Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-514(კ-22) 17 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ზ. ზ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 17 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს შუახევის მუნიციპალიტეტში მაგისტრატ სასამართლოს მოპასუხე ზ. ზ-ეის მიმართ და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ზედმეტად მიღებული სახელფასო თანხის 873.53 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს შუახევის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს 2021 წლის 09 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხე ზ. ზ-ეს დაეკისრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ, 2018 წლის 15 დეკემბრიდან - 31 დეკემბრის ჩათვლით ზედმეტად მიღებული ხელფასის ანაზღაურება, სულ 673,53 ლარის ოდენობით.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს შუახევის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს 2021 წლის 09 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს შუახევის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს 2021 წლის 09 ივნისის გადაწყვეტილება.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 03 იანვრის ბრძანებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის აჭარის ა/რ ...ი ზ. მ.-ს ძე ზ-ე გადაყენებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2018 წლის 15 დეკემბრიდან.

ზ. ზ-ეს 2018 წლის დეკემბრის თვეში ჩაერიცხა ერთი თვის სრული ხელფასი - დეკემბრის თვის წოდებრივი სარგო - 24.00 ლარი, დეკემბრის თვის თანამდებობრივი სარგო-1043.00 ლარი, დეკემბრის თვის დანამატი - 160.20 ლარი, დეკემბრის თვის პრემია - 200 ლარი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკურმა დეპარტამენტმა 2019 წლის 14 თებერვალს წერილობით მიმართა მოპასუხე ზ. ზ-ეს და ზედმეტად ჩარიცხული ხელფასის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება მოსთხოვა 873,53 ლარის ოდენობით, თუმცა მოპასუხის მიერ აღნიშნული თანხა არ ანაზღაურებულა.

პალატის მითითებით, განსახილველ საქმეზე დავის საგანს პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოადგენდა ზ. ზ-ეისათვის ზედმეტად გადახდილი სახელფასო და პრემიის თანხის დაკისრება, ხოლო სააპელაციო სასამართლოში დავის საგანს შეადგენს მხოლოდ პრემიის სახით გადახდილის თანხის დაბრუნება, რამეთუ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში (ხელფასის სახით გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ) ზ. ზ-ეის მიერ არ გასაჩივრებულა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნა ზედმეტად დარიცხული სახელფასო თანხის დაბრუნებაზე საფუძვლიანი იყო და სარჩელი ამ ნაწილში დააკმაყოფილა, ხოლო რაც შეეხება დარიცხულ პრემიას, სასამართლომ მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია, რასაც არ დაეთანხმა სამინისტრო და მიუთითა, რომ იგი წარმოადგენს ე.წ. საახალწლო პრემიას და მისი ჩარიცხვა მოხდა 28 დეკემბერს, იმ დროს, როდესაც თანამშრომელი აღარ ითვლებოდა მოქმედ თანამშრომლად.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად კი, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი, ხოლო 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვასვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. ხოლო 976-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამ მუხლის პირველი ნაწილის პირობები.

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პოლიციელის ხელფასი (ფულადი სარგო) შედგება თანამდებობრივი სარგოსა და წოდებისათვის დადგენილი სარგოსგან. 54-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, პოლიციელს, ხელფასის გარდა, შეიძლება მიეცეს ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატი და კომპენსაცია. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 15 დეკემბრამდე მოპასუხე ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას, მას ხელფასთან ერთად ჩაერიცხა პრემიის თანხა, რაც ამ პერიოდში მის დამსახურებას უკავშირდებოდა, საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პრემიის, იგივე ფულადი ჯილდოს, არსს წარმოადგენს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ, მის მიმართ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის გათვალისწინებული მატერიალური წახალისება. ადმინისტრაციის მიერ მისი გაცემა ხდება პერიოდულად, მოსამსახურის საქმიანობის შედეგების მიხედვით, მისი მატერიალური წახალისების, საქმიანობის ეფექტურობისა და ხარისხის ამაღლების მიზნით.

მოცემულ საქმეში, პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოპასუხის გადაყენებას უკავშირებს სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას ან სხვა ისეთ გარემოებას, რაც პრემიის გაცემას გამორიცხავდა. ასევე, არ მოიპოვება დასაბუთება ან მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ჩარიცხული პრემია განკუთვნილი იყო მხოლოდ და მხოლოდ დეკემბრის თვის იმ პერიოდისათვის, როდესაც ზ. ზ-ე სამსახურეობრივ მოვალეობას აღარ ასრულებდა. სააპელაციო პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ვერ მიუთითა სამუშაოს შესრულების პერიოდში (2018 წლის 15 დეკემბრამდე) მოპასუხის მიერ ისეთი ქმედების განხორციელებაზე, რაც გამორიცხავდა მის მიმართ პრემიის გაცემის შესაძლებლობას.

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 2018 წლის დეკემბრის თვეში ზ. ზ-ეის მიმართ ჩარიცხული პრემია არ წარმოადგენს ზედმეტად ჩარიცხულ თანხას და არ უნდა დაექვემდებაროს სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.

კასატორმა მიუთითა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, პოლიციელის ხელფასი (ფულადი სარგო) შედგება თანამდებობრივი სარგოსა და წოდებისათვის დადგენილი სარგოსგან, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პოლიციელს, ხელფასის გარდა, შეიძლება მიეცეს ხელფასზე (ფულადი სარგოზე) დანამატი და კომპენსაცია. შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N997 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის“ მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირისა და საჯარო მოხელის შრომის ანაზღაურებისა და სხვა გასაცემლის დაანგარიშება ხდება კალენდარული დღეების მიხედვით, ხოლო დამხმარე მოსამსახურისა და შტატგარეშე მოსამსახურის - სამუშაო დღეების მიხედვით.

კასატორი აგრეთვე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამავე კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად , პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა შეუძლია მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს მისი უკან დაბრუნება: თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოშობილა ან შეწყდა შემდგომში.

კასატორის მითითებით, ზ. ზ-ეის დათხოვნა განხორციელდა 2018 წლის 15 დეკემბერს, მას დეკემბრის თვეში ზედმეტად ჩაერიცხა 16 დღის ხელფასი და პრემია - 200 ლარი, რაც ჯამში შეადგენს 873,53 (რვაას სამოცდაცამეტ ლარსა და 53 თეთრს) ლარს. კასატორის მოსაზრებით, ზ. ზ-ეისთვის ხელფასთან ერთად ჩარიცხული პრემია წარმოადგენდა საახალწლო პერიოდთან დაკავშირებულ პრემიას, რაც არა მარტო ზ. ზ-ეს, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს ჩაერიცხა. შესაბამისად, ვინაიდან ზ. ზ-ე სამსახურიდან დათხოვნილი იქნა 2018 წლის 15 დეკემბერს, მისთვის საახალწლო პრემიის ჩარიცხვის არანაირი საფუძველი არ არსებობდა, თუმცა ვინაიდან გვიან მოხდა ეკონომიკური დეპარტამენტის ინფორმირება მის დათხოვნასთან დაკავშირებით, ვერ მოესწრო მისი პრემიის მიმღებ პირთა სიიდან ამოღება, რამაც გამოიწია მისი უსაფუძვლო გამდიდრება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 03 იანვრის N12091 ბრძანებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის აჭარის ა/რ ...ი ზ. მ.-ს ძე ზ-ე გადაყენებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2018 წლის 15 დეკემბრიდან. საქმეში დაცული საგადახდო მოთხოვნებით დასტუდება, რომ ზ. ზ-ეს 2018 წლის დეკემბრის თვეში ჩაერიცხა დეკემბრის თვის წოდებრივი სარგო - 24.00 ლარი, დეკემბრის თვის თანამდებობრივი სარგო - 1043.00 ლარი, დეკემბრის თვის დანამატი - 160.20 ლარი, დეკემბრის თვის პრემია - 200 ლარი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის 2019 წლის 14 თებერვლის წერილით მიმართა მოპასუხე ზ. ზ-ეს და ზედმეტად დარიცხული თანხის - 873,53 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება მოსთხოვა. დადგენილია აგრეთვე, რომ მოპასუხის მიერ აღნიშნული თანხა არ ანაზღაურებულა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა დავის საგანი, კერძოდ, როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს შეადგენს მხოლოდ პრემიის სახით გადახდილის თანხის დაბრუნების კანონიერება, რამეთუ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში (ხელფასის სახით გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ) ზ. ზ-ეის მიერ არ გასაჩივრებულა.

საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს. სააპელაციო პალატამ მართებულად მოიხმო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი, ხოლო 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. ხოლო 976-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამ მუხლის პირველი ნაწილის პირობები. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე პუნქტის მიხედვით, პოლიციელს, ხელფასის გარდა, შეიძლება მიეცეს ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატი და კომპენსაცია.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის“ მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, პრემია წარმოადგენს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელოს, რომელიც გაიცემა მის მიმართ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის. ამავე „წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პრემია გაიცემა საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირების მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების (საჯარო დაწესებულებაში სამუშაოს შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში) ან/და დასაბუთების საფუძველზე. პრემიის მიზნებია, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა წახალისების და მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე, დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, საჯარო დაწესებულებებში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო მოხელის თანამდებობრივი სარგო არის გასაცემელი, რომელსაც სახელმწიფო გასცემს საჯარო მოხელის ინდივიდუალური მახასიათებლების ან/და კვალიფიკაციის მიუხედავად. აღნიშნულისგან განსხვავებულია კანონმდებლობით განსაზღვრული ხელფასის შემადგენელი პრემიებისა და დანამატების ბუნება, რომლებიც მოხელეზე გაიცემა კანონით გათვალისწინებული პირობების და საფუძვლის არსებობის შემთხვევაში და მათი გაცემა კონკრეტულ გარემოებებზეა დამოკიდებული. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მიერ არ წარმოდგენილა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ზ. ზ-ეის თამადებობიდან გათავისუფლება დაკავშირებული იყო სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებასთან ან სხვა ისეთ გარემოებასთან, რაც პრემიის გაცემას გამორიცხავდა. ასევე, არ დასტურდება, რომ ჩარიცხული პრემია განკუთვნილი იყო მხოლოდ და მხოლოდ დეკემბრის თვის იმ პერიოდისათვის, როდესაც ზ. ზ-ე სამსახურეობრივ მოვალეობას აღარ ასრულებდა.

ამდენად, არ დასტურდება, რომ ზ. ზ-ეის მიმართ ჩარიცხული პრემია წარმოადგენს ზედმეტად ჩარიცხულ თანხას. შესაბამისად, აღნიშნული თანხა არ უნდა დაექვემდებაროს სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე