Facebook Twitter

№ბს-1191(2კ-22) 31 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. მ-ასა და მ. მ-ას როგორც ა. ბ-ის კანონიერი წარმომადგენლისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 17 ივნისს მ. მ-ამ პირადად და როგორც ა. ბ-ის კანონიერმა წარმომადგენელმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 28 მაისის №03/8644 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მ. მ-ასა და მისი არასრულწლოვანი შვილის ა. ბ-ის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. მ-ასა და ა. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 28 მაისის №03/8644 გადაწყვეტილება და მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადაგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, მოსარჩელე მ. მ-ასა და ა. ბ-ის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიშვნასთან დაკავშირებით, გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს მ. მ-ამ და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ივლისის განჩინებით მ. მ-ასა, ა. ბ-ის და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მ. მ-ა და ა. ბ-ი არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, დევნილები 1992-1993 წლიდან. მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე არის აფხაზეთი, გალი, სოფელი .... დროებითი საცხოვრებელი მისამართია: თბილისი, ..., ...ის ქ. №121. ოჯახის სარეგისტრაციო ნომერია №....

2021 წლის 10 მარტს მ. მ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სადაც განაცხადა, რომ ცხოვრობს უმძიმეს პირობებში ზუგდიდში, ...ის ქ. №..., ...ის დევნილთა ...ა. შეავსო აპლიკაცია ბინით დაკმაყოფილების თაობაზე რაზედაც მას ოპერატორმა განუცხადა, რომ იგი იყო ბინით დაკმაყოფილებული თბილისი ...ის ქუჩაზე, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. იგი არ არის არანაირი ქონების მესაკუთრე და არც ხელი მოუწერია რაიმეზე. ...ის ქუჩაზე ცხოვრობს მისი დედა და დისშვილი. მოითხოვა აღნიშნული ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრა და დევნილთა მონაცემთა ბაზაში სწორი ინფორმაციის შეტანა, რათა მიეცეს მას და მის შვილს როგორც დევნილებს საცხოვრებელი ფართი.

2021 წლის 14 მაისის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს №03/7590 წერილით მ. მ-ას მის განცხადებაზე ეცნობა, რომ დევნილთა მონაცემთა ბაზების მიხედვით, მ. მ-ა ითვლება საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილად ქ. თბილისი, ...ის ქ. №121. შესაბამისად სააგენტოს არ შეეძლო დევნილთა მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანა.

2021 წლის 20 მაისს მ. მ-ას წარმომადგენელმა ლ. ა-ამ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სადაც განაცხადა, რომ ინფორმაცია იმის შესახებ რომ, მ. მ-ა დაკმაყოფილებულია საცხოვრებელი ფართით როგორც დევნილი არ შეესაბამება სიმართლეს. იგი არ და ვერ იქნებოდა ფართის მესაკუთრე, რადგან მ. მ-ას მიუხედავად თბილისი, ...ის ქუჩა №121 რეგისტრაციისა იგი არ წარმოადგენს ოჯახის წევრს და ფართის მფლობელს.

2021 წლის 28 მაისის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ მიღებული იქნა №03/8644 გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვა დევნილთა ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიშვნის გაუქმებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მ. მ-ა ითვლებოდა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულ პირად.

იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის მიხედვით მ. ბ-ა და ლ. ლ-ა არიან იძულებით გადაადგილებული პირები დევნილები 1992-1993 წლიდან. მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე იყო აფხაზეთი, გალი, სოფელი .... დროებითი საცხოვრებელი მისამართია: თბილისი, ..., ...ის ქ. №121. ოჯახის სარეგისტრაციო ნომერია №....

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 13 ნოემბრის №13/11/06 განკარგულების „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ პირველი პუნქტის თანახმად, 29,35 კვადრატული მეტრის ფართი, საკადასტრო კოდი: ... საკუთრებაში გადაეცათ მ. ბ-ას (პ/ნ ...), ლ. ლ-ას (პ/ნ ...), მა. მ-ას (პ/ნ ...) თბილისი, ...ის ქ. №121, მე-5 სართული.

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 13 ნოემბრის №13/11/06 განკარგულების საფუძველზე, 2014 წლის 27 იანვარს, სსიპ სახელწმიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და მეორეს მხრივ მ. ბ-ას, ლ. ლ-ასა და მა. მ-ას შორის. ხელშეკრულების საგანი: ხელშეკრულების პირობების თანახმად გამყიდველი გადასცემს, ხოლო მყიდველი საკუთრებაში იღებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ: ქ. თბილისი, ...ის ქ. №121, მე-5 სართული, ბინა 136, ფართობი 29,35 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდი: ... პირდაპირი მიყიდვის ფორმით. ხელშეკრულებას ხელს აწერს: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ს. მ-ა, ლ. ლ-ა, მა. მ-ას წარმომადგენელი ლ. ლ-ა, მ. ბ-ას წარმომადგენელი მო. მ-ა.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (2019 წლის 19 აგვისტოს მდგომარეობით) უძრავი ნივთის მდებარე: თბილისი, ...ის ქ. №121, სართული 5, ბინა 136, 29.35 კვ.მეტრი. საკადასტრო კოდი:... მესაკუთრეები არიან: ლ. ლ-ა, მ. ბ-ა, მა. მ-ა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ვალდებული იყო სადავო საკითხი გამოეკვლია ყოველმხრივ, მტკიცებულებების სათანადო შეფასების საფუძველზე, დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებებზე დაყრდნობით. კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაედგინა მ. მ-ა და ა. ბ-ის წარმოადგენდნენ თუ არა მ. ბ-ას, ლ. ლ-ასა და მა. მ-ას ოჯახსი წევრებს ფართის გადაცემის დროს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ივლისის განჩინება საკასაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს მ. მ-ამ პირადად და როგორც ა. ბ-ის კანონიერმა წარმომადგენელმა, ასევე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორი მ. მ-ა აღნიშნავს, რომ სასამართლოს თავად უნდა დაედგინა მოსარჩელეების კომპენსირებულ პირებად მონიშვნის კანონიერება.

კასატორის მითითებით 2012 წლამდელი პრივატიზაციის პროცესი არსებითად განსხვავდება 2012 წლის შემდგომი პროცესებისაგან, კერძოდ, 2012 წლამდე საკუთრება გადაეცემოდა ოჯახის ერთ წევრს, ისვე იღებდა ვალდებულებას რომ დანარჩენ ოჯახის წევრებს უზრუნველყოფდა საცხოვრებლით მისთვის გადაცემულ ქონებაში, ხოლო 2012 წლის შემდგომ პრივატიზაციის პროცედურებით, საკუთრება გადაეცემა თანასაკუთრებაში ოჯახის ყველა წევრს. ოჯახის შემადგენლობა დგინდება პრივატიზაციის პროცესამდე ადილზე შესწავლის გზით, სადაც დგება აღწერის ფორმა ე.წ. პროფაილინგის ოქმი. აღნიშნული ოქმით დგინდება ფართის საკუთრებაში მიმღებთა პოზიცია/დამოკიდებულება პრივატიზაციაზე(თანხმობა ან უარყოფა). სადავო საკითხი შეეხება 2013 წლის პრივატიზაციის პროცესს, როდესაც სახეზეა ერთის მხრივ პრეზიდენტის განკარგულება, ხოლო მეორეს მხრივ ნასყიდობის ხელშეკრულება და პრივატიზაციის არცერთ დოკუმენტში მოსარჩელე თავის შვილთან ერთად მითითებული არ არის.

კასატორი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებთ უზრუნველყოფის სააგენტო მიუთითებს, რომ 2011 წლის 28 მაისის №03/8644 წერილი მხოლოდ საინფორმაციო ხასიათს ატარებდა და მხარეს მისივე წარმოდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით ეცნობა, რომ დევნილთა ელექტრონული მონაცემთა ბაზის მიხედვით, მ. მ-ა ითვლება საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულ პირად და აღნიშნულის შესაბამისად, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას გააუქმოს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ მონიშვნა.

კასატორი მიუთითებს, რომ სააგენტოში დაცული დევნილთა ელექტრონული მონაცემთა ბაზის მიხედვით, მოსარჩელე საცხოვრებლი ფართით უზრუნველყოფილად ითვლება 2013 წლის 13 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული განკარგულების შესაბამისად, რომლის დანართშიც მითითებულია, რომ საცხოვრებელი პირდაპირი მიყიდვის ფორმით სიმბოლურ ფასად (1 ლარად) საკუთრებაში გადაეცა დევნილ ოჯახს. მათ ხელი მოაწერეს 2013 წლის 13 ნოემბრის განკარგულების საფუძველზე გაფორმებულ 2014 წლის 27 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულებას. აღნიშნულის საფუძველზე, კი დევნილთა მონაცემთა ბაზაში გაკეთდა მონიშვნა იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე საცხოვრებლით არის უზრუნველყოფილი. მოსარჩელემ სააგენტოს მიმართა განცხადებებით და მოითხოვა ხელმეორედ საცხოვრებლით უზრუნველყოფა, იმ პირობებში, როცა იგი უკვე დაკმაყოფილებულია საცხოვრებელი ფართით. აღნიშნულის გათვალისწინებით მან სააგენტოს მიერ 2021 წლის 28 მაისს გაცემული 03/8644 წერილი გაასაჩივრა განსახილველი დავის ფარგლებში, რომელიც მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა და არანაირი სამართლებრივი შედეგის მომტანი არ არის. კასატორისათვის გაუგებარია საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სასამართლომ რატომ ჩათვალა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ გამოიკვლია საკითხი. თუმცა თავად სასამართლო არ უთითებს, რა უნდა გაეთვალისწინებინა დამატებით ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილების მიღებისას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებთ უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. მ-ასა და მ. მ-ას როგორც ა. ბ-ის კანონიერი წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ასა და მ. მ-ას როგორც ა. ბ-ის კანონიერი წარმომადგენლის და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მონიშვნაზე უარის თქმა წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა. ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი (შემდგომში − წესი) ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ და ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ლ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №2566 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ (შემდგომში – სამოქმედო გეგმა) შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს.

ამავე წესის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი განიმარტება, როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძებების ფარგლებში. ამავე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2017 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში – კომისია).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მ. მ-ა და ა. ბ-ი არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, დევნილები 1992-1993 წლიდან. მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე არის აფხაზეთი, გალი, სოფელი .... დროებითი საცხოვრებელი მისამართია: თბილისი, ..., ...ის ქ. №121. ოჯახის სარეგისტრაციო ნომერია №....

2021 წლის 10 მარტს მ. მ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სადაც განაცხადა, რომ ცხოვრობს უმძიმეს პირობებში ზუგდიდში, ...ის ქ. №14, ...ის დევნილთა ...ა. შეავსო აპლიკაცია ბინით დაკმაყოფილების თაობაზე.

2021 წლის 14 მაისის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს №03/7590 წერილით მ. მ-ას მის განცხადებაზე ეცნობა, რომ დევნილთა მონაცემთა ბაზების მიხედვით, მ. მ-ა ითვლება საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილად ქ. თბილისი, ...ის ქ. №121. შესაბამისად სააგენტოს არ შეეძლო დევნილთა მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანა.

2021 წლის 20 მაისს მ. მ-ას წარმომადგენელმა ლ. ა-ამ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სადაც განაცხადა, რომ ინფორმაცია იმის შესახებ რომ, მ. მ-ა დაკმაყოფილებულია საცხოვრებელი ფართით როგორც დევნილი არ შეესაბამება სიმართლეს. იგი არ და ვერ იქნებოდა ფართის მესაკუთრე, რადგან მ. მ-ას მიუხედავად თბილისი, ...ის ქუჩა №121 რეგისტრაციისა იგი არ წარმოადგენს ოჯახის წევრს და ფართის მფლობელს.

2021 წლის 28 მაისის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ მიღებული იქნა №03/8644 გადაწყვეტილება, როლითაც უარი ეთქვა დევნილთა ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიშვნის გაუქმებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მ. მ-ა ითვლებოდა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულ პირად.

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 13 ნოემბრის №13/11/06 განკარგულების „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ პირველი პუნქტის თანახმად, 29,35 კვადრატული მეტრის ფართი, საკადასტრო კოდი: ... საკუთრებაში გადაეცათ მ. ბ-ას (პ/ნ ...), ლ. ლ-ას (პ/ნ ...), მა. მ-ას (პ/ნ ...) თბილისი, ...ის ქ. №121, მე-5 სართული.

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 13 ნოემბრის №13/11/06 განკარგულების საფუძველზე, 2014 წლის 27 იანვარს, სსიპ სახელწმიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და მეორეს მხრივ მ. ბ-ას, ლ. ლ-ასა და მა. მ-ას შორის. ხელშეკრულების საგანი: ხელშეკრულების პირობების თანახმად გამყიდველი გადასცემს, ხოლო მყიდველი საკუთრებაში იღებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ: ქ. თბილისი, ...ის ქ. №121, მე-5 სართული, ბინა 136, ფართობი 29,35 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდი: ... პირდაპირი მიყიდვის ფორმით. ხელშეკრულებას ხელს აწერს: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ს. მ-ა, ლ. ლ-ა, მა. მ-ას წარმომადგენელი ლ. ლ-ა, მ. ბ-ას წარმომადგენელი მო. მ-ა.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (2019 წლის 19 აგვისტოს მდგომარეობით) უძრავი ნივთის მდებარე: თბილისი, ...ის ქ. №121, სართული 5, ბინა 136, 29.35 კვ.მეტრი. საკადასტრო კოდი:... მესაკუთრეები არიან: ლ. ლ-ა, მ. ბ-ა, მა. მ-ა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ უნდა მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო აქტი არ პასუხობს დასაბუთებულობის სტანდარტს.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს მოცემულ შემთხვევაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რეგულაციის გამოყენებას, რათა მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოს სათანადოდ გამოარკვიოს მოსარჩელე მ. მ-ა და ა. ბ-ი წარმოადგენდნენ თუ არა მ. ბ-ას, ლ. ლ-ასა და მა. მ-ას ოჯახის წევრებს ფართის გადაცემის დროს, ვინაიდან მოსარჩელეები არც საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების დანართში, არც პრივატიზაციის ხელშეკრულებაში და არც საჯარო რეესტრი ამონაწერში არ ფიქსირდებიან. განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, ოჯახის ერთი სარეგისტრაციო ნომრის არსებობის პირობებში, რამ განაპირობა მოსარჩელეების შესაბამის აქტებში მიუთითებლობა. ასევე დასადგენია, თბილისში ...ის ქ. №121-ში რეგისტრაციის პირობებში, რამ განაპირობა მათი სხვა მისამართზე შესახლება (მათი სახელმწიფოს მიერ შესახლების შემთხვევაში).

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეესაბამება საკასაციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. მ-ასა და მ. მ-ას როგორც ა. ბ-ის კანონიერი წარმომადგენლისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. მაკარიძე