Facebook Twitter

№ბს-472(კ-22) 31 მაისი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 13 ივნისს სს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 7 ივნისის №QN1510711 გადაწყვეტილების №2 დანართის მე-12 პუნქტის (იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა ...ის ქუჩაზე ახალმოწყობილ და დაუზიანებელ მონაკვეთებში მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან საფარზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა), ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 13 ივნისის №QN1505836 გადაწყვეტილების №2 დანართის მე-11 პუნქტისა (იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა ქ. თბილისში, ...ის ქ. ნაკვეთი №...-ის მიმდებარედ ...ის ქუჩაზე ახალმოწყობილ და დაუზიანებელ მონაკვეთებში მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან საფარზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა) და სს „...ის“ 2017 წლის 13 ივლისისა და 2017 წლის 14 ივლისის ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილების (ვირტუალური უარი) ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილება, სს „...ის“ 2017 წლის 13 ივლისისა და 2017 წლის 14 ივლისის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 7 ივნისის №QN1510711 გადაწყვეტილების №2 დანართის მე-12 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა ...ის ქუჩაზე ახალმოწყობილ და დაუზიანებელ მონაკვეთებში მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან საფარზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 13 ივნისის №QN1505836 გადაწყვეტილების №2 დანართის მე-11 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა ქ. თბილისში, ...ის ქ. ნაკვეთი №...-ის მიმდებარედ ...ის ქუჩაზე ახალმოწყობილ და დაუზიანებელ მონაკვეთებში მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან საფარზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა; მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა - სს „...ის“ 2017 წლის 13 ივლისისა და 2017 წლის 14 ივლისის ადმინისტრაციული საჩივრების ფარგლებში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს სს „...მა“ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრცაიულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 მარტის განჩინებით სს „...ისა“ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებულ „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესზე” და აღნიშნა, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 7 ივნისის №QN1510711 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს „...ის” წერილობითი თხოვნა და მიეცა თანხმობა განეხორციელებინა ქ. თბილისში, ...ის ქუჩის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოები. გადაწყვეტილების დანართი №2-ის მე-12 პუნქტით განსაზღვრული იქნა, რომ ახალმოწყობილ და დაუზიანებელ მონაკვეთებში ...ის ქუჩაზე, მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე უნდა მოწყობილიყო ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მიყვანილი ყოფილიყო არსებული ბორდიულის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით, აღნიშნული კი უნდა განხორციელებულიყო არსებული საფარის მოხსნით და, საჭიროების შემთხვევაში, წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევის დამუშავებით; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 13 ივნისის №QN1505836 გადაწყვეტილებით კი დაკმაყოფილდა სს „...ის” წერილობითი თხოვნა და მიეცა თანხმობა განეხორციელებინა ქ. თბილისში, ...ის ქ. ნაკვეთი №...-ის მიმდებარედ ...ის ქუჩაზე ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოები. აღნიშნული გადაწყვეტილების დანართი №2-ის მე-11 პუნქტით განსაზღვრულ იქნა იგივე წინაპირობები.

პალატის მითითებით, ხაზობრივი ნაგებობის განთავსების პირობები და შეზღუდვები გაწერილი იყო „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის” მე-4 მუხლში. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის (სადავო პერიოდისათვის მოქმედი რედაქციით) „კ“ ქვეპუნქტი ადგენდა შემდეგს: ტროტუარი უნდა აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელებულიყო არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. გამონაკლისი ზემოაღნიშნული პირობიდან განსაზღვრული იყო ამავე მუხლის მე-2 პუნქტით, რომელიც ადგენდა, რომ სააგენტო უფლებამოსილი იყო კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებლისათვის დაეწესებინა სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 7 ივნისის №QN1510711 და 2017 წლის 13 ივნისის №QN1505836 გადაწყვეტილებები არ შეიცავდა დასაბუთებას იმის თაობაზე - მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ ხომ არ ისარგებლა და თუკი ისარგებლა რა ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე ისარგებლა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ სახეზე იყო სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის კანონიერი საფუძველი.

რაც შეეხება, სს „...ის“ 2017 წლის 13 ივლისისა და 2017 წლის 14 ივლისის ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილების (ვირტუალური უარი) ბათილად ცნობას, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა დადგენილად მიჩნეულ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 7 ივნისის №QN1510711 და 2017 წლის 13 ივნისის №QN1505836 გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით სს „...ის“ მიერ 2017 წლის 13 ივლისსა და 2017 წლის 14 ივლისს წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივრებზე ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილება არ მიუღია, რაც სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უთანაბრდებოდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმას და წარმოადგენდა ე.წ „ვირტუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს”.

ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ ვინაიდან სადავო აქტები მატერიალური სახით არ არსებობდა და უცნობი იყო თუ რა გარემოებებისა და სამართლებრივი საფუძვლების გამო ეთქვა უარი სს „...ს“ საჩივრების დაკმაყოფილებაზე, შესაბამისად, შეუძლებელი იყო დაინტერესებული პირის მიერ სადავო აქტების მართლზომიერების შემოწმება, აღნიშნული გარემოება კი ქმნიდა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო აღნიშნავს, რომ ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე თანხმობის გასაცემად, უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟთან დაკავშირებით სამუშაოთა თავისებურებებისა და მახასიათებლების მხედველობაში მიღებით, ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტისას, ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელთან ერთად უნდა შეისწავლოს როგორც დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, ასევე სამუშაოთა წარმოების ტერიტორიის დათვალიერების შედეგები. სს „...მა“ 2017 წლის 22 მაისს №QN1505836 და 2017 წლის 2 ივნისს №QN1510711 ელექტრონული განცხადებით მომართა სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს და ითხოვა დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოებაზე აქტის გაცემა. სსიპ ქონების მართვის სააგენტომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 7 ივნისის №QN1510711 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს „...ის” წერილობითი თხოვნა და მიეცა თანხმობა განეხორციელებინა ქ. თბილისში, ...ის ქუჩის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოები. გადაწყვეტილების დანართი №2-ის მე-12 პუნქტით განსაზღვრული იქნა, რომ ახალმოწყობილ და დაუზიანებელ მონაკვეთებში ...ის ქუჩაზე, მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე უნდა მოწყობილიყო ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მიყვანილი ყოფილიყო არსებული ბორდიულის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით, აღნიშნული კი უნდა განხორციელებულიყო არსებული საფარის მოხსნით და, საჭიროების შემთხვევაში, წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევის დამუშავებით; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 13 ივნისის №QN1505836 გადაწყვეტილებით კი დაკმაყოფილდა სს „...ის” წერილობითი თხოვნა და მიეცა თანხმობა განეხორციელებინა ქ. თბილისში, ...ის ქ. ნაკვეთი №...-ის მიმდებარედ ...ის ქუჩაზე ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოები. აღნიშნული გადაწყვეტილების დანართი №2-ის მე-11 პუნქტით განსაზღვრულ იქნა, რომ ახალმოწყობილ და დაუზიანებელ მონაკვეთებში ქ. თბილისში, ...ის ქ. ნაკვეთი №...-ის მიმდებარედ ...ის ქუჩაზე მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე უნდა მოწყობილიყო ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მიყვანილი ყოფილიყო არსებული ბორდიულის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით, აღნიშნული კი უნდა განხორციელებულიყო არსებული საფარის მოხსნით და, საჭიროების შემთხვევაში, წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევის დამუშავებით.

კასატორის მითითებით, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 7 ივნისის №QN1510711 და 2017 წლის 13 ივნისის №QN1505836 გადაწყვეტილებების მიღებისას სააგენტო მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, რომლის დროსაც მაქსიმალურად გაითვალისწინა საჯარო და კერძო ინტრესები, კერძოდ: 1. ნაკლები ზიანი მიადგეს ქალაქის ინფრასტრუქტურას; 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს, საიდანაც ქუჩების კეთილმოწყობითი სამუშაოების ჩასატარებლად ყოველწლიურად გამოიყოფა შესაბამისი თანხები და რომლის რაციონალურ ხარჯვაზე პასუხისმგებელნი არიან მუნიციპალიტეტის ორგანოები, შესაბამისად, მოქალაქეთა მიერ ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი თანხები დაიხარჯოს რაციონალურად და არ გახდეს საჭიროება ახალმოწყობილი/დაუზიანებელი ასფალტის ხელოვნურად დაზიანების შედეგად ხელმეორედ მოწყობა და თანხები მოხმარდეს ქალაქში არსებულ უკვე დაზიანებული/განადგურებული ასპალტის საფარის კეთილმოწყობას. 3. მოქალაქეებს შეექმნათ გადაადგილების ნორმალური პირობები, არ მივიღოთ ქალაქში ხელოვნურად დაზიანებული ტროტუარები, სადაც შესაძლებელია მოქალაქეებმა (მათ შორის ბავშვებმა) მიიღონ ჯანმრთელობის დაზიანებები. მეორეს მხრივ, სახეზეა კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც წარმოეშობა შედარებით მეტი ფინანსური დანახარჯები ტროტუარის იმ მდგომარეობაში/პირვანდელ მდგომარეობაში აღსადგენად.

კასატორი აღნიშნავს, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოში ყოველდღიურად შედის სს „...ის“ და სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების უამრავი განცხადება, რომლითაც ითხოვენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემას და პირობად მოთხოვნილია ასფალტის საფარის აღდგენა მხოლოდ თხრილის ფარგლებში. სააგენტოს გადაწყვეტილებებით ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს არ ეკისრებათ და ადმინისტრაციული ორგანო ვერც დააკისრებს ქალაქში არსებულ ტროტუარებზე დაზიანებული საფარის სრულად აღდგენას, ვინაიდან, აღნიშნული წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილებას. ხოლო ახალმოწყობილი და დაუზიანებელი ტერიტორიის შემთხვევაში კი სსიპ - ქონების მართვის სააგენტომ მოითხოვა სანებართვო ობიექტზე ასფალტის საფარის მთლიან ფართზე აღდგენის პირობა და მოცულობები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 7 ივნისის №QN1510711 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს „...ის” წერილობითი თხოვნა და მიეცა თანხმობა განეხორციელებინა ქ. თბილისში, ...ის ქუჩის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოები. გადაწყვეტილების დანართი №2-ის მე-12 პუნქტით განსაზღვრული იქნა, რომ ახალმოწყობილ და დაუზიანებელ მონაკვეთებში ...ის ქუჩაზე, მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე უნდა მოწყობილიყო ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მიყვანილი ყოფილიყო არსებული ბორდიულის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით, აღნიშნული კი უნდა განხორციელებულიყო არსებული საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში, წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევის დამუშავებით.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 13 ივნისის №QN1505836 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს „...ის” წერილობითი თხოვნა და მიეცა თანხმობა განეხორციელებინა ქ. თბილისში, ...ის ქ. ნაკვეთი №...-ის მიმდებარედ ...ის ქუჩაზე ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოები. აღნიშნული გადაწყვეტილების დანართი №2-ის მე-11 პუნქტით განსაზღვრულ იქნა, რომ ახალმოწყობილ და დაუზიანებელ მონაკვეთებში ქ. თბილისში, ...ის ქ. ნაკვეთი №...-ის მიმდებარედ ...ის ქუჩაზე მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე უნდა მოწყობილიყო ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მიყვანილი ყოფილიყო არსებული ბორდიულის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით, აღნიშნული კი უნდა განხორციელებულიყო არსებული საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში, წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევის დამუშავებით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებულ „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობაზე თანხმობა შესაძლოა გაცემულიყო შემდეგი შეზღუდვით/პირობით - „ტროტუარი აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით“. ამასთან, ამევე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს სს „...ისათვის“ ხაზობრივ ნაგებობის განთავსებაზე თანხმობის გაცემის პირობის (მიუხედავად თხრილის ზომისა, უზრუნველყოფილ იქნეს ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარის მოწყობა) კანონიერების დადგენა წარმოადგენს.

საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას, რომ მართალია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესი“ ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს განსხვავებული შეზღუდვის/პირობის დადგენის უფლებამოსილებას, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამგვარი უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს მხოლოდ აუცილებლობიდან გამომდინარე უნდა გამოეყენებინა. ამდენად, გასაზიარებელია მოსაზრება, რომ მოპასუხეებს სათანადოდ უნდა დაესაბუთებინათ მიღებული გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თავად კასატორის განმარტებით, რიგ შემთხვევაში სააგენტოს გადაწყვეტილებებით ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს არ ეკისრებათ და ადმინისტრაციული ორგანო ვერც დააკისრებს ქალაქში არსებულ ტროტუარებზე დაზიანებული საფარის სრულად აღდგენას. ამდენად, მნიშვნელოვანია, ადმინისტრაციული ორგანოს თითოეული გადაწყვეტილება შეიცავდეს იმგვარ არგუმენტაციას, რომელიც დაასაბუთებს განსხვავებული პირობის დაწესების მართლზომიერებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 06.05.22წ. №01667 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300733150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 მარტის განჩინება;

3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (ს/კ 205296375) დაუბრუნდეს 06.05.22წ. №01667 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჯამში 300 ლარის - 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300733150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. მაკარიძე