№ბს-1470(2კ-22) 31 მაისი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, გოჩა აბუსერიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ვ...“; მესამე პირი (სასკ 16.1) - ი. მ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 17 მაისს შპს „ვ...-მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ.
მოსარჩელემ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 25 ივლისის №0002310 დადგენილების („სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“) და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 19 აპრილის №408 ბრძანების („შპს ,,ვ...-ის“ დირექტორის ლ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“) ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ი. მ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ვ...“-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 19 აპრილის №408 ბრძანება ,,შპს ,,ვ...-ის“ დირექტორის ლ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 25 ივლისის №002310 დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შპს ,,ვ...-ის“ მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ, შპს ,,ვ...- ის’’ მიერ ჩადენილი (სავარაუდოდ ჩადენილი) სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვისას, სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი იყო ქ. თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 02 მარტის №76751 გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილია, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურში განხილული იქნა ს. ა-ის განცხადება რომელიც ეხებოდა ქ. თბილისში, სექტორი-ისანი, ...ის ქუჩა №76-ში შპს,,ვ...-ის“ კუთვნილი მიწის ნაკვეთის (ნაკვეთი №...) მიმდებარედ, არსებული შენობის ფასადზე კიბის და კარის ღიობის მოწყობას. წერილის პასუხად ადრესატებს ეცნობათ, რომ მათ მიერ განხორციელებული სამუშაოები თავისი მახასიათებლებით განეკუთვნებოდა პირველი კლასის ობიექტს, რომელსაც არ ესაჭიროებოდა მშენებლობის ნებართვა და რომლის განთავსებაზეც სამსახური გასცემდა წერილობით თანხმობას.
მხარემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ სამშენებლო სამუშაოები არ უწარმოებია შპს ,,ვ...-ს“, უძრავი ქონება იყო თანასაკუთრება, ხოლო ადმინისტრაციულ ორგანოს უძრავი ქონების მეორე თანამესაკუთრე არ მოუწვევია საქმის განხილვისას. ამასთან, გასაჩივრებული დადგენილებით, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №76-ში (საკ.კოდი: №...) უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი, ასევე ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის №76751 AR127305 12.03.2012წ.) გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნების (ფოტომონტაჟის) დარღვევით განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების ფოტომონტაჟთან შესაბამისობაში მოყვანა მხოლოდ ერთ მესაკუთრეს შპს ,,ვ...-ს“ დაევალა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრის თანახმად, მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო მათი ურთიერთშეჯერებისა და შესწავლის საფუძველზე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის თანახმად, სამშენებლო სამუშაოების კანონიერად განხორციელების საფუძვლად კანონმდებლობა იმპერატიულად მიიჩნევს შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის არსებობას. ამდენად, პირი, რომელიც გეგმავს მშენებლობის განხორციელებას, ვალდებულია სამშენებლო სამუშაოები წარმართოს ზემოხსენებული დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით. ამასთან, მშენებლობის კანონიერად მიჩნევისათვის აუცილებელია სამშენებლო სამუშაოების განხორციელება შეთანხმებული პირობების, მათ შორის, ფოტომონტაჟის შესაბამისად, წინააღმდეგ შემთხვევაში უნებართვო მშენებლობის სახით ადგილი ექნება სამშენებლო სამართალდარღვევას, რისთვისაც პასუხისმგებლობა განისაზღვრება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებში წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, კერძოდ, არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტოსურათების, საინვენტარიზაციო გეგმისა და არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 12 მარტის №76751 გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნების (ფოტომონტაჟი) ურთიერთშეფასების შედეგად, თბილისის მერია მიიჩნევს, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. №76-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობაზე განხორციელებულია, როგორც უნებართვო სამშენებლო სამუშაოები (...ის ქუჩის მხრიდან შენობის წინ გაზრდილია ბაქანის გაბარიტი, ბაქანზე მოწყობილია კაპიტალური კედლები, ვიტრაჟები, კაპიტალური ბუხარი და საჩრდილობელი. შენობის მარჯვენა მხარეს მოწყობილია მონოლითური საფეხურები, ლითონის მოაჯირები, დაბალი კედლები, საკვამურები, ღიობები და თუნუქის საჩრდილობლები. შენობის მარცხენა მხარეს გაუქმებულია ფანჯარა, დამატებულია ღიობები, თუნუქის საჩრდილობელი და გამწოვი მილები. შენობის უკან განხორციელებულია კაპიტალური მიშენება. ფასადებზე და სახურავზე დამატებულია კონდიციონერის აგრეგატები. გაზრდილია შენობის გაბარიტი, ფართი და კონფიგურაცია შენობა ნაწილობრივ ცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის კერძო მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №...) და სახელმწიფოს ტერიტორიაზე), ისე არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 12 მარტის №76751 გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნების (ფოტომონტაჟი) დარღვევა (შეცვლილია კარისა და მოაჯირის ვიზუალი, საფეხურების რაოდენობა და მასალა).
ამასთან, თბილისის მერია - განმარტავს, რომ კარისა და მოაჯირის ვიზუალი, საფეხურების რაოდენობა და მასალა განსხვავდება არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 12 მარტის №76751 გადაწყვეტილებით დადასტურებული ფოტომონტაჟისგან. ყოველივე აღნიშნული კი ცალსახად მიუთითებს სამშენებლო სამუშაოების უნებართვო ხასიათზე, რაც მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, წარმოადგენს დამრღვევზე შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.
ამასთან, თბილისის მერია განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით ამომწურავადაა განსაზღვრული იმ სუბიექტთა წრე, რომლებზეც შესაძლოა გავრცელდეს სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში არსებული ნორმების მოქმედება. ზოგადი წესის თანახმად, სანებართვო დოკუმენტაციის დარღვევით ან მის გარეშე მშენებლობის განხორციელებისათვის განსახილველ შემთხვევაში, შპს „ვ...-ს“ პასუხისმგებლობა დაეკისრა, როგორც სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელს. აღსანიშნავია, რომ შპს „ვ...-ის“ მიერ უნებართვოდ განხორციელებული _ სამშენებლო სამუშაოებისა და არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილებით დადასტურებული ფოტომონტაჟის დარღვევით სამშენებლო სამუშაოების წარმოების ფაქტი დაადასტურა თავად შპს „ვ...-ის“ დირექტორმა, ლ. მ-იმა ზედამხედველობის სამსახურში გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 იანვრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
საქმეში წარმოდგენილია ქ. თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 02 მარტის №76751 გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილია, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურში განხილული იქნა ს. ა-ის განცხადება რომელიც ეხებოდა ქ. თბილისში, სექტორი-ისანი, ...ის ქუჩა №76-ში შპს ,,ვ...-ის“ კუთვნილი მიწის ნაკვეთის(ნაკვეთი №...) მიმდებარედ, არსებული შენობის ფასადზე კიბის და კარის ღიობის მოწყობას, პასუხად ეცნობათ, რომ მათ მიერ განხორციელებული სამუშაოები თავისი მახასიათებლებით განეკუთვნებოდა პირველი კლასის ობიექტს, რომელსაც არ ესაჭიროებოდა მშენებლობის ნებართვა და რომლის განთავსებაზეც სამსახური გასცემდა წერილობით თანხმობას. ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თანახმად სამსახურმა შეამოწმა წარმოდგენილი დოკუმენტაციის (შპს,,ვ...-ის“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან №... 22.08.11წ. საკადასტრო კოდი ...; ასევე საპროექტო ფოტომონტაჟი) ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობა და ადასტურებდა ქ. თბილისში, სექტორი-...ის ქუჩა №76-ში, შპს ,,ვ...-ის“ კუთვნილი მიწის ნაკვეთის(ნაკვეთი №...) მიმდებარედ, არსებული შენობის ფასადზე კიბის და კარის ღიობის მოწყობის შესაძლებლობის უსაფრთხოების შესახებ.
საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან 2016 წლის 08 თებერვლის მდგომარეობით, რომლითაც დადგენილია, რომ ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №76-ში მდებარე უძრავი ქონება, დაზუსტებული ფართობი: 258.00 კვ.მეტრი, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო, ნაკვეთის წინა ნომერი: 10; შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 297.02, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №..., საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო შპს ,,ვ...-ის“ სახელზე. საქმეში წარმოდგენილი იყო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან 2018 წლის 01 თებერვლის მდგომარეობით, რომლითაც დადგენილია, რომ ქ.თბილისი, ...ის ქუჩა №76-ში მდებარე უძრავი ქონება, დაზუსტებული ფართობი:258.00 კვ.მეტრი, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო, ნაკვეთის წინა ნომერი: 10; შენობა - 4 ნაგებობის ჩამონათვალი №1, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №..., თანასაკუთრების უფლებით აღრიცხული იყო შპს ,,ვ...-ის“ (ფართი სართული 1, 122.17კვ.მეტრი) და ი. მ-ის (სარდაფი №1, 69.25კვმეტრი) სახელზე.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, 2016 წლის 11 ნოემბერის მდგომარეობით, დადგენილია, რომ ქ.თბილისი, ...ის ქუჩა №78-ში მდებარე უძრავი ქონება, დაზუსტებული ფართობი: 301.00 კვ. მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: 010; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი:№1, №2, და №3; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №... თანასაკუთრების უფლებით აღრიცხული იყო გ. ნ-ის, ხ. ნ-ის, ქ. ნ-ის სახელზე.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შპს ,,ვ...-ის“ მიმართ 2017 წლის 30 იანვარს შედგენილი იქნა მითითება №002310, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №76-ში ნაწარმოებია სამშენებლო სარეკონსტრუქციო სამუშაოები, კერძოდ: ...ის ქუჩის მხრიდან შენობის წინ გაზრდილი იყო ბაქანის გაბარიტი, ბაქანზე მოწყობილი იყო კაპიტალური კედლები, ვიტრაჟები, ლითონის მოაჯირები, კაპიტალური ბუხარი, საჩრდილობელი და სარეკლამო აბრა, შენობის მარჯვენა მხარეს მოწყობილი იყო მონოლითური საფეხურები, ლითონის მოაჯირები, დაბალი კედლები, საკვამურები ღიობები და თუნუქის საჩრდილობელი და გამწოვი მილები, შენობის უკან განხორციელებული იყო კაპიტალური მიშენება ფასადებზე და სახურავზე დამატებული იყო კონდიციონერის აგრეგატები. გაზრდილი იყო შენობის გაბარიტი, ფართი და კონფიგურაცია. შენობა ნაწილობრივ ეხებოდა საკადასტრო წითელ ხაზებს და გადადიოდა კერძო (საკ. კოდი: ...) და სახელმწიფო მიწაზე. ასევე დარღვეული იყო ქ. თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის №76751 გადაწყვეტილებით შეთანხმებული ფოტომონტაჟი. კერძოდ: შეცვლილი იყო კარის და მოაჯირის ვიზუალური, საფეხურების რაოდენობა და მასალა. ამავე მითითებით მხარეს დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა კიბისა და კარის მოყვანა შეთანხმებულ ფოტომონტაჟთან შესაბამისობაში, და საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში, უსაფრთხოების ნორმების დაცვით, ხოლო დარღვევის გამოსწორების ვადად განისაზღვრა 20 (ოცი) კალენდარული დღე. წინააღმდეგ შემთხვევაში გატარდებოდა კანონით გათვალისწინებული ზომები.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 28 მარტს შედგა შემოწმების აქტი №002310, რომლითაც დგინდება, რომ შპს ,,ვ...-ის“ მიერ არ იქნა შესრულებული 2017 წლის 30 იანვრის №002310 მითითების პირობები.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 25 მაისის №4-3/80-3/17 ბრძანებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 30 იანვრის №002310 მითითების საფუძველზე (შემოწმების აქტი №002310 შედგენილი 2017 წლის 28 მარტს) შპს ,,ვ...-ის“ მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელდა 2 თვით. შპს ,,ვ...-ის“ მიმართ საქმის განხილვისათვის გაგრძელებული ორთვიანი ვადა აითვალა 2017 წლის 25 მაისიდან 2017 წლის 25 ივლისის ჩათვლით.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს ისანი-სამგორის რაიონული განყოფილების შტატგარეშე მოსამსახურის ბ. ც-ის 2017 წლის 25 ივლისის №354 მოხსენებითი ბარათით ირკვეოდა, რომ 2017 წლის 30 იანვარს ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №76, საკ. კოდი: №.... უნებართვო სამშენებლო სამუშაოებთან და ქ. თბილისის მერიის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის №76751 გადაწყვეტილებით შეთანხმებული ფოტომონტაჟის დარღვევასთან დაკავშირებით შპს ,,ვ...’’-ის მიმართ დაწყებული იქნა ადმინისტრაციული საქმის წარმოება და სამსახურის მიერ შედგენილი იქნა №002310 მითითება. 2017 წლის 28 მარტს შედგენილ იქნა №002310 შემოწმების აქტი, რომელშიც დაფიქსირდა მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. 25 ივლისს, ობიექტის ხელმეორედ გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს ,,ვ...-ის“ მიერ, სრულად არ იქნა გამოსწორებული მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ: ...ის ქუჩის მხრიდან დემონტირებული იყო ბაქანზე მოწყობილი ლითონის მოაჯირები და სარეკლამო აბრა, ხოლო სხვა დანარჩენი დარღვევები არ იყო გამოსწორებული.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 25 ივლისს მიღებული იქნა დადგენილება №002310 ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც შპს ,,ვ...’’ დაჯარიმდა 10 000 (ათი თასი) ლარით, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №76-ში (საკ. კოდი: №...) უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისათვის (...ის ქუჩის მხრიდან შენობის წინ გაზრდილი იყო ბაქნის გაბარიტი, ბაქანზე მოწყობილი კაპიტალური კედლები, ვიტრაჟები, კაპიტალური ბუხარი და საჩრდილობელი. შენობის მარჯვენა მხარეს მოწყობილი იყო მონოლითური საფეხურები, ლითონის მოაჯირები, დაბალი კედლები, საკვამურები, ღიობები და თუნუქის საჩრდილობლები, შენობის მარცხენა მხარეს გაუქმებული იყო ფანჯარა, დამატებული იყო ღიობები, თუნუქის საჩრდილობელი და გამწოვი მილები. შენობის უკან განხორციელებული იყო კაპიტალური მიშენება. ფასადებზე და სახურავზე დამატებული იყო კონდიციონერის აგრეგატები. გაზრდილი იყო შენობის გაბარიტი, ფართი და კონფიგურაცია. შენობა ნაწილობრივ ცდებოდა საკადასტრო წითელ ხაზებს და გადადიოდა კერძო მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №...) და სახელმწიფოს ტერიტორიაზე), ასევე სამშენებლო სამუშაოების ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური (№76751 AR127305 12.03.2012 წ.) გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნების (დემონტაჟის) დარღვევით განხორციელებისათვის (შეცვლილი იყო კარის და მოაჯირის ვიზუალური და საფეხურების რაოდენობა და მასალა). ამავე დადგენილებით, შპს ,,ვ...-ს“ დაევალა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №76-ში (საკ. კოდი: №...) უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი, ასევე ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის №76751 AR127305 12.03.2012 წ. გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნების (ფოტომონტაჟის) დარღვევით განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების ფოტომონტაჟთან შესაბამისობაში მოყვანა.
2017 წლის 11 აგვისტოს, შპს ,,ვ...-ის“ დირექტორმა ლ. მ-იმა №19/01172231997-01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 25 ივლისის №002310 დადგენილების ბათილად ცნობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019წლის 19 აპრილის №408 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა შპს ,,ვ...-ის“ დირექტორის ლ. მ-ის 2017 წლის 11 აგვისტოს №19/01172231997-01 ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 25 ივლისის №002310 დადგენილება.
საქმეში წარმოდგენილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 19 სექტემბრის №60-01172622967 წერილი, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აცნობა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურმა განიხილა 27.07.2017 წლის №305034 (27.07.2017 წ. 04-01172081396-60) მომართვა, სადაც მოთხოვნილი იყო ქ. თბილისში, ისნის რაიონში, ...ის ქუჩა №76-ში არქიტექტურის სამსახურის პოზიცია არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №...) საზღვრების კონფიგურაციაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით. წარმოდგენილი ესკიზის შესაბამისად ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ მოწოდებული ესკიზის მიხედვით ქ. თბილისში, ისნის რაიონში, ...ს ქუჩა №76-ში არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №...) საზღვრების გეგმის კორექტირება სამსახურს ქალაქგეგმარებით თვალსაზრისით შესაძლებლად მიაჩნდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (ძალადაკარგულია - საქართველოს მთავრობის 02.03.2020 წ. №139 დადგენილება) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.
მითითებული დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება. 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის თანახმად კი, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ.
საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ პირველი მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის მიზანია სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით. მე-14 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს თავი არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის.
მითითებული კოდექსის მე-15 მუხლის „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტების თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, განსაზღვრული ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია. ხოლო, სამშენებლო სამართალდარღვევა არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ თავით. ხოლო ამავე კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას - სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის (მუნიციპალური ინსპექცია) მიერ არ არის ზუსტად განსაზღვრული და გამოკვეთილი სამშენებლო სამართალდარღვევის ობიექტი, არც პასუხისმგებელი პირი - სუბიექტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული გარემოებების ცოდნა აუცილებელია მოსარჩელისათვის როგორც საკუთარი უფლებების დასაცავად, ასევე შესაძლო სამართალდარღვევის გამოსწორების მიზნისათვის.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრიდან (2018 წლის 01 თებერვლის მდგომარეობით) ამონაწერით დადგენილია, რომ ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №76-ში მდებარე უძრავი ქონება, დაზუსტებული ფართობი: 258.00 კვ. მეტრი, თანასაკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს ,,ვ...-ის“ და ი. მ-ის სახელზე. თუმცა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, სამართალდამრღვევ პირად მითითებულია მხოლოდ შპს „ვ...“. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს შეფასების გარეშე აქვს დატოვებული უძრავი ქონების თანამესაკუთრე - ი. მ-ის როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე შესაძლო პასუხისმგებელი პირად მიჩნევისა და განსაზღვრული ადმინისტრაციული ზომის, დემონტაჟის ვალდებულების მასზე გავრცელების საკითხი, ასევე შეფასების გარეშეა დატოვებული მისი როგორც თანამესაკუთრის კანონიერი ინტერესების საკითხი, უძრავი ქონების მისი ნაწილის დემონტაჟის შემთხვევაში.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა არ გამოიკვლიეს და არ შეაფასეს საქმეზე დადგენილი გარემოებები სათანადოდ, რაც სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საფუძველს ქმნიდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნენ დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნენ დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
გ. აბუსერიძე