ას-1089-1324-04 16 მარტი, 2005 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი (მომხსენებელი),
ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება.
აღწერილობითი ნაწილი:
დ. მ-ემ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა აწ გარდაცვლილი მამის _ პ. მ-ის _ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება შემდეგი საფუძვლით: საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს 2003წ. 4 აგვისტოს ცნობით დადგენილია, რომ პ. მ-ე, დაბადებული 19-- წელს, ზესტაფონის რაიონში, 1950წ. 3 თებერვალს გასამართლებულ იქნა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამშობლოს ღალატი) და მიესაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსრკ უმაღლესი სასამართლოს 1955წ. 25 აგვისტოს დადგენილებით სასჯელის ზომა შეუმცირდა 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. პატიმრობიდან გათავისუფლდა 1955წ. 3 ოქტომბერს. სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1955წ. 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ ბრძანებულების თანახმად, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის 1960წ. 22 ივნისის განჩინებით სისხლის სამართლის საქმე პ. მ-ის მიმართ შეწყდა და იგი რეაბილიტირებულია.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. მ-ეს უარი ეთქვა მამის, პ. მ-ის, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებაზე უსაფუძვლობის გამო.
ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. მ-ემ. სააპელაციო პალატის 2004წ. 11 მარტის გადაწყვეტილებით დ.მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ პ. მ-ე მსჯავრდებული იყო კონკრეტული ბრალდებით _ სსკ-ის 58-ე მუხლის I ნაწილის „ბ“ პუნქტით „სამშობლოს ღალატისათვის“, რომელიც არ იყო დაკავშირებული მის პოლიტიკურ შეხედულებასთან ან არსებული პოლიტიკური რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან, სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთან. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ აპელანტის მოთხოვნა მიიჩნია უსაფუძვლოდ.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. მ-ემ. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა ფაქტობრივ გარემოებებს. მამამისი დევნილი იყო კომუნისტური რეჟიმის მიერ, რომელიც ბრალს სდებდა მძიმე დანაშაულის ჩადენაში სახელმწიფოს წინააღმდეგ. მამამისს ბრალს სდებდნენ მძიმე დანაშაულში, რომელიც არ ჩაუდენია. გასამრთლება, სასჯელის მოხდა და შემდეგ რეაბილიტაცია, კასატორის მოსაზრებით, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების საფუძველია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ დ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ჩაითვლება პირი, რომელიც მსჯავრდებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბი ბრალდების საფუძველზე, რაც დაკავშირებული იყო პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან, არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან, სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთან.
აღნიშნული ნორმის თანახმად, პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისათვის აუცილებელი პირობა, რომ პირის მსჯავრდება დაკავშირებული იყოს მის პოლიტიკურ შეხედულებასთან, ან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან, სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთან. პირის მხოლოდ ბრალდება ისეთ დანაშაულში, რომელიც არ ჩაუდენია, გასამართლება და შემდეგ რეაბილიტაცია, თუკი ეს დაკავშირებული არ არის ზემოთ აღნიშნულ ნორმაში მითითებულ გარემოებებთან, ვერ გახდება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიჩნევის საფუძველი.
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ პ. მ-ე, მსჯავრდებული იყო, როგორც სამხედრო მოსამსახურე, სამშობლოს ღალატისათვის. მისი ბრალდება არ იყო დაკავშირებული პოლიტიკურ შეხედულებასთან, არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან, სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთან, შესაბამისად, მისი პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიჩნევის საფუძველი არ არსებობს. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სწორია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 11 მარტის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.