ას-1097-1343-05 1 ივნისი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი (მომხსენებელი),
თ. თოდრია
დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 3 ოქტომბერს შპს «კ. ს. მ-ბმა» სარჩელი აღძრა სს «კ-ის» მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ. მოსარჩელის განმარტებით, 1997წ. 16 ოქტომბერს ქონების მართვის სამინისტროში გაიმართა კონკურსი სს «კ-ის» აქციათა პაკეტის 51%-ის მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე. ამ კონკურსში მონაწილეობას ღებულობდა შპს «ბ--კ-იც», რომლის მიმართ მოპასუხეს გააჩნდა 827000 ლარის დავალიანება. კონკურსის მსვლელობის დროს შპს «ბ- კ-მა»' მოპასუხისაგან მოითხოვა აღნიშნული დავალიანების დაფარვა. ვინაიდან სს «კ-ს» არ გააჩნდა სათანადო ფინანსები, სს «კ-ს», შპს «ბ--კ-სა» და შპს «კ. ს. მ-ბს» შორის მოხდა სამმხრივი შეთანხმება, რომელსაც მხარი დაუჭირეს ქონების მართვის სამინისტრომ, შპს «კ. ს. მ-ბის» დამფუძნებელმა გერმანულმა ფირმა «ბაბმა», საპრეზიდენტო ფონდმა და «ბ--კ-ის» დამფუძნებელი ფირმის წარმომადგენელმა. აღნიშნული სამმხრივი შეთანხმება წერილობით გაფორმდა 1997წ. 16 ოქტომბერს. ამ შეთანხმების საფუძველზე შპს «კ. ს. მ-ბმა» შპს «ბ--კ-ისაგან» გამოისყიდა ვალდებულებები, რაშიც შპს «ბაბმა» შპს «ბ--კ-ს» გადაუხადა 500000 აშშ დოლარი, რის შემდეგაც სს «კ-ს» ყველა ძველი ვალი უნდა გადაეხადა შპს «კ. ს. მ-ბისათვის», კერძოდ, სს «კ-ს» შპს «კ. ს. მ-ბისათვის» უნდა დაებუნებინა 500 000 დოლარის ეკვივალენტი ლარი და 0,5 პროცენტი პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნული საფუძვლით მოსარჩელემ მოითხოვა 500000 აშშ დოლარისა და 4 445 125 ლარის ანაზღაურება.
მესამე პირმა შპს «ბ-რმა» დავის საგანზე განაცხადა დამოუკიდებელი მოთხოვნა. მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა, რომ ძირითადი მოსარჩელის სარჩელი მოპასუხის მიმართ ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სს «ბ- კ-მა» 1997წ. 16 ოქტომბრის ხელშეკრულებით შპს «კ. ს. მ-ბს» დაუთმო მოთხოვნა მოპასუხის მიმართ 827000 ლარზე, მაგრამ, ვინაიდან სს «ბ- კ-ის» სასარგებლოდ თანხა გადაიხადა შპს «ბ-რმა», საპასუხო შესრულების სახით 1997წ. 14 ნოემბრის შეთანხმების საფუძველზე, შპს «ბ-რს» დაუთმო ის უფლება, რაც მან მიიღო შპს «კ-ის» მიმართ მესამე პირმა მოითხოვა მოპასუხისათვის 3755500 აშშ დოლარის დაკისრება.
მოპასუხემ სარჩელები არ ცნო და მიუთითა, რომ მესამე პირის მოთხოვნა არის ხანდაზმული, ხოლო ძირითადი მოსარჩელის მოთხოვნა არის უსაფუძვლო, რადგან მან 1997წ. 16 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული მოთხოვნის უფლება სს «კ-ის» მიმართ 1997წ. 14 ნოემბრის შეთანხმებით დაუთმო შპს «ბ-რს».
საქმე არაერთხელ იქნა განხილული სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციაში და ბოლოს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 13 ივლისის გადაწყვეტილებით შპს «კ. ს. მ-ბის»'სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო კოლეგიამ დაადგინა, რომ 1996წ. 5 ივლისს სს „კ-სა“ და შპს „ბ- კ-ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ, რომლითაც „ბ- კ-ის“ ვალდებულებად განისაზღვრა სს „კ-ისათვის“ ფინანსური დახმარების გაწევა 350.000 ლარის ოდენობით, 103.000 ლარის საპროცენტო განაკვეთით. „კ-ს“, როგორც ძირითადი ვალი, 350.000 ლარი და პროცენტი _ 103.000 ლარი, „ბ- კ-ისათვის“ უნდა დაებრუნებინა 1996წ. 20 ოქტომბრამდე. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო 0,5%. შპს „ბ- კ-მა“ 1996წ. 5 ივლისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, ხოლო სს „კ-ს“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შპს „ბ- კ-ისათვის“ ვალი არ დაუბრუნებია, რის გამოც მისმა დავალიანებამ 1997წ. 17 თებერვლისათვის შეადგინა 727.065 ლარი. 1997წ. 18 თებერვალს გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება შპს „ბ- კ-სა“ და ს/ს „კ-ს“ შორის, რომლის შესაბამისადაც სს „კ-ის“ ქონება დაგირავდა. ამ ხელშეკრულებით დასაბრუნებელი ვალი ამ პერიოდისათვის 727.065 ლარს შეადგენდა, რომლის უნდა დაფარულიყო 1997წ. 18 მარტამდე.
1997წ. 16 ოქტომბერს ქონების მართვის სამინისტროში გაიმართა კონკურსი სს „კ-ის“ აქციათა პაკეტის 51%-ის მართვის უფლების მოპოვების თაობაზე, სადაც სს „კ-ის“ ვალი შპს „ბ- კ-ის“ მიმართ განისაზღვრა 827.000 ლარის ოდენობით. ვინაიდან კონკურსის მსვლელობისას „ბ- კ-მა“ მოითხოვა სს „კ-ისაგან“ დავალიანების დაფარვა, სს „კ-ს“ კი სათანადო სახსრები არ გააჩნდა, კონკურსის დღესვე, 1997წ. 16 ოქტომბერს, გაფორმდა ოქმი სს „კ-ის“ სავალო ვალდებულების სამართალმონაცვლის შესახებ მიღწეული შეთანხმების თაობაზე. ოქმის საფუძველზე შეთანხმება მოხდა შპს „კ. ს. მ-ბს“, შპს „ბ- კ-სა“ და სს „კ-ს“ შორის შპს „კ. ს. მ-ბის“ მიერ სს „კ-ის“ ყველა საფინანსო ვალდებულების, მათ შორის 827000 ლარის გამოსყიდვისა და 1996წ. 5 ივლისის ხელშეკრულებაში შპს „კ. ს. მ-ბის“ სამართალმონაცვლეობის შესახებ. 1997წ. 16 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება სს „კ-ის“ სავალო ვალდებულებების სამართალმონაცვლის შესახებ მიღწეული შეთანხმების თაობაზე 1997წ. 16 ოქტომბრის ოქმის ძალაში შესვლის წესის შესახებ“. ამ ხელშეკრულებით შპს „კ. ს. მ-ბმა“ იკისრა ვალდებულება, 1997წ. 15 ნოემბრამდე შპს „ბ- კ-ისათვის“ გადარიცხვის გზით გადაეხადა 350.000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, ხოლო 150.000 აშშ დოლარი უნდა გადარიცხულიყო 1997წ. 15 ნოემბრიდან ტოლი თანხებით, თითოეული 37.500 აშშ დოლარის ოდენობით ყოველ სამ თვეში ერთხელ. ხელშეკრულების 2.3 პუნქტით შპს „კ. ს. მ-ბის“ საფინანსო ვალდებულება 500.000 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე შპს „ბ- კ-ის“ მიმართ გადაიხდებოდა ფირმების „...ბანკისა“ და „ბ-რის“ მიერ. საქმის მასალებითა და მხარეთა განმარტებით, ბ-რმა ნაკისრი ვალდებულება 500.000 აშშ დოლარის გადარიცხვის თაობაზე შეასრულა ამ ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში, კერძოდ, მის მიერ 350.000 აშშ დოლარი შპს „ბ- კ-ის“ ანგარიშზე გადარიცხულ იქნა 1997წ. 13 ნოემბერს, ხოლო 150.000 აშშ დოლარი _ 1998წ. 3 ივლისს.1997წ. 14 ნოემბერს დაიდო შეთანხმება „შპს კ. ს. მ-ბსა“ და ფირმა „ბ-რს“ შორის, რომლითაც „შპს კ. ს. მ-ბმა“ სანაცვლოდ, შესრულების სახით, 1996წ. 5 ივლისის ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნა თანმხლები მოთხოვნების ჩათვლით სს „კ-ის“ მიმართ გადასცა ფირმა „ბ-რს“.
სასამართლო კოლეგიამ, ზემოაღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ჩათვალა, რომ 1997წ. 16 ოქტომბრის ოქმისა და ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ბ- კ-ის“ სამართალმონაცვლე და, შესაბამისად, სს „კ-ის“ კრედიტორი 1996წ. 5 ივლისის ხელშეკრულების საფინანსო ვალდებულებებზე, ვინაიდან 1997წ. 14 ნოემბრის შეთანხმებით „შპს კ. ს. მ-ბმა“ აღნიშნული მოთხოვნა გადასცა ფირმა „ბ-რს“, ამ მოთხოვნის მფლობელი სამოქალაქო სამართლის (1964წ. რედაქციის) კოდექსის 206-ე მუხლის საფუძველზე 1997წ. 14 ნოემბრიდან, გახდა ფირმა „ბ-რი“. სასამართლო კოლეგიის აღნიშნული დასკვნა ემყარება შემდეგს: 1997წ. 16 ოქტომბრის ოქმით, კერძოდ, მე-3 და მე-4 პუნქტებით, მხარეები ცალსახად შეთანხმდნენ, რომ, 1996წ. 5 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საფინანსო და სახელშეკრულებო ვალდებულებებზე კრედიტორის „შპს ბ- კ-ის“ სრულუფლებიანი სამართალმონაცვლე სს „კ-ის“ მიმართ არის შპს „კ. ს. მ-ბი“. ამ ოქმის ძალაში შესვლის წესი განისაზღვრა 1997წ. 16 ოქტომბრის ხელშეკრულებით, რომლის განუყოფელ და შემადგენელ ნაწილსაც ეს ოქმი წარმოადგენს. სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის აზრი იმის თაობაზე, რომ შპს „კ. ს. მ-ბი“, შპს „ბ- კ-ის“ სამართალმონაცვლე და სს „კ-ის“ კრედიტორი გახდა ფირმა „ბ-რის“ მიერ „ბ- კ-ის“ ანგარიშზე კომპენსაციის სახით 500.000 აშშ დოლარის მთლიანი მოცულობით ჩარიცხვის შემდეგ, იქიდან გამომდინარე, რომ ოქმისა და ხელშეკრულების დებულებებში ასეტი რამ აღნიშნული არ არის. 1997წ. 16 ოქტომბრის ხელშეკრულების მე-4 პუნქტის მიხედვით, ოქმი ოფიციალურად შედის ძალაში ამ ხელშეკრულების მე-2 პუნქტის შესრულების მომენტიდან, ხოლო მე-5 პუნქტით, სს „კ-ის“ ვალი 827.000 ლარი შპს „ბ- კ-ისადმი“ თანხით ხდება სს „კ-ის“ ვალი შპს „კ. ს. მ-ბისადმი“ ამ ხელშეკრულების 1.1 და 2 პუნქტების დებულებათა შესრულების შედეგად. ამ პუნქტების დებულებები იმაში მდგომარეობს, რომ შპს „ბ- კ-ი“ ხსნის თავის კანდიდატურას სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კონკურსიდან სს „კ-ის“ აქციათა პაკეტის 51%-ის მართვაში გადაცემის შესახებ და შპს „კ. ს. მ-ბი“ იმარჯვებს კონკურსში და ამასთან ერთად, სს „კ-ის“ საფინანსო და იურიდიული აუდიტორის შემოწმების შედეგები მისთვის მისაღებია.
შპს „ბ- კ-მა“ მოხსნა თავისი კანდიდატურა კონკურსიდან და კონკურსში გაიმარჯვა შპს „კ. ს. მ-ბმა“. ვინაიდან 1997წ. 16 ოქტომბრის ხელშეკრულების მიხედვით, ოქმის ძალაში შესვლა დამოკიდებული იყო შპს „კ. ს. მ-ბის“ კონკურსში გამარჯვებაზე და მან ამ კონკურსში გაიმარჯვა, სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ შპს „კ. ს. მ-ბი“ სს „კ-ის“ კრედიტორი გახდა კონკურსში გამარჯვების მომენტიდან, ე.ი. 1997წ. 16 ოქტომბრიდან. ასევე 1997წ. 16 ოქტომბრის ხელშეკრულების მე-5 პუნქტიდან გამომდინარე, შპს „კ. ს. მ-ბს“ მხოლოდ სს „კ-ის“ კრედიტორად გახდომის შემდეგ წარმოეშობოდა შპს „ბ- კ-ისადმი“ კომპენსაციის _ 500.000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება.
შპს „კ. ს. მ-ბის“ მიერ ნაკისრი ვალდებულება შპს „ბ- კ-ისათვის“ 500.000 აშშ დოლარის ჩარიცხვის თაობაზე შესრულებულ იქნა ფირმა „ბ-რის“ მიერ, ხოლო სანაცვლო შესრულების სახით, შპს „კ. ს. მ-ბმა“ ფირმა „ბ-რს“ დაუთმო მოთხოვნა სს „კ-ის“ მიმართ 1996წ. 5 ივლისის ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოთხოვნებზე. მოსარჩელის მიერ აღძრული სარჩელის მოთხოვნას მოპასუხის მიმართ წარმოადგენს რა, 1996წ. 5 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი დავალიანებები, ხოლო მის მიერ ეს მოთხოვნა დათმობილ იქნა ფირმა „ბ-რისათვის“, სასამართლო კოლეგიამ შპს „კ. ს. მ-ბის“ სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია. ამასთან, არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმის შესახებ, რომ 1997წ. 14 ნოემბრის შეთანხმება არ არის ნამდვილი, რადგან მას „მეწარმეთა შესახებ» კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, არ ახლავს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება დირექტორ რ.გიორგაძისათვის ამგვარი შეთანხმების დადებაზე თანხმობის შესახებ. კოლეგიამ იხელმძღვანელა „მეწარმეთა შესახებ კანონის“ მე-9, 47-ე, 47.3 მუხლებით და ჩათვალა, რომ მოთხოვნის დათმობა არ არის ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას სცილდება, რამდენადაც შპს „კ. ს. მ-ბის“ წესდებით განსაზღვრულია, რომ მას შეუძლია განახორციელოს კანონით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა, ასევე ის არ არის ისეთი გადაწყვეტილება, რომელზეც აუცილებელია პარტნიორთა კრების თანხმობა.
სასამართლო კოლეგიამ მიუთითა კანონიერ ძალაში შესულ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 18 ივნისის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ხანდაზმულად იქნა მიჩნეული მესამე პირის _ ფირმა „ბ-რის“ სარჩელი სს „კ-ის“ მიმართ. „ბ-რის“ სარჩელის საფუძველს წარმოადგენდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მას 1997წ. 14 ნოემბრის შეთანხმების საფუძველზე შპს „კ. ს. მ-ბიდან“ გადაეცა მოთხოვნის უფლება სს „კ-ის“ მიმართ, 1996წ. 5 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნებზე. კოლეგიამ იხელმძღვანელა სკ-ის 201-ე მუხლის მეორე ნაწილით და გაიზიარა მოპასუხე მხარის შესაგებელი მესამე პირის სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე. სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ ფირმა „ბ-რის“ მოთხოვნა სს „კ-ის“ მიმართ იყო ხანდაზმული. 1997წ. 14 ნოემბრის შეთანხმებით ფირმა „ბ-რმა“ მიიღო რა მოთხოვნის უფლება 1996წ. 5 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საფინანსო ვალდებულებებზე, ხოლო ამ მოთხოვნების წარმოშობის მომენტად 1997წ. 16 ოქტომბრის ხელშეკრულებით განისაზღვრა 1998წ. 16 ნოემბერი, მას სარჩელის აღძვრის უფლება წარმოეშვა 1998წ. 16 ნოემბრის შემდეგ. პირის შეცვლა ვალდებულებაში არ იწვევს ხანდაზმულობის ვადის ან მისი გამოთვლის წესის შეცვლას და დაინტერესებულ პირს შეუძლია, მოითხოვოს ხანდაზმულობის ვადის გამოყენება პირთა შეცვლის მიუხედავად. მესამე პირის მიერ სარჩელის აღძვრა 2002წ. 28 მაისს, ე.ი. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, წარმოადგენდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს. კოლეგიის 2002წ. 18 ივნისის გადაწყვეტილება შპს „ბ-რის“ სარჩელზე უარის თქმის ნაწილში არ გასაჩივრებულა საკასაციო წესით და იგი კანონიერ ძალაშია შესული. იქიდან გამომდინარე, რომ 1997წ. 14 ნოემბრის შეთანხმების საფუძველზე შპს „კ. ს. მ-ბიდან“ მოთხოვნის უფლება სს „კ-ის“ მიმართ გადაეცა ფირმა „ბ-რს“, ხოლო ფირმა „ბ-რის“ სარჩელი სს „კ-ის“ მიმართ კოლეგიის 2002წ. 18 ივნისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სს „კ-ის“ მიმართ უსაფუძვლოა.
კოლეგიამ არ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადება 1997წ. 14 ნოემბრის შეთანხმების სიყალბის შესახებ. ექსპერტიზის 2004წ. 26 მარტის დასკვნით დადგენილია, რომ 1997წ. 14 ნოემბრის შეთანხმებაზე არსებული ხელმოწერა ორიგინალურია და არ არის გადაღებული პირგადასაღები ქაღალდით, არც დაწნევის გზით და მასზე შემდგომი გარსშემოვლით და არც გამჭოლ შუქზე არც ერთი ნიმუშად წარმოდგენილი რ.გიორგაძის ხელმოწერიდან. ხელმოწერები შეთანხმებაზე და შესადარებელ ნიმუშებზე შესრულებულია ერთსა და იმავე პირის მიერ. ამდენად, შეთანხმების ყალბად გამოცხადება იმ მოტივით, რომ გერმანული ხელნაწერი ტექსტის ბოლო სამ სტრიქონს და ქართული ხელნაწერი ტექსტის ბოლო ორ სტრიქონს შორის ინტერვალებით შემცირებულია და განსხვავდება დანარჩენისაგან, მოკლებულია დასაბუთებას. კოლეგიის აზრით, საფუძველსაა მოკლებული შეთანხმების ყალბად გამოცხადება იმ მოტივითაც, რომ თითქოს იგი დამოწმებულია სხვადასხვა შტამპებით, რამდენადაც სამეწარმეო კანონმდებლობით შტამპი წერილობითი შეთანხმების აუცილებელ ელემენტს არ წარმოადგენს.
სასამართლო კოლეგიის ზემოხსენებული გადაწყვეტილება შპს «კ. ს. მ-ბმა» გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაკმაყოფილდება მათი სარჩელი.
კასატორის მოსაზრებით, 1997წ. 14 ნოემბრის შეთანხმება ყალბია. 1997წ. 14 ნოემბრისათვის, მის საზოგადოებას ასეთი მოთხოვნის უფლება ჯერ არ გააჩნდა. კასატორის აზრით, სასამართლოს მიერ იგნორირებულია სსკ-ის 172-ე და 105-ე მუხლები.კასატორმა აღნიშნა, რომ ფირმა „ბ-რმა“ ფირმა „ბ--კ-ს“ ფული გადაუხადა შპს „კ. ს. მ-ბის“ ვალდებულებების ანგარიშში, სასამართლომ ასევე არასწორად განსაზღვრა გასაჩივრების ვადა 14 დღედ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად არის ცნობილი, რომ 1997წ. 16 ოქტომბერს ქონების მართვის სამინისტროში გაიმართა კონკურსი სს „კ-ის“ აქციათა პაკეტის 51%-ის მართვის უფლების მოპოვების თაობაზე, სადაც სს „კ-ის“ ვალი შპს „ბ- კ-ის“ მიმართ განისაზღვრა 827.000 ლარის ოდენობით. ვინაიდან კონკურსის მსვლელობისას „ბ- კ-მა“ მოითხოვა სს „კ-ისაგან“ დავალიანების დაფარვა, სს „კ-ს“ კი სათანადო სახსრები არ გააჩნდა, კონკურსის დღესვე, 1997წ. 16 ოქტომბერს, გაფორმდა ოქმი სს „კ-ის“ სავალო ვალდებულების სამართალმონაცვლის შესახებ მიღწეული შეთანხმების თაობაზე შპს „კ. ს. მ-ბს“, შპს „ბ- კ-სა“ და სს „კ-ს“ შორის შპს „კ. ს. მ-ბის“ მიერ სს „კ-ის“ ყველა საფინანსო ვალდებულების და 1998წ. 5 ივლისის ხელშეკრულებაში შპს „კ. ს. მ-ბის“ სამართალმონაცვლეობის შესახებ. 1997წ. 16 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება სს „კ-ის“ სავალო ვალდებულებების სამართალმონაცვლის შესახებ მიღწეული შეთანხმების თაობაზე 1997წ. 16 ოქტომბრის ოქმის ძალაში შესვლის წესის შესახებ“. ამ ხელშეკრულებით შპს ,,ბ--კ-მა” აიღო ვალდებულება, მოეხსნა თავისი კანდიდატურა კონკურსიდან, ხოლო შპს „კ. ს. მ-ბმა“ იკისრა ვალდებულება, 1997წ. 15 ნოემბრამდე შპს „ბ- კ-ისათვის“ გადაეხადა გადარიცხვის გზით 350.000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, ხოლო 150.000 აშშ დოლარი უნდა გადარიცხულიყო 1997წ. 15 ნოემბრიდან ტოლი თანხებით, თითოეული 37.500 აშშ დოლარის ოდენობით ყოველ სამ თვეში ერთხელ.
ასევე დადგენილია, რომ შპს „ბ- კ-მა“ მოხსნა თავისი კანდიდატურა კონკურსიდან და კონკურსში გაიმარჯვა შპს „კ. ს. მ-ბმა“, ხოლო შპს „კ. ს. მ-ბის“ მიერ ნაკისრი ვალდებულება შპს „ბ- კ-ისათვის“ 500.000 აშშ დოლარის ჩარიცხვის თაობაზე შეასრულა ფირმა „ბ-რმა». სანაცვლოდ, შესრულების სახით, შპს „კ. ს. მ-ბმა“ ფირმა „ბ-რს“ დაუთმო მოთხოვნა სს „კ-ის“ მიმართ 1996წ. 5 ივლისის ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოთხოვნებზე. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 18 ივნისის გადაწყვეტილებით ხანდაზმულად იქნა მიჩნეული მესამე პირის ფირმა „ბ-რის“ სარჩელი სს „კ-ის“ მიმართ. კოლეგიის 2002წ. 18 ივნისის გადაწყვეტილება შპს „ბ-რის“ სარჩელზე უარის თქმის ნაწილში არ გასაჩივრებულა საკასაციო წესით და იგი კანონიერ ძალაშია შესული.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სავალდებულოა სასამართლოსათვის, ვინაიდან, კასატორის მიერ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ 1997წ. 14 ნოემბრის შეთანხმება ,,ბ-რისათვის” მოთხოვნის დათმობის შესახებ ყალბია. ექსპერტის დასკვნითა და საქმის მასალებით დადგენილია სადავო შეთანხმების ნამდვილობა. კასატორი არ მიუთითებს ისეთ გარემოებაზე, რომ ექსპერტიზის დასკვნა, როგორც მტკიცებულება, კანონის დარღვევით არის შედგენილი. კასატორი ასევე არ მიუთითებს სხვა რაიმე მტკიცებულებაზე, რომელიც სააპელაციო სასამართლომ არ შეუსწავლია და გამოუკვლევია და რომელიც გამორიცხავდა დადგენილ გარემოებებს. საქმის მასალებით არ დასტურდება კასატორის მითითება, რომ ფირმა „ბ-რმა“ ფირმა „ბ--კ-ს“ ფული გადაუხადა შპს „კ. ს. მ-ბის“ ვალდებულებების ანგარიშში.
კასატორის მტკიცება, რომ 1997წ. 14 ნოემბრისათვის, მის საზოგადოებას ასეთი მოთხოვნის უფლება ჯერ არ გააჩნდა, ასევე, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან დადგენილია, რომ 1997წ. 16 ოქტომბრის ოქმისა და ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,ბ- კ-ის” სამართალმონაცვლე და, შესაბამისად, სს ,,კ-ის” კრედიტორი 1996წ. 5 ივლისის ხელშეკრულების საფინანსო ვალდებულებებზე გახდა შპს ,,კ. ს. მ-ბი”.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიამ 1997წ. 14 ნოემბრის შეთანხმება სხდომაზე განიხილა სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად და თავისი შინაგანი რწმენით გამოიტანა დასკვნა ამ შეთანხმების ნამდვილობის შესახებ.
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ სასამართლომ არასწორად განსაზღვრა გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა 14 დღედ, აღნიშნული ვერ გახდება გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან სსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. მოცემულ საქმეზე სწორი გადაწყვეტილებაა გამოტანილი და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს «კ. ს. მ-ბის» საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 13 ივლისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
შპს «კ. ს. მ-ბს» დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის გადახდა საქართველოს ეროვნული ბანკის (კოდი:220101107) საბიუჯეტო შემოსავლების ¹300033114 სახაზინო კოდით მთაწმინდა-კრწანისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 ანგარიშზე;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.