Facebook Twitter

საქმე №ბს-239(კ-23) 15 ივნისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2021 წლის 15 ივნისს დ.ა-მა და ზ.გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

სარჩელის თანახმად, მოსარჩელეები არიან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები. მოსარჩელეები 1992-1994 წლიდან ცხოვრობენ დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტში მდებარე ქ. თბილისი, ...ის გამზ №..., კოსპუსი „ა“. დ.ა-ს ჰყავს მეუღლე და ორი არასრულწლოვანი ვაჟი - 9 წლის ს.ა-ი და 7 წლის ნ.ა-ი. 11.01.2018წ. დ.ა-მა მიმართა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს რათა "დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის შესახებ" მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების შესაბამისად მომხდარიყო მისი, როგორც დევნილის დაკმაყოფილება საცხოვრებელი ფართით. შეფასების კრიტერიუმის მიხედვით, ოჯახი შეფასდა 3 ქულით. მოსარჩელეთა განმარტებით, მათი საცხოვრებელში ცხოვრება გაუსაძლისია იქ არსებული მძიმე სოციალურ-საყოფაცხოვრებო პირობების გამო (საცხოვრებელი ფართები არ აღემატება 12-13 კვ.მ-ს). ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 29.09.2016წ. დასკვნის თანახმად, შენობა შეფასებულია, როგორც მწვავე ავარიული, საფრთხის შემცველი, შენობა აღდგენას არ ექვემდებარება და მომავალში ავარიის ასაცილებლად საჭიროებს დროულ დემონტაჟს. შენობის ძირითადი კონსტრუქციების საერთო ფიზიკური ცვეთა აღემატება 70 %-ს და არსებული სახით მისი ექსპლუატაცია დაუშვებელია. მოსარჩელეთა განცხადებით ქ. თბილისში, ...ის გამზ. N...-ში მდებარე შენობის მცხოვრებლებმა 2017 წლის მაისში კოლექტიური განცხადებით მიმართეს სააგენტოს. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მოპასუხისთვის ცნობილია შენობის ავარიულობის თაობაზე, მათი მხრიდან ქმედითი ღონისძიებები არ განხორციელებულა.

ამდენად, მოსარჩელებმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 მაისის №03/8016 წერილის ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის მოსარჩელეების - დ.ა-ის ოჯახის (4 სულიანი ოჯახი) და ზ.გ-ის (1 სული) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით დ.ა-ის და ზ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 მაისის №03/8016 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 დეკემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით, იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“, რომლის მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია.

სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ამ წესის მე-3–მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესმისი საექსპერტო დასკვნით.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებული პირების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა. მითითებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ორ ძირითად წესს განსაზღვრავს: 1) თუ დევნილი ოჯახი დროებით ცხოვრობს უსაფრთხო საცხოვრებელში - ქულათა (ზოგად საჭიროებათა) პრიორიტეტულობის საფუძველზე, თანმიმდევრულად და 2) თუ დევნილი ოჯახი ცხოვრობს, მათ შორის ნგრევად საშიშ შენობაში, სახელმწიფო ქულების მიუხედავად ანიჭებს უპირატესობას დევნილ ოჯახს და უზრუნველყოფს უსაფრთხო საცხოვრებლით. პალატამ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული წესი ცალსახად ითვალისწინებს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში), რაც უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ 2021 წლის 21 აპრილის წერილში (რეგისტრაციის №21644) მოსარჩელეებმა დ.ა-მა და ზ.გ-ემ მიუთითეს, რომ მათი დროებითი ჩასახლების ობიექტი, მდებარე ქ. თბილისი, ...ის ქ. №..., ,,...ის“ შენობა იყო ავარიულ მდგომარეობაში და იქ ცხოვრება საშიში იყო სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისათვის, რაც დასტურდებოდა მათ მიერ წარდგენილი საექსპერტო დასკვნით. განცხადებაში ასევე მითითებული იყო, რომ ოთხ წელზე მეტი დროის განმავლობაში, ადმინისტრაციულ ორგანოში ინახებოდა ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2016 წლის 29 სექტემბერს გაცემული საექსპერტო დასკვნა №5005074116, რომლის თანახმადაც, შენობის ტექნიკური მდგომარეობა ფასდებოდა, როგორც მწვავე ავარიული, საფრთხის შემცველი. ზემოაღნიშნული დასკვნის თანახმად, შენობა აღდგენას არ ექვემდებარება და მომავალში ავარიის მიზნით საჭიროებდა დროულ დემონტაჟს. შენობის ძირითადი კონსტრუქციების საერთო ფიზიკური ცვეთა აღემატება 70% და არსებული სახით შენობის ექსპლუატაცია დაუშვებელია.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 აპრილის №ბს-199(კ-20) განჩინება).

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯერ კიდევ 2018 წლის 09 ნოემბერს გაცემული №01/9351-ს წერილზე. ზემოაღნიშნული წერილით იძულებით გადაადგილებულ პირებს: ე.ჯ-ას, ლ.ჭ-ას, მ.ზ-ას და სხვ; მის: ქ. თბილისი, ...ის გამზ. №..., კორპუსი 2, ეცნობათ, რომ ქ, თბილისში, ...ის გამზ. №...-ში მდებარე კორპ. N2-ში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი განსახლება განხორციელდებოდა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების „დევნილთა საცხოვრებელი უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად დადგენილი კრიტერიუმებისა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის (29.09.2016წ. №005540716) გათვალისწინებით.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მხარეთა მიერ სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ მოსარჩელეები ცხოვრობენ მითითებულ მისამართზე არსებულ ნგრევად ობიექტზე, თუმცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არათუ არ შეიცავს დასაბუთებას, საერთოდ არაა მითითება მოსარჩელეთა ნგრევად ობიექტზე ცხოვრებასთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატისთვის გაუგებარია, ადმინისტრაციული ორგანოს ამგვარი მიდგომა, მოსარჩელეთა საჭიროებების უგულვებელყოფა, როდესაც საქმე ეხება მოსარჩელეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ვინაიდან ნებისმიერი დღით დაყოვნება შესაძლებელია სავალალო აღმოჩნდეს ნგრევად ობიექტში მცხოვრები თითოეული პირისათვის.

სააპელაციო პალატამ საქართველოს კონსტიტუციის 18-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში, დაინტერესებული პირის მოთხოვნასთან დაკავშირებით გამოსცეს შესაბამისი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, რაც განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 მაისის №03/8016 გადაწყვეტილების შინაარსით და წარმოდგენილი წარმოების მასალით არ დასტურდება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო არ ეთანხმება სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ სააგენტომ რეაგირების გარეშე დატოვა მოსარჩელეთა განცხადება. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეებს ამ დრომდე არ მიუმართავთ ადმინისტრაციული ორგანოსთვის შესაბამისი განაცხადით, რომელზე მსჯელობის შესაძლებლობაც ექნებოდათ. კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნა გაცემულია 2016 წელს, ხოლო სადავო ობიექტში მცხოვრებ ოჯახებს მიმართული აქვთ 2018 და 2021 წლებში. კასატორისთვის გაუგებარია თუ ობიექტი დაზიანებული იყო 2016 წელს და იქ ცხოვრებით პირებს ექმნებოდათ საფრთხე, ექსპერტიზის დასკვნის გაცემის პერიოდისთვის რა მიზეზით არ წარმოადგინეს შესაბამისი განცხადებები. კასატორი აცხადებს, რომ დ.ა-ის განაცხადი შეფასებულია 3 ქულით, თუმცა არასაკმარისი ქულის გამო კომისიის მიერ აღნიშნული განაცხადი არ განხილულა. რაც შეეხება მეორე მოსარჩელეს, ზ.გ-ეს, მის ოჯახს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი საერთოდ არ აქვს გაკეთებული. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეებს 21.04.2021წ. განცხადებასთან დაკავშირებით ეცნობათ, რომ ,,ქ. თბილისში, ...ის №...-ში, მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრები დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა განხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების შესაბამისად''. კასატორი მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე შენობას ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები, კერძოდ შეკეთდა სახურავი.

კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოსარჩელეების მოთხოვნას სადავო ობიექტის ნგრევად ობიექტად გამოცხადების თაობაზე. კასატორი აღნიშნავს, რომ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემულ 2016 წლის დასკვნით არ დგინდება, რომ ობიექტი ნგრევადია. კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში არაა წარმოდგენილი ახალი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ქ. თბილისში, ...ის გამზ. №...-ში მდებარე დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტის ნგრევადობაზე პირდაპირ მიუთითებს. კასატორი მიიჩნევს, რომ მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით (სადავო პერიოდში მოქმედი ბრძანება ამჟამად 2021 წლის 8 აპრილის ბრძანება №01-30/ნ რედაქციით). გათვალისწინებულია საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცედურები. ამავე ბრძანებით რეგულირდება საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცედურა და კრიტერიუმები, რომელშიც დევნილის საჭირობებზე მორგებული განსახლების ეტაპებია გათვალისწინებული. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად და არასრულად განმარტა კანონი, არასწორი შეფასება მისცა მხარის ახსნა-განმარტებას, არ გაითვალისწინა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 მაისის №03/8016 წერილის კანონიერება, რომლითაც ზ.გ-ეს ეცნობა, რომ ქ. თბილისში, ...ის გამზ. №...-ში მდებარე დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში მცხოვრები დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა განხორციელდებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად. შესაბამისად, მოსარჩელეები ითხოვენ სიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 მაისის №03/8016 წერილის ბათილად ცნობას და სააგენტოსთვის მოსარჩელეების - დ.ა-ის ოჯახის (4 სულიანი ოჯახი) და ზ.გ-ის (1 სული) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნტის თანახმად, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და პირობებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“, რომლის მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა.

ზემოხსენებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია, ამ წესის შესაბამისად, ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსათვის გადმოცემულ ან სააგენტოს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები. ამავე წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3–მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს: იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

დადგენილია, რომ დ.ა-ი და ზ.გ-ე არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. 2016 წლის 15 აპრილს, დ.ა-მა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებით მიმართა სამინისტროს. განმცხადებელმა ოჯახის შემადგენლობაში მიუთითა მეუღლე - მ.ა-ა, ასევე არასრულწლოვანი შვილები - ს... და ნ... ა-ები. განმცხადებელმა ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მიუთითა: ქ. თბილისი, ...ის №..., კორპ. №2, ბინა №25.

დ.ა-ის ოჯახის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმით დგინდება, რომ ოჯახს მიენიჭა - 3 ქულა (საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში, სარდაფში ან მსგავსი ტიპის იმ არასაცხოვრებელ ფართში, რომლის საცხოვრებელ ფართად გარდაქმნა შეუძლებელია) - 2 ქულა; 18 წლამდე ასაკის წევრები -2 არასრულწლოვანი - 1 ქულა).

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, 2016 წლის 29 სექტემბერს მომზადებული №005540716 დასკვნით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ...ის გამზ. №...-ში მდებარე ორსართულიანი №2 კორპუსის ტექნიკური მდგომარეობა მწვავე ავარიულია: შენობის ძირითადი კონსტრუქციების საერთო ფიზიკური ცვეთა აღემატება 70%-ს და არსებული სახით შენობის ექსპლუატაცია დაუშვებლად მიაჩნიათ. დასკვნაში მითითებულია, რომ კორპუსთან დაკავშირებით 2014 წელს გაცემული საექსპერტო დასკვნის მიხედვით, შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებლად იყო შეფასებული, ხოლო მისი ექსპლუატაცია დაუშვებელია. დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ ვიზუალური გამოკვლევისას დადგინდა, რომ შენობა მთლიანობაში დეფორმირებულია. წინა ექსპერტიზისას გამოვლენილი დაზიანებები მნიშვნელოვნად განვითარდა და დღეისათვის საკვლევი შენობის ტექნიკური მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს მხოლოდ როგორც მწვავე ავარიული, შენობა საფრთხის შემცველია, აღდგენას არ ექვემდებარება და მომავალში ავარიის აცილების მიზნით საჭიროებს დროულ დემონტაჟს.

2021 წლის 21 აპრილს ქ. თბილისში, ...ის გამზ. №...-ში დროებით მცხოვრებმა აფხაზეთიდან დევნილმა პირებმა, მათ შორის დ.ა-მა და ზ.გ-ემ განცხადებით მიმართეს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საცხოვრებელი ბინიდან გაყვანისა და საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მოთხოვნით.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 მაისის №03/8016 წერილით, ზ.გ-ეს ეცნობა, რომ ქ. თბილისში, ...ის გამზ. №...-ში მდებარე დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში მცხოვრები დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა განხორციელდებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. სკ-ის 102.1 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთაა ჩვენებით, ფაქტების კონსტანტაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული ზემოაღნიშნული წესი ცალსახად ითვალისწინებს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში), რაც უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დავა გადაწყვეტილია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, რაც გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

სზაკ-ის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია: ა) დაინტერესებული პირის განცხადება; ბ) ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება - გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაიწყება განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან. მითითებული კოდექსის 77-ე მუხლის შესაბამისად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, განცხადება შეტანილი უნდა იქნეს იმ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელიც უფლებამოსილია გადაწყვიტოს განცხადებაში დასმული საკითხი და გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოება უნდა დაიწყოს განცხადების რეგისტრაციის მომენტისათვის და ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში, დაინტერესებული პირის მოთხოვნასთან დაკავშირებით გამოსცეს შესაბამისი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

სზაკ-ის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მტკიცებას მასზედ, რომ 2016 წელს ექსპერტიზის დასკვნის არსებობის პირობებში, მოსარჩელემ არ მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე. დადგენილია, რომ დ.ა-მა 2016 წლის 15 აპრილს მიმართა სამინისტროს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 21.04.2021წ. განცხადებით მოთხოვნილი იქნა ქ. თბილისში, ...ის გამზ. №...-ში დროებით მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი პირების, მათ შორის დ.ა-ის და ზ.გ-ის საცხოვრებელი ბინიდან გაყვანა და საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება, ზემოაღნიშნულ განცხადებას ერთვოდა ექსპერტიზის დასკვნა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლო მოსაზრებას მასზედ, რომ გასაჩივრებული აქტი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს დევნილი პირების მოთხოვნასთან დაკავშირებით გამოცემულ დასაბუთებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტად, რადგან შეიცავს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის თაობაზე მხოლოდ ზოგად მითითებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ შეფასების მიღმა დატოვა განმცხადებელთა მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯერ კიდევ 2018 წლის 09 ნოემბერს გაცემულ №01/9351-ს წერილზე, რომლითაც იძულებით გადაადგილებულ პირებს: ე.ჯ-ას, ლ.ჭ-ას, მ.ზ-ას და სხვ; მის: ქ. თბილისი, ...ის გამზ. N..., კორპუსი 2, ეცნობათ, რომ ქ, თბილისში, ...ის გამზ. №...-ში მდებარე კორპ. N2-ში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი განსახლება განხორციელდება მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების „დევნილთა საცხოვრებელი უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად დადგენილი კრიტერიუმებისა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის (29.09.2016წ. №005540716) გათვალისწინებით. საქართველოს კონსტიტუციის 11.1 მუხლის თანახმად, ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თანასწორობის უფლება სწორედ არსებითად თანასწორის მიმართ უთანასწორო მიდგომის გამორიცხვას გულისხმობს.

საქართველოს კონსტიტუციის 18-ე მუხლით გარანტირებულია სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების პრინციპის დაცვაზე, რომლის თანახმადაც, ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში, დაინტერესებული პირის მოთხოვნასთან დაკავშირებით გამოსცეს შესაბამისი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი. განსახილველ შემთხვევაში, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 2021 წლის 20 მაისის №03/8016 წერილით არ დაკმაყოფილა განმცხადებლების მოთხოვნა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 29 სექტემბრის №5005074116 საექსპერტო დასკვნა შეფასებული და გამოკვლეული არ ყოფილა. საგულისხმოა, რომ ექსპერტიზის დასკვნით ცალსახად დგინდება საცხოვრებელი ობიექტის მაღალი საფრთხისშემცველობა იქ მცხოვრები ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ადმინისტრაციულმა ორგანომ ყურადღება უნდა გაამახვილოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 29 სექტემბრის №005540716 დასკვნაზე, მითუფრო შენობის ავარიულ მდგომარეობაზე თავად ადმინისტრაციული ორგანოც მიუთითებს. დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპერტამენტის უფროსის 2021 წლის 29 დეკემბრის №03-13449 წერილით დგინდება, რომ თბილისში, ...ის გამზ. N... „ა“- ში მდებარე შენობა (...), სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 29.09.2016 წელს მომზადებული №005540716 დასკვნის შესაბამისად, იმ პერიოდის ნუმერაციით 2 კორპუსის (ახლანდელი „ა") ტექნიკური მდგომარეობა მწვავე ავარიულია, ძირითადი კონსტრუქციების საერთო ფიზიკური ცვეთა აღემატება 70%-ს და არსებული სახით ექსპლუატაცია დაუშვებელია; დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტი არ ფლობს ინფორმაციას აღნიშნულ შენობას ჩაუტარდა თუ არა სარემონტო - სარეაბილიტაციო სამუშაოები, თუმცა მაპ-ის მიხედვით, სავარაუდოდ განხორციელდა შენობის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის პრეტენზიას მასზედ, რომ მოსარჩელების მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა 2016 წელსაა გაცემული, ვინაიდან შენობის ნორმალურ მდგომარეობაში ყოფნის დადასტურება ადმინისტრაციული ორგანოს მტკიცების საგანია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნგრევად ობიექტში დევნილის ცხოვრებისას მისი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველოფის საკითხის პრიორიტეტულად გადაწყვეტა კანონმდებლის მიზანია. შესაბამისად მოპასუხის ქმედება არათავსებადია დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესთან.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 3.1 მუხლზე, რომლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ბავშვის უფლებათა კოდექსის 5.3 მუხლის მიხედვით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. იმავე კოდექსის 5.6 მუხლის შესაბამისად, ბავშვის უფლებებზე გავლენის მომხდენი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს, ხოლო ქმედება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების საფუძველზე. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დ.ა-თან ერთად საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ასევე მის არასრუწლოვან შვილებს. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ხელახალი წარმოების ფარგლებში უნდა უზრუნველყოს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევა და სადავო საკითხთან დაკავშირებით გამოსცეს ახალი დასაბუთებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების საჭიროებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 დეკემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაეს სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა