ამორტიზირებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის საფუძველზე მიღებული ნარჩენი ქონების განკარგვის მიზნით შექმნილი საინვენტარიზაციო კომისიის ანგარიშში 2011 წლის მდგომარეობით, ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სწრაფცვეთადი საგნების დასახელებაში რიგითი ნომერი 8 მითითებულია ,,კორდონი (ს. ...ი), გამოშვების წელი 1945, ერთეულის საზომი ც, ფასი, 1892,00, რაოდენობა 1, აღრიცხვის მონაცემებით 985,00 ესაჭიროება რემონტი.
მ.დ-ის ოჯახი არის მრავალშვიალიანი სოციალურად დაუცველი ოჯახი. ოჯახის სარეიტინგო ქულა საკასაციო საჩივრის წარმოდგენის ეტაპზე შეადგენდა - 1 000 ქულას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლზე, რომლის თანახმადაც, ამ კანონის მიზანს წარმოადგენდა მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის თანახმად, კანონი არეგულირებდა ორი სახის ურთიერთობას, კერძოდ, ურთიერთობას, რომელიც გამომდინარეობდა მიწის მართლზომიერი მფლობელობიდან და მიწის თვითნებურად დაკავებიდან. მათ შორის, კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენდა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამასთან, აუცილებელია, რომ მოთხოვნა უკავშირდებოდეს ისეთ მიწის ნაკვეთს, რომელიც ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას. კერძოდ, ზემოაღნიშნული კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული იყო თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება, მათ შორისაა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი („ლ“ ქვეპუნქტი).
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმის შესახებ, რომ ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ობიექტის არსებობა საფუძველს აცლის თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების შესაძლებლობას. თუმცა აქვე საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, უკვე მინიჭებული საკუთრების უფლების გაუქმების - აღმჭურველი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლიანობის უფრო სიღრმისეულად შეფასებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს, ხოლო მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი.
ამდენად, კანონი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესაძლებლობას უშვებს იმ შემთხვევაში, თუ იგი არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამასთან, აუცილებელია დარღვევა იყოს არსებითი ხასიათის - სხვა პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა შეუძლებელი უნდა იყოს შესაბამისი აქტის გაუქმების გარეშე. „..მმართველობის ორგანოს მიერ დაშვებული შეცდომის გამოსწორება და ამ მიზნით ადრესატისათვის აღმჭურველი გადაწყვეტილების გაუქმება საჭიროებს კანონიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების შეპირისპირების შედეგად თანაზომიერი გადაწყვეტილების მიღებას....“ (სუს 21.02.2019წ. Nბს-1440 (2კ-18) განჩინება).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების საფუძველია მმართველობის ,,კანონიერების პრინციპი", რომელიც მოითხოვს კანონიერების აღდგენის მიზნით უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას. ამ მნიშვნელოვან პრინციპს უპირისპირდება კანონმდებლის მიერ აღიარებული ,,ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრინციპი". ორივე პრინციპი კონსტიტუციური რანგისაა და გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან. ამდენად, შეუძლებელია ცალსახად პრობლემის გადაწყვეტა. უმნიშვნელოვანესია კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტისას მოხდეს ამ ორი პრინციპის შეპირისპირება და თანაზომიერი გადაწყვეტილების მიღება. ამ პირობებში უნდა შეფასდეს ადმინისტრაციული სამართლის ასევე უმნიშვნელოვანესი კანონიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპებს შორის კონფლიქტი და თანაზომიერების პრინციპის მეშვეობით დადგინდეს, თუ რომელი პრინციპის დაცვა არის კონკრეტულ შემთხვევაში პრიორიტეტული, რომელი პრინციპია აღმატებული ხარისხის და რომლის უზრუნველყოფა არის დაცვის ღირსი.
საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არ არის დაცვის ღირსი ანუ სახეზე არა გვაქვს კანონიერი ნდობა, თუ: ა) მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება (მაგ: არასწორი მონაცემების ან ყალბი დოკუმენტების წარმოდგენა თუ მოტყუება), ბ) ან მისთვის ამ აქტის უკანონობა ცნობილი იყო ან უნდა სცოდნოდა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას სადავო აღმჭურველი აქტის მიმართ ზურაბ დალაქიშვილის კანონიერი ნდობის არარსებობის შესახებ და მიუთითებს, იმ გარემოებაზე, რომ მ.დ-ის მიერ საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილ ორგანოში წარდგენილ იქნა კანონით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტები და კომისიისთვის რაიმე სახის არასწორი ინფორმაცია მას არ მიუწოდებია, რასაც არც მოსარჩელე ხდის სადავოდ. შესაბამისად, მ.დ-მა შეასრულა ყველა სავალდებულო პროცედურული მოვალეობა, რომლის არსებობის პირობებში შესაძლებელი იყო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილის (სააგენტოში შემოსვლის №..., 15.10.2013წ.) თანახმად, მ.დ-ს ეცნობა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული სარეგისტრაციო მასალების მიხედვით მოთხოვნის მომენტისათვის უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით აღნიშნული მიწის ნაკვეთი უძრავი ქონება) რეგისტრირებული არ იყო. ამდენად, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მითითება, მ.დ-ის არაკეთილსინდისიერებისა და აღმჭურველი აქტის უკანონობის ცოდნის შესახებ, ვინაიდან, საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ არსებულ უტყუარობის პრეზუმფციას ვერ ჩაანაცვლებს, ზოგადი ინფორმაციის შესაძლო არსებობა ათეულობით წლების წინ შესაბამისი ტერიტორიის მონადირის სახლად წოდების შესახებ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზე არ გვაქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხველი გარემოება. კანონიერი ნდობის დადასტურების პირობებში კი მნიშვნელობას იძენს აღმჭურველი აქტის ადრესატთა და სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლებების ან ინტერესების არსებითი დარღვევის ხასიათი და მისი ინტენსივობა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „....არსებითია არა ნებისმიერი კანონით დაცული ინტერესი, არამედ კონკრეტული, სადავო საკითხთან დაკავშირებით მკვეთრად გამოხატული ინტერესი და მისი ხელყოფის ინტენსიურობა (სუსგ №ბს-1047(კ-18), 13.12.2018წ.; №ბს-1380(კ-18), 07.02.2019წ.) ამასთან, „მმართველობის კანონიერების პრინციპსა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრინციპს შორის შეპირისპირების დროს თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მოახდეს აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადებით ადრესატისადმი მიყენებული ზიანის და ამ აქტის ბათილად გამოუცხადებლობით მესამე პირებისა და საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის შეპირისპირება, ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმა და წარმოების სახე (წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უფრო მეტ ნდობას იმსახურებს ვიდრე ზეპირი. ასევე, რაც უფრო ფორმალურია ადმინისტრაციული წარმოება, მით უფრო მეტია პირის კანონიერი ნდობის ხარისხი), მისი უკანონობის სიმძიმე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ გასული დრო. ყოველივე ამის გათვალისწინებით შესაძლებელია შეიზღუდოს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობები .... (სუსგ №ბს-192-184(3კ-13), 16.07.13).
საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მ.დ-ის მიმართ გამოცემული აღმჭურველი-აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნა დაყენებულია მისი გამოცემიდან 4 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც მრავალშვილიანი ოჯახი ყოველდღიური ცხოვრებით და ცხოვრების ინტენსივობით სამართლებრივად (ხოლო 2005 წლიდან ფაქტობრივად ფლობდა) დაუკავშირდა შესაბამის უძრავ ქონებას. აქვე განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ ოჯახი არის სოციალურად დაუცველი და მათი სარეიტინგო ქულა საკასაციო საჩივრის წარმოდგენის ეტაპზე შეადგენდა - 1000. ამასთან, სწორედ აღიარებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა 6 შვილიანი ოჯახის ერთადერთ საცხოვრებელ ადგილს. ამდენად, ოჯახის სოციალური სტატუსი კიდევ უფრო აღმატებულს ხდის აღმჭურველი აქტის ბათილად ცნობის შედეგად ოჯახისათვის მიყენებული ზიანის სიმძიმესა და ინტენსივობას, რაც მეორეს მხრივ უნდა დავუპირისპიროთ სახელმწიფო/საჯარო ინტერესს, 1945 წელს განთავსებული, რემონტის საჭიროების მქონე ერთსართულიანი ხის ბელეტაჟის სახელმწიფო ბალანსზე არსებობის შესახებ.
„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, საკმარისი არ არის, რომ უფლებაში ჩარევა კანონიერ მიზანს ემსახურებოდეს. არამედ, ასევე დაცული უნდა იყოს პროპორციულობა. საქმეში „სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ გააკეთა მნიშვნელოვანი განმარტება ხელყოფის დასაბუთების პრინციპთან დაკავშირებით: „...სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, იქნა თუ არა დაცული სამართლიანი ბალანსი საზოგადოების საერთო ინტერესებსა და პირის ფუნდამენტურ უფლებათა დაცვის მოთხოვნებს შორის. ...ამგვარი ბალანსის ძიება წარმოადგენს მთლიანად, კონვენციის განუყოფელ ნაწილს და ასევე, ასახულია [პირველი დამატებითი ოქმის] პირველი მუხლის სტრუქტურაში“ (Sporrong and Lönnroth v. Sweden, №7151/75 და №7152/75, §69, 23.09.1982).
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ.დ-ის აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ არსებული აღმატებული ინტერესის - დაცული კანონიერი ინტერესის გათვალისწინებით, არ არსებობს გასაჩივრებული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე და 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ.დ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი
გ. მაკარიძე