Facebook Twitter

№ბს-1030(კ-22) 31 მაისი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ჯ. ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; მესამე პირები (სასკ 16.2) - სს „...ა“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 28 დეკემბერს ჯ. ლ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 12 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 31 მარტის №... გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 02 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 იანვრის და 4 მარტის განჩინებებით, საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაება სს „...ა“ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით ჯ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ლ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინებით ჯ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში აპელანტი სადავოდ ხდიდა მის მფლობელობაში არსებული 827 კვ.მ მიწის ნაკვეთის შპს „...ის“ სახელზე რეგისტრაციას და განმარტავდა, რომ განმცხადებლის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტები არ წარმოადგენდნენ უფლების დამდგენ დოკუმენტებს, რომლის საფუძველზეც წარმოიშვა საკუთრების უფლება.

სასამართლოს შეფასებით, შპს „...ის“ საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტებზე და მათი შინაარსის გათვალისწინებით, კონკრეტული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია ქმნიდა განცხადების დაკმაყოფილებისა და რეგისტრაციის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს. მოსარჩელის მხრიდან სადავო მიწის ნაკვეთის მფლობელობის ფაქტი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის არ წარმოადგენდა დამაბრკოლებელ გარემოებას შპს „...ის“ სახელზე განეხორცილებინა საკუთრების უფლების რეგისტრაცია, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მარეგისტრირებელ ორგანოში არ არსებობდა ერთსა და იმავე მიწის ნაკვეთზე ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერი.

სადავო მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაციის პერიოდისათვის დასაშვები იყო საწესდებო კაპიტალის გაზრდა უძრავი ქონების შენატანის განხორციელებით, რა დროსაც კანონი არ განსაზღვრავდა ერთმნიშვნელოვნად იყო თუ არა საჭირო საწესდებო კაპიტალის გაზრდის ფაქტის რეგისტრაცია. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დაინტერესებული მხარის მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას, მის უფლებამოსილებას არ წარმოადგენდა შეესწავლა აღნიშნული ცვლილებები საწესდებო კაპიტალის გაზრდასთან დაკავშირებით. ამდენად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 12 სექტემბერის №... გადაწყვეტილება მიღებული იქნა იმ მოთხოვნათა დაცვით, რაც დადგენილია საკუთრების უფლებათა რეგისტრაციისათვის. ამდენად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იყო კანონიერი და მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. ამასთან, მოსარჩელე ასევე დავობდა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 31 მარტის „რეგისტრაციის შესახებ“ №... გადაწყვეტილებაზე, რომლითაც განხორციელდა უძრავი ნივთის მდებარე თბილისი, ...ი (ნაკვეთი №1) საკადასტრო კოდით №... დაყოფის რეგისტრაცია და უძრავი ნივთი დაყოფილ იქნა შემდეგი სახით: ... -353 კვ. მ.; ... – 90.00 კვ. მ.; ... – 20.00 კვ. მ.; ... – 6934 კვ. მ.; ... – 34502.00 კვ. მ.; ... –2871.00 კვ. მ. მოცემული რეგისტრაციების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებულ პირველად რეგისტრაცია - 2007 წლის 12 სექტემბერს მიღებულ №... გადაწყვეტილება. იმ პირობებში, როდესაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 12 სექტემბრის №... გადაწყვეტილება მიჩნეული იქნა კანონიერად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 31 მარტის „რეგისტრაციის შესახებ“ №... გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები. ამასთან, საფუძველს იყო მოკლებული მითითებული ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ლ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საკასაციო საჩივრის თანახმად, შპს „...ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრის სამსახურმა განახორციელა 2007 წლის 1 აგვისტოს შემდეგი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე: ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახო ინსპექციის 2007 წ. 18 ივლისის №154 ბრძანება; ბ) სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 2009 წ. 02 მარტის №33-347/6-9 წერილი; გ) ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 21.12.1998წ. №03/4-965 დადგენილება. აღნიშნული დოკუმენტები კასატორის შეფასებით არ წარმოადგენდნენ უფლების დამდგენი დოკუმენტებს, რომლის საფუძველზეც წარმოიშვა საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, ვინაიდან არცერთ დოკუმენტში არ არის მითითებული სადაო უძრავი ქონება, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაურეგისტრირა შპს „...ას“.

საკუთრების უფლების წარმოშობისათვის შპს „...ის“ საწესდებო კაპიტალის გაზრდის შესახებ პარტნიორის გადაწყვეტილების გარდა, კასატორი სავალდებულოდ მიიჩნევს გაზრდილ საწესდებო კაპიტალში არაფულადი შენატანის შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტის მარეგისტრირებელი უწყებისათვის წარდგენას. ასეთ დოკუმენტს წარმოადგენდა დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ შედგენილი დასკვნა, როგორც ამას ითვალისწინებდა იმ პერიოდში მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 3.3 მუხლი.

სადავო მიწის ნაკვეთი - 827 კვ.მ, 1998 წლიდან არის ჯ. ლ-ის მფლობელობაში. აღნიშნული მიწის ნაკვეთი ჯ. ლ-ეს შემოღობილი აქვს კაპიტალური ღობით, მოწესრიგებული აქვს ტერიტორია. ამასთან, აშენებული აქვს შენობა, რომელშიც სხვადასხვა დროს ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას. ჯ. ლ-ის მფლობელობასთან დაკავშირებით არსებობს სანოტარო წესით დამოწმებული მეზობლების დასტურები. კასატორი მიუთითებს, რომ მის მიერ სადავოდ იყო გამხდარი საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებები, რომელსაც არ უნდა მოეხდინა რეგისტრაცია, რადგან წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტები არ იყო საკმარისი უფლების რეგისტრაციისათვის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ჯ. ლ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2007 წლის 17 ივლისის №1-3/490 ბრძანების მიხედვით, განხორციელდა ცვლილებები შპს „...ის“ საწესდებო კაპიტალში და კაპიტალში შეტანილ იქნა თბილისის ტერიტორიაზე და ასევე საქართველოს 34 რაიონში განთავსებული მიწის ნაკვეთები. სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტომ 2007 წლის 31 აგვისტოს №33-02-1600/6-7 წერილით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2007 წლის 17 ივლისის №1-3/490 ბრძანების გათვალისწინებით, ითხოვა თბილისში არსებული 70 მიწის ნაკვეთის (საერთო ფართობით 2 495 417 კვ.მ.) და 16 ...ის (საერთო ჯამში 878 გრძივი მეტრით) შპს „...ის“ საკუთრებაში რეგისტრაცია.

2007 წლის 04 სექტემბერს შპს „...ამ“ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საწესდებო კაპიტალში შეტანილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განცხადებას თან ახლდა შემდეგი დოკუმენტები: სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, აუდიტის დასკვნა, სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 09.08.2007 წლის №33-02-1486/6-7 წერილი, საგადასახადო ინსპექციის 18.07.2007 წლის №154 ბრძანება, სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 17.07.2007 წლის №1-3/490 ბრძანება, სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 31.08.2007 წლის №33-02- 1600/6-7 წერილი.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2007 წლის 12 სექტემბერს მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება, რომლითაც დარეგისტრირდა უფლება უძრავ ნივთზე. საქმეში წარმოდგენილი 2007 წლის 12 სექტემბერს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავ ნივთზე მდებარე: ქ. თბილისში, ...ი (ნაკვეთი №1) დაზუსტებული ფართობით: 44770.00 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №..., 2007 წლის 12 სექტემბრიდან რეგისტრირებულია შპს „...ის“ საკუთრების უფლება (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 18 ივლისის №154 ბრძანება; ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 21 დეკემბრის №03/4-965 დადგენილება; სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2007 წლის 31 აგვისტოს №33-02-1600/6-7 წერილი).

სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 2009 წლის 02 მარტის №33-347/6-9 წერილით სააგენტომ შუამდგომლობა გაუწია შპს „...ას“ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მიწის ნაკვეთების გამიჯვნის თაობაზე. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 31 მარტის რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილებით განხორციელდა უძრავი ნივთის, მდებარე თბილისი, ...ი (ნაკვეთი №1) საკადასტრო კოდით ... დაყოფის რეგისტრაცია და უძრავი ნივთი დაყოფილ იქნა შემდეგ საკადასტრო კოდების შესაბამის ერთეულებად: ... -353 კვ.მ.; ... – 90.00 კვ. მ.; ... – 20.00 კვ. მ.; ... – 6934 კვ. მ.; ... – 34502.00 კვ. მ.; ... – 2871.00 კვ. მ.

ჯ. ლ-ემ 2015 წლის 01 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახულ მიწის ნაკვეთზე (მდებარე - თბილისი, ...ის ქუჩა №11 (ნაკვეთი №...-ის მიმდებარედ, 827 კვ.მ.) საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკადასტრო ინფორმაციის განყოფილების უფროსის 2015 წლის 02 ივნისის №... წერილით და თანდართული ნახაზით, განმცხადებელს ეცნობა მიწის ნაკვეთის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

ჯ. ლ-ემ 2015 წლის 30 ოქტომბერს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და გამოითხოვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია მის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სერვისების განყოფილების უფროსის მიერ 2015 წლის 30 ოქტომბრის №... განცხადებაზე ჯ. ლ-ეს გაეგზავნა საჯარო რეესტრში დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია. აღნიშნულ დოკუმენტებში არსებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 18 ივლისის №154 ბრძანების თანახმად, შპს „...ის“ სახელმწიფო (სამეწარმეო) და საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემებში განხორციელდა ცვლილება და საზოგადოების კაპიტალი გაიზარდა, კერძოდ, 599 455 850 (ხუთას ოთხმოცდაცხრამეტი მილიონ ოთხას ორმოცდათხუთმეტი ათას რვაას ორმოცდაათი) ლარის ნაცვლად კაპიტალი განისაზღვრა 952 457 160 (ცხრაას ორმოცდათორმეტი მილიონ ოთხას ორმოცდაჩვიდმეტი ათას ას სამოცი) ლარის ოდენობით.

ჯ. ლ-ის წარმომადგენელმა 2015 წლის 24 ნოემბერს (რეგისტრაციის თარიღი - 2015 წლის 26 ნოემბერი)საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 12 სექტემბრის №... „რეგისტრაციის შესახებ“ გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა შპს „...ის“ საკუთრების უფლება. ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 31 მარტის №... გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე მოხდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წლის 02 დეკემბერს მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ჯ. ლ-ის წარმომადგენელს რ. მ-ს უარი ეთქვა 2015 წლის 26 ნოემბრის №... ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში, ...ის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის ეტაპზე (2007 წლის 12 სექტემბერი), მოქმედი „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავდა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლებს. მოცემული კანონი ადგენს, რომ უძრავ ნივთზე უფლება, ყადაღა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა წარმოშობილად, შეცვლილად ან შეწყვეტილად, ხოლო საკუთრების უფლება მიტოვებულად ან შეცვლილად ითვლება რეგისტრაციის დღიდან. რეგისტრაციის დღედ ითვლება შესაბამის რეესტრში მონაცემთა აღრიცხვის დღე. რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის თუ სხვა დოკუმენტაციის, ისე ამ დოკუმენტაციის ელექტრონული ასლების საფუძველზე (მუხლი 20). თავად ტერმინი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი განიმარტებოდა როგორც – ნორმატიული ან/და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს გადაწყვეტილება, ...ის საწესდებო კაპიტალში უძრავი ქონების შეტანის თაობაზე და ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, ...ის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტაცია - სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 09.08.2007 წლის №33-02-1486/6-7 წერილი, საგადასახადო ინსპექციის 18.07.2007 წლის №154 ბრძანება, სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 17.07.2007 წლის №1-3/490 ბრძანება, სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 31.08.2007 წლის №33-02- 1600/6-7 წერილი, წარმოადგენდა უფლების დამდგენ სარეგისტრაციო დოკუმენტს, რომელიც წარმოშობდა საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლებს.

როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებით იქნა განმარტებული, „რეგისტრაცია წარმოშობს ვარაუდს, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და ეკუთვნის კონკრეტულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში (და ვარაუდს, რომ უფლება, რომელიც გაუქმდა, აღარ არსებობს). სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენდა უფლების რეგისტრაციის დამაბრკოლებელ საფუძვლებს. კერძოდ, რეგისტრაციის შეჩერების, უარის თქმისა და შეწყვეტის საფუძვლებს (მუხლი 23-25). შესაბამისად, ამ მუხლებით განისაზღვრებოდა ის საფუძვლები, რის გამოც შესაძლოა სადავო უძრავი ქონება არ დარეგისტრირებულიყო ...ის საკუთრებად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არ დგინდება სადავო ქონებაზე სს „...ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება. ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას რეგისტრაციის ფორმალური მოთხოვნების დარღვევის თაობაზე, რამდენადაც, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია შეიცავდა, როგორც იურიდიული პირის სარეგისტრაციო დოკუმენტებს, ასევე პარტნიორის გადაწყვეტილებას საწესდებო კაპიტალის გაზრდისა და მასში ქონების შეტანის შესახებ და ასევე აუდიტის დასკვნას კაპიტალში განხორციელებული შენატანის ღირებულების თაობაზე (ტ. 1 ს.ფ. 309-312).

საკასაციო სასამართლო, მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 12 სექტემბრის №... გადაწყვეტილება გამოცემული იყო კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძვლები. ამდენად, უსაფუძვლოა ასევე მოთხოვნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 31 მარტის №... გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, რამდენადაც, მოცემული გადაწყვეტილებით მხოლოდ განხორციელდა უძრავი ნივთის - მდებარე თბილისი, ...ი (ნაკვეთი №1) საკადასტრო კოდით №... დაყოფის რეგისტრაცია და იგი არსებითად ეფუძნება სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 12 სექტემბრის №... გადაწყვეტილებას. შესაბამისად, ასევე უსაფუძვლოა მოთხოვნა აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 02 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილშიც.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, რ. მ-ს საჩივარზე 10.11.2022 წ. საგადასახდო დავალება №15058975828-ით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჯ. ლ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინება;

3. რ. მ-ს (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 10.11.2022 წ. საგადასახდო დავალება №15058975828-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. მაკარიძე