№ბს-388(კ-22) 17 მაისი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - მ. კ-ის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა - გარდაცვლილ ვ. კ-იზე გაცემული პენსიის - 264 ლარის დაბრუნება დაეკისროს მოპასუხე მ. კ-ის.
გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სარჩელი დაკმაყოფილდა. მ. კ-ის დაეკისრა 2020 წლის აპრილის თვეში ვ. კ-იის კუთვნილი, არასწორად მიღებული პენსიის - 264 (ორას სამოცდაოთხი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
2021 წლის 24 სექტემბერს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა და სახელმწიფო პენსიის შესახებ საქართველოს კანონის 241 მუხლის გათვალისწინებით (ზედმეტად გაცემული პენსიის ლეგალიზაცია) მოითხოვა მოპასუხე მ. კ-ის ნაცვლად 264 ლარისა, დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მხოლოდ დანამატის სახით გაცემული თანხის - 44 ლარის დაბრუნება, რომელსაც პენსიონერი ვ. კ-იი იღებდა, როგორც მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, ვ. კ-იი იღებდა სახელმწიფო გასაცემელს (ასაკით პენსია) 220 ლარის ოდენობით და დამატებით 44 ლარს - მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები სახელმწიფო პენსიის მიმღებ პირთა დანამატს. გარდაცვლილი ვ. კ-იის ბარათის მეშვეობით 264 ლარი 2020 წლის 7 აპრილს უკანონოდ აიღო მ. კ-იმა.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 241 მუხლზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა და შეაფასა ლეგალიზების საკითხი. აღნიშნული ცვლილება შეტანილ იქნა მხოლოდ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში 2021 წლის 9 ივნისს, ხოლო მსგავსი ცვლილება არ შესულა „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისა და მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული/დაკონტრაქტებული სამედიცინო პერსონალისათვის დანამატის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში. ამასთან, სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 29 ივნისის №04/6731 საინსტრუქციო წერილით სააგენტოს დაევალა ამ დადგენილების თანახმად, წარმოშობილი ვალის დაკავების საკითხის გაგრძელება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მხარეთა მოსაზრებების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) ვ. კ-იი იღებდა პენსიას 220 ლარს და დამატებით 44 ლარს სახელმწიფო პენსიის მიმღებ პირთა დანამატს, როგორც მაღალმთიანი სოფლის მაცხოვრებელი; ბ) ვ. კ-იი გარდაიცვალა 2020 წლის 29 მარტს (ს.ფ. 22); გ) ვ. კ-იის ბარათის მეშვეობით აპრილის თვის პენსია 264 ლარის ოდენობით 2020 წლის 7 აპრილს მიიღო მ. კ-იმა (ს.ფ. 18-21).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 241 მუხლზე, რომლითაც გათვალისწინებულ იქნა ზედმეტად გაცემული პენსიის ლეგალიზაცია, კერძოდ, 2021 წლის 1 აპრილამდე ზედმეტად გაცემული პენსია ლეგალიზებულად ითვლება და დაბრუნებას არ ექვემდებარება (1); შეწყდეს ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებები ამ მუხლის პირველი პუნქტით ლეგალიზებული პენსიის დაბრუნების თაობაზე საქმეებზე (2); 2021 წლის 1 აპრილამდე პენსიიდან დაკავებული თანხა, აგრეთვე პენსიის ზედმეტად გაცემის გამო შესაბამისი დავალიანების მქონე პირის მიერ ნებისმიერი სხვა ფორმით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება (3).
აღსანიშნავია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა სააპელაციო სასამართლოში 2021 წლის 24 სექტემბრის განცხადებით (ს.ფ. 91) „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 241 მუხლის გათვალისწინებით, მ. კ-ისგან ნაცვლად 264 ლარისა, მოითხოვა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მხოლოდ დანამატის სახით გაცემული თანხის 44 ლარის დაბრუნება.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანიც მ. კ-ისგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მხოლოდ დანამატის სახით გაცემული თანხის 44 ლარის დაბრუნებას შეეხება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 14 ივნისის №264 დადგენილებით დამტკიცებულ „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისა და მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული/დაკონტრაქტებული სამედიცინო პერსონალისათვის დანამატის გაცემის წესისა და პირობებზე“, რომელიც განსაზღვრავს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დანამატის დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს დანამატის დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, ასევე განსაზღვრავს დანამატის დაფინანსების პროცედურებს, ადგენს დანამატის ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოს, არეგულირებს დანამატის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს (მუხ.1.1). პირველი მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აღნიშნული წესი ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ, სახელმწიფო პენსიის/სოციალური პაკეტის მიმღებ პირზე.
ამავე წესის მე-2 მუხლის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დანამატი ეს არის ყოველთვიური ფულადი გასაცემელი სახელმწიფო პენსიის მიმღები მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირისათვის. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დანამატის მიღების უფლება აქვთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ სახელმწიფო პენსიის მიმღებ პირს.
ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის დანამატის დანიშვნას და გაცემას სააგენტო უზრუნველყოფს ავტომატურად, დაინტერესებული პირის მიერ დანამატის დანიშვნის თაობაზე განცხადებით მიმართვის გარეშე (5.1 მუხ.); დანამატი გაიცემა საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო პენსიასთან/სოციალურ პაკეტთან ერთად (5.4 მუხ.); დანამატის ადმინისტრირება, ამ წესით დადგენილი დებულებების გათვალისწინებით, ხორციელდება სახელმწიფო პენსიის/სოციალური პაკეტის ადმინისტრირებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის, პირის გარდაცვალების შემთხვევაში, სახელმწიფო პენსიის/სოციალური პაკეტის მიუღებელი თანხის ანაზღაურების ნაწილში (5.5 მუხ.).
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის დანამატის დანიშვნას კანონმდებელი, განცხადების გარეშე, ავტომატურად უკავშირებს პირის მიერ სახელმწიფო პენსიის მიღებას. ამასთან, დანამატის ადმინისტრირება, ხორციელდება სახელმწიფო პენსიის/სოციალური პაკეტის ადმინისტრირებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის, პირის გარდაცვალების შემთხვევაში, სახელმწიფო პენსიის/სოციალური პაკეტის მიუღებელი თანხის ანაზღაურების ნაწილში. შესაბამისად, დანამატის შეწყვეტისა თუ ზედმეტად გაცემული დანამატის დაბრუნების მიმართ, ასევე ვრცელდება სახელმწიფო პენსიისთვის დადგენილი რეგულაციები. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 241 მუხლით გათვალისწინებული პირობა ასევე უნდა გავრცელდეს გარდაცვლილი ბენეფიციარების მემკვიდრეების იმ ფინანსური ვალდებულებებზე, მათ შორის, დანამატზე, რაც განპირობებულ იქნა პენსიის შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის სააგენტოსთვის არადროული მიწოდებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მ. კ-იმა დანამატი (44 ლარი) პენსიასთან ერთად მიიღო, როგორც ერთიანი ფულადი გასაცემელი, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 241 მუხლის გათვალისწინებით ის არ ექვემდებარება დაბრუნებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს თვალსაზრისით არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე