საქმე №ბს-59(კ-23) 11 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2021 წლის 15 თებერვალს ნ. ლ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 15.12.2020წ. N03-3093/ო ბრძანებით ნ. ლ-ს უარი ეთქვა ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.ბრძანების თანახმად, მოთხოვნის უარყოფის მიზეზად ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა ნ. ლ-ის მეუღლის - მ. კ-ის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობა. მოსარჩელე აცხადებს, რომ კომისიამ სრულყოფილად არ შეისწავლა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რამეთუ საცხოვრებელი ფართი არ მიეკუთვნება მ. კ-ეს, ოჯახი ცხოვრობს ქირით ქ. თბილისში, ...ის 166/5, ბინა N44. ამასთან, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტში მისი ოჯახის წევრის ალტერნატიულ საკუთრებად მითითებული ფართი არ არის საცხოვრებლად ვარგისი. ნ. და მ. კ-ეს არ გააჩნიათ სამსახური და დამოუკიდებელი შემოსავლის წყარო. მ. კ-ე იღებს ასაკობრივ პენსიას.
მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრტანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 15.12.2020წ. N03-3093/ო ნაწილობრივ ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხის დავალება ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის, კერძოდ ნ. ლ-ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.03.2022 წ. განჩინებით N3/701-21 ადმინისტრაციულ საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ - ს. ლ-ი, მ. კ-ე, ნა. ლ-ი და ნი. ლ-ი.
თბილისის სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 15 დეკემბრის 03-3093/ო ბრძანება ნ. ლ-ის ნაწილში; მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელე - ნ. ლ-ის ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ბრძანებით ნ. ლ-ის ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთი საფუძველი გახდა მოსარჩელის მეუღლის მამაპაპისეული სახლი (მდებარე - ქ. ოზურგეთში, ...ის ქ. №12) და არა ის გარემოება, რომ მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის დაზიანება არ შეესაბამებოდა დადგენილ კატეგორიას ანდა საცხოვრებლად უსაფრთხო იყო. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის დაზიანება განეკუთვნებოდა I კატეგორიას და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით ოჯახს საკუთრებაში არ ჰქონდა სხვა საცხოვრებელი სახლი.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში დაცულ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 18 მარტის №5001628221 დასკვნაზე, რომლის მიხედვით, ქ. ოზურგეთში, ...ის ქ. №12-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებლად იქნა მიჩნეული, ხოლო ცალკეული ზონები საფრთხის შემცველად. ამასთან, დადგინდა, რომ შენობას განცდილი ჰქონდა ძლიერი ფიზიკური ცვეთა, რის გამოც არსებული სახით მისი ექსპლუატაცია დაუშვებელი იყო. ამასთან, საქალაქო სასამართლოს მიერ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან გამოთხოვილი 2021 წლის 21 დეკემბრის ინფორმაციის თანახმად, ქ. ოზურგეთში, ...ის №12-ში მდებარე შენობის შესწავლის შედეგად დადგინდა მისი ტექნიკური მდგომარეობა, შეფასდა როგორც არადამაკმაყოფილებელი, გამოვლენილი იქნა ავარიული ზონები, დადგენილი იქნა შენობის დაზიანების ძირითადი მიზეზები (ფიზიკური ცვეთა), რაც გამოვლენილი იყო შენობის მზიდ კონსტრუქციებზე. ყოველივე ზემოთაღნიშნული ფაქტორის ერთობლიობა საფრთხეს უქმნიდა შენობის ექსპლუატაციას, რის გამოც მისი არსებული სახით საცხოვრებლად გამოყენება მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ იმ პირობებში, როდესაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე ნ. ლ-ის სახლიდან მისი ოჯახის განსახლების აუცილებლობა სახლის დაზიანების ხარისხის გათვალისწინებით უდავო იყო, ხოლო მოპასუხის მიერ მითითებული ალტერნატიული საცხოვრებელი სახლი თავისი მდგომარეობით სიცოცხლისათვის ასევე საფრთხის შემცვლელია, სახეზე იყო კომისიის მხრიდან უსაფუძვლო გადაწყვეტილების გამოტანა და არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე საჭიროებდა საცხოვრებელი ფართით სასწრაფოდ დაკმაყოფილებას. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია და საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები კერძოდ ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს გადაუდებელი განსახლების საჭიროება არ გააჩნია, რადგან ოჯახს გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი სახლი, კერძოდ მ. კ-ის მამაპაპისეული უძრავი ქონება მდებარე ქ. ოზურგეთში, ...ის ქ. N12.
კასატორი არ იზიარებს სასამართლოების მითითებას ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 18.03.2021 წლის დასკვნაზე, რომელშიც თითქოსდა მითითებულია შენობის ექსპლუატაციის შეუძლებლობაზე. კასატორი მიიჩნევს, რომ ექსპერტიზის დასკვნაში ობიექტის არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაზე მითითება არ ნიშნავს სახლის საცხოვრებლად უვარგისობას.
კასატორი მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა დადგენილი ნ. ლ-ის ოჯახის დაუყონებლივ განსახლების აუცილებლობა. კასატორი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 და 53.1 მუხლებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ სააგენტოს გადაწყვეტილება მოსარჩელესთან მიმართებაში არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით, რის გამოც, უნდა იგი გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 15 დეკემბრის №03-3093/ო ბრძანების კანონიერება, მოსარჩელე ნ. ლ-ის, როგორც ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის ნაწილში და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის, მოსარჩელის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის შესახებ კანონით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდა „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურა“, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს პროცედურა არეგულირებს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) განსახლების და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობის საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის წესს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. ამავე პროცედურის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ განსახლებას, მათ შორის იმ ეკომიგრანტი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას. ამავე პროცედურის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროების შეფასებისას მონაცემთა ბაზაში დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის განსაზღვრისათვის. ეკომიგრანტ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცესში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესით“ გათვალისწინებულია სოციალური გარანტიები, მათ შორის, განსახლების უფლება ვრცელდება ეკომიგრანტის სტატუსით მოსარგებლე ოჯახებზე. დასახელებული ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ (დანართი №1) მე-2 მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულია შესაბამისი სამსახურის მიერ განცხადების დამუშავების პროცედურა და მოიცავს ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების შესწავლას წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დამატებითი მონაცემების მოძიებასა და აუცილებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას ეკომიგრანტი ოჯახისაგან და/ან შესაბამისი ორგანიზაცია/დაწესებულებისაგან; მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, თითოეული ეკომიგრანტი ოჯახისათვის წინასწარი ქულების მინიჭებას კრიტერიუმების მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, დეპარტამენტის მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის მცდარი, მონაცემთა ბაზაში განაცხადს მიენიჭება სტატუსი „განაცხადი გაუქმებულია“, რის თაობაზეც ეცნობება განმცხადებელს დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამავე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად კი, იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე გადამოწმების შედეგად დადგინდება, რომ ოჯახს ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს საცხოვრებელი სახლი, რომელიც ამ პროცედურით გათვალისწინებული კრიტერიუმებით პრიორიტეტის მოპოვების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის ერთ ან რამდენიმე წევრს არ აქვს საკუთრებაში რეგისტრირებული ან რეგისტრირებულია სხვა პირის სახელზე, რომლითაც სარგებლობს შეუზღუდავად, ოჯახს დააკლდება 6 ქულა ალტერნატიული საცხოვრებელი სახლის კრიტერიუმში.
განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ ნ. ლ-ი არის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული პირი - ეკომიგრანტი.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 30.03.2016წ. №1342 წერილით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილეს გაეგზავნა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სტიქიით დაზარალებულ ოჯახებთან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, სოფ. ...ში მდებარე ნ. ლ-ის საცხოვრებელ სახლს მიენიჭა პირველი კატეგორია.
ნ. ლ-მა 2016 წლის 23 თებერვალს შეავსო განაცხადი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე. 2016 წლის 8 ნოემბერის შეფასების საფუძველზე, ნ. ლ-ის ოჯახს მიენიჭა - 16 ქულა (საცხოვრებელი სახლის დაზიანების I კატეგორია – 10 ქულა; სხვა საცხოვრებელი სახლი არ აქვს საკუთრებაში - 6 ქულა). ადმინისტრაციული წარმოების პერიოდში, ნ. ლ-ის ოჯახს მინიჭებული 16 ქულიდან არცერთი ქულა არ დაჰკლებია, რაც დასტურდება საქმეში დაცული 5/12/2017 და 24/02/2020წ. შეფასებებით. 23.07.2020წ. გადამოწმების ოქმის თანახმად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე საცხოვრებელი სახლი დანგრევის პირასაა. გეოლოგიური დასკვნის შესაბამისად, ოჯახი ექვემდებარება განსახლებას.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 2020 წლის 2, 3, 4 და 7 დეკემბრის №21 ოქმით მიღებული გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ნ. ლ-ის განცხადება საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა, რადგან ოჯახს გააჩნია ქ. ზუგდიდში მდებარე ალტერნატიული საცხოვრებელი. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 2020 წლის 2, 3, 4 და 7 დეკემბრის №21 ოქმის საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 2020 წლის 15 დეკემბერს გამოსცა №03-3093/ო ბრძანება დანართში მოცემული პირების, მათ შორის მოსარჩელის, როგორც ეკომიგრანტი ოჯახების, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თქმის თაობაზე.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებებს.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მითითებას მასზედ, რომ არ არსებობს ნ. ლ-ის ოჯახის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობა ალტერნატიული საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობის გამო. კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელის ოჯახს შეუძლია ისარგებლოს მ. კ-ის მამაპაპისეული სახლით, რომელიც მდებარეობს ოზურგეთში, ...ის ქ. N12.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოების სრულყოფილი ჩატარება გულისხმობს საქმის ყველა გარემოების ზედმიწევნით სრულად გამორკვევას. ფაქტის დადგენა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ზემოაღნიშნული კოდექსის 183.1 მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების შემძენზე საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. შესაბამისად, საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლების დამადასტურებელ რელევანტურ მტკიცებულებას სწორედ საჯარო რეესტრის ამონაწერი წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მტკიცების ტვირთი ნაწილდება მხარეთა შორის. ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცების ტვირთი მოიცავს აგრეთვე ფაქტების მითითების ტვირთსაც. თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადავო გახდება, უნდა დაამტკიცოს ამ გარემოების არსებობა. ამასთან, ადმინისტრაციული პროცესის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ანუ მტკიცების მოვალეობა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნულის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული, ამტკიცოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება და წარუდგინოს სასამართლოს ამის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება. მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრება არ უნდა განიმარტოს არასწორად, ისე როგორც მისი პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარის - მოსარჩელის გათავისუფლება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან.
ადმინისტრაციული ორგანო გასაჩივრებული აქტის მიღების საფუძვლად უთითებს მოსარჩელის ალტერნატიულ საცხოვრებელზე, რომელიც მისი მითითებით არის ნ. ლ-ის მეუღლის მამაპაპისეული სახლი. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის შესაბამისი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც დაადასტურებდა განცხადების განხილვის პერიოდისათვის ოზურგეთში მდებარე საცხოვრებელი სახლის მოსარჩელის მეუღლის საკუთრებაში არსებობას. შესაბამისად, კასატორის მითითება მოსარჩელის მეუღლის მამაპაპისეულ სახლის არსებობაზე არ არის შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული.
საქმეში დაცული გარემოს ეროვნული სააგენტოს 19.05.2015წ. N21/4007 წერილით, სააგენტოს თანამშრომლების მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, გეოლოგიური სამსახურების მიერ შედგენილი დასკვნების საფუძველზე გეოლოგიური სტიქიის ზონიდან გასაყვანი მოსახლეობის ნუსხაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ფარგლებში, სოფელ ...იდან მითითებულ იქნა ნ. ლ-ის ოჯახი. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 30 მარტის №1342 წერილით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილეს გაეგზავნა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სტიქიით დაზარალებულ ოჯახებთან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, სოფელ ...ში მდებარე ნ. ლ-ის საცხოვრებელ სახლს მიენიჭა პირველი კატეგორია (მიზეზი - ჯდენადი გრუნტი, მეწყერი). ამდენად, ნ. ლ-ის საკუთრებაში არსებული სახლის დაზიანება სადავო არ არის.
საქმეში დაცული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 18 მარტის №5001628221 დასკვნის თანახმად, ქ. ოზურგეთში, ...ის ქ. №12-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ხოლო ცალკეული ზონები საფრთხის შემცველია. შენობას განცდილი აქვს ძლიერი ფიზიკური ცვეთა და არსებული სახით შენობის ექსპლუატაცია დაუშვებელია. ექსპერტიზის ბიუროს 2021 წლის 21 დეკემბრის №5008608621 წერილში მითითებული იქნა, რომ შენობის შესწავლის შედეგად დადგინდა მისი ტექნიკური მდგომარეობა, რომელიც შეფასდა როგორც არადამაკმაყოფილებელი, გამოვლენილი იქნა ავარიული ზონები, დადგენილი იქნა შენობის დაზიანების ძირითადი მიზეზები (ფიზიკური ცვეთა), რაც გამოვლენილია შენობის მზიდ კონსტრუქციებზე. ყოველივე ზემოთაღნიშნული ფაქტორის ერთობლიობა საფრთხეს უქმნის შენობის ექსპლუატაციას, რის გამოც მისი არსებული სახით საცხოვრებლად გამოყენება მიჩნეულია დაუშვებლად. ამასთან აღნიშნული იქნა, რომ შენობის ექსპლუატაცია, რომლის თუნდაც ცალკეული ზონებია ავარიული, მთლიანობაში საფრთხის შემცველია, რადგან არ გამოირიცხება ავარიული ზონების კონსტრუქციული რღვევის შედეგად მისი სხვა ნაწილების რღვევაც და მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ საფრთხის შემცველი ხარვეზების აღმოფხვრისა და დაზიანებული ზონების აღდგენის შემდეგ.
საქართველოს კონსტიტუციის 5.4 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე.
კასატორი აპელირებს ეკომიგრანტი ოჯახის ალტერნატიული საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობაზე, თუმცა საქმეში დაცული ექსპერტიზის დასკვნებით ცალსახად დგინდება კონკრეტულ საცხოვრებელ ფართში ცხოვრების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის მომეტებული საფრთხის შემცველობა. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნიდან ნათლად და არაორაზროვნად იკითხება ოზურგეთში, ...ის ქუჩა N12-ში მდებარე შენობის ექსპლუატაციის დაუშვებლობა. ამდენად, კასატორის მარტოოდენ განმარტება ალტერნატიული საცხოვრისის უსაფრთხოების შესახებ საფუძველსაა მოკლებული.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ იმ პირობებში, როდესაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე ნ. ლ-ის სახლიდან მისი ოჯახის განსახლების აუცილებლობა სახლის დაზიანების ხარისხის გათვალისწინებით უდავო იყო, მოპასუხის მითითება ალტერნატიული საცხოვრებელზე არაგონივრულია, რადგან ეს უკანასკნელი ცალსახად ასევე საფრთხის შემცველია. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ლ-ს, როგორც ეკომიგრანტს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, შეეზღუდა სახელმწიფოსგან საცხოვრებლით დაკმაყოფილების კანონით გარანტირებული უფლება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია კასატორის მიერ არ იქნა წარმოდგენილი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა