Facebook Twitter

საქმე №ბს-208(კ-23) 20 ივნისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოსარჩელეები) - ე. ბ-ი, ლ. ბ-ი, ნ. წ-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. ბ-მა, ლ. ბ-მა და ნ. წ-ამ 2020 წლის 16 ოქტომბერს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვეს „ნ. წ-ასთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ“ სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 17 სექტემბრის №03-1767/ო ბრძანების, „ე. ბ-ისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ“ სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 17 სექტემბრის №03-1768/ო ბრძანებისა და „ლ. ბ-ისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ“ სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 17 იანვრის №03-1769/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოსარჩელეებისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუის აღდგენის თაობაზე მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით ე. ბ-ის, ლ. ბ-ისა და ნ. წ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „ნ. წ-ასთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ“ სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 17 სექტემბრის №03-1767/ო, „ე. ბ-ისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ“ სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 17 სექტემბრის №03-1768/ო და „ლ. ბ-ისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ“ სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 17 იანვრის №03-1769/ო ბრძანებები და სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება. ხსენებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორის, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, წარმომადგენელი არ ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში რეგისტრაციისა და რესტიტუციის სამმართველოდან დაუკავშირდნენ ნ. წ-ას და აცნობეს, რომ დევნილის სტატუსის კანონიერების დადგენის მიზნით მასთან უნდა ჩატარებულიყო გასაუბრება, თუმცა არც შეთანხმებულ დროს და არც შემდგომ გასაუბრებაზე არ გამოცხადდა. 2020 წლის 22 ივლისს №03-4154 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე ნ. წ-ას და მის შვილებს ე. და ლ. ბ-ებს შეუჩერდათ დევნილის შემწეობა. ამის შემდეგ ნ. წ-ა გამოცხადდა სააგენტოში, მაგრამ უარი განაცხადა გასაუბრების გავლაზე. 2020 წლის 5 აგვისტოს ნ. წ-ას №03/10297 წერილით კიდევ ერთხელ ეცნობა, რომ უნდა გაევლო ინდივიდუალური გასაუბრება და გასაუბრების გავლის მიზნით ერთი თვის ვადაში უნდა გამოცხადებულიყო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში და აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ სააგენტო მიიღებდა გადაწყვეტილებას მისი დევნილის სტატუსის თაობაზე.

მოპოვებული მასალების გათვალისწინებით ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ნ. წ-ას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ ყოფილა ქ. გაგრა. აფხაზეთის მთავრობისგან მიღებულ ნ. წ-ას მიერ შევსებულ განცხადება-ანკეტაში ნათქვამი იყო, რომ დაიბადა ... წელს ქ. მარტვილში. 1982 1985 წლებში სწავლობდა ქ. გორის ტექნიკურ სასწავლებელში, ხოლო 1993 წლიდან სწავლობდა ქ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სააგენტოს მოსაზრებით, კიდევ ერთ დადასტურებას წარმოადგენს რეგისტრაციის და რესტიტუციის სამმართველოში დაცულ დოკუმენტაციაში მოძიებული ნ. წ-ას მამის, მ. წ-ას მიერ 2006 წელს შევსებული დეკლარაცია, სადაც შვილებთან ერთად მოხსენიებული ჰყავს არა გ. კ-ა (ნ. და ნა. წ-ების დედა), არამედ მეორე მეუღლე, ქ. წ-ა, რომელთან ქორწინებაც დარეგისტრირებულია 1988 წელს ქ. გაგრაში. აგრეთვე, მოძიებული იქნა მ. წ-ას მეორე ქორწინების დამადასტურებელი, 1988 წელს ქ. გაგრაში გაცემული ქორწინების მოწმობა.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სააგენტოსთვის არ არის ცნობილი რაიმე ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ ნ. წ-ა დაკავშირებული იყო აფხაზეთთან ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით. მის მიერ აფხაზეთის დატოვების მიზეზი არ ყოფილა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებები.

კასატორი მიუთითებს, რომ ნ. წ-ას სარეგისტრაციო ნომერზე რეგისტრირებული არიან მისი შვილები ლ. და ე. ბ-ები, რომლებსაც დევნილის სტატუსი მინიჭებული ჰქონდათ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. მოპოვებული ინფორმაციის, წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად, კასატორი მიიჩნევს, რომ არ არსებობდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 17 სექტემბრის №03-1767/ო, №03-1768/ო და №03-1769/ო ბრძანებების ბათილად ცნობის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები, ვინაიდან იგი გამოცემული იყო კანონის სრული დაცვით, საქმეზე მოპოვებულ და შეკრებილ იქნა საკითხის გადაწყვეტისათვის საჭირო მტკიცებულებები და მათი შესწავლის, გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე იქნა მიღებული სადავო აქტი, რა გარემოებებიც არ გაითვალისწინა სასამართლომ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 17 სექტემბრის №03-1767/ო, №03-1768/ო და №03-1769/ო ბრძანებები. ამდენად, უნდა შემოწმდეს აღნიშნული აქტების შესაბამისობა საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.

ზემოხსენებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ დევნილის სტატუსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს კონკრეტულ ადგილას პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტი. ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეულ ადგილს, საიდანაც დევნილი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე, რომლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა გულისხმობს არა კონკრეტულ ადგილზე პირის რეგისტრაციის ფაქტის შესწავლას, არამედ პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენას. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივ ცხოვრებას, რომელსაც თან ახლავს პირის ნება-სურვილი, რომ მას მოცემულ ადგილას ჰქონდეს საცხოვრისი. პირის ნება დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მაგალითად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს (სუსგ 17.06.2021წ. საქმე №ბს-858(2კ-20)).

საქმეში დაცული აფხაზეთის რესპუბლიკის გაგრის რაიონის სოფელი ...ის ადმინისტრაციის 2020 წლის 02 ოქტომბრის №414 ცნობის თანახმად, ნ. წ-ა ნამდვილად ცხოვრობდა სოფელ ...ის ტერიტორიაზე, ...ს ქუჩაზე 25 ნომერ სახლში, 1990 წლიდან 1992 წლის ჩათვლით. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ი. შ-ა, რომელმაც აღნიშნა, რომ იგი ცხოვრობდა ნ. წ-ას მეზობლად გაგრაში, სოფ. ...ში. მოსარჩელის მამა მ. იყო მისი ფიზიკის მასწავლებელი. მ. შვილები ნ. და მისი და ნა. მამასთან ოთხი, ხუთი თვე რჩებოდნენ არდადეგებზე. 1990 წლიდან კი ნ. მუდმივად ცხოვრობდა მამასთან. მანამდე მარტვილში უწევდა დედასთან ყოფნა, სადაც სწავლობდა სოფ. ...ში. მოწმის განმარტებით, ბავშვობაში არდადეგების დროს, მოსარჩელესთან და მის დასთან ერთად ხშირად უწევდა ყოფნა. 1992 წელს კი ომის გამო ერთად წამოვიდნენ გაგრიდან. მოწმის განმარტებით, მოსარჩელემ სწავლა გააგრძელა თბილისში. როგორც მოწმემ აღნიშნა, იგი კარგად იცნობდა მოსარჩელის მამის მხრიდან ნათესავებს, ასევე იცნობდა დედას გ.. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ნ. წ-ას, როგორც დევნილს, 2014 წელს სახელმწიფოს მიერ საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ფართი.

როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის საფუძველს წარმოადგენდა ის, რომ ნ. წ-ას, შესაბამისად მისი შვილების მიმართ არ დასტურდებოდა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა, კერძოდ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნ. წ-ას მუდმივად ცხოვრებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის იძულებით დატოვების ფაქტი, შესაბამისად ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება (პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დევნილის მიერ წარდგენილი ინფორმაციის არსებითად მცდარად მიჩნევა დაკავშირებულია ისეთი სახის გარემოების დადგენასთან, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ სტატუსსა და დევნილის სამართლებრივ მდგომარეობაზე. ცალსახაა, რომ აღნიშნული გარემოების დადგენა განეკუთვნება ფაქტის საკითხს. მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის მიხედვით, მტკიცების საგნის განსაზღვრა და ამ საგანში შემავალი ფაქტების დამტკიცების ტვირთი მხარეებზეა გადატანილი. ზოგადად, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს (,,affirmanti, non negati, incumbit probatio”), ამიტომაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის (სუსგ საქმეზე №26(კ-23) 01.05.2023წ.).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით მხარეები, მით უფრო ადმინისტრაციულ ორგანო, არ თავისუფლდება მითითებული ფაქტების სათანადო მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულებისაგან. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოსცა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, მათ შორის არ შეისწავლა მასთან დაცული მონაცემები, თუ რა გახდა თავდაპირველად მოსარჩელეთა მიმართ აღმჭურველი აქტების გამოცემის საფუძველი. შესაბამისად, საქმის გარემოებების ხელახალი შესწავლისა და გამოკვლევისას, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით და საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, უნდა მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. ამდენად, სახეზეა სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა