Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ას-108-548-06 11 ოქტომბერი, 2006 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი (მომხსენებელი),

თ. თოდრია

დავის საგანი: დავალიანების გადახდა.

აღწერილობითი ნაწილი:

სს „ს. ე-ის“ ფოთის ფილიალმა განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს ჟ. მ-ოვას მიმართ დავალიანების 5012 ლარის გადახდის თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით‚ ქ. ფოთში ... ¹8\5-ში მცხოვრები ბინის ყოფილი მეპატრონე ქ. მ-ოვა წლების მანძილზე იყო მათი აბონენტი, მასთან გაფორმებული იყო შესაბამისი ხელშეკრულება. 2004 წლიდან ბინის მესაკუთრე გახდა ჟ. მ-ოვა. 2004წ. 1 ივნისიდან 31 ივლისამდე აღნიშნული ბინიდან განხორციელდა საქალაქთაშორისო საუბრები, რის შედეგადაც სატელეფონო მომსახურების საფასურმა შეადგინა 4901 ლარი და 45 თეთრი, ხოლო სააბონენტო გადასახადმა 9 თვის განმავლობაში _ 36 ლარი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ აღნიშნული ბინა შეიძინა 2004წ. 31 მარტს, მაგრამ იქ ერთი დღეც არ უცხოვრია, ბინა ჰქონდა გაქირავებული და ბინაში ტელეფონის არსებობით არ დაინტერესებულა. მას არანაირი ხელშეკრულება მოსარჩელესთან არ გაუფორმებია და შესაბამისად არანაირი ვალდებულება არ ეკისრება.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჟ. მ-ოვამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005წ. 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 24 აგვისტოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ფოთის ფილიალ „ე-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2004წ. 31 მარტიდან ქ. ფოთში, ...ს ქ. ¹8\5-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა საკუთრების უფლებით ეკუთვნის ჟ. მ-ოვას. 2001წ. 24 სექტემბერს სს „ს. ე-სა“ და ქ. მ-ოვას შორის (ბინის იმჟამინდელი მესაკუთრე) შორის გაფორმდა ხელშეკრულება სატელეფონო მომსახურების თაობაზე. ჟ. მ-ოვასთან ასეთი ხელშეკრულება გაფორმებული არ ყოფილა. კოლეგიის აზრით, რადგან არ არსებობს არანაირი ხელშეკრულება მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, ამდენად არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ქუთაისის სააპელაციო პალატის 2005წ. 21 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს. კ-ამ» და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება. კასატორის აზრით, გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა მიღებული.

საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და მოითხოვეს საქმის წარმოების შეწყვეტა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო 2006წ. 11 ოქტომბრის მორიგების აქტს და თვლის, რომ მოცემული სამოქალაქო დავა უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის მესამე მუხლის მეორე პუნქტით მხარეებს შუძლიათ, საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, სასამართლო საქმის წარმოებას წყვეტს, ვინაიდან მხარეები მორიგდნენ;

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მორიგების აქტი არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს, რის გამოც შესაძლებელია შეთანხმების დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის მე-3 მუხლით, 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, 273-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მხარეთა მორიგება შემდეგი პირობებით:

ჟ. მ-ოვა იღებს ვალდებულებას‚ სადავო თანხიდან (5208 ლარიდან) გადაიხადოს 50% ანუ 2604 ლარი 5 თვის განმავლობაში ყოველთვიურად _ 520 ლარი და 80 თეთრი, გადახდის ვადა აითვლება გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან (11.10.06წ.)

სს „ს. კ-ის“ წარმომადგენელი მაგული არველაძე თანახმა არის მიიღოს სადავო თანხის ნახევარი ანუ 2604 ლარი.

გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 21 დეკემბრის გადაწყვეტილება;

შეწყდეს საქმის წარმოება მხარეთა მორიგების გამო;

მხარეებს განემარტათ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.