საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-264 (კს-23) 17 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ს. თ-ის უფლებამონაცვლეები - მ. ა-ი და ნ. თ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. თ-მა 2019 წლის 17 ოქტომბერს დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 23 სექტემბრის №MIA 3 19 02521206 ბრძანების ბათილად ცნობის, მოსარჩელე ს. თ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს პოლიციის ... განყოფილების გამომძიებლის (პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი) თანამდებობაზე აღდგენის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების, ს. თ-ის სასარგებლოდ, სამსახურიდან დათხოვნის დღიდან სამსახურში აღდგენამდე, იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ს. თ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის განჩინებით ს. თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. თ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბრის განჩინებით ს. თ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის განჩინებით ლ. ა-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, N3ბ/142-23 ადმინისტრაციულ საქმეზე, მოსარჩელე ს. თ-ის გარდაცვალების გამო, შეწყდა საქმის წარმოება მეორე სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს პოლიციის ... განყოფილების გამომძიებლის (პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი) თანამდებობაზე ს. თ-ის აღდგენის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ს. თ-ის მოთხოვნა თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში, მ. ა-ი და ნ. თ-ი ცნობილ იქნენ მოსარჩელე ს. თ-ის უფლებამონაცვლეებად N3ბ/142-23 ადმინისტრაციულ საქმეში, „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 23 სექტემბრის №MIA 3 19 02521206 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, ასევე, ს. თ-ის სამსახურიდან დათხოვნის დღიდან - მისი გარდაცვალების დღემდე (2021 წლის 29 აგვისტომდე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურების დავალების მოთხოვნის ნაწილში.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ თანამდებობიდან გათავისუფლება, გათავისუფლების უკანონობის დადგენის შემდგომ სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება წარმოადგენს პირის პირადი უფლებიდან გამომდინარე დავას, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, ს. თ-ს სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის გზით სიცოცხლეშივე ჰქონდა უფლება რეალიზებული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის („სამკვიდრო ქონება შეიცავს მამკვიდრებლის, როგორც ქონებრივიუფლებების, ისე მოვალეობების ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის“) და ამავე კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების („მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავემდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ“) შესაბამისად, იძულებითი განაცდური წარმოადგენს ქონებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში საპროცესო უფლებამონაცვლეობის დაუშვებლობის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები სახეზე არ არის - ადგილი აქვს კანონის ძალით მოთხოვნის უფლების გადასვლას უფლებამონაცვლეებზე (უფლებამონაცვლეები გარდაცვლილის მეუღლე და შვილი არიან, შესაბამისად, ისინი მოსარჩელის კანონისმიერი (პირველი რიგის) მემკვიდრეებს წარმოადგენენ) (იხ. სუსგ საქმეზე Nბს-212(კს-2), 2022 წლის 18 ოქტომბერი).
ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ ლ. ა-ის შუამდგომლობა უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია უფლებამონაცვლეობის დადგენა აწ. გარდაცვლილი ს. თ-ის იმ სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 23 სექტემბრის №MIA 3 19 02521206 ბრძანების ბათილად ცნობას და ს. თ-ის სამსახურიდან დათხოვნის დღიდან - მისი გარდაცვალების დღემდე (2021 წლის 29 აგვისტომდე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურების დავალების მოთხოვნას.
ამასთან, პალატამ მიუთითა, რომ სასამართლოს მიერ განსახილველი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში (გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა), ს. თ-ის იძულებითი განაცდურის/ზიანის ანაზღაურება მ. ა-ის და ნ. თ-ის სასარგებლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა დაევალოს მოსარჩელის უკანონოდ გათავისუფლებიდან გარდაცვალების დღემდე (2021 წლის 29 აგვისტომდე).
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას მოსარჩელე ს. თ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს პოლიციის ... განყოფილების გამომძიებლის (პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი) თანამდებობაზე აღდგენის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, აღნიშნული წარმოადგენს პირადი ხასიათის უფლებას, მიუხედავად იმისა, რომ ს. თ-მა სამსახურში აღდგენის მოთხოვნა სიცოცხლეშივე წარადგინა, შეუძლებელია უფლებამონაცვლეობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველია პროცესის განმავლობაში მხარის ან მესამე პირის მატერიალური უფლებებისა და მოვალეობების გადასვლა სხვა პირებზე. როგორც წესი, მხარის ან მესამე პირის შეცვლა პროცესში, მატერიალურ სამართალში ესე იგი სადავო – მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერობაში მომხდარი უფლებამონაცვლეობის შედეგია. ნებისმიერ სამოქალაქო საქმეში საპროცესო უფლებამონაცვლეობა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დაიშვება უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალურთიერთობებში. ამრიგად, საპროცესო უფლებამონაცვლეობა განსხვავდება უფლებამონაცვლეობისგან მატერიალურ სამართალში, სამოქალაქო საპროცესო უფლებამონაცვლეობა, სამოქალაქო მატერიალური უფლებამონაცვლეობისაგან განსხვავებით, შეიძლება იყოს მხოლოდ ზოგადი (უნივერსალური), ვინაიდან უფლებამონაცვლე მთლიანად ცვლის წინამორბედებს და მასზე სრული მოცულობით გადადის თავისი წინამორბედის ყველა საპროცესო უფლება და მოვალეობა. დაუშვებელია, სამოქალაქო პროცესში ადგილი ჰქონდეს ნაწილობრივ უფლებამონაცვლეობას.
სამინისტროს მითითებით, საპროცესო უფლებამონაცვლეობა დამოკიდებულია იმ გარემოებაზე, უშვებს თუ არა სადავო მატერიალური სამართალურთიერთობა უფლებამონაცვლეობას, ამიტომ გათვალისწინებულ უნდა იქნეს, თუ რა ხასიათისაა კონკრეტული მატერიალური სამართალურთიერთობა და მის საფუძველზე წარმოშობილი ესა თუ ის სამართლებრივი ინტერესი. უფლებამონაცვლეობის შეუძლებლობა მატერიალურ სამართალში განაპირობებს უფლებამონაცვლეობის შეუძლებლობას პროცესში.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მართალია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვ.) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით და უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე, თუმცა საპროცესო უფლებამონაცვლეობა გულისხმობს მხარეებისა და მესამე პირების შეცვლას იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა.
მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, რაც უდავოდ პირადი ხასიათისაა, ეკუთვნის მხოლოდ მოსარჩელეს, მემკვიდრეობით არ გადადის და პიროვნების გარდაცვალების შემდეგ წყდება.
სამინისტროს მოსაზრებით, დაუშვებელია, ასევე, ქონებრივი უფლების მონაცვლეობა, თუ ეს უფლება დაკავშირებულია წინამორბედის პიროვნებასთან (ავტორობა, სახელი, პატივი, ღირსება). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-19 მუხლი, პირის გარდაცვალების შემთხვევაში, მხოლოდ ამ კოდექსის მე-18 მუხლით დადგენილ პირად უფლებათა დაცვის შესაძლებლობას ითვალისწინებს. კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ სასამართლომ არ იმსჯელა შრომის უფლების ინდივიდუალურობასთან დაკავშირებით და განაცდური ხელფასი, როგორც ქონებრივი უფლება და მეორე მხრივ, შრომითი უფლება ერთიანობაში განიხილა, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დათხოვნის ბრძანება პირადი უფლებიდან, შრომის უფლებიდან გამომდინარეობს და მასზე უფლებამონაცვლეობა არ დაიშვება.
სამინისტრო თვლის, რომ არ შეიძლება მემკვიდრე იყოს უფლებამონაცვლე იმ აქტთან მიმართებით, რომელმაც მამკვიდრებლის შრომითი უფლება შეზღუდა.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, აქტის ადრესატი იყო ს. თ-ი, შესაბამისად, სამსახურიდან დათხოვნის ბრძანება მხოლოდ მის კანონიერ უფლებას და ინტერესს აყენებდა ზიანს. სამინისტრო თვლის, რომ გამორიცხულია ს. თ-ის მიმართ გამოცემული აქტი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდეს მის უფლებამონაცვლეს. შესაბამისად, დავა ამ აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით, რომელიც, ცალსახად პირადი უფლების ხასიათს ატარებს, სამინისტროს მოსაზრებით, ვერ გადავა მემკვიდრეზე. პირადი ხასიათის უფლებებსა და მოვალეობებში უფლებამონაცვლეობა კანონმდებლობით არ არის დასაშვები. კერძოდ, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობის წესით პირადი უფლებების (ღირსება, პატივი, სახელი, ავტორობა) გადასვლა/გადაცემა. დაუშვებელია ასეთი ქონებრივი უფლების მონაცვლეობა, თუ ეს უფლება დაკავშირებულია წინამორბედის პიროვნებასთან. გარდაცვლილი აღარ შეიძლება იყოს უფლების და მოვალეობის სუბიექტი, მას აღარ შეუძლია საკუთარი ინტერესების დაცვა.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მოხელესა და საჯარო დაწესებულებას შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობები, რომლებიც უკავშირდება სამსახურებრივ საკითხებს, რეგულირდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე მოხელის უფლების დაცვის სამართლებრივ გარანტიებს ქმნის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი. ზემოაღნიშნული კანონის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მოხელეს უფლება აქვს სამსახურებრივ საკითხზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, აგრეთვე ქმედება გაასაჩივროს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით. უფლების დაცვის საპროცესო-სამართლებრივი საშუალების გამოყენება დაკავშირებულია დარღვეული უფლების დაცვის საჭიროებაზე. უფლების დაცვა სასამართლოსადმი მიმართვის გზით შესაძლებელია, თუკი დარღვეულია მოხელის სუბიექტური საჯარო-სამართლებრივი უფლება. არავის არ აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს სხვისი უფლების დასაცავად, შესაბამისად აღნიშნული უფლება არ შეიძლება მემკვიდრეობით იქნეს გადაცემული. ასევე, იმავე კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში...“. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მითითებული მუხლის მე-4 პუნქტი განსაზღვრავს, რომ მხოლოდ სასამართლოს ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემდგომ არის შესაძლებელი მასზე განაცდური ხელფასის გაცემა.
ამდენად, სამინისტრო თვლის, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი განაცდური თანამდებობრივი სარგოს გაცემას უშვებს მხოლოდ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში. საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, განაცდური ხელფასის მოთხოვნა არ შეიძლება განხილულ იქნეს დამოუკიდებელ მოთხოვნად, იგი გამომდინარეობს მხოლოდ სამსახურში აღდგენის მოთხოვნიდან. როდესაც სამსახურში აღდგენის ნაწილში საქმის წარმოება წყდება, ანუ ობიექტური გარემოების გამო მოხელის სამსახურში აღდგენა ვეღარ განხორციელდება, აღნიშნული უფლება-მოვალეობები არ შეიძლება გადაეცეს მოსარჩელის მემკვიდრეს. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მატერიალური კანონი საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველს გამორიცხავს.
ამდენად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მატერიალურ კანონზე საუბრისას, პირველ რიგში, გათვალისწინებული უნდა იყოს სპეციალური კანონი, თუმცა განჩინების მე-2 პუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო საკუთარ გადაწყვეტილებას განმარტავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე და 198-ე მემკვიდრეობითი სამართლის ზოგად მუხლებზე დაყრდნობით და საერთოდ არ განიხილავს აღნიშნულ საკითხს სპეციალური ნორმებთან - „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან მიმართებაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის განჩინებაზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველი კერძო საჩივრის ფარგლები მოიცავს სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 თებერვლის განჩინების კანონიერების შემოწმებას იმ ნაწილში, რომლითაც N3ბ/142-23 ადმინისტრაციულ საქმეზე მ. ა-ი და ნ. თ-ი დადგინდნენ მოსარჩელე ს. თ-ის უფლებამონაცვლეებად, „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 23 სექტემბრის NMIA 3 19 02521206 ბრძანების ბათილად ცნობისა და ს. თ-ის სამსახურიდან დათხოვნის დღიდან - მისი გარდაცვალების დღემდე (2021 წლის 29 აგვისტომდე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურების დავალების მოთხოვნების ნაწილში.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი N01217037126 გარდაცვალების მოწმობის ასლით დასტურდება მოსარჩელე ს. თ-ის გარდაიცვალება 2021 წლის 29 აგვისტოს. ამასთანავე, საქმეს ერთვის N220264169 სამკვიდრო მოწმობის ასლი, რომლითაც დასტურდება სამკვიდროს გახსნა ს. თ-ის უძრავ-მოძრავ ქონებაზე. ამავე მოწმობის მიხედვით, ს. თ-ის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეები არიან მეუღლე - მ. ა-ი და შვილი - ნ. თ-ი. სააპელაციო პალატამ სწორედ აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე იმსჯელა, შესაძლებელი იყო თუ არა სადავო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მოსარჩელის უფლებამონაცვლეებად მ. ა-ისა და ნ. თ-ის დადგენა. ამდენად, უნდა დადგინდეს, მართებულია თუ არა სააპელაციო სასამართლოს დასკვნები, სამსახურიდან გათავისუფლების უკანონობის დადგენისა და იძულებითი განაცდურის დაკისრების შესახებ მოთხოვნებთან მიმართებაში გარდაცვლილი მოსარჩელის მემკვიდრეთა კანონიერი ინტერესის არსებობის თაობაზე, რაც მათი უფლებამონაცვლეებად დადგენის საფუძველი გახდა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო უფლებამონაცვლეობა პირდაპირ კავშირშია მატერიალური კანონმდებლობიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობების სხვა პირისთვის გადაცემის საკითხის დადგენასთან. თუ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმებით გათვალისწინებულია სამართლებრივ ურთიერთობაში სუბიექტის შეცვლა, ახალ სუბიექტზე უფლება-მოვალეობების გადასვლის თვალსაზრისით, ეს უკანასკნელი განიხილება სამართლებრივი ურთიერთობიდან გასული პირის უფლებამონაცვლედ. ამასთანავე, თუ დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში, იგი ასევე დაუშვებელია საპროცესო სამართალშიც. თუ საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. თავის მხრივ, სამკვიდრო აქტივი მოიცავს არა მხოლოდ არსებულ მატერიალურ ქონებას, არამედ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთესაც, მათ შორის, მემკვიდრეობით გადადის მამკვიდრებლის უფლებები. ამავე კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების შესაბამისად, მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ. ამრიგად, მემკვიდრე მემკვიდრეობის საფუძველზე იღებს მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტისთვის არსებულ უფლებებს და ეკისრება მისი მოვალეობები მიღებული სამკვიდროს ფარგლებში. გამონაკლისის სახით, სამოქალაქო კოდექსის 1330-ე და 1332-ე მუხლებით განსაზღვრულია იმ სამართლებრივ სიკეთეთა ჩამონათვალი, რომლებიც მემკვიდრეობით გადაცემას არ ექვემდებარება. მათ შორის, კოდექსის 1330-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროში არ შედის ის ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც პირადი ხასიათისაა და მხოლოდ მამკვიდრებელს შეიძლება ეკუთვნოდეს.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თანამდებობიდან გათავისუფლების, გათავისუფლების უკანონობის დადგენის შემდგომ სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებული მოთხოვნები უკავშირდება პირის პირად უფლებებს, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ ს. თ-ს სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის გზით სიცოცხლეშივე ჰქონდა შესაბამისი უფლება რეალიზებული. ამდენად, სასამართლოსადმი შესაბამისი სარჩელით მიმართვის შემდეგ პირის გარდაცვალების პირობებში, სააპელაციო პალატას უნდა შეეფასებინა, რა შედეგის მიღწევას ცდილობდა მოსარჩელე სარჩელის წარდგენით და რამდენად გააჩნდა იმავე შედეგის დადგომის მიმართ მის მემკვიდრეს ინტერესი, ამასთანავე, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება უფლებამონაცვლის მიმართაც. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, დასაშვებია უფლებამონაცვლეობის დადგენა გარდაცვლილი ს. თ-ის იმ სასარჩელო მოთხოვნებთან მიმართებაში, რომლებიც შეეხება გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრებას. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ სიცოცხლეში ნების სათანადო წესით გამოხატვის (სასამართლოში დავის დაწყების) და შემდგომ გარდაცვალების პირობებში, წარმოიშვა მისი ქონებრივი უფლება, რომელთან მიმართებითაც უფლებამონაცვლეობა დასაშვებია. ამასთანავე, მოსარჩელის გარდაცვალების შესახებ ფაქტობრივი გარემოების არსებობა, არ შეუშლის ხელს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაბამისი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას გარდაცვლილი მოსარჩელის მემკვიდრეებთან მიმართებაში. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობის დაუშვებლობის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები სახეზე არ არის - ადგილი აქვს კანონის ძალით მოთხოვნის უფლების გადასვლას უფლებამონაცვლეებზე (გარდაცვლილი მოსარჩელის კანონისმიერ (პირველი რიგის) მემკვიდრეებზე). ამასთანავე, სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ ს. თ-ის მითითებული სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებისა და შესაბამის ნაწილში სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ს. თ-ის პირველი რიგის მემკვიდრეების - მ. ა-ისა და ნ. თ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების პერიოდად უნდა განისაზღვროს მოსარჩელის უკანონოდ გათავისუფლებიდან მისი გარდაცვალების დღემდე პერიოდი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ ნაწილში უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის განჩინება, იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელის წარმომადგენლის - ლ. ა-ის შუამდგომლობა, მოსარჩელე ს. თ-ის უფლებამონაცვლეებად, N3ბ/142-23 ადმინისტრაციულ საქმეზე მ. ა-ისა და ნ. თ-ის დადგენის თაობაზე, "დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 23 სექტემბრის NMIA 3 19 02521206 ბრძანების ბათილად ცნობისა და ს. თ-ის სამსახურიდან დათხოვნის დღიდან - მისი გარდაცვალების დღემდე (2021 წლის 29 აგვისტომდე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დავალების მოთხოვნების ნაწილში;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე