საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-452(კ-21) 30 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე; გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ჰ. დ-ი (ს. დ-ის უფლებამონაცვლე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ივნისის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 24 მაისს ს. დ-მა სარჩელით მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის -ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 24 აპრილის N... აუქციონის წესით 550 ჰა საძოვრის (ს/კ ... და ს/კ ...) იჯარით გაცემის თაობაზე და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო-სააუქციონო და საზაფხულო საძოვრების მონიტორინგის კომისიის 2018 წლის 2 მაისის N2 ოქმის ... და ... საკადასტრო კოდის მქონე 550 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით აუქციონის დასრულებულად ჩათვლისა და აუქციონში გამარჯვებულ პირთან - ს. დ-თან ხელშეკრულების გაფორმების ნაწილში, ბათილად ცნობა მოითხოვა.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 24 აპრილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი N... ... და ... საკადასტრო კოდების მქონე 550 ჰა საძოვრის აუქციონის წესით იჯარით გაცემის თაობაზე; ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო-სააუქციონო და საზაფხულო საძოვრების მონიტორინგის კომისიის 2018 წლის 2 მაისის N2 ოქმი ... და ... საკადასტრო კოდების მქონე 550 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით აუქციონის დასრულებულად ჩათვლისა და აუქციონში გამარჯვებულ პირთან - ს. დ-თან ხელშეკრულების გაფორმების ნაწილში.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ივნისის განჩინებით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ივნისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება იმ სპეციალისტის დასკვნას, რომელსაც არ ჰქონდა დასკვნის გაცემის უფლებამოსილება. ამასთან, კასატორის განმარტებით, 2018 წლის 24 აპრილს აუქციონი ჩატარდა არა 2008 წლის 23 მაისის იჯარით გაცემული 250ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...), არამედ სხვა, ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ, მიწის ნაკვეთებზე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერების მიხედვით ზემოთ აღნიშნული მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია ძალაშია და არ არსებობს რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შორის ზედდება ან გადაფარვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 26 იანვრის განჩინებით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარზე შეჩერდა საქმის წარმოება მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელე) - ს. დ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 მაისის განჩინებით მოწინააღმდეგე მხარის - აწ გარდაცვლილი ს. დ-ის საპროცესო უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაერთო მეუღლე - ჰ. დ-ი და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარზე განახლდა საქმის წარმოება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 24 აპრილის N... აუქციონის წესით 550 ჰა საძოვრის (ს/კ ... და ს/კ ...) იჯარით გაცემის თაობაზე, კანონიერება. ასევე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო-სააუქციონო და საზაფხულო საძოვრების მონიტორინგის კომისიის 2018 წლის 2 მაისის N2 ოქმის ... და ... საკადასტრო კოდის მქონე 550ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით აუქციონის დასრულებულად ჩათვლისა და აუქციონში გამარჯვებულ პირთან - ს. დ-თან ხელშეკრულების გაფორმების ნაწილში, კანონიერება. მოსარჩელე სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას ითხოვს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ზემოაღნიშნული აუქციონის გამოცხადების დროს მიწის ნაკვეთის ნაწილზე - 250 ჰა მიწის ნაკვეთზე იჯარა ისევ მოსარჩელის სახელზე იყო რეგისტრირებული და იგი სარგებლობდა სადავო მიწის ნაკვეთებით, ასევე იხდიდა საიჯარო ქირას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ფუნქცია პრევენციულ ხასიათსაც ატარებს, რომ რაც შეიძლება ნაკლები კონფლიქტი წარმოეშვათ ბრუნვის მონაწილეებს კანონთან. ინფორმაცია, რომელიც დაცულია რეესტრში, დიდწილად იცავს ბრუნვის მონაწილეებს მოტყუებით და თვალთმაქცური გარიგების დადებისგან და შესაბამისად ამ საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტის ჩანაწერების მიმართ არსებობს კანონით დაცული უფლება - კანონიერი ნდობის უფლება, რაც სამოქალაქო კოდექსში განმარტებულია შემდეგი დათქმით, ,,სამოქალაქო რეესტრის ჩანაწერების მიმართ არსებობს უტყუარობის პრეზუმფცია“ (სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლი).
საკასაციო პალატის განმარტებით, საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელშიც ხდება ცალკეულ კერძო-სამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია, კერძოდ, უძრავ ნივთებზე საკუთრება, იპოთეკა, გირავნობა, ყადაღა და სხვა სამართლებრივი უფლებები. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი, უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების უზრუნველყოფის - დაცვას ემსახურება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია იმ გარემოების დადგენა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ აუქციონზე გატანილ ... და ... საკადასტრო კოდების მქონე მიწის ნაკვეთებში, საერთო ჯამში 550 ჰა ფართის საძოვარში, შედის თუ არა 2008 წლის 23 მაისს იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ს. დ-ისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემული 250 ჰა საძოვარი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ს. დ-ს შორის 2008 წლის 23 მაისს გაფორმდა 250 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მდებარე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ...ი, სოფელი ...ა, ...ის მიწები) იჯარის ხელშეკრულება 10 წლის ვადით. აღნიშნული ხელშეკრულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა 2010 წლის 13 აგვისტოს (..., ს/კ ...). 2018 წლის 24 აპრილს ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი გატანილ იქნა აუქციონზე. იჯარის რეგისტრაცია, სსიპ საჯარო რეესტრის სააგენტოს მიერ მოხსნილ იქნა აუქციონის შემდგომ, კერძოდ, 2018 წლის 26 აპრილს. ს. დ-სა და ახალქალაქის მერიას შორის 2018 წლის 2 მაისს გაფორმდა იჯარის N2 ხელშეკრულება, ერთი წლის ვადით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოთათვის კანონმდებლობით დაწესებული ვალდებულებები წარმოადგენს მათ საჯარო ვალდებულებას და რომლის შესრულების კანონიერი, პატივსადები მოლოდინი გააჩნია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამართლებრივი ნდობის პრინციპი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში დაცულია და უზრუნველყოფილია კანონიერების პრინციპისა და კანონიერი ნდობის უფლების ინსტიტუტების მეშვეობით, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციული ორგანოები თავიანთ საქმიანობაში შებოჭილნი არიან საკანონმდებლო აქტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ, მართალია, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ს. დ-თან დადებული იჯარის ხელშეკრულება 2010 წელს გააუქმა, მაგრამ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში არ მომხდარა აღნიშნულის თაობაზე არსებული ჩანაწერის გაუქმება და მიწა იჯარის სახით 2018 წლის 27 აპრილამდე მოსარჩელის სახელზე იყო რეგისტრირებული. ამასთან, ის, რომ ს. დ-ი სარგებლობდა 250 ჰა საძოვრით და მასზე ყოველწლიურად 2017 წლის ჩათვლით იხდიდა იჯარის ქირას, ცნობილი იყო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მერიისათვის, ვინაიდან მიწის იჯარის გადასახადი წარმოადგენს ადგილობრივ მოსაკრებელს და მისი გადახდა ხდება ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამ ხნის განმავლობაში კი, არც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობას და არც მის უფლებამონაცვლეს -ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას სადავოდ არ გაუხდია ს. დ-ის მიერ 250 ჰა საძოვრით სარგებლობისა და იჯარის საფასურის გადახდა-გადაუხდელობის ფაქტი. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ ისე გამოაცხადა აუქციონი ...ი ...ში მდებარე ... და ... საკადასტრო კოდების მქონე 550 ჰა საძოვარზე, რომ არ გამოუკვლევია, ხომ არ შედიოდა აღნიშნული მიწის ნაკვეთებში ს. დ-ის სარგებლობაში არსებული 250 ჰა საძოვარი მთლიანად ან ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, საქალაქო სასამართლოში მოწვეული ექსპერტის დასკვნაზე, რომლის თანახმად, იმ არეალში არ არსებობს ... და ... საკადასტრო კოდების მქონე მიწის ნაკვეთების, საერთო ჯამში 550 ჰა ფართის საძოვარი, ამ საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთებში შედის ასევე ს. დ-ის სარგებლობაში არსებული 250 ჰა საძოვარი და მასზე განთავსებული ორი ბუნებრივი წყალსაცავიც. სპეციალისტის განმარტებით ასევე დგინდება, რომ ს. დ-ზე 2008 წლის 23 მაისს იჯარის უფლებით გადაცემული და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული აღნიშნული მიწის ნაკვეთების გეოგრაფიული მდებარეობა ურთიერთშეუსაბამოა. სპეციალისტის მოსაზრებით აღნიშნულ მიწის ნაკვეთს დიდი ალბათობით ნაწილობრივ (დიდ ნაწილში) მოიცავს 2018 წლის 2 მაისს ასევე იჯარის უფლებით მოქალაქე ს. დ-ზე გადაცემული 550 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საყურადღებოა ასევე ის ფაქტიც, რომ 250 ჰა საძოვარზე მოსარჩელე იხდიდა ყოველწლიურად 15 ლარს 1 ჰექტარზე. 550 ჰა საძოვრის აუქციონზე გატანისას, საწყისი ფასი 1 ჰა-ზე შეადგენდა ასევე 15 ლარს, და რომელშიც მოექცა ს. დ-ისათვის 2008 წელს გადაცემული 250 ჰა საძოვარიც, აუქციონზე შექმნილი კონკურენციის გამო 1 ჰა საძოვრის საფასური 15 ლარიდან გაიზარდა 64 ლარამდე და მისმა საბოლოო ფასმა შეადგინა 35000 ლარზე მეტი. მოსარჩელისათვის გადაცემული 250 ჰა სახნავი რომ არ მოხვედრილიყო 550 ჰა საძოვარში, მაშინ ის როგორც ყოველთვის, წლიურად მასში გადაიხდიდა 3750 ლარს, მაგრამ ვინაიდან 250 ჰა მოქცეული იქნა 550 ჰა საძოვარში, მოსარჩელემ რომლისთვისაც არ იყო ცნობილი იმის თაობაზე, რომ 250 ჰა გატანილი იყო აუქციონზე, მიიღო რა მონაწილეობა აუქციონში და მასში გაიმარჯვა, 550 ჰა საძოვარში, მათ შორის 250 ჰა-ში მთლიანობაში გადაიხადა 35000 ლარზე მეტი, საიდანაც 19000 ლარი მოდის 250 ჰა- ზე, ანუ ს. დ-მა ნაცვლად 3750 ლარისა გადაიხადა 19000 ლარი, ანუ 15250 ლარით მეტი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს წარმოადგენს კანონიერი ნდობა. კანონიერი ნდობის უფლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს, რადგან ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობას თავისი არსით სუბორდინაციული ხასიათი გააჩნია. კანონიერი ნდობის უფლება იცავს პირს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი შეცდომის და მომავალში განსახორციელებელი მოქმედების შეუსრულებლობისაგან. აღნიშნული ინსტიტუტის სრულფასოვანი დამკვიდრება უზრუნველყოფს მმართველობის კანონიერებას, სტაბილურობას, მის ავტორიტეტს საზოგადოებაში.
კონკრეტულ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შეთანხმებით დადებული იჯარის ხელშეკრულება 2010 წელს გაუქმდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში იჯარის ხელშეკრულების საგანი კვლავ ს. დ-ის სახელზე იყო რეგისტრირებული, ასევე იგი კვლავ განაგრძობდა საძოვრით სარგებლობას და ყოველთვიურად იხდიდა იჯარის ქირას რაც ცნობილი იყო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიისთვის. ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გაიტანა სადავო მიწის ნაკვეთები აუქციონზე, რომ არ გამოუკვლევია ... და ... საკადასტრო კოდების მქონე მიწის ნაკვეთებში საერთო ჯამში 550 ჰა ფართის საძოვარში შედიოდა თუ არა 2008 წლის 23 მაისს იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ს. დ-ისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემული 250 ჰა საძოვარი, რომელიც მიუხედავად იჯარის ხელშეკრულების გაუქმებისა მრავალი წლის მანძილზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ს. დ-ის სახელზე იყო რეგისტრირებული და ფაქტობრივად სარგებლობდა კიდეც მიწის ნაკვეთით.
შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებებს და აღნიშნავს, რომ სადავო გადაწყვეტილება არ ემყარება საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტური გამოკვლევას, ამდენად, დასტურდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ განახორციელა მისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით დაკისრებული ვალდებულება - სადავო გადაწყვეტილება გამოიცა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების და საქმის მასალების გამოკვლევისა და სათანადო შეფასების გარეშე, შედეგად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რაც სადავო აქტის ბათილად ცნობისა და ს. დ-ის (უფლებამონაცვლე - ჰ. დ-ი) სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე