Facebook Twitter

საქმე №ბს-812(კ-22) 16 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბიძინა სტურუა, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ვ. მ-ი

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, განცხადების განხილვის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. მ-იმა კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით 2021 წლის 03 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ და მოპასუხის 2022 წლის 05 მაისის №1000745543 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ვ. მ-ისთვის საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე განცხადების განხილვის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 05 მაისის №1000745543 გადაწყვეტილება და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ვ. მ-ის კანონისმიერი წარმომადგენლის ა. მ-ის 2021 წლის 05 აპრილის №1000745543 განცხადების არსებითად განხილვა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. ხსენებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა.

კასატორის, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სააგენტოს 2021 წლის 05 მაისის №1000745543 გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კანონიერების პრინციპის განხორციელების გზით, კერძოდ „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხისა და გადაწყვეტის წესის“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, გამონაკლისების გარდა, უცხოელს ავალდებულებს, რომ ბინადრობის ნებართვის მოპოვების თაობაზე განცხადებით ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ამოწურვამდე 40 დღით ადრე. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მითითებით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გასაცემად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარმოადგინოს საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი. ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულია თუ რა წარმოადგენს საქართველოში შემოსვლისა და კანონიერად ყოფნის საფუძვლებს, კერძოდ ესენია: ა) საქართველოს ვიზა; ბ) საქართველოში ბინადრობს ნებართვა; გ) საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის დროებითი ბინადრობის მოწმობა; დ) დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები. ამასთანავე სომხეთის რესპუბლიკა შედის საქართველოს მთავრობის №255 დადგენილებით განსაზღვრულ იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და 1 წლის ვადით ყოფნის უფლება. შესაბამისად, ვ. მ-ი 2019 წლის 13 მაისის შემდეგ საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება კი მოსარჩელეს არ გაუხდია სადავოდ სასამართლო პროცესზე.

კასატორის წარმომადგენელი საქმეში დაცულ მტკიცებულებებზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვ. მ-ის ბინადრობის ნებართვაზე განაცხადის წარდგენის დროისთვის არ გააჩნდა საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად იგი ვერ აკმაყოფილებდა დარგის მარეგულირებელი კანონმდებლობის იმ მოთხოვნას, რომელიც განმცხადებელს ავალდებულებს საქმის განმხილველ ადმინისტრაციულ ორგანოს ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 დღით ადრე. რაც შეეხება ქვედა ინსტანციის სასამართლოებით მიერ მითითებულ „პროცედურული უზუსტობას“, კასატორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ აღნიშნული წარმოადგენს კანონის მოთხოვნას, ამდენად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად.

კასატორის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ განჩინებაში არსად არის მითითებული, თუ კანონით გათვალისწინებული რომელი ნორმა დაარღვია სააგენტომ მოცემული გადაწყვეტილების მომზადების დროს. სასამართლო ვალდებულია კონტროლი განახორციელოს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე, კერძოდ, სწორად განმარტავს თუ არა ადმინისტრაციული ორგანო კანონს, სწორად იყენებს თუ არა მას და სწორად იკვლევს თუ არა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. სასამართლო ვალდებულია გამოიკვლიოს გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სასამართლოს ქმედება წარმოადგენს უხეშ ჩარევას ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას მიკუთვნებულ სფეროში, ვინაიდან სწორედ სააგენტოს კომპეტენციას განეკუთვნება გამოიკვლიოს, შეისწავლოს და შეაფასოს ის ფაქტობრივი გარემოებები, შეესაბამება თუ არა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობას. აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭილია კანონიერების პრინციპით, რაც გულისხმობს უფლებამოსილების განხორციელებას მხოლოდ კანონის საფუძველზე და დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. იმ შემთხვევაში თუ დავუშვებთ კანონის გვერდის ავლით ბინადრობის ნებართვის გაცემა უცხოელებზე აღნიშნული გამოიწვევს მსუსხავ ეფექტს მსგავსი კატეგორიის საქმეებში. შედეგად მივიღებთ იმ გარემოებას, რომ დადგენილების ჩანაწერი, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით სააგენტოსთვის, საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე მომართვის ვალდებულების თაობაზე იქნება მხოლოდ ფორმალური ჩანაწერი.

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მაისის განჩინება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, შესაბამისად უნდა გაუქმდეს და სრულად უნდა ეთქვას მოსარჩელეს უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აგვისტოს განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

განსახილველ შემთხვევაში შესაფასებელია გააჩნდა თუ არა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე 2014 წლის 15 ოქტომბერს დაბადებულ ვ. მ-ის კანონიერი წარმომადგენლის ა. მ-ის 2021 წლის 05 აპრილის №1000745543 განცხადების განუხილველად დატოვების უფლებამოსილება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას. ზემოხსენებული კანონის მე-15 მუხლი ჩამოთვლის იმ ბინადრობის ნებართვის სახეებს, რომლებიც გაიცემა საქართველოში, თუმცა ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვასა და გადაწყვეტის წესს შეიცავს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი“.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-3 მუხლის მე-4 ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, სპეციალური ბინადრობის ნებართვის, დროებითი ბინადრობის ნებართვისა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის შემთხვევებზე.

საქმეში დაცული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ვ. მ-ის კანონიერმა წარმომადგენელმა, დედამ, ა. მ-იმა 2021 წლის 05 აპრილს განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემა. აგრეთვე დადგენილია, რომ განცხადების წარდგენის მომენტისთვის, ვ. მ-ის არ გააჩნდა საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის 40 კალენდარული დღის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ადმინისტრაციულმა ორგანომ ვ. მ-ის კანონიერ წარმომადგენელს ა. მ-ის დაუდგინა ხარვეზი და დაავალა ზემოხსენებული დოკუმენტის ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენა. ვინაიდან ა. მ-ის მიერ აღნიშნული დოკუმენტი არ იქნა წარდგენილი, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ა. მ-ის განცხადება ოჯახის გაერთიანების მიზნით ვ. მ-ისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე დატოვა განუხილველი.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ა. მ-ი არის მარტოხელა დედა, რომელიც ფლობს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვას. ა. მ-ი 2013 წლის 10 ივნისამდე იყო საქართველოს მოქალაქე, თუმცა პრეზიდენტის 2013 წლის 10 ივნისის N411 ბრძანებულების საფუძველზე, მას სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა. ვ. მ-ი გასაჩივრებული აქტის მიღების დროისთვის იყო 6 წლის, შესაბამისად მისი ადგილსამყოფელი, ცხადია, დამოკიდებულია დედის საცხოვრებელ ადგილზე. არასრულწლოვნის დედა დასაქმებულია შპს რ...ის მენეჯერის თანამდებობაზე.

კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, განსახილველი საქმე ხასიათდება თავისი სპეციფიკურობით, კერძოდ, საკითხი ეხება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს. ამდენად, იმ პირობებში, რომ ა. მ-ი ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში და თავის არასრულწლოვან შვილს, რომელიც სომხეთის მოქალაქეა, მხოლოდ იმიტომ ეზღუდება დედასთან თანაცხოვრების მიზნის მისაღწევად ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განხილვის უფლება, რომ მისი მოთხოვნა პროცედურის დაუცველობაზე მითითებით განუხილველი დარჩა, ცდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დაცვის ვალდებულებას.

„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში (იხ. სუსგ №ას- 458-440-2016, 15.07.2016წ.). კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩარევა უნდა გამართლდეს უკიდურესი სოციალური საჭიროებით და იყოს მისაღწევი მიზნის თანაზომიერი (24.04.1996წ. „Boughanemi v. France“ (§41)).

საკასაციო პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად, პროპორციულობის პრინციპის დაცვით არსებითად მიეღო გადაწყვეტილება. საქართველოში უცხოელის უფლებების განხორციელება არ უნდა ლახავდეს საქართველოს ინტერესებს, არ უნდა ზღუდავდეს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ სხვა პირთა უფლებებს, არ უნდა უგულებელყოფდეს მათ კანონიერ ინტერესებს („უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 25.4 მუხ.). შესაბამისად, უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემისას ყოველთვის არსებობს საჯარო ინტერესი, რომლის დაცვის საჭიროებაზე მითითებაც ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია, თუმცა რომელიმე საჯარო ინტერესზე აბსტრაქტული მითითება, როგორც წესი, არ ქმნის უცხოელისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის სათანადო, თვითკმარ დასაბუთებას, მით უფრო მაშინ, როდესაც ამ ინტერესს უცხოელის და მისი ოჯახის წევრთა კერძო ინტერესი უპირისპირდება (სუსგ საქმეზე №ბს-631(კ-21), 06.04.2023წ.). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა მოეხდინა არასრულწლოვანი მოსარჩელისა და მისი ოჯახის წევრების, განსაკუთრებით მისი მშობლის ინტერესების იდენტიფიცირება და შემდგომში მათი საჯარო ინტერესთან შეპირისპირება. ამასთანავე, სათანადოდ უნდა დაედგინა საჯარო ინტერესთა არსებობაც, უნდა დადგენილიყო არსებულ საჯარო და კერძო ინტერესებს შორის ბალანსი.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ განახორციელა ზემოაღნიშნული მოთხოვნები. არასრულწლოვანთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის სამართლებრივი მოწესრიგებისას არსებითად მნიშვნელოვანია ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის გამოვლენილ იქნას ბავშვის საუკეთესო ინტერესი მისი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად, ვინაიდან სწორედ აღნიშნული წარმოადგენს ბავშვთან დაკავშირებული გადაწყვეტილების შინაარსის განმსაზღვრელ არსებით გარემოებას. ბავშვის საუკეთესო ინტერესი არის ბავშვის კეთილდღეობის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, ზნეობრივი და სხვა სახის ინტერესები, რომლებიც პრიორიტეტულადაა განსაზღვრული საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კოდექსის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა თუ საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების მიხედვითა და ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად. ამასთან, ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება უნდა მოიცავდეს ბავშვის უფლების პატივისცემას, ცხოვრობდეს მშობელთან ერთად.

ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ დაუშვებელია, სახელმწიფომ უარი თქვას არასრულწლოვანისათვის მშობელთან ერთად ცხოვრების უფლების საკითხის განხილვაზე მხოლოდ პროცედურის დაუცველობაზე მითითებით. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობდა სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის ვ. მ-ის კანონიერი წარმომადგენლის, ა. მ-ის განცხადების სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის განხილვის დავალების ვალდებულება, რომელიც უნდა მოხდეს საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება, რომელშიც გათვალისწინებული იქნება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მაისის განჩინება;

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/ნ 202307404) დაუბრუნდეს 08.07.2022წ. №55268 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა

გ. მაკარიძე