საქმე #ბს-340(კ-23) 15 ივნისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2020 წლის 19 ნოემბერს თ. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დროებითი კომისიისა (თავმჯდომარე - ი. მ-ი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 6 აგვისტოს #I72001826805 გადაწყვეტილებისა და მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 1 აგვისტოს #1776462 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალის (დეპარტამენტის) საარქივო და სარეგისტრაციო მონაცემთა დამუშავების ჯგუფის უფროსის ინსპექტორის პოლიციის მაიორის ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და მის სასარგებლოდ მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალისათვის იძულებითი განაცდურის გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 1439 ლარის ოდენობით გადახდის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 ნოემბრის განჩინებით თ. ა-ის სარჩელი გადაეგზავნა განსჯად - რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
2021 წლის 27 იანვარს თ. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 1 დეკემბრის #... ბრძანებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 5 იანვრის #MIA 82100024239 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, თ. ა-ის სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალის (დეპარტამენტის) საარქივო და სარეგისტრაციო მონაცემთა დამუშავების ჯგუფის უფროსის ინსპექტორის პოლიციის მაიორის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 თებერვლის განჩინებით თ. ა-ის სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 აპრილის განჩინებით #3-304-20 და #3-27-21 ადმინისტრაციული საქმეები თ. ა-ის სარჩელის გამო, მოპასუხე სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დროებითი კომისიისა (თავმჯდომარე - ი. მ-ი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით, გაერთიანდა და მიენიჭა #3-304-20.
სარჩელის დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 6 აგვისტოს #MIA72001826805 გადაწყვეტილების, თანამდებობიდან განთავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 1 აგვისტოს #1776462 ბრძანებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის 2020 წლის 3 ნოემბრის #MIA12002591692 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, თ. ა-ის სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალის (დეპარტამენტის) საარქივო და სარეგისტრაციო მონაცემთა დამუშავების ჯგუფის უფროსის ინსპექტორის პოლიციის მაიორის ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა, მისთვის გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში იძულებითი განაცდურის, თვეში 1 439 ლარის ოდენობით ანაზღაურება მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 1 დეკემბრის #... ბრძანებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 5 იანვრის #MIA 82100024239 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, 2020 წლის 1 აგვისტოს ბრძანებით სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალის (დეპარტამენტის) საარქივო და სარეგისტრაციო მონაცემთა დამუშავების ჯგუფის უფროსი ინსპექტორი, პოლიციის მაიორი თ. ა-ი განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში. აღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად ედო 2020 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 4 აგვისტოს სხდომა ჩატარდა სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ იმ მიზნით, რომ უფროსი ინსპექტორის 6 დაკავებული თანამდებობიდან დაკავებული თანამდებობის ოდენობა 5 უფროსი ინსპექტორის პოზიციამდე შემცირებულიყო. კომისიაში შედიოდა 7 წევრი, რომელთაგან 4 იყო კომისიის წევრი, ხოლო დანარჩენი სამი - სპეციალურად მოწვეული წევრები. ჩატარებული კომისიის სხდომის შედეგად, კომისიის თითოეულმა წევრმა თავისი შეხედულებისამებრ შეაფასა მონაწილეები. შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენდა: განათლება/კვალიფიკაცია; სამუშაო გამოცდილება; სამართლებრივი აქტების მცოდნა, არგუმენტაცია და პოზიციის დასაბუთება; მოტივაცია; კომუნიკაციის უნარი; ანალიტიკური აზროვნების უნარი; დეტალებზე ორიენტირებულობა. აღნიშნულ კრიტერიუმებში ქულათა შეფასების მაქსიმუმს წარმოადგენდა 5 ქულა. თ. ა-ს სამუშაო გამოცდილებაში საშუალოდ უწერია 3 ქულა, რაც ცალსახად დაბალია იმ ადამიანისათვის, რომელიც 2004 წლის 29 ივლისიდან მუშაობს და იკავებს შესაბამის თანამდებობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში. გაურკვეველია, სამუშაო გამოცდილების შეფასების დროს რა კრიტერიუმით იხელმძღვანელეს, მაშინ, როდესაც მოსარჩელეს აქვს შსს ორგანოებში მუშაობის 16-წლიანი სტაჟი. ამ ხნის განმავლობაში, მას მიღებული აქვს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი მუშაობისათვის მადლობა და მადლობის სიგელი. ამასთან, მას არ ჰქონია არც ერთი გადაცდომა და არც ერთხელ მიუღია სარეკომენდაციო ბარათიც კი.
სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 1 დეკემბრის #... ბრძანებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში მყოფი - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ყოფილი რუსთავის ცენტრალური ფილიალის (დეპარტამენტი) საარქივო და სარეგისტრაციო მონაცემთა დამუშავების ჯგუფის უფროსი ინსპექტორი, პოლიციის მაიორი თ. ა-ი დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2020 წლის 2 დეკემბრიდან. მითითებული ბრძანება მოსარჩელის მიერ ერთჯერადად გასაჩივრდა, რაზეც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის 2021 წლის 5 იანვრის #MIA 82100024239 გადაწყვეტილებით განემარტა აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად სასამართლოსთვის მიმართვის შესახებ.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის განჩინებით სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 6 აგვისტოს #MIA72001826805 გადაწყვეტილების, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 1 აგვისტოს #1776462 თანამდებობიდან განთავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ ბრძანების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის 2020 წლის 3 ნოემბრის #MIA12002591692 გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ნოემბრის განჩინებით თ. ა-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის განჩინება და სარჩელის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 მარტის საოქმო განჩინებით მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის 2020 წლის 3 ნოემბრის #MIA12002591692 და 2021 წლის 5 იანვრის #MIA 82100024239 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით თ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შეწყდა საქმის წარმოება ადმინისტრაციულ საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 3 ნოემბრისა და 2021 წლის 5 იანვრის წერილების ბათილად ცნობის ნაწილში; აღნიშნულ ნაწილში გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით თ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; თ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 აპრილის საოქმო განჩინების (შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში) გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედეგობრივი თვალსაზრისით, თუმცა არ დაეთანხმა სამოტივაციო ნაწილში განვითარებულ მსჯელობას და მის საფუძველზე საკითხის გადაწყვეტას. შესაბამისად, სამოტივაციო ნაწილის შეცვლით პალატამ მიიღო არსებითად ახალი გადაწყვეტილება, რომელიც შედეგობრივი თვალსაზრისით ემთხვევა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე, მოსარჩელე თ. ა-ის წარმომადგენლის მიერ დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნა დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში და საბოლოოდ, მან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის თ. ა-ის ყოფილი პოზიციებისა და გამოცდილების, კვალიფიკაციის გათვალისწინებით, მისი შესაფერის ვაკანტურ პოზიციაზე დანიშვნისა და მის განთავისუფლებამდე არსებულ თანამდებობაზე აღდგენის დავალება მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ა-ი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული საჯარო მოსამსახურე - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალის (დეპარტამენტი) საარქივო და სარეგისტრაციო მონაცემთა დამუშავების ჯგუფის უფროსი ინსპექტორი, პოლიციის მაიორი, რომელიც სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 1 აგვისტოს #1776462 ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში 2020 წლის 1 აგვისტოდან. ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი (შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება), მე-2 და მე-4 პუნქტები, 74-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 თებერვლის #24 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ და „ი“ ქვეპუნქტები.
საქმის მასალებით, კერძოდ, მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის პირველი მარტის #495167 ბრძანებიდან ამონაწერით (2020 წლის 31 ივლისის მდგომარეობით) სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალის საარქივო და სარეგისტრაციო მონაცემთა დამუშავების ჯგუფში იყო 12 საშტატო ერთეული, ხოლო სულ სააგენტოში - 686. მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის პირველი მარტის #495167 ბრძანებიდან ამონაწერის თანახმად (2020 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით) დადგენილია, რომ მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის საარქივო და სარეგისტრაციო მონაცემთა დამუშავების ჯგუფში არის 11 საშტატო ერთეული, ხოლო სულ სააგენტოში - 678. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ როგორც საარქივო და სარეგისტრაციო მონაცემთა დამუშავების ჯგუფში, ასევე, მომსახურების სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ერთეულებშიც სახეზე იყო საშტატო ერთეულების შემცირების ფაქტი.
სააპელაციო პალატის მითითებით, თ. ა-ის კადრების განკარგულებაში აყვანის საფუძველს, რომელსაც შემდგომში მისი სამსახურიდან დათხოვნა მოჰყვა, წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული რეორგანიზაცია, რომელსაც მოჰყვა შტატების შემცირება. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა იმ სტრუქტურული ერთეულის თანამდებობის გაუქმებას და ახლიდან ჩამოყალიბებას, რომელშიც მოსარჩელეს ეკავა საარქივო და სარეგისტრაციო მონაცემთა დამუშავების ჯგუფის უფროსი ინსპექტორის თანამდებობა.
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 1 დეკემბრის #... ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ, საგულისხმო იყო, რომ მითითებული ბრძანებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში მყოფი - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ყოფილი რუსთავის ცენტრალური ფილიალის (დეპარტამენტი) საარქივო და სარეგისტრაციო მონაცემთა დამუშავების ჯგუფის უფროსი ინსპექტორი, პოლიციის მაიორი თ. ა-ი დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ იმ პირობებში, როდესაც კანონშესაბამისად იქნა მიჩნეული თ. ა-ის კადრების განკარგულებაში აყვანა და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 1 აგვისტოს #1776462 ბრძანება, ასევე, იმ პირობებში, როდესაც კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში, შრომითი მოწყობის საკითხზე უარი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასაბუთებული იყო, კანონშესაბამისი იყო სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 1 დეკემბრის #... ბრძანება თ. ა-ის შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ.
რაც შეეხება სამსახურში აღდგენის, ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნისა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალების შესახებ სასარჩელო მოთხოვნებს, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც კანონიერად იქნა მიჩნეული გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, არ არსებობდა მითითებულ ნაწილში მოთხოვნების დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, სამსახურში აღდგენისა და ვაკანტურ თანამდებობაზე სამსახურში დანიშვნის შესახებ მოთხოვნები გამორიცხავდა ერთმანეთს.
რაც შეეხება რუსთავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 აპრილის განჩინებას, რომლითაც თ. ა-ს ნაწილობრივ უარი ეთქვა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, სააპელაციო პალატის მითითებით, დადგენილი იყო, რომ მოსარჩელე მხარემ 2022 წლის 22 მარტს შუამდგომლობით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და ინფორმაციის გამოთხოვა მოითხოვა, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილიყო ინფორმაცია რეორგანიზაციის შედეგად 2020 წლის ივლის-აგვისტოში, გაუქმდა თუ არა სხვა თანამდებობები და აღნიშნულ თანამდებობებზე დანიშნულ პირებს შეეთავაზათ თუ არა სხვა ალტერნატიული ვაკანსიები. მოსარჩელემ, ასევე, სსიპ მომსახურების სააგენტოდან თ. ა-ის პირადი საქმის გამოთხოვა, მოწმის სახით სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დროებითი კომისის თავმჯდომარისა და კომისიის წევრების დაკითხვა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან თ. ა-ის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისი ვაკანტური თანამდებობების სრული ჩამონათვალის 2020 წლის აგვისტოდან დეკემბრის თვემდე პერიოდში და იმ დროისათვის არსებული მდგომარეობით გამოთხოვა მოითხოვა.
რუსთავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 აპრილის განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ი. მ-ის, თ. ქ-ას და ჯ. ჯ-ას მოწმის სახით დაკითხვის ნაწილში. ამასთან, სსიპ მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილ იქნა თ. ა-ის პირადი საქმე და ინფორმაცია 2020 წლის აგვისტოდან მიმდინარე პერიოდამდე თ. ა-ის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისი ვაკანტური თანამდებობების სრული ჩამონათვალის შესახებ. დანარჩენ ნაწილში შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, ასევე, 105-ე მუხლზე და განმარტა, რომ გასაჩივრებული ბრძანებ(ებ)ის კანონიერებასა და თითოეულ სასარჩელო მოთხოვნაზე მსჯელობის ფარგლებში, გამოკვლეულ იქნა საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულება. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სსიპ მომსახურების სააგენტოდან რეორგანიზაციის შედეგად 2020 წლის ივლის-აგვისტოში სხვა თანამდებობების გაუქმებისა და ამ თანამდებობაზე მყოფი პირებისათვის სხვა ალტერნატიული ვაკანსიების შეთავაზების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის საჭიროება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია გათავისუფლების საფუძვლად 2013 წლის 31 დეკემბრის #995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი (კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო), რადგან სამსახურიდან გათავისუფლება როგორც ფაქტობრივად, ასევე, სამართლებრივად განხორციელდა 2020 წლის 1 აგვისტოს #1776462 ბრძანებით, რომლითაც სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად მიეთითა ზემოაღნიშნული წესის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი - შტატების შემცირება ან რეორგანიზაცია, რასაც თან სდევს შტატების შემცირება.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს კვლევის საგანი უნდა ყოფილიყო ის, თუ რამდენად სწორად გათავისუფლდა საჯარო მოხელე დაკავებული თანამდებობიდან, რამდენად კანონიერი იყო რეორგანიზაცია. ამ საკითხის კვლევის პროცესში, სასამართლოს უნდა დაედგინა: გაუქმდა თუ არა პოზიცია, რომელსაც მოხელე იკავებდა, ხოლო თუკი გაუქმდა, გამოიწვია თუ არა იგი სამუშაოს მოცულობის შემცირებამ; მოვალეობებს, რომლებსაც იგი ასრულებდა, აღარავინ ასრულებს თუ გადანაწილდა სხვა დასაქმებულთა მოვალეობებში; თუ მოხელის მიერ შესასრულებელ საქმეებს სხვები ასრულებენ, მაშინ რატომ გახდა მხოლოდ ერთი თანამშრომლის გაშვება აუცილებელი? კასატორი მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში, სასამართლო ამოწმებს სახელფასო ფონდის მოცულობას და თუკი ერთი მხრივ, სახელფასო ფონდი არ მცირდება, ხოლო, მეორე მხრივ, შესასრულებელი სამუშაოები სხვებზე ნაწილდება, სახეზეა უკანონო დათხოვნა და დისკრიმინაციად წოდებული პირადი ინტერესი.
კასატორის შეფასებით, სასამართლო ვალდებული იყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 და 201 მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, საკუთარი ინიციატივით ძირეულად გამოერკვია ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების კანონიერება, თავად გამოეთხოვა ინფორმაცია სახელფასო ფონდის შესახებ, კონფიდენციალური ინფორმაცია სხვა დასაქმებულის მიმართ განხორციელებული შეთავაზების შესახებ და დაედგინა, რა კრიტერიუმებით ან თვისებებით მიენიჭა უპირატესობა სხვა დასაქმებულებს და არ იქნა მხედველობაში მიღებული მისი გამოცდილება, ნამსახურების წლები, ცოდნა, ჩინი და სხვა პიროვნული მახასიათებლები.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არამართებულად გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა თადარიგში ყოფნის ვადის გასვლა, რადგან სააგენტოს 2020 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებაში იკითხება, რომ დათვლილ იქნა კადრების განკარგულებაში მყოფი სააგენტოს თითოეული „ყოფილი მოსამსახურის/კანდიდატის“ ქულები, რითაც, კასატორის შეფასებით, დამსაქმებელი ადმინისტრაციული ორგანო თავადვე ადასტურებს, რომ თადარიგში მყოფი თ. ა-ი უკვე ყოფილი თანამშრომელი იყო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ა-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ, სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილი იყო სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 6 აგვისტოს #MIA72001826805 გადაწყვეტილების, თანამდებობიდან განთავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 1 აგვისტოს #1776462 ბრძანებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის 2020 წლის 3 ნოემბრის #MIA12002591692 გადაწყვეტილების, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 1 დეკემბრის #... ბრძანებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 5 იანვრის #MIA 82100024239 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, თ. ა-ის სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალის (დეპარტამენტის) საარქივო და სარეგისტრაციო მონაცემთა დამუშავების ჯგუფის უფროსის ინსპექტორის პოლიციის მაიორის ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და მისთვის გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში იძულებითი განაცდურის, თვეში 1 439 ლარის ოდენობით ანაზღაურების დავალება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე, მოსარჩელე თ. ა-ის წარმომადგენლის მიერ დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნა დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში და საბოლოოდ, მან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის თ. ა-ის ყოფილი პოზიციებისა და გამოცდილების, კვალიფიკაციის გათვალისწინებით, მის შესაფერის ვაკანტურ პოზიციაზე დანიშვნისა და მის განთავისუფლებამდე არსებულ თანამდებობაზე აღდგენის დავალება მოითხოვა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის განჩინებით თ. ა-ის სასარჩელო მოთხოვნებზე - შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 3 ნოემბრისა და 2021 წლის 5 იანვრის წერილების ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება. აღნიშნული განჩინება მხარეთა მიერ არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების მიზნებისთვის, ითვალისწინებს სასარჩელო მოთხოვნებს, მოთხოვნათა საბოლოო ფორმულირებას და იმსჯელებს მათზე.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ თ. ა-ი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული საჯარო მოსამსახურე, პოლიციის მაიორი, რომლის სამართლებრივ მდგომარეობას განსაზღვრავს „პოლიციის შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონები. ამასთან, „პოლიციის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო. ამავე კანონის 42-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, კი პოლიციელის კადრების განკარგულებაში აყვანა ხორციელდება შტატების შემცირების ან რეორგანიზაციის დროს. კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად.
დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 1 აგვისტოს #1776462 ბრძანებით სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალის (დეპარტამენტი) საარქივო და სარეგისტრაციო მონაცემთა დამუშავების ჯგუფის უფროსი ინსპექტორი, პოლიციის მაიორი თ. ა-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში 2020 წლის 1 აგვისტოდან. ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი (შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება), მე-2 და მე-4 პუნქტები, 74-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 თებერვლის #24 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ და „ი“ ქვეპუნქტები.
საქმის მასალებით, კერძოდ, მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის პირველი მარტის #495167 ბრძანებიდან ამონაწერით (2020 წლის 31 ივლისის მდგომარეობით) დადგენილია, რომ მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალის საარქივო და სარეგისტრაციო მონაცემთა დამუშავების ჯგუფში იყო 12 საშტატო ერთეული, ხოლო სულ სააგენტოში - 686. მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის პირველი მარტის #495167 ბრძანებიდან ამონაწერით (2020 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით) დადგენილია, რომ მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის საარქივო და სარეგისტრაციო მონაცემთა დამუშავების ჯგუფში არის 11 საშტატო ერთეული, ხოლო სულ სააგენტოში - 678.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ როგორც საარქივო და სარეგისტრაციო მონაცემთა დამუშავების ჯგუფში, ასევე, მომსახურების სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ერთეულებშიც სახეზეა საშტატო ერთეულების შემცირების ფაქტი.
აქვე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით, შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თ. ა-ის კადრების განკარგულებაში აყვანის საფუძველს, რომელსაც შემდგომში მისი სამსახურიდან დათხოვნა მოჰყვა, წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული რეორგანიზაცია, რომელსაც მოჰყვა შტატების შემცირება. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ადგილი ჰქონდა იმ სტრუქტურული ერთეულის თანამდებობის გაუქმებას და ახლიდან ჩამოყალიბებას, რომელშიც მოსარჩელეს ეკავა საარქივო და სარეგისტრაციო მონაცემთა დამუშავების ჯგუფის უფროსი ინსპექტორის თანამდებობა.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 1 აგვისტოს #1776462 (თანამდებობიდან განთავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ) ბრძანების კანონშეუსაბამობის თაობაზე და მის საწინააღმდეგოდ, იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაწყებული რეორგანიზაციის პროცესი შტატების შემცირებით.
რაც შეეხება კასატორის მიერ სადავოდ ქცეულ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 6 აგვისტოს #MIA72001826805 გადაწყვეტილებას, აღნიშნულით განხორციელდა გასათავისუფლებელი მოსამსახურის იდენტიფიცირება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში დროებითი კომისიის შექმნის, მისი უფლებამოსილებისა და კომისიის მიერ რეორგანიზაციისას გასათავისუფლებელი მოსამსახურის იდენტიფიცირების წესის თაობაზე“ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 21 ივლისის #49/54 ბრძანებით შექმნილი სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალის (დეპარტამენტი) საარქივო და სარეგისტრაციო მონაცემთა დამუშავების ჯგუფში რეორგანიზაციის შედეგად შტატის შემცირებასთან დაკავშირებით, გასათავისუფლებელი მოსამსახურის იდენტიფიცირების მიზნით დროებითი კომისიის სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 6 აგვისტოს #MIA72001826805 გადაწყვეტილებით დროებითი კომისიის (შემდგომში - კომისია) მიერ 2020 წლის 4 აგვისტოს ჩატარებული სხდომის შედეგად, შეფასებული (ბრძანებით დამტკიცებული „მოსამსახურეთა პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასების ფორმები“ (დანართი #2) #1 ფორმით) კადრების განკარგულებაში მყოფი თითოეული სააგენტოს ყოფილი მოსამსახურის/კანდიდატის ქულები დათვლილ იქნა და შეჯამდა 2020 წლის 5 აგვისტოს კომისიის წევრების მოწვეული წევრების მიერ #2 ფორმებით (ბრძანებით დამტკიცებული „მოსამსახურეთა პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასების ფორმები“ (დანართი #2)). თ. ა-ის შეფასების ქულამ შეადგინა 16.9.
საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ კომისიის გადაწყვეტილებით წარდგენილ იქნა დაბალი ქულების მქონე კანდიდატი - სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალის (დეპარტამენტი) საარქივო და სარეგისტრაციო მონაცემთა დამუშავების ჯგუფის (2020 წლის პირველი აგვისტოდან სააგენტოს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამმართველოს საარქივო სარეგისტრაციო მონაცემთა დამუშავების ჯგუფი) რეორგანიზაციის შედეგად შტატის შემცირების საფუძველზე, გასათავისუფლებლად იდენტიფიცირებული კადრების განკარგულებაში მყოფი სააგენტოს ყოფილი მოსამსახურე - თ. ა-ი.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის იმ განმარტებაზე, რომ როდესაც შტატები სრულად არ უქმდება და ფუნქციურად იცვლება, გათავისუფლებაზე უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, ერთსა და იმავე პოზიციაზე დანიშნული რომელი მოხელე გაათავისუფლოს და რომელი დატოვოს თანამდებობაზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე და მე-6 მუხლზე, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებაზე (საქმე #ბს-797(კ-18)), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,...ექსპერტებით დაკომპლექტებული კოლეგიური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემოწმება სასამართლოში ხდება კანონიერების და არა მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, მიზანშეწონილობის მოსაზრებებს არ აქვთ პრიორიტეტული მნიშვნელობა კანონიერების მოთხოვნებთან. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სასამართლო კონტროლი შეზღუდულია ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპით, სასამართლო ვერ იქცევა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოდ და თავად ვერ განახორციელებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კომისიის უფლებამოსილებაში ჩარევით სასამართლო მთლიანად შეცვლიდა საგამოცდო კომისიას, გადაიქცეოდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოდ, ხოლო ადმინისტრაციული ორგანო შებოჭილი იქნებოდა არა კანონით, არამედ სასამართლოს მიხედულებით.“
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის #ბს-166-165(კ-16) გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „რეორგანიზაცია შტატების შემცირებით საკანონმდებლო რეგულაციის დონეზე იძლევა თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველს. შტატების შემცირება არის დაწესებულების საქმიანობის ოპტიმიზაციის, მისი კვალიფიკაციური კადრის დაკომპლექტების ერთ-ერთი ღონისძიება. შტატების შემცირების გამო მოხელის სამსახურიდან დათხოვნა, უკავშირდება მუშაკთა უნარ-ჩვევების შეფასების უფლებამოსილებას, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს უქმნის დისკრეციის, შეფასების თავისუფლების ფართო არეალს. შტატების შემცირების პირობებში ადმინისტრაციულ ორგანოს ენიჭება დისკრეცია, მოახდინოს თანამშრომელთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შრომის დისციპლინის და ა.შ ადეკვატური, ობიექტური შეფასება და მიიღოს შესაბამისი მოტივირებული გადაწყვეტილება.“
ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ შეფასების პროცესში დარღვევების არარსებობის პირობებში, არ არსებობს შეფასებაში ეჭვის შეტანის ვარაუდი. შესაბამისად, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 6 აგვისტოს #MIA72001826805 გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძვლები. რაც შეეხება კასატორის იმ მოსაზრებას, რომ გასაუბრების ეტაპზე დასმული კითხვები არ შეესაბამებოდა ცოდნის და პროფესიული უნარ-ჩვევების შემოწმებას, აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც შექმნიდა დამაჯერებელ ვარაუდს მოსარჩელის მიმართ განხორციელებული შეფასების უსამართლოდ მიჩნევისათვის, თ. ა-ის მიერ არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში არ წარდგენილა.
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 1 დეკემბრის #... ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ, საგულისხმოა, რომ მითითებული ბრძანებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში მყოფი - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ყოფილი რუსთავის ცენტრალური ფილიალის (დეპარტამენტი) საარქივო და სარეგისტრაციო მონაცემთა დამუშავების ჯგუფის უფროსი ინსპექტორი, პოლიციის მაიორი თ. ა-ი დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
ბრძანების მიღების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი (კადრების განკარგულებაში ყოფნის გასვლის გამო), 37-ე მუხლი, 74-ე მუხლის პირველი პუნქტი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 თებერვლის #24 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ და „ი“ ქვეპუნქტები, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2020 წლის პირველი აგვისტოს #1776462 ბრძანების მე-3 პუნქტი.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში პოლიციელს, სამხედრო მოსამსახურეს, საჯარო მოხელესა და სამოქალაქო პირს 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ფულადი სარგო (მხოლოდ თანამდებობრივი და წოდებრივი სარგო) ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად. რაც შეეხება ამავე წესის 37-ე მუხლს, მასში მითითებულია, რომ კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხდება სამინისტროს პოლიციელის, სამხედრო მოსამსახურის, საჯარო მოხელისა და სამოქალაქო პირის დათხოვნა სამინისტროდან.
საკასაციო სასამართლო განმეორებით აღნიშნავს, რომ მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალის (რეორგანიზაციის შემდგომ რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტი) საარქივო და სარეგისტრაციო მონაცემთა დამუშავების ჯგუფში საშტატო ერთეულები შემცირდა ერთით, გასათავისუფლებელი მოსამსახურის იდენტიფიცირების (ე.ი. დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად მოსამსახურეთა შეფასების) კომპეტენცია გააჩნდა მომსახურების სააგენტოს დროებით კომისიას, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის სარეკომენდაციო ხასიათის. აღნიშნული გადაწყვეტილება არ გამხდარა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველი გახდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი (კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო).
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ იმ პირობებში, როდესაც კანონშესაბამისად იქნა მიჩნეული თ. ა-ის კადრების განკარგულებაში აყვანა და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 1 აგვისტოს #1776462 ბრძანება, ასევე, იმ პირობებში, როდესაც კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში, შრომითი მოწყობის საკითხზე უარი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასაბუთებულია, კანონშესაბამისია სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 1 დეკემბრის #... ბრძანება თ. ა-ის შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ.
რაც შეეხება სამსახურში აღდგენის, ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნისა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალების შესახებ სასარჩელო მოთხოვნებს, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ იმ პირობებში, როდესაც კანონიერად იქნა მიჩნეული გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, არ არსებობს მითითებულ ნაწილში მოთხოვნების დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, სამსახურში აღდგენისა და ვაკანტურ თანამდებობაზე სამსახურში დანიშვნის შესახებ მოთხოვნები გამორიცხავს ერთმანეთს.
საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შეფასდა თ. ა-ის მოთხოვნა რუსთავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 აპრილის განჩინების იმ ნაწილში გაუქმების თაობაზე, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. საკასაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ 2022 წლის 22 მარტს შუამდგომლობით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და ინფორმაციის გამოთხოვა მოითხოვა, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილიყო ინფორმაცია რეორგანიზაციის შედეგად 2020 წლის ივლის-აგვისტოში, გაუქმდა თუ არა სხვა თანამდებობები და აღნიშნულ თანამდებობებზე დანიშნულ პირებს შეეთავაზათ თუ არა სხვა ალტერნატიული ვაკანსიები. მოსარჩელემ, ასევე, სსიპ მომსახურების სააგენტოდან თ. ა-ის პირადი საქმის გამოთხოვა, მოწმის სახით სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დროებითი კომისის თავმჯდომარისა და კომისიის წევრების დაკითხვა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან თ. ა-ის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისი ვაკანტური თანამდებობების სრული ჩამონათვალის 2020 წლის აგვისტოდან დეკემბრის თვემდე პერიოდში და იმ დროისათვის არსებული მდგომარეობით გამოთხოვა მოითხოვა.
რუსთავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 აპრილის განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ი. მ-ის, თ. ქ-ას და ჯ. ჯ-ას მოწმის სახით დაკითხვის ნაწილში. ამასთან, სსიპ მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილ იქნა თ. ა-ის პირადი საქმე და ინფორმაცია 2020 წლის აგვისტოდან მიმდინარე პერიოდამდე თ. ა-ის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისი ვაკანტური თანამდებობების სრული ჩამონათვალის შესახებ. დანარჩენ ნაწილში შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, ასევე, 105-ე მუხლის გათვალისწინებით, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ გასაჩივრებული ბრძანებ(ებ)ის კანონიერებასა და თითოეულ სასარჩელო მოთხოვნაზე მსჯელობის ფარგლებში, გამოკვლეულ იქნა საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ არ არსებობდა დამატებით სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან რეორგანიზაციის შედეგად 2020 წლის ივლის-აგვისტოში სხვა თანამდებობების გაუქმებისა და ამ თანამდებობაზე მყოფი პირებისათვის სხვა ალტერნატიული ვაკანსიების შეთავაზების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის საჭიროება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა