საქმე №ბს-54(კ-23) 11 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2018 წლის 14 ივნისს მ. ლ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 13 თებერვლის №38 მითითების, 2018 წლის 7 მარტის №ბ10.02180662 ბრძანების, 2018 წლის 26 აგვისტოს №34 შემოწმების აქტისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2018 წლის 15 მაისის №01/11722 ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის მის მიმართ დაჯარიმების შესახებ 2018 წლის 7 მარტის №ბ10.02180662 ბრძანების გაუქმებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების დავალება მოითხოვა.
სარჩელის თანახმად, მ. ლ-ე წარმოადგენს ქუთაისში, ...ს ქუჩა 5 ჩიხი №2/...ის გამზ. №62-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეს, რომელმაც მოახდინა მისი კერძო საკუთრების გამყარება, კერძოდ, მოუწესრიგებელია წყალ-სანიაღვრე სისტემა, რის გამოც არაერთი შეტყობინება განახორციელა ,,112“-ში დახმარებისთვის, რადგან წვიმის დროს მოსული ნალექი ტბორავს მთლიანად ეზოს და საცხოვრებელ სახლს. ასევე ...ს ქუჩიდან საკანალიზაციო ქსელის დაზიანების გამო მისი ეზო იტბორება ფეკალური მასებით. არაერთხელ მიმართა მერიას დახმარებისთვის (ადგილზე სიტუაციის შესასწავლად იმყოფებოდა მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი და აღმოუჩინა დახმარება), მაგრამ არაერთმა გაწმენდითმა სამუშაოებმა შედეგი არ გამოიღო. აღნიშნულის გამო მოსარჩელემ საკუთარი ძალებით აწარმოა სამუშაოები, რაც მისი მტკიცებით, არ საჭიროებდა სანებართვო მოწმობას.
მოსარჩელის მითითებით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების სპეციალისტებმა მოახდინეს ქ. ქუთაისში, ...ს ქუჩა 5 ჩიხი №2/...ის გამზ. №62-ში მდებარე მისი ობიექტის შემოწმება. მოსარჩელის განმარტებით, მან ქ. ქუთაისის მერიაში წარადგინა განცხადება და პროექტი, რომლითაც მოითხოვა პროექტის შეთანხმება შესაბამის სამსახურთან, რაც ვერ მიიღო და ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 7 მარტის №ბ10.02180662 ბრძანებით მ. ლ-ე დაჯარიმებული იქნა 3000 ლარით. მოსარჩელემ, აღნიშნული ბრძანება გაასაჩივრა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერთან, რომელმაც ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება და 2018 წლის 15 მაისს მიიღო გადაწყვეტილება №01/11722, რომლითაც არ დაკმაყოფილდა საჩივარი, რასაც მოსარჩელე უკანონოდ მიიჩნევს და არ ეთანხმება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 აპრილის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური და ააიპ ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ლ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის 2018 წლის 13 თებერვლის №34 მითითება, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის 2018 წლის 26 აგვისტოს №34 შემოწმების აქტი, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ზვიადი ჯავახიას 2018 წლის 7 მარტის ბრძანება №ბ10.02180662 მ. ლ-ეის 3000 ლარით დაჯარიმების შესახებ. ასევე ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2018 წლის 15 მაისის №01/11722 წერილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ, მ. ლ-ეის საჩივართან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად, ა(ა)იპ ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ნაცვლად, ჩაბმულ იქნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული - სივრცის დაგეგმარების, ძეგლთა დაცვის და სამშენებლო ნებართვების სამსახური. ამავე განჩინებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფლებამონაცვლედ, მოპასუხის სტატუსით ცნობილ იქნა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალური ინსპექცია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება გაუქმდა ნაწილობრივ და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: მოსარჩელე მ. ლ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მ. ლ-ეის სარჩელი - ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 13 თებერვლის №34 მითითების და ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 26 აგვისტოს №34 შემოწმების აქტის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ქ. ქუთაისი, ...ის გამზ. №62/...ს ქუჩა V ჩიხი №2-ში მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით გასცა №34 მითითება (საქმეში წარმოდგენილ მითითებაზე თარიღი მითითებული არ არის) მასზედ, რომ მ. ლ-ეს (უძრავი ქონების მესაკუთრე) 5 (ხუთი) დღის ვადაში ზედამხედველობის სამსახურისთვის წარედგინა კომერციული ფართის მშენებლობისათვის საჭირო სამშენებლო დოკუმენტის პროექტი და მშენებლობის სანებართვო მოწმობა, შეთანხმებული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასთან ან ჩაეტარებინა ნაწარმოები სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი, წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ გატარდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
2018 წლის 26 აგვისტოს №34 შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა, რომ მოქალაქე მ. ლ-ემ არ შეასრულა №34 მითითება, რის გამოც სახეზეა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43-ე მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დარღვევა, რისთვისაც გათვალისწინებულია დამრღვევის დაჯარიმება 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
2018 წლის 3 მარტს შედგა ქალაქ ქუთაისში, ...ის გამზ. №62/...ს ქუჩა V ჩიხი №2-ში მდებარე მოქალაქე მ. ლ-ეის მიმართ კომერციული ფართის მოწყობის სამუშაოებთან დაკავშირებით სამშენებელო სამართალდარღვევის საქმის განმხილველი სხდომა. სხდომაზე შედგენილი №1 ოქმით ირკვევა, რომ სხდომაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა მ. ლ-ემ და განმარტა, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში არ ჰქონია წარდგენილი პროექტი შესათანხმებლად. პროექტის წაროუდგენლობა კი გამოწვეული იყო მისი მხრიდან პირველი კლასის მშენებლობის განხორციელებით, რისთვისაც არ ჩათვალა საჭიროდ პროექტის წარდგენა.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 7 მარტის №ბ10.02180662 ბრძანებით მოქალაქე მ. ლ-ე (მის.: ქ. ქუთაისი, ...ის გამზ. №62/...ს ქუჩა V ჩიხი №2) პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43-ე მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად დაჯარიმდა 3000 (სამი ათასი) ლარით.
2018 წლის 2 აპრილს მ. ლ-ემ საჩივრით მიმართ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს და მოითხოვა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 07.03.2018 წლის №ბ10.02180662 ბრძანების გაუქმება. საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ მისი მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მეტიც, ზედამხედველობის სამსახურმა მას მისცა მითითება 5 (ხუთი) დღის ვადაში ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებული ობიექტის მშენებლობისათვის საჭირო სამშენებლო დოკუმენტის პროექტის და მშენებლობის სანებართვო მოწმობის წარდგენის ან ნაწარმოები სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟისთვის, რითაც იგი შეყვანილი იქნა შეცდომაში, ვინაიდან ნაწარმოები სამუშაოების გათვალისწინებით, მას არ ესაჭიროებოდა მშენებლობის სანებართვო მოწმობა.
ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 13 თებერვლის №34 მითითების და ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 26 აგვისტოს №34 შემოწმების აქტის ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, პალატამ მიუთითა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 22-ე მუხლზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „დ“ პუნქტზე, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლზე და აღნიშნული ნორმების დანაწესის გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ დამრღვევის მიმართ გაცემულ მითითებას და შემოწმების აქტს ცალ-ცალკე სამართლებრივი შედეგი არ მოჰყებათ და წარმოადგენენ შესაბამისი აქტის (შემოწმების შედეგების შემდეგ მისაღები დადგენილების) მომზადების მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ შუალედურ გადაწყვეტილებებს და არ წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლებიც შესაბამისი აქტისგან დამოუკიდებლად არღვევენ პირის უფლებებს. შესაბამისად, სადავო მითითება და შემოწმების აქტები არ წარმოადგენენ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სარჩელის საგანს. აღნიშნული აქტები დამოუკიდებლად აღებული ვერ წარმოშობენ სამართლებრივ შედეგს და მხოლოდ და მხოლოდ მიემართებიან კონკრეტული სამართლებრივი შედეგის წარმომშობი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისკენ.
ამრიგად, პალატა არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 13 თებერვლის №34 მითითების და ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 26 აგვისტოს №34 შემოწმების აქტის ბათილად ცნობის ნაწილში.
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილს, რომლითაც მ. ლ-ემ მოითხვა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 07.03.2018 წლის №ბ10. 02180662 ბრძანების, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2018 წლის 15 მაისის №01/11722 ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა და ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დავალდებულება ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება მოსარჩელის დაჯარიმების შესახებ 07.03.2018 წლის №ბ10.02180662 ბრძანების გაუქმებასთან დაკავშირებით, ამ ნაწილში პალატა არსებითად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის 2018 წლის 7 მარტის №ბ10.02180662 ბრძანების, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2018 წლის 15 მაისის №01/11722 წერილის ბათილად ცნობის და ადმინისტრაციული ორგანოსთვის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გათვალისწინებით საკითხის ხელახლა სრულყოფილად გამოკვლევის დავალების ნაწილში. შესაბამისად, ამ ნაწილში პალატამ დამატებით მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 მარტის №139 დადგენილებით) და განსახილველ შემთხვევაში დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ლ-ემ განახორციელა პირველი კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა შესაბამისი შეტყობინების გარეშე. აღნიშნული გარემოება უდავო იყო და არც თავად მშენებლობის განმახორციელებელი პირი ხდიდა ამ ფაქტს სადავოდ, თუმცა ისიც უდავო იყო, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ №34 მითითებით არასწორად განუმარტა მოსარჩელეს რას მოითხოვდა მისგან. კერძოდ, დადგენილია, რომ მ. ლ-ეს მოეთხოვა 5 (ხუთი) დღის ვადაში ზედამხედველობის სამსახურისთვის წარედგინა კომერციული ფართის მშენებლობისათვის საჭირო სამშენებლო დოკუმენტის პროექტი და მშენებლობის სანებართვო მოწმობა, შეთანხმებული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასთან ან ჩაეტარებინა ნაწარმოები სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი, მაშინ როცა, პირველი კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა არ საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას და მეტიც, არ არსებობდა დემონტაჟის მოთხოვნის აუცილებლობა, რადგან დამრღვევს არ ერთმეოდა შესაძლებლობა, სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცია მის მიერ უკვე განხორციელებული მშენებლობა, ადმინისტრაციულ ორგანოში შესაბამისი დოკუმენტაციის შეტანის გზით. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის დანაწესიდან კი ცალსახაა, რომ დამრღვევს შემოწმების აქტით მითითების შეუსრულებლობა ,,ბრალად“ შეერაცხება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა, რომ მხარემ უგულებელყო მითითების მოთხოვნები. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ, მხედველობაში არ მიიღო არც ის გარემოება, რომ მ. ლ-ემ, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით წარმოების დასრულებამდე წარადგინა შესაბამისი პროექტი შესათანხმებლად ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში, რომელმაც არსებითად არ იმსჯელა განხორციელებული მშენებლობის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობაზე, რისი ვალდებულებაც ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნდა, რადგან სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, უპირველეს ყოვლისა, არის სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების მიზნით ჩატარებული საქმის წარმოება, რა დროსაც კანონმდებლობა თითოეული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებამდე საჭიროდ მიიჩნევს შესაბამისი პროცედურების დაცვას. ამ დროს დამრღვევს ეძლევა დარღვევის გამოსწორებისა და პასუხისმგებლობის თავიდან არიდების შესაძლებლობა. წარდგენილი პროექტის შეფასება, საჩივრის განხივლისას წარმოების ჩატარებისას ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემდა საშუალებას ემსჯელა მ. ლ-ეისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობის მიზანშეწონილობაზეც.
ამასთან, ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანო სანქციის დაკისრებისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, პალატის მოსაზრებით, არ გამორიცხავდა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას გაეთვალისწინებინა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების წესები სახდელის დაკისრებისას, მხედველობაში მიეღო მისი პროპორციულობა და თანაზომიერება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი, სამართალდარღვევის სიმძიმე, სამართალდარღვევის ჩამდენის პიროვნება, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს გამოყენებული სანქციის ადეკვატურობას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, შემოწმების აქტით დადგინდა, რომ მ. ლ-ემ მითითებაში აღნიშნულ ვადაში ვერ წარადგინა მშენებლობისათვის საჭირო დოკუმენტაცია, არც დემონტაჟი განუხორციელებია და მითითება არ შეასრულა, რის გამოც გამოიცა ბრძანება მ. ლ-ეის დაჯარიმების შესახებ. ამასთან, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის სამუშაო ოთახში ჩატარდა მ. ლ-ეის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა, რომლის შედეგებზეც 2018 წლის 15 მაისს შედგა №01/11722 ოქმი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ხელმოწერით, სადაც დაფიქსირდა მხარეთა პოზიციები და მერის მოადგილემ აღნიშნა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, დამკვეთს/მენაშენეს ნებართვის გარეშე მშენებლობის დაწყების უფლება არ ჰქონდა. ამდენად, მ. ლ-ეის მიერ განხორციელებული მშენებლობა ჩაითვალა უნებართვოდ და მას უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
თავდაპირველად საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ხოლო მ. ლ-ეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის პირობებში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს გადაწყვეტილების მხოლოდ ის ნაწილი, რომლითაც დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, მ. ლ-ეის 3000 ლარით დაჯარიმების შესახებ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 7 მარტის №ბ10.02180662 ბრძანებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2018 წლის 15 მაისის №01/11722 წერილის კანონიერება.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მიხედვით, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა (ნაწილი 2); მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება (ნაწილი 5); სამშენებლო სამართალდარღვევისას დამრღვევის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე შემოწმების აქტი შესაძლოა შედგეს მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლამდე. ეს უნდა აღინიშნოს შემოწმების აქტში (ნაწილი 6); თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ (ნაწილი 9). ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილება არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აღსრულდება ამ კოდექსითა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილება დასაბუთებული უნდა იყოს და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ რეკვიზიტებთან ერთად უნდა შეიცავდეს იმ ორგანოს დასახელებასა და მისამართს, რომელშიც შეიძლება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება, და გასაჩივრების ვადას (ნაწილი 15).
სადავო პერიოდში მოქმედი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი) მიეკუთვნება მშენებლობის სახეობებს და განიხილება ისეთ მშენებლობად, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება. ამავე დადგენილების 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალ მშენებლობაზე (მათ შორის, მონტაჟზე) გაიცემა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა კი მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული პერიოდის გასვლის შემდეგ, დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის თანახმად, წარმოადგენს უნებართვო მშენებლობას. შესაბამისად, ახალი მშენებლობის (მათ შორის მონტაჟის) დაწყებამდე, პირი ვალდებულია, მიმართოს უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით და მშენებლობა დაიწყოს მხოლოდ ნებართვის მოპოვების შემდეგ. ამასთან, ამავე დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობა არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას. 66-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, თუმცა მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. კერძოდ, მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობის/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას, ხოლო დადგენილების 66-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის, ან/და დემონტაჟის წარმოება თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ კოდექსის 44-ე მუხლში აღნიშნული ტერიტორიისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ. ლ-ემ განახორციელა პირველი კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა შესაბამისი შეტყობინების გარეშე. აღნიშნული გარემოება უდავოა და არც თავად მშენებლობის განმახორციელებელი პირი ხდის სადავოდ, თუმცა ასევე დადგენილია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ №34 მითითებით არასწორად განუმარტა მოსარჩელეს რას მოითხოვდა მისგან. კერძოდ, დადგენილია, რომ მ. ლ-ეს მოეთხოვა 5 დღის ვადაში ზედამხედველობის სამსახურისთვის წარედგინა კომერციული ფართის მშენებლობისათვის საჭირო სამშენებლო დოკუმენტის პროექტი და მშენებლობის სანებართვო მოწმობა, შეთანხმებული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასთან ან ჩაეტარებინა ნაწარმოები სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი მაშინ, როცა პირველი კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა არ საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ, მხედველობაში არ მიიღო არც ის გარემოება, რომ მ. ლ-ემ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით წარმოების დასრულებამდე წარადგინა შესაბამისი პროექტი შესათანხმებლად ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში, რომელმაც არსებითად არ იმსჯელა განხორციელებული მშენებლობის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, უპირველეს ყოვლისა, არის სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების მიზნით ჩატარებული საქმის წარმოება, რა დროსაც კანონმდებლობა თითოეული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებამდე საჭიროდ მიიჩნევს შესაბამისი პროცედურების დაცვას. ამ დროს დამრღვევს ეძლევა დარღვევის გამოსწორებისა და პასუხისმგებლობის თავიდან არიდების შესაძლებლობა. წარდგენილი პროექტის შეფასება, საჩივრის განხივლისას წარმოების ჩატარებისას ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემდა საშუალებას ემსჯელა მ. ლ-ეისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობის მიზანშეწონილობაზეც.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც სახეზეა ფაქტობრივი ვითარების შეუსაბამო მითითების გაცემა, ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია მოსარჩელისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობის პროპორციულობაზე, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს დაჯარიმების შესახებ ბრძანების გამოცემისას და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისას სათანადოდ არ შეუსწავლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა