Facebook Twitter

საქმე №ბს-25(კ-23) 16 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბიძინა სტურუა, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ვ. მ-ი

თავდაპირველი მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. მ-მა 2021 წლის 05 აპრილს წარმომადგენლის მეშვეობით სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2020 წლის 15 მაისის №61-01201361215 და 25 ოქტომბრის №61-012029911 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა, რომლითაც ვ. მ-ის კანონიერ მფლობელობაში არსებულ 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, ს/კ ..., გაუქმდებოდა ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლება. სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდგომ კი ვ. მ-ის წარმომადგენელმა ასევე მოითხოვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2021 წლის 01 აპრილის №01-10210912495 წერილის ბათილად ცნობა, შესაბამისად მოპასუხე მხარედ სსიპ ქონების მართვის სააგენტოსთან ერთად მიუთითა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ივლისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2020 წლის 25 ოქტომბრის N61-012029911 წერილის ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 1-ლი აპრილის №01-10210912495 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ვ. მ-ის 2021 წლის 22 მარტის №19/01210813677-01 ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ.

კასატორის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2021 წლის 01 აპრილის №10-01210912495 წერილი, მართალია, გამოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მისი შინაარსი და გამოცემის საფუძვლები. დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2020 წლის 15 მაისის №61-01201361215 წერილით მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული ქ. თბილისში, ...ოს რაიონი, ნაკვეთი ..., ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე დაფიქსირებული ზედდების ნაწილში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება.

კასატორის წარმომადგენელმა მიუთითა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 75-ე მუხლის „დ.ა“ ქვეპუნქტზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს დებულების“ პირველი მუხლის პირველი პუნქტზე, ამავე დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებასთან, ასევე უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირებასთან (ფართობის შემცირებით) დაკავშირებული საკითხები წარმოადგენდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის კომპეტენციისადმი მიკუთვნებულ სფეროს, ხოლო ქონების მართვის სააგენტო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, ორგანიზაციულად უზრუნველყოფდა ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებასთან, ასევე უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირებასთან დაკავშირებით პროცედურების განხორციელებასა და სათანადო გადაწყვეტილებების მიღებას. შესაბამისად, სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გაცემული იყო სწორედ ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 74-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე კოდექსის 62-ე მუხლის პირველი ნაწილზე მითითებით ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ვინაიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში არ ჰყავს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, მოქმედი კანონმდებლობით, მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შესწავლა წარმოადგენდა სასამართლოსადმი უწყებრივად ქვემდებარე საქმეს, შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას, განეხილა იგი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში, რის გამოც აღნიშნული ნორმის შესაბამისად, მხარეს უკან დაუბრუნდა მის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2021 წლის 22 მარტს წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი თანდართულ მასალებთან ერთად. ამასთან აღნიშნა, რომ ქალაქ თბილისი მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2021 წლის 01 აპრილის №10-01210912495 წერილი დამოუკიდებლად რაიმე სახის სამართლებრივ შედეგს ვერ წარმოშობდა, ამიტომ არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ვ. მ-ის სარჩელის სრულად უარყოფა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ განხილვის უფლებამოსილება.

საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ადამიანის ძირითად უფლებათა თავში შემავალი მე-18 მუხლით გარანტირებულია სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ინფორმაციული თვითგამორკვევისა და საჯარო ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებები. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება, რაც ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების აუცილებელ წინაპირობად მოიაზრებს, რომ ის განიხილოს უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ. საჩივარი შეიტანება აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოში, თუ იქ არსებობს მისი გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი, ხოლო თუ აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ - ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (სზაკ-ის მუხ. 178).

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს დებულების“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქონების მართვის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას ქონების საკუთრებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით. დებულების მე-15 მუხლის შესაბამისად, სააგენტოს მაკონტროლებელი ორგანოა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, რომელიც სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გააჩნია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს, ხოლო მე-14 მუხლი წარმოადგენს სპეციალურ ნორმას, რომლითაც დადგენილია სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება. მითითებული მუხლის თანახმად, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული დანაწესი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს თვითკონტროლის ფუნქციის განხორციელების მექანიზმს, რაც გულისხმობს მიღებული გადაწყვეტილების გადამოწმების შესაძლებლობას ხელისუფლების იმავე შტოში და არა აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რაც გამორიცხავს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების პირდაპირ სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას (სუსგ №ბს-361(კ-20),21.10.2020 წ.).

განსახილველ შემთხვევაში, სსიპ ქონების მართვის სააგენტოზე დელეგირებული არის ის უფლებამოსილება, რაც უკავშირდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებას და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირებას (ფართობის შემცირებით), მაგრამ არ არის დელეგირებული მაკონტროლებლის უფლებამოსილება, რომელიც გააჩნია მის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 79-ე მუხლის შესაბამისად, რომლის მე-11 პუნქტის თანახმად, თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება თბილისის მერთან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამდენად, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საქმიანობაზე კონტროლის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისას მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება, მათ შორის საჩივრის საფუძველზე, რაც ე.წ. შემდგომი საკანონმდებლო კონტროლის (ex-post) გავრცელებულ ფორმად განიხილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთ საფუძველს, რაც გამორიცხავს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა

გ. მაკარიძე