Facebook Twitter

საქმე №ბს-85(კ-23) 11 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2020 წლის 22 მაისს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე შპს „...ის“ მიმართ და მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ, მხარეთა შორის 08.06.2015წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს სახით - 1 850 109,6 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 მაისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი, მოპასუხე - შპს „...ის“ მიმართ, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, გადაეგზავნა განსჯად - ფოთის საქალაქო სასამართლოს.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივლისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.

კასატორის განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, არ იქნა გათვალისწინებული როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებები, ასევე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, რამაც, საბოლოოდ, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა პირგასამტეხლოს შემცირების დაუშვებლობის შესახებ, მცდარია და არ გამომდინარეობს კანონის სწორი განმარტებიდან, ხოლო სააპელაციო სასამართლოს მიერ მოყვანილი სასამართლო პრაქტიკა, აღნიშნულ დავასთან მიმართებაში, არარელევანტურია.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო წარმოადგენდა შეუსაბამოდ მაღალს.

კასატორი მიუთითებს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, სხვა ვალდებულებებთან ერთად, მყიდველის ვალდებულებას წარმოადგენდა: უზრუნველეყო გადაცემულ ქონებაზე ...ს გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება 2017 წლის 26 მაისამდე (3.1.1 მუხლი). ხელშეკრულების 3.1.1 მუხლით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, განეხორციელებინა არანაკლებ 1 453 600 ლარის ინვესტიცია (3.1.2 მუხლი). ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 6.1 მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების შემძენი იღებდა გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიეთითებოდა დარღვევის გამოსწორების ვადა, გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა და საბანკო რეკვიზიტები, რომელზეც პირგასამტეხლოს თანხა უნდა ყოფილიყო გადახდილი. ხელშეკრულების 6.3 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების 3.1.1 მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მყიდველს ეკისრებოდა პირგასამტეხლო 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების 3.1.2 მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მყიდველს ეკისრებოდა პირგასამტეხლო დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (6.4 მუხლი).

ამდენად, ხელშეკრულების 3.1.1 და 3.1.2 მუხლებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, ამავე ხელშეკრულების 6.3 და 6.4 მუხლებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა ხელშეკრულების შეწყვეტის დროს - 15.05.2020 წლის მდგომარეობით შეადგენდა 1 850 109.6 ლარს.

კასატორი აღნიშნავს, რომ 3.1.1 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ბოლო ვადას წარმოადგენდა 2017 წლის 25 მაისი, შესაბამისად, 2017 წლის 26 მაისიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით, ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობას 1086 დღე შეადგენს. ხელშეკრულების 6.3 მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის შეადგენდა 250 ლარს. ამდენად, 250 (ლარი) x 1086 (დღე) = 271 500 ლარი. 3.1.2 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ბოლო ვადას წარმოადგენდა 2017 წლის 25 მაისი, შესაბამისად, 2017 წლის 26 მაისიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით, ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობას 1086 დღე შეადგენს, ხელეკრულების 6.4 მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის შეადგენს დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის, მოცემულ შემთხვევაში 1 453 600 ლარის 0,1 %-ს, რაც შეადგენს 1 453,6 ლარს. შესაბამისად, 1 453, 6 (ლარი) x 1086 (დღე) = 1 578 609, 6 ლარი.

კასატორი დაუსაბუთებლად მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ხელშეკრულების საერთო ღირებულება 1 453 600 ლარი იყო. კასატორისთვის დაუდგენელია რაზე დაყრდნობით განსაზღვრა სასამართლომ „ხელშეკრულების საერთო ღირებულება“. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ჩამოჭრილი საბანკო გარანტიის თანხა უნდა ჩათვლილიყო პირგასამტეხლოს ანგარიშში. კასატორისთვის დაუსაბუთებელია სასამართლოს დასკვან მასზედ, რომ მოპასუხის მიერ წინამდებარე დავის ფარგლებში არსებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხულ იქნა 245 000 ლარი.

კასატორის განმარტებით, პირგასამტეხლო განსაზღვრულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1-1/1537 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულებით“. კასატორი აცხადებს, რომ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების უფლებამოსილება სასამართლოს გააჩნია მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემთხვევაში, რამეთუ ნორმატიულად განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებობას კანონი არ ითვალისწინებს. აღნიშნულთან დაკავშირებით არაერთხელ განიმარტა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით (სუსგ №ას-862-828-2016, 24.02.2017.; სუს 02.02.2015 №ას-1171-1116-2014, №ას-1284-1226-2013, 24.03.2014). კასატორი აცხადებს, რომ სასამართლო არ იყო უფლებამოსილი სკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე შეემცირებინა კანონით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა. სააპელაციო სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა პირგასამტეხლოს შემცირების კონკრეტული ფაქტობრივი საფუძველი.

კასატორი მიუთითებს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს "...ს" შორის 2015 წლის 08 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედი საბანკო გარანტია იყო 145 370 ლარი (2015 წლის 15 მაისს გაცემული №...), აღნიშნულს ადასტურებს ხელშეკრულების 5.1 პუნქტი და საქმეში წარმოდგენილი ... ბანკის 2019 წლის 25 ნოემბრის წერილი. შესაბამისად, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, საბანკო გარანტიის სახით ჩარიცხულ იქნა 145 370 ლარი და არა 245 000 ლარი, როგორც ეს დაადგინა პირველი ინსტანციის სასამართლომ.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართალია გაიზიარა მათი პრეტენზია საბანკო გარანტიის ოდენობასთან დაკავშირებით და დაადგინა, რომ სადავო სამართალურთიერთობის ფარგლებში მყიდველის მიერ გადახდილ იქნა მხოლოდ 145 370 ლარი, თუმცა, იქვე განმარტა, რომ ეს თანხაც კი "სავსებით საკმარისი იყო ხელშეკრულების დარღვევით გამოწვეული ზარალის საკომპენსაციოდ".

კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ უხეშად დაარღვია საპროცესო ნორმები, კერძოდ გააუარესა აპელანტის სამართლებრივი მდგომარეობა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება და მართებულად დაადგინა სადავო სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არა 245 000 ლარის, არამედ 145 370 ლარის გადახდის ფაქტი, თუმცა მიუხედავად ამისა, პალატამ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული თანხაც კი საკმარისი იყო ხელშეკრულების დარღვევით გამოწვეული ზარალის საკომპენსაციოდ. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლო (245 000 ლარი), კიდევ უფრო მეტად - 145 370 ლარამდე შეამცირა და აღნიშნული თანხა გაქვითა, რითაც გასცდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებს და უხეშად დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

სსაკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე ეთანხმება სამართლებრივი შეფასებების მნიშვნელოვან ნაწილს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძვლით მოპასუხისათვის, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრება.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს ,,...ისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 მაისის №1050 განკარგულების საფუძველზე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს ,,...ს“ შორის 2015 წლის 08 ივნისს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მყიდველს პირობადებულ საკუთრებაში გადაეცა ქ. ...ში, ...ის დასახლებაში მდებარე 12 416 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 მაისის №949 განკარგულებით, ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 მაისის №1050 განკარგულებაში, რის შედეგადაც, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს ,,...ს“ შორის გაფორმდა 2016 წლის 30 ივნისის ხელშეკრულება 2015 წლის 08 ივნისს გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც მიიჩნევა 2015 წლის 08 ივნისის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, სხვა ვალდებულებებთან ერთად, მყიდველის ვალდებულებას წარმოადგენდა: უზრუნველეყო გადაცემულ ქონებაზე ...ს გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება 2017 წლის 26 მაისამდე (3.1.1 მუხლი); საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, განეხორციელებინა არანაკლებ 1 453 600 ლარის ინვესტიცია (3.1.2 მუხლი).

მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების შემძენი იღებდა გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიეთითებოდა დარღვევის გამოსწორების ვადა, გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა და საბანკო რეკვიზიტები, რომელზეც პირგასამტეხლოს თანხა უნდა ყოფილიყო გადახდილი. ხელშეკრულების 6.3. მუხლის თანახმად, ხელშეკრულების 3.1.1. მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მყიდველს ეკისრებოდა პირგასამტეხლო 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხოლო, ხელშეკრულების 3.1.2. მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მყიდველს ეკისრებოდა პირგასამტეხლო დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (6.4 მუხლი).

მხარეთა შეთანხმებით საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველყოფად შპს ,,...ს“ ეკისრებოდა უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენის ვალდებულება, რაც შესრულებული იქნა შპს ,,...ის“ მიერ და წარდგენილი იქნა სს ,,... ბანკის“ მიერ 2015 წლის 15 მაისს გაცემული №... საბანკო გარანტია. ხელშეკრულების 5.1. მუხლის თანახმად სს ,,... ბანკის“ მიერ 2015 წლის 15 მაისს გაცემული №... საბანკო გარანტია უზრუნველყოფდა ხელშეკრულების 2.1, 3.1.1. და 3.1.2 მუხლებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და/ან ამავე ვალდებულებების დარღვევისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას.

დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 ივნისის №4/28868 წერილით, შპს ,,...ს“ ეთხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების (...ს გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება არაუგვიანეს 26.05.2017 წლისა და ამ მიზნით არანაკლებ 1 453 600 ლარის ოდენობით ინვესტიციის განხორციელება) შესრულების დადასტურების მიზნით, ვალდებულების შესრულების ვადის ამოწურვიდან (26.05.2017) არაუგვინეს 45 კალენდარული დღის ვადაში შესაბამისი საექსპერტო ან/და აუდიტორული დასკვნის წარდგენა. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 01 აგვისტოს №4/38985 წერილით შპს ,,...ს“ მიეთითა ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოსა და ხელშეკრულების 6.4. მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ.

საქმეში წარმოდგენილი შპს ,,...ი“-ს 2018 წლის 18 ოქტომბრის №09/107 და 2018 წლის 09 ნოემბრის წერილებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ მოპასუხე კომპანიამ ჩაატარა კვლევა ...ს საწარმოსა და ...თან დაკავშირებით და დასკვნის თანახმად ...ს გაშენება უნდა მომხდარიყო, ხოლო შემდგომ საწარმოს მშენებლობა. იმ დროისათვის კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (ს/კ ... და ს/კ ...) ნაწილზე უკვე გაშენებული იყო ...ა, ხოლო დარჩენილი ტერიტორია მზადდებოდა გასაშენებლად, მიმდინარე წლის ბოლომდე კი ... გაშენდებოდა სრულ ტერიტორიაზე. ამავე წერილით შპს ,,...ი“-ს უფლებამოსილი პირი გამოთქვამდა მზადყოფნას, ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით და ითხოვდა ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანას, კერძოდ 3.1.1. პუნქტში მითითებული ვადის შეცვლას და 2 წლით განსაზღვრას ცვლილებების განხორციელებიდან. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ შპს ,,...ისათვის“ ბოლო შეტყობინება განხორციელდა 2018 წლის 14 დეკემბრის №4/68733 წერილით და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიეცა წინადადება საპრივატიზებო პირობების, კერძოდ საწარმოს შექმნისა და ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებების (3.1.1. და 3.1.2 მუხლები) შესრულების ვადად შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების დადებიდან 2 (ორი) წლის განსაზღვრის შესახებ.

დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ არ იქნა შესრულებული 2015 წლის 8 ივნისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება უზრუნველეყო გადაცემულ ქონებაზე ...ს გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება განკარგულების გამოცემიდან 2 წლის ვადაში (3.1.1. მუხლი), ასევე ხელშეკრულების 3.1.2 მუხლით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, განეხორციელებინა არანაკლებ 1 453 600 ლარის ინვესტიცია.

დადგენილია, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 15 მაისის №1/1-1884 ბრძანებით, სააგენტომ მიიღო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გადაწყვეტილება, მათ შორის, სს ,,... ბანკის“ მიერ 2015 წლის 15 მაისს გაცემული №... საბანკო გარანტიის (მასში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით) სრული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვასთან დაკავშირებით.

ხელშეკრულების 3.1.1 და 3.1.2. მუხლებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, ამავე ხელშეკრულების 6.3. და 6.4. მუხლების საფუძველზე, მოპასუხე შპს ,,...ს“ დაერიცხა პირგასამტეხლო, რაც 15.05.2020 წლის მდგომარეობით შეადგენდა 1 850 109.6 ლარს.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიიჩნია რა, რომ ვალდებულების შესრულების ბოლო ვადას წარმოადგენდა 2017 წლის 25 მაისი, შესაბამისად 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით, ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობა 1086 დღე იყო. ვინაიდან ხელშეკრულების 6.3 მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის შეადგენდა 250 ლარს. ამდენად, 250 (ლარი) x 1086 (დღე) = 271 500 ლარი, ხოლო 6.4 მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის შეადგენდა დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის, მოცემულ შემთხვევაში 1 453 600 ლარის 0,1 %-ს, რაც შეადგენს 1 453, 6 ლარს. შესაბამისად, 1 453, 6(ლარი) × 1086 (დღე) = 1 578 609, 6 ლარი.

კასატორის პრეტენზია მიემართება ორ საკითხს, პირველი არის ნორმატიულად განსაზღვრული პირგასამტეხლოს სასამართლოს მიერ შემცირების დაუშვებლობა, ხოლო მეორე - სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებს გადაცილებას უკავშირდება.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო“ (სუსგ №ას-1220-1480-09, 25.05.2010 წ.).

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტის არსებობა. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართულნი, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებითი ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ წარმოშობის საფუძვლების მიხედვით, განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერი პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო პირგასამტეხლოსაგან განმასხვავებელ ერთ-ერთ ძირითად ნიშნად მისი კონკრეტული ხასიათი გვევლინება. კანონისმიერი პირგასამტეხლო გათვალისწინებულია იმ კონკრეტული შემთხვევისათვის, რომლისთვისაც არის იგი დადგენილი კანონმდებლის მიერ. მეორე განმასხვავებელ ნიშნად, მისი განსაზღვრულობაა - კანონმდებელი ყოველთვის ადგენს მის ან კონკრეტულ ოდენობას, ანდა წესს, რომლის მიხედვითაც უნდა იქნეს განსაზღვრული კანონისმიერი პირგასამტეხლოს ოდენობა (სუსგ №ას-1158-1104, 06.05.2015წ.). მაშასადამე, პირგასამტეხლოს კვალიფიკაციისათვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ ვისი ნებით არის იგი წარმოშობილი - კანონმდებლის თუ მხარეთა შეთანხმებით. სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი. რაც შეეხება კანონისმიერ პირგასამტეხლოს, მისი შემცირების შესაძლებობას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას მოცემული დავის ფარგლებში მხარეთა მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს კანონისმიერ პირგასამტეხლოდ მიჩნევის თაობაზე.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება ეფუძნება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონს, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის (ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი რედაქცია) თანახმად, სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანია, საკუთრების უფლება გადაეცეს იმ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას (პირობებს), ხოლო თუ პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება კონკურენტული შერჩევის საფუძველზე - საკუთრების უფლება მიენიჭოს იმ დაინტერესებულ პირს (პოტენციურ ინვესტორს), რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას (პირობებს). ამავე კანონის 31 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და ქონების შემძენს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და შესაბამისი ვალდებულებების (მათ შორის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების) წარმოშობის საფუძველია. ზემოაღნიშნული კანონი არ განსაზღვრავს პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1-1/1537 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ (ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი რედაქცია) დებულების (კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების შემძენი ვალდებულია პირდაპირი მიყიდვის ფორმით (კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვით) შეძენილი სახელმწიფო ქონების პრივატიზების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე, პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს მოთხოვნისთანავე, წარუდგინოს ინფორმაცია. იმავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სახელმწიფო ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო ვალდებულებებიდან გამომდინარე. კერძოდ: ა) საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმებამდე, საქართველოს მთავრობის მიერ შეიძლება განისაზღვროს საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის განსხვავებული პირობა. გ) მყიდველის მიერ პირდაპირი მიყიდვის (კონკურენტული შერჩევის საფუძველზე) და სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ფორმა, ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება ხელშეკრულებით. იმავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად კი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა ქონების სააგენტოს მიერ განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად. ასეთ შემთხვევაში პრივატიზებული ქონება ბრუნდება სახელმწიფო საკუთრებაში. სახელმწიფო ქონების შემძენს არ უნაზღაურდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები. ამასთან, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დაადგინოს ხელშეკრულების მოშლის განსხავებული სამართლებრივი შედეგები და პირობები.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 7.7 მუხლის თანახმად, საქართველოს საკანონმდებლო აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიმართ. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონი პირდაპირ არ ადგენს პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასმტეხლო არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს კანონისმიერად. ამასთან მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1-1/1537 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ (ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი რედაქცია) დებულება ადგენს პირგასამტეხლოს განსაზღვრის ცალკეულ შემთხვევებს, იგი ზოგადი წესის დამდგენი ვერ იქნება, რასაც ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-9 პუნქტიც ადასტურებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ნორმის განმარტება უნდა მოხდეს გონივრული განსჯის შედეგად, რა დროსაც აუცილებელია გათვალისწინებული იყოს მოწესრიგების მიზანი. ნორმის მხოლოდ გრამატიკული ან სიტყვასიტვითი განმარტება, როგორც წესი არ იძლევა მისი რეალური შინაარსის წვდომის შესაძლებლობას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ. სამოქალაქო კოდექსის 327.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდებიან საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

საყურადღებოა, რომ მხარეებს შორის ურთიერთობა წარმოიშვა არა ცალმხრივად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შეხედულებით, არამედ ორმხრივი ურთიერთმფარავი ნების გამოვლენის საფუძველზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადების გზით. ამდენად, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს მხარეთა შორის სახელშეკრულებო ვალდებულებების წარმოშობის საფუძველს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1-1/1537 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ (ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი რედაქცია) დებულება მართალია ადგენს პირგასამტეხლოს გამოანგარიშების გარკვეულ წესს თუმცა აღნიშნული არ ვრცელდება ყველა ხელშეკრულებაზე, რადგან ზემოაღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციის შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმებამდე, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო ხელშეკრულებით განსხვავებულად მოაწესრიგოს.

სადავო არაა, რომ შპს „...მა“ დაარღვია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულებები.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შპს „...სა“ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება პირგასამტეხლოს სახით ადგენდა ერთის მხრივ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 250 ლარის გადახდის ვალდებულებას და მყიდველს ასევე ეკისრებოდა პირგასამტეხლო დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. შპს „...ისთვის“ დაკისრებული, სადავოდ გამხდარი სანქცია განხილულ უნდა იქნეს სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მხარეთა შეთანხმებით წარმოშობილ პირგასამტეხლოდ. მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირება კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეუძლია (შეადარე სუსგ №ბს-458(კ-19), 22.10.2020წ.;№ბს-390(კ-19), 07.12.2020წ.), თუკი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი.

აღნიშნული საჯარიმო სანქციის ბუნების შესაფასებლად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. „პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად. საურავი, ისევე როგორც ჯარიმა, წარმოადგენს პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს. იგი უმეტესად იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც ვალდებული პირი არ ასრულებს ვალდებულებას დადგენილ დროში. ჯარიმისაგან განსხვავებით, შესრულების ვადის გადაცილებისათვის საურავის სახით დადგენილი პირგასამტეხლოს თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ იგი იძლევა ვალდებულების შესრულებისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის კუმულაციის შესაძლებლობას. საურავი იცავს კრედიტორის იმ ინტერესს, რომელიც მას ვალდებულების დროული შესრულების მიმართ გააჩნია“ (სუსგ №ას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.). ამასთან დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სასამართლოს მხრიდან შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რომლის ოდენობაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლოს მიხედულების სფეროში ექცევა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1-1/1537 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ დებულება განსაზღვრავს პირგასამტეხლოს ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, კონკრეტული თანხის ოდენობის მითითების გარეშე, რაც ვერ გამორიცხავს საქართველო სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით დადგენილ სასამართლოს უფლებამოსილებას - საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მხარეების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერების შეფასება კი სასამართლოს მიხედულებაა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირგასამტეხლო უნდა იყოს გონივრული და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. სასამართლოს ამოცანაა მხარე დაიცვას უსამართლო და მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ურთიერთობის დამყარებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ შედეგებს. სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, როცა ამას საჭიროებს მოვალის ინტერესები. სასამართლო მხედველობაში იღებს მოპასუხის არამარტო ქონებრივ, არამედ ყველა სხვა სახის პატივსადებ ინტერესს. სასამართლო აფასებს ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობას პირგასამტეხლოს ოდენობასთან. შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.

მნიშვნელოვანია საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება, რომლის თანახმად, „პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს, ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ (სუსგ №ას-1206-2018, 19.12.2018წ.)“.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, შპს "...ს" ქ. ფოთში, ...ზე მდებარე კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, 2017 წლის 26 მაისამდე უნდა აეშენებინა ...ს გადამამუშავებელი საწარმო, რისთვისაც უნდა განეხორციელებინა 1 453 600 ლარის ინვესტიცია. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება კი შესაბამისი პირგასამტეხლოს ოდენობის დაკისრებით არის უზრუნველყოფილი.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის აპელანტის საუარესოდ შებრუნების თაობაზე. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლოს არ აქვს უფლება მხარე თავისი გადაწყვეტილებით ჩააყენოს უფრო უარეს მდგომარეობაში, ვიდრე ის სარჩელის, სააპელაციო თუ საკასაციო საჩივრების წარდგენამდე იმყოფებოდა. აღნიშნული სასამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რაც უცვლელად იქნა დატოვებული სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ.

ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხრიდან პრინციპალის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ბანკის მიმართ გარანტიის ფარგლებში წარდგენილი თანხის გადახდის მოთხოვნა შესრულდა ბანკის მიერ. საქალაქო სასამართლომ მიუთითა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების 5.1 მუხლზე, რომლის თანახმად, საბანკო გარანტია უზრუნველყოფდა ხელშეკრულების 2.1, 3.1.1 და 3.1.2 მუხლებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და/ან ამავე ვალდებულებების დარღვევისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველად ასევე მიუთითა საბანკო გარანტიაზე, როგორც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის მიყენებული ან მოსალოდნელი ზიანის კომპენსირების საშუალებაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა პირგასამტეხლოს გადახდა დაუკავშირეს საბანკო გარანტიის სამართლებრივ ბუნებასა და მიზნებს. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 5.1 მუხლი ითვალისწინებდა დათქმას, რომ სს "... ბანკის" მიერ 2015 წლის 15 მაისს გაცემული N... საბანკო გარანტია უზრუნველყოფს ხელშეკრულების 2.1, 3.1.1 და 31.2 მუხლებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ან/და ამავე ვალდებულებების დარღვევისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველო მთავრობის 25.05.2015წ. განკარგულების მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, შპს „...ის“ მიერ წარმოდგენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 10 %-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უზრუნველყოფს, ამ განკარგულების საფუძველზე, შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისა და ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „1-გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულებას (მათ შორის, ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას). "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 20.2 მუხლის თანახმად, უპირო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე მისი მოქმედების განმავლობაში უზრუნველყოფს მყიდველის მიერ შესასრულებელი ვალდებულებების შეუსრულებლოს შედეგად დაკისრებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის დაკმაყოფილებას. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, "სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონი, საქართველოს მთავრობის 25.05.2015წ. განკარგულება და მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება იმთავითვე მოიცავდნენ საბანკო გარანტიას, როგორც ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის გარანტს. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ მოპასუხის მიერ საბანკო გარანტიის სახით გადახდილი 145 370 ლარი თანაზომიერია და გონივრულია პირგასამტეხლოს მიზნებისათვის. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად სახელმწიფომ გასხვისებული ქონება დაიბრუნა, შესაბამისად არ არსებობდა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივლისის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა