Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-447(კ-23) 7 ივნისი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ი. ა-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ა-ამ 2021 წლის 24 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და მოითხოვა: „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 28 იანვრის N03-127/ო ბრძანების ბათილად ცნობა, მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილებით ი. ა-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 28 იანვრის N03-127/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ი. ა-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილება.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ი. ა-ა და მისი შვილი ე. კ-ა არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები (დევნილი ოჯახი), დევნილი ოჯახის დროებითი საცხოვრებელი ადგილი/რეგისტრაციის ადგილია საქართველო, სამეგრელო-ზემო სვანეთი, ზუგდიდი, ...ას ქ.N3, „...ი“; მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე - აფხაზეთი, გალი, სოფელი ...ი.

პალატის მითითებით, სადავო არაა და ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნითაც დასტურდება (იხ. ს.ფ. 41-54), რომ ქ. ზუგდიდში, ...ას №3-ში მდებარე შენობის (...ის შენობა) ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, მისი შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია და საჭიროებს გამაგრება-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარებას, წინასწარ შედგენილი პროექტის მიხედვით. შესაბამისად, განისაზღვრა იქ მცხოვრები დევნილი ოჯახების კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. ამავდროულად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე ი. ა-ასა და მისი შვილის, ე. კ-ას დევნილი ოჯახის კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი, მათი ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო და ამდენად, არ მოახდინა დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.

მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნა მოსარჩელე დევნილი ოჯახის ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების თაობაზე, ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მის მიერ 2020 წლის 26 ივნისს განხორციელბული დევნილი ოჯახების აღწერისას, მოსარჩელე ი. ა-ა და მისი შვილი - ე. კ-ა არ იმყოფებოდნენ საცხოვრებელ (რეგისტრაციის) ადგილზე - საქართველო, ქ. ზუგდიდი, ...ას ქ. №3 „...ი“, ხოლო 2020 წლის 16 სექტემბრის და 2020 წლის 25 ნოემბრის მონიტორინგის დროს, მოსარჩელე ი. ა-ა იმყოფებო დამისამართზე, ხოლო შვილი ე. კ-ა არ იმყოფებოდა მისამართზე, რადგან მუშაობდა ქ. ფოთში შპს „ნ...ში“. ამდენად, აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო გადწყვეტილება, რომ მოსარჩელის დევნილი ოჯახი (ი. ა-ა, შვილი ე. კ-ა) ფაქტობრივად არ ცხოვრობდა ნგრავად ობიექტში.

ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ე...ას აბონენტის (ი. ა-ა) ბარათით, ამავე ნგრევად ობიექტში მცხოვრები მეზობლების (ა. ბ-უ, რ. კ-ა, რ. ლ-ა, დ. ბ-უ,დ. ქ-ა) წერილობითი განმარტებით, დასტურდება, რომ ი. ა-ას დევნილი ოჯახი (თვითონ, შვილი ე. კ-ა) ნამდვილად ცხოვრობენ ნგრევად ობიექტში, მათ მფლობელობაშია ორი ოთახი, არ გააჩნიათ სხვა საცხოვრისი.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის მოსარჩელეებს გააჩნიათ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევისა და საქართველოდან თავისუფლად გასვლა/შემოსვლის უფლება (მათ შორის სამსახურის, ახლობლებთან სტუმრობის, მკურნალობისა და სხვადასხვა გარემოების გამო გადაადგილების უფლება). ამდენად, მხოლოდ ის გარემოება, რომ დევნილი ოჯახის ერთი წევრი ერთერთი მონიტორინგის განხორციელებისას არ იმყოფებოდა ნგრევად ობიექტში (მუშაობს სხვა ქალაქში), შეუძლებელია დადასტურდეს მოსარჩელის დევნილი ოჯახის ნგრევად ობიექტში არცხოვრების ფაქტი. პალატის მოსაზრებით, შესაძლოა ნგრევად ობიექტში მცხოვრებ პირს საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვის, სამსახურის ან/და სხვა მიზეზით, დროის რაღაც მონაკვეთის განმავლობაში მოუწიოს ფაქტობრივი (რეგისტრაციის) საცხოვრებლის დატოვება (ახლობლების მონახულების, სამსახური, სწავლა, მკურნალობა, ნათესავთან ან დაქირავებულ საცხოვრებელში გადასვლა და სხვ.), თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ ასეთ შემთხვევაში პირმა მიატოვა განსახლების ობიექტი, აღარ წარმოადგენს ნგრევადი ობიექტის მაცხოვრებელს და არ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც არ გააჩნია სხვა ალტერნატიული საცხოვრისი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორის მითითებით, სასამართლოების ყურადღების მიღმა დარჩა ის გარემოება, რომ მოსარჩელე ი. ა-ა არ წარმოადგენს სადავო ნგრევადი ობიექტის ფაქტობრივად მაცხოვრებელს. სადავო ფართში არაერთხელ განხორციელდა მონიტორინგი, ერთ შემთხვევაში მოსარჩელის ოჯახი ადგილზე არ იმყოფებოდა, დანარჩენ შემთხვევაში კი მონიტორინგის ჯგუფს ადგილზე მხოლოდ მოსარჩელე დახვდა, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი შვილი მუშაობს ფოთში, თავად კი ხშირად უწევს ჯანმრთელობის პრობლემების მქონდე ძმის მოვლა. აღნიშნული ადასტურებს მოსარჩელის ოჯახის არა ქ. ზუგდიდში, არამედ ქ. ფოთში ცხოვრებას. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელის ოჯახს ნგრევად ობიექტში ფართი აქვს მოკავებული, არ ქმნის მისი კრიტერიუმების გარეშე დაკმაყოფილების საფუძველს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

დადგენილია, რომ მოსარჩელე ი. ა-ა და მისი შვილი ე. კ-ა არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები (დევნილი ოჯახი), დევნილი ოჯახის დროებითი საცხოვრებელი ადგილი/რეგისტრაციის ადგილია საქართველო, სამეგრელო-ზემო სვანეთი, ზუგდიდი, ...ას ქ.N3, „...ი“; მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე - აფხაზეთი, გალი, სოფელი ...ი. ი. ა-ამ (შვილთან ერთად) განაცხადით მოითხოვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 03 დეკემბრის გადაწყვეტილებით (ოქმი N77) ი. ა-ას უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკამყოფილებაზე ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო.

„დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 28 იანვრის N03-127/ო ბრძანებით,დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 03 დეკემბრის გადაწყვეტილების (ოქმი N77) საფუძველზე, ი. ა-ას (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო, უარი ეთქვა ქ. ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (ძალადაკარგულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით) მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. საქმეში დაცული 2019 წლის 12 ნოემბრის N007929319 საექსპერტო დასკვნით დასტურდება, რომ ქ. ზუგდიდში, ...ას №3-ში მდებარე შენობის (...ის შენობა) ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, მისი შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია და საჭიროებს გამაგრება-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარებას, წინასწარ შედგენილი პროექტის მიხედვით. შესაბამისად, განისაზღვრა იქ მცხოვრები დევნილი ოჯახების კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. ამავდროულად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე ი. ა-ასა და მისი შვილის, ე. კ-ას დევნილი ოჯახის კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი, მათი ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო და ამდენად, არ მოახდინა დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 03 დეკემბრის N77 ოქმით დასტურდება, რომ ქ. ზუგდიდში, ...ას ქ.N3-ში მდებარე ობიექტი წარმოადგენს ნგრევად, სიცოცხლისთვის მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტს.

ი. ა-ას განსახლების მიზნით ქ. ზუგდიდში, ...ას ქ.N3-ში 2020 წლის 26 ივნისს განხორციელბული დევნილი ოჯახების აღწერისას, მოსარჩელე ი. ა-ა და მისი შვილი - ე. კ-ა არ იმყოფებოდნენ საცხოვრებელ (რეგისტრაციის) ადგილზე, ხოლო 2020 წლის 16 სექტემბრის და 2020 წლის 25 ნოემბრის მონიტორინგის დროს, მოსარჩელე ი. ა-ა იმყოფებოდა მისამართზე, ხოლო მისი შვილი ე. კ-ა არ იმყოფებოდა მისამართზე, რადგან წასული იყო სამუშაოდ ქ. ფოთში, შპს „ნ...ში“.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე, კონკრეტული მონიტორინგის დროს, ობიექტური მიზეზით იმყოფებოდა სხვა მისამართზე, არ წარმოადგენს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველს. საცხოვრებლად უვარგის ობიექტში ცხოვრებისას პირი, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე იძულებული გახდეს დატოვოს საცხოვრებელი და თავი სხვაგან შეაფაროს, რაც არ გულისხმობს იმას, რომ მან მიატოვა ჩასახლების ობიექტი, არ წარმოადგენს ასეთ ობიექტში მაცხოვრებელს და შესაბამისად, მას არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას. პირისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშ ობიექტში ცხოვრების დავალდებულება, როგორც დაკმაყოფილების აუცილებელი პირობა, თავის მხრივ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით განმტკიცებულ ადამიანის უფლებებს. ამასთან, მოსარჩელის შვილის სხვა ქალაქში მუშაობის ფაქტი არ ართმევს დევნილს გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოსარჩელის სადავო მისამართზე ცხოვრების ფაქტს ადასტურებს საქმის მასალებში დაცული ე...ას აბონენტის (ი. ა-ა) ბარათი, აგრეთვე, ამავე ნგრევად ობიექტში მცხოვრები მეზობლების (ა. ბ-უ, რ. კ-ა, რ. ლ-ა, დ. ბ-უ,დ. ქ-ა) წერილობითი განმარტება. ამასთან, ქ. ზუგდიდის ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2021 წლის 12 თებერვლის N07 ცნობით დგინდება, რომ ი. ა-ა 1998 წლიდან ცნობის გაცემამდე ნამდვილად ცხოვრობდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქ. ზუგდიდის ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში, ...ას ქ.N3-ში. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულის გამაქარწყლებლად რაიმე სახის მტკიცებულება მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია.

მოცემულ საქმეში დადასტურებულია სადავო შენობის საცხოვრებლად უვარგისი პირობების არსებობა. საქმეში დაცული დოკუმენტაციით არ დასტურდება მოსარჩელის საკუთრებაში სხვა საცხოვრებლის არსებობა, შესაბამისად, არ არსებობს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველს.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაადასტურა მოსარჩელესთან მიმართებაში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის გამომრიცხავი გარემოებების არსებობა. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უკანონოა, შესაბამისად, არსებობს მისი ბათილად ცნობისა და დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე