Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-1112(2კ-22) 7 ივნისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ნ.ბ-ი

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

მოპასუხე - სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 15 ივლისს ნ.ბ-მა სარჩელით მიმართა ცაგერის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - ...ის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდეგ, ნ.ბ-მა საბოლოოდ მოითხოვა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ნ.ბ-ისათვის პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების თაობაზე და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროსათვის, კანონით დადგენილი წესით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ნ.ბ-ისათვის ჯილდოს სახით კუთვნილი თანხის ანაზღაურების შესახებ. დაზუსტებულ მოთხოვნებთან მიმართებაში მოპასუხე მხარეებად ნ.ბ-მა მიუთითა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

ცაგერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ.ბ-ის სარჩელი; მოპასუხე სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ნ.ბ-ისათვის პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების თაობაზე; მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, პედაგოგზე ჯილდოს სახით თანხის გადაცემის თაობაზე.

ცაგერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივრები; გაუქმდა ცაგერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ.ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ნ.ბ-ისთვის პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთებაში აღნიშნა, რომ „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის” დამტკიცების შესახებ საქართველო მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის N68 დადგენილების ამოქმედების დროს (ამოქმედდა 2015 წლის 23 თებერვალს და ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილებით) ნ.ბ-ი არ მუშაობდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად. შესაბამისად, არ არსებობდა მისი სქემაში ავტომატურად ჩართვისა და პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების წინაპირობა. ამდენად, ნ.ბ-ი, მიუხედავად მისი მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილებისა, სადავო პერიოდში არ წარმოადგენდა პრაქტიკოს მასწავლებელს, შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებიდან გამომდინარე.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის N68 დადგენილებით დამტკიცებული „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ მიხედვით, მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას განაპირობებდა ეროვნული სასწავლო გეგმა და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი. მასწავლებლის სტატუსები ეფუძნებოდა მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. სქემის ფარგლებში, განისაზღვრებოდა მასწავლებლების შემდეგი სტატუსები: პრაქტიკოსი მასწავლებელი (ვრცელდებოდა მხოლოდ სქემაში განაწილებულ მოქმედ მასწავლებლებზე); უფროსი მასწავლებელი; წამყვანი მასწავლებელი; მენტორი. მასწავლებლის მიერ სქემით განსაზღვრული სტატუსის მოპოვება, შენარჩუნება ან შეწყვეტა დამოკიდებული იყო მისი პროფესიული საქმიანობის შეფასების შედეგებზე. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წინადადების გათვალისწინებით, იღებდა გადაწყვეტილებას მასწავლებლისათვის სტატუსის მინიჭების/შენარჩუნების/შეწყვეტის შესახებ. ყოველი მომდევნო სტატუსის მისაღწევად მასწავლებელს უნდა გაევლო პროფესიული განვითარების თანმიმდევრული გზა. მაგ.: იმ შემთხვევაში, თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი 3 წლის განმავლობაში ვერ ჩააბარებდა საგნის გამოცდას, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებისათვის განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ვერ დააგროვებდა უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელ კრედიტქულებს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებული იყო, გაეწყვიტა მასთან შრომითი ურთიერთობა და გამოეცხადებინა ვაკანსია.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოქმედი მასწავლებლების განაწილება სქემაში რეგულირდებოდა „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში მასწავლებლების განაწილების წესით“. მასწავლებლები 2015 წლის 20 აგვისტოდან 2015 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით განაწილდებოდნენ სქემაში. სქემაში ჩართვა სავალდებულო იყო საჯარო სკოლის ყველა მასწავლებლისათვის. სქემაში მასწავლებლების განაწილებისას, პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭებოდა ყველა არასერტიფიცირებულ მოქმედ მასწავლებელს. მოქმედი მასწავლებლების სქემაში განაწილების მიზნით, იქმნებოდა ელექტრონული სისტემა, რომლის მიზანი იყო მოქმედი მასწავლებლების სქემაში განაწილება, მასწავლებლის საქმიანობის შედეგების ელექტრონული აღრიცხვა, მასწავლებლის შეფასება და მასწავლებლის ელექტრონული პროფესიული საქაღალდის მართვა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად მასწავლებელთა სქემაში ავტომატური განაწილებისა, განაწილების შემდეგ მინიჭებული სტატუსი მასწავლებლებს აკისრებდა გარკვეულ ვალდებულებებს, მაგ.: პრაქტიკოს მასწავლებელს - შესაბამისი მოქმედებების განხორციელებას, დადგენილ ვადაში უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის N69 დადგენილებით დამტკიცებულ „მოქმედი მასწავლებლებისათვის მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების მინიჭების წესზე“, რომლის თანახმად, მასწავლებლის შეფასების ჯგუფი, მასწავლებლის შეფასებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით, მასწავლებლისთვის მინიჭებული კრედიტქულების საფუძველზე იღებდა გადაწყვეტილებას მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების, შენარჩუნებისა და შეწყვეტის შესახებ წინადადების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის წარდგენის შესახებ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებული იყო, უზრუნველეყო მასწავლებლის შეფასების შედეგებისა და მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების, შენარჩუნებისა და შეწყვეტის შესახებ წინადადების განთავსება ელექტრონულ სისტემაში.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უდავოა, რომ ნ.ბ-ი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად ხელახლა დასაქმდა 2016 წლიდან და იგი სქემაში არ ჩართულა ზემოაღნიშნული პირობების გათვალისწინებით. შესაბამისად, იგი არ ახორციელებდა სქემაში ჩართული პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის სავალდებულო აქტივობებს, რაც მასწავლებლებს აძლევდათ საშუალებას, შეენარჩუნებინათ არსებული სტატუსი ან/და მოეპოვებინათ უფრო მაღალი. სქემაში ავტომატურად განაწილების პროცესის დასრულების შემდეგ, პრაქტიკოსი მასწავლებლების სტატუსის მინიჭების წესს N69 დადგენილება აღარ ითვალისწინებდა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ხდებოდა უფროსი, წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის სტატუსის შენარჩუნება; ასეთი სტატუსის მინიჭება; მასწავლებლისათვის პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის/უფროსი მასწავლებლის სტატუსის/წამყვანი მასწავლებლის სტატუსის/მენტორის სტატუსის შეწყვეტა. პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი წარმოადგენდა დროებით, გარდამავალ ეტაპს, როცა მოქმედ მასწავლებელს ენიჭებოდა შესაძლებლობა, აემაღლებინა სტატუსი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდებოდა მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა. ამ სტატუსის მინიჭებით, სახელმწიფომ მოქმედი მასწავლებლები (რომლებიც დადგენილების ამოქმედების დროისთვის ასწავლიდნენ სკოლაში და არ იყვნენ სერტიფიცირებულნი) ჩააყენა არა პრივილეგირებულ მდგომარეობაში, არამედ მისცა მათ პროფესიაში დარჩენის შანსი. აღნიშნულზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობა აღარ იცნობს პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ივნისის N390 დადგენილებით ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილებაში (აღნიშნული დადგენილებით ძალალადაკარგულად გამოცხადდა N68 დადგენილებით დამტკიცებული სქემა) და დადგენილებით დამტკიცებული „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა“ ჩამოყალიბდა ამ დადგენილების დანართის შესაბამისად. ახალი სქემის მე-5 მუხლით განისაზღვრა მასწავლებლის სტატუსის მხოლოდ შემდეგი სახეები: ა) უფროსი მასწავლებელი; ბ) წამყვანი მასწავლებელი; გ) მენტორი მასწავლებელი.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან დადგენილია ის ფაქტი, რომ ნ.ბ-ს არ ჰქონდა პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ განცხადებების შინაარსზე, რომლებიც ნ.ბ-მა ჯერ კიდევ 2019 წლის მაისისა და ივნისის თვეებში წარადგინა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. ნ.ბ-ი აღიარებდა, რომ არ ჰქონდა პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი. იგი მისი პროფესიული კარიერის გათვალისწინებით ითხოვდა პრაქტიკოს მასწავლებლად ცნობას, სამომავლო ბენეფიტების მიღების უზრუნველსაყოფად. ნ.ბ-მა შესაბამისი შინაარსის განცხადებებით სამინისტროს მიმართა „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2019 წლის 6 აგვისტოს N371 დადგენილების გამოქვეყნებამდე. სამინისტრომ ნ.ბ-ის განცხადებები არ განიხილა და მხოლოდ N371 დადგენილების ამოქმედების შემდეგ, 19-21 აგვისტოს გადაუგზავნა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს, შესაბამისი რეაგირებისთვის. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 6 აგვისტოს N371 დადგენილებით განსაზღვრული საჯარო სკოლაში დასაქმებული, საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის წესის მიხედვით, საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლის ფულადი ჯილდო წარმოადგენდა „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ასიგნებებიდან სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი გასაცემელის სახით გადახდილ ფულად თანხას, რომელიც მასწავლებელს მიეცემოდა საჯარო სკოლასა და მასწავლებელს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებ(ებ)ის შეწყვეტის საფუძველზე. ფულადი ჯილდოს მიღების მოთხოვნით განცხადების დაწერის უფლება ჰქონდა საჯარო სკოლის იმ პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელიც საპენსიო ასაკს მიაღწევდა 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. პრაქტიკოს მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა და ფულადი ჯილდოს მიღების თაობაზე განცხადებით უნდა მიემართა იმ საჯარო სკოლის დირექტორისთვის, სადაც დასაქმებული იყო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გაურკვეველია, 2019 წლის 6 აგვისტოს N371 დადგენილების ამოქმედებამდე, 2019 წლის 22 მაისს და 2019 წლის 6 ივნისს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის სახელზე ნ.ბ-ის მიერ წარდგენილი განცხადებები რატომ იქნა მიჩნეული ფულადი ჯილდოს მოთხოვნის შესახებ განცხადებებად, იმ პირობებში, როდესაც განცხადებების შინაარსიდან გამომდინარე, ნ.ბ-ი ითხოვდა პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას, შემდგომში ჯილდოს მიღების უფლებით სარგებლობისთვის.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილებაში საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ივნისის N390 დადგენილებით შეტანილი ცვლილებების შედეგად, N241 დადგენილებით დამტკიცებული სქემა ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შედეგად, მოქმედი რედაქციით, განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევის მქონე ღვაწლმოსილ მასწავლებელს მინისტრის ინდივიდუალური აქტით შეიძლება მიენიჭოს სქემით განსაღვრული ერთ-ერთი სტატუსი: უფროსი, წამყვანი და მენტორი. ნ.ბ-მა მინისტრს პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭების თხოვნით მიმართა 2020 წლის 26 ივნისს განხორციელებული ცვლილებების ამოქმედებამდე, თუმცა ახალი რედაქციით აღარ არის გათვალისწინებული პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა. შესაბამისი ცვლილებების ამოქმედებამდე მოქმედი რედაქციით, „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილება ადგენდა სტატუსის მინიჭების განსაკუთრებულ შემთხვევას - განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ მასწავლებელს ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლებოდა მინიჭებოდა სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი: პრაქტიკოსი მასწავლებლის, უფროსი მასწავლებლის, წამყვანი მასწავლებლის ან მენტორის. შესაბამისი სტატუსი, სქემაში განაწილების საფუძველზე, მასწავლებელს ენიჭებოდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ნ.ბ-ის მიერ სამინისტროში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადებების წარდგენის დროს, საქართველოს 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილება ითვალისწინებდა განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე პედაგოგისთვის პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობასაც. იგივე წესი იყო გათვალისწინებული საქართველოს 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილების ამოქმედებით ძალადაკარგულად გამოცხადებული „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის N68 დადგენილებითაც. კერძოდ, დადგენილება განსაზღვრავდა სტატუსის მინიჭების განსაკუთრებულ შემთხვევას, როცა განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ მასწავლებელს ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებელს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლებოდა მინიჭებოდა სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი. სქემით განსაზღვრულ სტატუსებს კი, წარმოადგენდა: პრაქტიკოსი მსწავლებელი, უფროსი მასწავლებელი, წამყვანი მასწავლებელი და მენტორი მასწავლებელი.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს არ გამოუკვლევიათ და არ შეუფასებიათ, რას ითხოვდა მათგან განმცხადებელი და რას წარმოადგენდა მისი ნამდვილი ნება. განმცხადებლის ნების გამოკვლევა და შეფასება შესაძლებელი იყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. წარდგენილი განცხადებებით ნ.ბ-ი არ უარყოფდა, რომ მას არ აქვს პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი და ითხოვდა სწორედ ამ სტატუსის მინიჭებას (ინდივიდუალური ადინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას), მისი პროფესიული გამოცდილების გათვალისწინებით, რათა შეძლოს იმ ბენეფიტებით სარგებლობა, რაც პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს უკავშირდებოდა ჯილდოს სახით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლზე, ამავე კოდექსის 96-ე მუხლზე და ყურადღება გაამახვილა ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად ჩატარების მნიშვნელობაზე. სააპელაციო პალატის განმარტებით, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას ან უარს აქტის გამოცემაზე საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამდენად, პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ ნ.ბ-ის მიერ წარდგენილ განცხადებებზე სამინისტროს მხრიდან შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ჩაუტარებლობის პირობებში, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების დასკვნა, რომ არ არსებობდა ნ.ბ-ის შესაბამისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეასრულა თავისი ვალდებულება, საკითხის გადაწყვეტამდე გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე, 33-ე მუხლებზე და ჩათვალა, რომ ნ.ბ-ისათვის პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების საკითხი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ადმინისტრაციულ ორგანოს. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ნ.ბ-ისათვის პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების საკითხის ადმინისტრაციულ ორგანოში გამოსაკვლევად დაბრუნება, გამორიცხავს საქმის მიმდინარე ეტაპზე მოსარჩელის მეორე მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რომელიც ფულადი ჯილდოს გაცემის თაობაზე აქტის გამოცემის დავალებას შეეხება. პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვის დასრულებამდე, არ არსებობს ფულადი ჯილდოს გაცემის დაკისრების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის განხილვის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ამ მოცემულობით, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 6 აგვისტოს N371 დადგენილების მიზნებისათვის, ნ.ბ-ი არ წარმოადგენს ჯილდოს მიღებაზე უფლებამოსილ პირს. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის საფუძველი შესაძლოა წარმოიშვას მხოლოდ შესაბამისი სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით, ხელახლა ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, ნ.ბ-ისათვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ.ბ-მა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.

კასატორი - ნ.ბ-ი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას, რომლითაც ნ.ბ-ს ჯილდოს სახით აუნაზღაურდება კუთვნილი თანხა. კასატორის განმარტებით, 2022 წლის 11 მაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაევალა ნ.ბ-ისთვის პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება, რაც პირდაპირ კავშირშია ჯილდოს გაცემის საკითხთან. სარჩელის იურიდიულ ინტერესსაც სწორედ აღნიშნული წარმოადგენს.

კასატორის - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოსაზრებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დასაშვებია, ვინაიდან იგი აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

კასატორი არ ეთანხმება ქუთასის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ნ.ბ-ისათვის პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების თაობაზე. კასატორის მოსაზრებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაარღვია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები. გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოიტანილია საქმის გარემოებთა სრულყოფილი შეფასების გარეშე. გადაწყვეტილება იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული. არ არის გამოკვლეული საქმის მასალები, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი, კერძოდ, „საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 6 აგვისტოს N371 დადგენილება, რომელიც შეეხება საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის ფულადი ჯილდოს გაცემის წესს, საჯარო სკოლასა და მასწავლებელს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებ(ებ)ის შეწყვეტის საფუძველზე. კასატორის განმარტებით, სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე არაერთხელ გაესვა ხაზი იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს სკოლაში არ წარუდგენია განცხადება ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით და ვერც ექნებოდა, ვინაიდან ნ.ბ-სა და სკოლას შორის 2019 წლის პირველი სექტემბრიდან შეწყვეტილი იყო შრომითი ურთიერთობა. მოსარჩელემ სამინისტროში 2020 წლის პირველ ივნისს წარადგინა განცხადება მისთვის პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების თაობაზე, ხოლო სამინისტრომ 2020 წლის 9 ივნისის N446889 წერილით მას განუმარტა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლითაც ნ.ბ-ი ითვლებოდა მასწავლებლის მაძიებლად. შესაბამისად, მას ვერც სტატუსი მიენიჭებოდა და ვერც ჯილდო გაიცემოდა მის სასარგებლოდ.

კასატორის განმარტებით, მოსარჩელის ერთ-ერთ დაზუსტებულ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა სამინისტროს 2020 წლის 9 ივნისის N446889 წერილის, როგორც პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ჯილდოს გაცემა. ამასთან, მოპასუხე სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ მოთხოვნას წარმოადგენდა პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულზე არ უმსჯელია. უფრო მეტიც, სასამართლომ მოსარჩელეს გადაწყვეტილებით მიაკუთვნა იმაზე მეტი, ვიდრე იგი სარჩელით ითხოვდა. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მიუხედავად მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილებისა, სადავო პერიოდში ნ.ბ-ი არ წარმოადგენდა პრაქტიკოს მასწავლებელს (საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვალის N68 დადგენილების ამოქმედების დროისათვის ნ.ბ-ი არ მუშაობდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად, რაც გამოიწვევდა მის ავტომატურად ჩართვას სქემაში და მისთვის პრაქტიკოსი მასწავლებლის სტრატუსის მინიჭებას), თუმცა სააპელაციო სასამართლომ რატომღაც ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისს N241 დადგენილება, მისი ამოქმედების დროისათვის ითვალისწინებდა სტატუსის მინიჭების განსაკუთრებულ შემთხვევას. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის კომისიას, რომელიც შეიმუშავებს და ამტკიცებს განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილი მასწავლებლისათვის ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების წესსა და პირობებს. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალიწინა ის ფაქტი, რომ მხოლოდ მასწავლებლის (ამ შემთხვევაში - მოსარჩელის) სურვილი არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს მისთვის პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად. სააპელაციო სასამართლოს დეტალურად განემარტა პროცედურა, რომლის დაცვაც მოსარჩელის მხრიდან აუცილებელი იყო (როგორ უნდა წარდგენილიყო განცხადება სტატუსის მისანიჭებლად), იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩაითვლებოდა, რომ იგი განსაკუთრებული პედაგოგიური დამსახურების და მიღწევების მქონე პირია. დაუსაბუთებელია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, იმასთან დაკავშირებით, რომ სამინისტრომ ნ.ბ-ის განცხადებები გამოკვლევის გარეშე გადააგზავნა რეაგირებისათვის სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, მისი კომპეტენციის ფარგლებში, პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების მოთხოვნაზე მოსარჩელეს 2020 წლის 9 ივნისის N446889 წერილით განუმარტა, თუ ვინც შეძლებდა ჯილდოს მიღებას. განმცხადებელს ასევე განემარტა, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იგი წარმოადგენდა მასწავლებლობის მაძიებელს და მას ვერ მიენიჭებოდა პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორის მოსაზრებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, როგორც სამართლებრივი, ისე ფაქტობრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, იმ ნაწილში, რომლითაც სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იმ ნაწილში, რომლითაც ნ.ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 სექტემბრის და 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ.ბ-ისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივრები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 იანვრის განჩინებით დასაშვებად იქნა მიჩნეული ნ.ბ-ისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივრები. ამავე განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დადგინდა მხარეთა დასწრების გარეშე საქმის განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ.ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს მისთვის, როგორც საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პედაგოგისათვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება, იმ მიზნით, რომ მასზე გავრცელდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილებით გათვალისწინებული ფულადი ჯილდოს გაცემის წესი.

საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალური არქივის მიერ 2019 წლის 26 ივლისს გაცემული N AA2019013017-06 საარქივო ცნობის მიხედვით, ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცული ...ის რაიონის სოფელ ...ის საშუალო სკოლის დოკუმენტებით დასტურდება 1979 წლის ოქტომბრის თვიდან 1980 წლის თებერვლის თვის ჩათვლით აღნიშნულ სკოლაში ნ.ბ-ის უცხო ენის მასწავლებლად მუშაობის ფაქტი. ...ის რაიონის სოფელ ...ის საშუალო სკოლის 1979-1980 წლების ბრძანების წიგნები თანამშრომელთა შესახებ ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცვაზე არ შესულა, ხოლო ...ის რაიონის განათლების განყოფილების ბრძანების წიგნებში ნ.ბ-ის სამსახურში დანიშვნისა და სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანებები რეგისტრირებული არ არის. ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცული ...ის სკოლა-ინტერნატის დოკუმენტებით დასტურდება 1980 წლის მაისის თვიდან 1996 წლის თებერვლის თვის ჩათვლით აღნიშნულ სკოლაში ნ.ბ-ის უცხო ენის მასწავლებლად მუშაობის ფაქტი. ...ის სკოლა-ინტერნატის 1980 წლისა და 1996 წლის ბრძანების წიგნებში ნ.ბ-ის სამსახურში დანიშვნისა და სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანებები რეგისტრირებული არ არის.

სსიპ ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის საჯარო სჯოლის დირექტორის მიერ გაცემული 2019 წლის 25 ივნისის ცნობის მიხედვით, ნ.ბ-ი 1979-1980 წლებში მუშაობდა ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის საშუალო სკოლაში, გერმანული ენის მასწავლებლად. 2013 წელს ნ.ბ-ი ასევე მუშაობდა ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის საჯარო სკოლაში გერმანული ენის მასწავლებლად, ხოლო 2014-2015 წლებში - ამავე სკოლაში, საინფორმაციო მენეჯერად.

სსიპ დაბა ...ის N... საჯარო სკოლის დირექტორის მიერ 2019 წლის 21 აგვისტოს გაცემული ცნობის მიხედვით, ნ.ბ-ი 2005-2011 წლებში მუშაობდა დაბა ...ის N... საჯარო სკოლაში, გერმანული ენის მასწავლებლად და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია სკოლაში არსებობს. ამავე ცნობაში მითითებულია, რომ ნ.ბ-ის სსიპ დაბა ...ის N... საჯარო სკოლაში მასწავლებლად დანიშვნისა და 2000 წლიდან 2005 წლამდე მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია სკოლაში არ იძებნება.

სსიპ დაბა ...ის N... საჯარო სკოლის დირექტორის მიერ გაცემული 2019 წლის 27 ივნისის ცნობის მიხედვით, ნ.ბ-ი 2016 წლის სექტემბრიდან დღემდე მუშაობს დაბა ...ის N... საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. ამასთან, როგორც მისი პირადი საქმიდან ირკვევა, ნ.ბ-ი 1980-1991 წლებში მუშაობდა ამავე სკოლის ბაზაზე არსებულ ...ის სკოლა-ინტერნატში, აღმზრდელ მასწავლებლად, დაწყებითი კლასების მასწავლებლად და გერმანული ენის მასწავლებლად.

სსიპ დაბა ...ის N... საჯარო სკოლის დირექტორის მიერ გაცემული 2019 წლის 27 აგვისტოს ცნობით დგინდება, რომ 1996 წლიდან 2000 წლამდე ნ.ბ-ი მუშაობდა ...ის N... საშუალო სკოლაში.

საქმეზე წარმოდგენილი სსიპ დაბა ...ის N... საჯარო სკოლის დირექტორის 2016 წლის 15 სექტემბრის N37/ბ ბრძანების მიხედვით, 2016 წლის 15 ნოემბრიდან ნ.ბ-თან დაიწყო შრომითი ურთიერთობა, მითითებული სკოლის დაწყებითი კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ვაკანტურ ადგილზე.

საქმეზე წარმოდგენილი ...ის N... საჯარო სკოლასა და ნ.ბ-ს შორის გაფორმებული 2016 წლის 15 სექტემბრის, 2017 წლის პირველი სექტემბრისა და 2018 წლის პირველი სექტემბრის შრომითი ხელშეკრულებებით დგინდება, რომ მითითებულ სკოლაში ნ.ბ-ი 2016 წლის 15 სექტემბრიდან 2017 წლის პირველ სექტემბრამდე დასაქმებული იყო დაწყებითი კლასების მასწავლებლად, 2017 წლის პირველი სექტემბრიდან 2018 წლის პირველ სექტემბრამდე - ასევე დაწყებითი კლასების მასწავლებლად, ხოლო 2018 წლის პირველი სექტემბრიდან 2019 წლის პირველ სექტემბრამდე - ქართულის მასწავლებლად.

...ის მუნიციპალიტეტის ...ის მუზეუმის დირექტორის მიერ 2019 წლის 26 აგვისტოს გაცემული ცნობის მიხედვით, ნ.ბ-ი 2012 წლიდან ნამდვილად მუშაობს აღნიშნულ მუზეუმში პედაგოგ-ექსკურსიამძღოლად.

2019 წლის 22 მაისს ნ.ბ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს. განმცხადებელმა მიუთითა, რომ იგი არის 63 წლის პენსიონერი პედაგოგი. 2016 წლიდან მუშაობს დაბა ...ის N... საჯარო სკოლაში, დაწყებითი კლასების მოქმედ მასწავლებლად. სისტემამ არ მიანიჭა პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი, თავად კი, ვერ ერკვეოდა, რა პროცედურების დაცვა სჭირდებოდა პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას. 2016 წლამდე აქვს სხვა სკოლებში მუშაობის 30 წლიანი სტაჟი. სურს გავიდეს სკოლიდან, როგორც პენსიონერი პედაგოგი და აიღოს ჯილდო, მაგრამ რადგან პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი არა აქვს, ჯილდოც არ ეკუთვნის. ამავე განცხადებით ნ.ბ-ი ითხოვდა მისი პედაგოგიური მოღვაწეობის გათვალისწინებას მიმდინარე პერიოდში და სკოლიდან გაშვებას იმ წახალისების ფორმით, რა ფორმითაც გადიან პრაქტიკოსი პენსიონერი მასწავლებლები.

...ის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2019 წლის 22 მაისის N MES 9 19 00618609 მიმართვით ნ.ბ-ის 2019 წლის 22 მაისის განცხადება გადაიგზავნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.

2019 წლის 12 ივნისს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარედგინა მინისტრის სახელზე შედგენილი ნ.ბ-ის 2019 წლის 6 ივნისის განცხადება, პედაგოგზე ჯილდოს სახით ორი წლის ხელფასის გაცემის საკითხის განხილვის თაობაზე. აღნიშნულ განცხადებაში ნ.ბ-ი მიუთითებდა, რომ 30 წლის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა სკოლაში, მასწავლებლად. 2010 წელს, ოჯახური პირობების გამო, მოუხდა სკოლის დატოვება. 2016 წელს დაიწყო მუშაობა ...ის N... საჯარო სკოლაში და ითვლება მოქმედ მასწავლებლად, ვინაიდან 2015 წლის ბრძანების თანახმად, არ მიენიჭა პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი. ბოლო სამი წლის განმავლობაში (2016-2019წწ.) იგი არ იყო ჩართული მასწავლებელთა სქემაში, არ ერქვა სტატუსის მქონე მასწავლებელი. თავად ვერ ერკვეოდა, რა პროცედურების გავლა სჭირდებოდა ამ სტატუსი მინიჭებას, რაც ხელს უშლის ჯილდოს აღებაში. აქვს სულ 34-35 წლის მუშაობის სტაჟი. პირნათლად მუშაობდა სკოლებში. განმცხადებელი ითხოვდა მისი სტაჟიდან გამომდინარე, პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას, სკოლიდან წასვლისას კუთვნილი ჯილდოს აღების მიზნით.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 19 აგვისტოს N MES 6 19 01061504 წერილით, კომპეტენციის ფარგლებში განმცხადებლებისათვის განმარტების გაკეთებისა და შემდგომი რეაგირების მიზნით, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს გაეგზავნა სამინისტროში შესული სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და მოქალაქეების კორესპონდენცია (სამინისტროში რეგისტრაციის N618609, N739120, N637769, N898642, N889080, N988613), საპენსიო ასაკის პრაქტიკოსის სტატუსის არმქონე და სქემაში ჩართვის გარეშე სკოლაში დასაქმებული მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს მოთხოვნის თაობაზე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 21 აგვისტოს NMES 2 19 01073020 წერილით, კომპეტენციის ფარგლებში განმცხადებლისთვის განმარტებების გაკეთებისა და შემდგომი რეაგირების მიზნით, ნ.ბ-ის 2019 წლის 12 ივნისის N739160 წერილი დამატებით გადაეგზავნა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს.

პედაგოგიური ჯილდოს შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის პასუხად, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 15 ოქტომბრის NMES 8 19 01385994 წერილით ნ.ბ-ს ეცნობა, რომ „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 6 აგვისტოს N371 დადგენილების შესაბამისი მუხლის („საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლის ფულადი ჯილდოს გაცემის წესი“) პირველი პუნქტის მიხედვით, საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლის ფულადი ჯილდო წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი გასაცემლის სახით გადახდილ ფულად თანხას, რომელიც მასწავლებელს მიეცემა საჯარო სკოლასა და მასწავლებელს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებ(ებ)ის შეწყვეტის საფუძველზე. ნ.ბ-ი ვერ მოითხოვდა ფულად ჯილდოს, რადგან იგი არ იყო პრაქტიკოსი მასწავლებელი (ანალოგიური შინაარსისაა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 12 დეკემბრის NMES 4 19 01709107 წერილი ნ.ბ-ისადმი).

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში წარდგენილ განცხადებაში (განცხადებაზე თარიღი მითითებული არ არის, თუმცა მასზე თანდართული ცნობების გათვალისწინებით, განცხადება შედგენილია არაუადრეს 2019 წლის 27 აგვისტოს) ნ.ბ-მა ქრონოლოგიურად აღწერა თავისი პედაგოგიური გამოცდილება და მიუთითა, რომ 33 წლიანი სტაჟის გათვალისწინებით, მასზე უნდა გავრცელებულიყო 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილებით განსაზღვრული წესი, საჯარო სკოლაში დასაქმებული, საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის ფულადი ჯილდოს გაცემის თაობაზე. მინისტრის დადგენილების საფუძველზე პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების წესის მოქმედების დროს, იგი ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას - მუშაობდა პედაგოგ-ექსკურსიამღოლად, ...ის მუზეუმში, ასევე მუშაობდა სკოლაში საინფორმაციო მენეჯერად. განმცხადებელმა წარადგინა ცნობები სამუშაო გამოცდილების შესახებ, მოითხოვა მისი საკითხის განხილვა და შესაძლებლობის მიცემა, ესარგებლა 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილებით განსაზღვრული პირობებით, ჯილდოს მისაღებად.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 28 ნოემბრის NMES 6 19 01628992 მიმართვით, ნ.ბ-ის 2019 წლის 26 ნოემბრის N1611248 წერილი, რომელიც შეეხებოდა პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას და ფულადი ჯილდოს მიღებას, კომპეტენციის ფარგლებში განმცხადებლისთვის განმატებების გაკეთებისა და შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეგზავნა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს.

2020 წლის პირველი ივნისის განცხადების მიღების ბარათის მიხედვით (MES 8 20 0000420555), 2020 წლის პირველ ივნისს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარედგინა მინისტრის სახელზე შედგენილი განცხადება, მოქალაქე ნ.ბ-ისათვის პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტში წარდგენილი 2020 წლის პირველი ივნისის N420555 წერილის პასუხად, ნ.ბ-ს დეპარტამენტის უფროსის 2020 წლის 9 ივნისის NMES 0 20 00446889 წერილით ეცნობა, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 612 მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც 2018-2019 სასწავლო წლის დასაწყისისთვის ასწავლიდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართული არ იყო, ჩაითვალა მასწავლებლობის მაძიებლად. ნ.ბ-ი მითითებულ სქემაში ვერ განაწილდებოდა, ვინაიდან ვერ აკმაყოფილებდა მასწავლებლის განათლების საკმარის მოთხოვნებს. შესაბამისად, მას ავტომატურად მიენიჭა მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსი. ნ.ბ-ს ასევე განემარტა, რომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილებაში 2019 წლის 6 აგვისტოს N371 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, ფულადი ჯილდო გაიცემოდა იმ საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის, რომელიც დასაქმებული იყო საჯარო სკოლაში, ან რომელსაც 2019-2020 სასწავლო წლის დაწყებამდე შეჩერებული ჰქონდა შრომითი ურთიერთობა. შესაბამისად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაეკმაყოფილებინა ნ.ბ-ის მოთხოვნა.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ნ.ბ-ი წლების განმავლობაში, მათ შორის - 2016 წლის სექტემბრიდან 2019 წლის პირველ სექტემბრამდე პერიოდში, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. შესაბამისად, ნ.ბ-ი წარმოადგენდა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მასწავლებელს და მასზე ვრცელდებოდა როგორც საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის N68 დადგენილებით დამტკიცებული „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა“, ისე აღნიშნული დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შემდგომ ამოქმედებული, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილებით დამტკიცებული „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა“.

საკასაციო სასამართლო საყურადღებოდ მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებულ სადავო საკითხებთან მიმართებაში, ნ.ბ-მა პირველად 2019 წლის 22 მაისს წარადგინა განცხადება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში. აღნიშნულ განცხადებაში ნ.ბ-ი ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მას არ ჰქონდა მინიჭებული პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი და გააჩნდა სურვილი, სხვა პრაქტიკოსი პენსიონერი მასწავლებლების მსგავსად, მისი პედაგოგიური მოღვაწეობის გათვალისწინებით, სკოლიდან წასულიყო წახალისების ფორმით. პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის არქონა მას აბრკოლებდა, მიეღო ჯილდო. ამდენად, მოსარჩელის უპირველეს ინტერესს წარმოადგენდა მისთვის პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება, სამომავლოდ ჯილდოს აღების მიზნით. ამავე ინტერესის არსებობას ადასტურებს ასევე ნ.ბ-ის მიერ სამინისტროში 2019 წლის 12 ივნისს წარდგენილი განცხადება (განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში (2016-2019წწ.) არ ყოფილა ჩართული მასწავლებელთა სქემაში, არ არის სტატუსის მქონე მასწავლებელი და ითხოვს, მისი სტაჟიდან გამომდინარე, პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას, რათა სკოლიდან წასვლისას აიღოს კუთვნილი ჯილდო). გარდა ამისა, 2020 წლის პირველი ივნისის განცხადებითაც ნ.ბ-მა მოითხოვა პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ნ.ბ-ის მიერ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განცხადების პირველად წარდგენის დროს - 2019 წლის 22 მაისს ჯერ კიდევ მოქმედებდა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის N68 დადგენილებით დამტკიცებული „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა“. აღნიშნული ნორმატიული აქტის მეორე თავში მითითებული „ტერმინთა განმარტებების“ მიხედვით, სქემით განსაზღვრულ ერთ-ერთ სტატუსად მიიჩნეოდა პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი, რომელიც მასწავლებლის შეფასების/სქემაში მასწავლებლების განაწილების საფუძველზე, მასწავლებელს ენიჭებოდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამასთან, „პრაქტიკოსი მასწავლებელი“ განმარტებული იყო, როგორც მასწავლებელი, რომელიც გეგმავდა და წარმართავდა საგაკვეთილო პროცესს, „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად.

ამავე ნორმატიული აქტის მე-5 თავის შესაბამისად, სქემით განსაზღვრული მასწავლებლების ოთხი სტატუსიდან ერთ-ერთს წარმოადგენდა პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი, რომელიც ვრცელდებოდა მხოლოდ სქემაში განაწილებულ მოქმედ მასწავლებლებზე. ამავე თავით იყო განსაზღვრული მასწავლებლის სტატუსების მისანიჭებლად/შესანარჩუნებლად აუცილებელი გზები და საშუალებები, ხოლო VI თავი შეეხებოდა მასწავლებელთა კარიერულ წინსვლას და მოქმედი მასწავლებლების სქემაში განაწილებას. კერძოდ, ამ თავში მითითებული იყო, რომ მასწავლებლების პირველადი განაწილება სქემაში განხორციელდებოდა 2015 წლის 20 აგვისტოდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაძლებელი იყო მასწავლებლების სქემაში განაწილების დამატებითი ვადის დადგენა. „ა“ პუნქტის თანახმად, პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭებოდა მოქმედ მასწავლებელს, რომელიც არ იყო სერტიფიცირებული მასწავლებელი და მასწავლებელს, რომელიც არ აკმაყოფილებდა „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს (იგულისხმება უფროსი მასწავლებლისა და წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მიენიჭებისათვის დადგენილი მოთხოვნები).

2019 წლის 22 მაისის განცხადების წარდგენის შემდეგ, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ზემოაღნიშნული, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის N68 დადგენილებით დამტკიცებული „სქემა“ და დამტკიცდა ახალი „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა“. 2020 წლის 26 ივნისამდე რედაქციით, აღნიშნული ნორმატიული აქტის შესაბამისად, სქემაში ჩართვა სავალდებულო იყო საჯარო სკოლის ყველა მასწავლებლისათვის. ამავე ნორმატიული აქტის მეორე თავის შესაბამისად („ტერმინთა განმარტებები“), „სქემით განსაზღვრულ სტატუსად“ მიიჩნეოდა პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, ან მენტორის სტატუსი, რომელიც მასწავლებლის შეფასების/სქემაში მასწავლებლების განაწილების საფუძველზე, მასწავლებელს ენიჭებოდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამავე „სქემით“, „პრაქტიკოსი მასწავლებელი“ განმარტებული იყო, როგორც მასწავლებელი, რომელიც გეგმავდა და წარმართავდა საგაკვეთილო პროცესს „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის N40/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმისა და „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად („ა“, „ბ“, „გ“ პუნქტები).

მითითებული ნორმატიული აქტის მე-3 თავის შესაბამისად, სქემა განსაზღვრავდა მასწავლებლის ოთხ სტატუსს, რომელთაგან პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი ვრცელდებოდა მხოლოდ სქემაში განაწილებულ მოქმედ მასწავლებლებზე. სქემით განსაზღვრული სტატუსები ეფუძნებოდა საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმისა და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. მასწავლებლის მიერ სქემით განსაზღვრული სტატუსის მოპოვება დამოკიდებული იყო მისი პროფესიული საქმიანობის შეფასების შედეგებზე. მასწავლებელს მიენიჭებოდა ზემოთ ჩამოთვლილი სტატუსები, თუკი იგი დააგროვებდა შესაბამისი სტატუსის მინიჭებისთვის განსაზღვრულ კრედიტქულებს.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს მოსარჩელის მასწავლებლად მუშაობა წლების განმავლობაში. ამასთანავე, მან მასწავლებლად მუშაობის პირობებში, სკოლასთან შესაბამისი ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე - 2019 წლის პირველ სექტემბრამდე წარადგინა არაერთი განცხადება სამინისტროში (2019 წლის 22 მაისის, 6 ივნისის განცხადებები, აგვისტოს თვის განცხადება), რომლებითაც უპირველესად სწორედ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების ინტერესს გამოთქვამდა. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მითითებულ განცხადებებს შესაბამისი რეაგირება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემით არ მოჰყოლია, ხოლო სამინისტროს მხრიდან გაცემული პირველი ინფორმაციული ხასიათის წერილი, რომელიც ზემოაღნიშნულ განცხადებებზე რეაგირებას უაკვშირდება, თარიღდება 2019 წლის 15 ოქტომბრით. ამდენად, მოსარჩელისაგან დამოუკიდებელი მიზეზით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მისი მასწავლებლად მუშაობის პერიოდის დასრულებამდე არ მოახდინა რეაგირება შესაბამის განცხადებებზე. საქმის მასალებით და მოპასუხე მხარის წერილებში ასახული არგუმენტებით, შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით არ არის დადასტურებული იმ დამაბრკოლებელ გარემოებათა უდავოდ არსებობა, რაც მოსარჩელის ინტერესის დაკმაყოფილებას გამორიცხავდა.

საკასაციო პალატა საყურადღებოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ყველა განცხადებაში, რომელიც ნ.ბ-მა წარადგინა 2019 წლის 22 მაისიდან, ხაზგასმულია მისი ხანგრძლივი სამუშაო სტაჟი და დამსახურებული პედაგოგიური საქმიანობა. მოსარჩელე სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით ითხოვს პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის N68 დადგენილებით დამტკიცებული „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ VI თავით გათვალისწინებული იყო სტატუსის მინიჭების განსაკუთრებული შემთხვევა - განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ მასწავლებელს ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლებოდა მინიჭებოდა სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნიდა კომისიას, რომელიც შეიმუშავებდა და ამტკიცებდა განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილი მასწავლებლისათვის ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების წესსა და პირობებს.

ამავე წესს ადგენს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილებით დამტკიცებული „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაც“. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს აღნიშნულ „სქემაში“ სტატუსის მინიჭების განსაკუთრებულ შემთხვევასთან დაკავშირებული ჩანაწერის იმ რედაქციაზე, რომელიც მოქმედებდა მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოებში შესაბამისი განცხადებების წარდგენის დროს. კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილებით დამტკიცებული „სქემა“ სტატუსის მინიჭების განსაკუთრებულ შემთხვევაში მოიაზრებდა განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ მასწავლებელს ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებელს, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლებოდა მინიჭებოდა სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი (თავის მხრივ, „სქემით“ განსაზღვრულ ერთ-ერთ სტატუსს წარმოადგენდა პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი).

საკასაციო პალატა საყურადღებოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სადავო პერიოდში სტატუსის მინიჭების განსაკუთრებული შემთხვევა, სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის (მათ შორის - პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის) მინიჭების წინაპირობად ადგენდა განსაკუთრებულ პედაგოგიურ გამოცდილებას, მიღწევებს და დამსახურებებს. ასეთ შემთხვევაში, მასწავლებლის მიერ სქემით განსაზღვრული სტატუსის მოპოვება დამოკიდებული არ იყო მისი პროფესიული საქმიანობის შეფასების შედეგებზე (შესაბამისი სტატუსის მინიჭებისთვის განსაზღვრული კრედიტქულების დაგროვებაზე და ა.შ.). საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელესთან მიმართებაში სახეზე იყო მისთვის პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების განსაკუთრებული შემთხვევა (საწინააღმდეგო გარემოებების არსებობას მოპასუხე მხარე ვერ ადასტურებს), თუმცა როგორც აღინიშნა, შესაბამისი სტატუსის მინიჭების მოთხოვნის შემცველ არაერთ განცხადებაზე, კანონით დადგენილ ვადაში სამინისტროს რეაგირება არ მოუხდენია. წარდგენილ განცხადებებთან დაკავშირებული მიმოწერა (2019 წლის 22 მაისიდან 2020 წლის 9 ივნისამდე) ისე დასრულდა, რომ სამინისტროს არ გამოუცია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელისათვის პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების თაობაზე. უსაფუძვლოა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან იმ გარემოებაზე ხაზგასმა, რომ მოსარჩელე ვერ აკმაყოფილებდა მასწავლებლის განათლების საკმარის მოთხოვნებს, პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე, როგორც საპენსიო ასაკს მიღწეული პედაგოგი, მოტივირებულია, პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მიიღოს არა სამომავლოდ წინსვლისა და უფრო მაღალი სტატუსის მისანიჭებლად, არამედ, მისთვის, როგორც დამსახურებული, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დასაქმებული პედაგოგისათვის, შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრული უპირატესობის მოსაპოვებლად (ფულადი ჯილდოს მისაღებად). საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მოსარჩელის განცხადებების რეალური შინაარსი, მათი წარდგენის მომენტისათვის ამართლებდა მის ინტერესს - ხანგრძლივი სამუშაო სტაჟიდან და დამსახურებული პედაგოგიური საქმიანობიდან გამომდინარე, მიეღო პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი, შემდგომში ჯილდოს მიღების მიზნით. მოცემულ შემთხვევაში, არარელევანტურია ის გარემოება, რომ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად, მოსარჩელეს უნდა დაეკმაყოფილებინა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის N68 დადგენილებით დამტკიცებული „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ პირობა -„სქემის“ დამტკიცების დროს უნდა ყოფილიყო მოქმედი მასწავლებელი. მოსარჩელე თავადვე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მითითებული პერიოდისათვის ნამდვილად არ წარმოადგენდა საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულ პედაგოგს და შესაბამისად, მას ვერ მიენიჭებოდა პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი. ნ.ბ-მა ამ გარემოებისაგან დამოუკიდებლად გამოხატა ინტერესი, მინიჭებოდა პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი - 2016 წლიდან იგი კვლავ დასაქმდა სკოლაში და მასწავლებლად მუშაობის პირობებში, სკოლასთან შესაბამისი ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე - 2019 წლის პირველ სექტემბრამდე წარადგინა არაერთი განცხადება სამინისტროში, მისთვის, როგორც განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების მქონე პირისათვის პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. ამდენად, მოთხოვნა ნ.ბ-ისათვის პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ნ.ბ-ის მიერ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებში არაერთი განცხადების წარდგენის პროცესში, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილებით დამტკიცებულ „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში“ განხორციელდა ცვლილება და 2019 წლის 6 აგვისტოს N371 დადგენილებით ამოქმედდა „საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის წესი“. აღნიშნული „წესი“ მოქმედებდა 2020 წლის 26 ივნისამდე და მოიცავდა ნ.ბ-ის მხრიდან სამინისტროში წარდგენილი განცხადებების პერიოდს, რომლებიც შეეხებოდა მისთვის პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას და ჯილდოს გაცემას.

2020 წლის 26 ივნისამდე საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილებით გათვალისწინებული „ჯილდოს გაცემის წესით“, საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლის ფულადი ჯილდო განმარტებული იყო, როგორც „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონით განსაზღვრული ასიგნებებიდან სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი გასაცემელის სახით გადახდილი ფულადი თანხა, რომელიც მასწავლებელს მიეცემოდა საჯარო სკოლასა და მასწავლებელს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებ(ებ)ის შეწყვეტის საფუძველზე. ფულადი ჯილდოს მიღების მოთხოვნით განცხადების დაწერის უფლება ჰქონდა საჯარო სკოლის იმ პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელიც საპენსიო ასაკს მიაღწევდა 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის წესს, პირობებს, ეტაპებსა და ვადებს ადგენდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამ თავით გაუთვალისწინებელი შემთხვევების შესახებ ფულადი ჯილდოს ოდენობის დაანგარიშებასა და გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

ამდენად, ზემოაღნიშნული საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილებით დამტკიცებულ „სქემაში“ 2019 წლის 6 აგვისტოს განხორციელებული ცვლილებით ამოქმედებული „ჯილდოს გაცემის წესი“, შესაბამისი ფულადი ჯილდოს გაცემის სუბიექტად ადგენდა საჯარო სკოლაში დასაქმებულ, საპენსიო ასაკს მიღწეულ, პრაქტიკოსი სტატუსის მქონე მასწავლებელს. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განცხადების პირველად წარდგენისას - 2019 წლის 22 მაისს მოსარჩელე იყო მოქმედი მასწავლებელი - შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, ქართულის მასწავლებლად დასაქმებული იყო ...ის N... საჯარო სკოლაში. ასევე დადგენილია, რომ განცხადების წარდგენისას მოსარჩელე იყო საპენსიო ასაკს მიღწეული პირი („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. მოსარჩელე 2019 წლის 22 მაისს იყო 63 წლის). ამასთანავე, მოსარჩელის ...ის N... საჯარო სკოლაში ქართულის მასწავლებლად დასაქმება დასტურდება 2019 წლის პირველ სექტემბრამდე. შესაბამისი ცვლილების ამოქმედების დროს, ჯილდოს მისაღებად მოსარჩელე არ აკმაყოფილებდა მხოლოდ ერთ პირობას - მას არ ჰქონდა მინიჭებული პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი, თუმცა უდავოა, რომ 2019 წლის 6 აგვისტოს შემდეგ, მოსარჩელე არაერთი განცხადებით, უშედეგოდ ცდილობდა შესაბამისი სტატუსის მინიჭებას, სწორედ იმ მიზნით, რომ გამხდარიყო ფულადი ჯილდოს მიღების სრულფასოვანი სუბიექტი (2019 წლის 26 ნოემბრის, 2020 წლის პირველი ივნისის განცხადებები).

საკასაციო პალატა თვლის, რომ იმ პირობებში, როდესაც საფუძვლიანად არის მიჩნეული ნ.ბ-ის მოთხოვნა, მისთვის პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების თაობაზე, ასევე საფუძვლიანია მოთხოვნა, პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსიდან გამომდინარე, ნ.ბ-ის სასარგებლოდ ფულადი ჯილდოს გაცემის თაობაზე.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ რეალური შესაძლებლობა, სრულად დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა (დაევალოს მოპასუხეს მისთვის პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებისა და ფულადი ჯილდოს გაცემის შესახებ აქტების გამოცემა) არსებობს მხოლოდ მოცემული სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტის იმ რედაქციის ნორმების გამოყენების შემთხვევაში, რომლებიც მოქმედებდა ნ.ბ-ის მხრიდან სადავო პერიოდში შესაბამისი პრეტენზიების შემცველი განცხადებების წარდგენის დროს. როგორც აღინიშნა, მოსარჩელის საბოლოო მიზანს, მისთვის, როგორც განსაკუთრებული დამსახურების მქონე პედაგოგისათვის, პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების პირობებში ჯილდოს მიღება წარმოადგენს. „ჯილდოს გაცემის წესი“, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილებით დამტკიცებულ „სქემაში“ 2019 წლის 6 აგვიტოს ამოქმედდა და გაუქმდა 2020 წლის 26 ივნისს. ამასთანავე, მოსარჩელესა და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის სადავო საკითხებთან მიმართებაში მიმოწერა 2019 წლის 22 მაისიდან 2020 წლის 9 ივნისამდე გაგრძელდა და შესაბამისი აქტის გამოცემის მიზნით, წარმოების ჩატარების გარეშე დასრულდა. ამ პირობებში, საკასაციო პალატა თვლის, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობასთან მიმართებაში, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის N68 დადგენილებით დამტკიცებული „სქემის“ შესაბამის ნორმებთან ერთად, რელევანტურია საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილებით დამტკიცებული „სქემის“ 2020 წლის 26 ივნისამდე მოქმედი რედაქციის ნორმების გათვალისწინება. საგულისხმოა, რომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილებით დამტკიცებული „სქემა“, 2020 წლის 26 ივნისიდან განსაკუთრებულ შემთხვევებში აღარ მოიაზრებს პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას. კერძოდ, მითითებული თარიღით ახალი რედაქციით დამტკიცებული „სქემის“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებელს/ სპეციალურ მასწავლებელს, სქემის 26-ე მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად, შეიძლება, მიენიჭოს სქემის მე-5 და მე-17 მუხლებით განსაზღვრული მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის ერთ-ერთი სტატუსი. თავის მხრივ, „სქემის“ მე-5 მუხლით, მასწავლებლის სტატუსის სახეებად განსაზღვრულია უფროსი მასწავლებელი, წამყვანი მასწავლებელი და მენტორი მასწავლებელი, ხოლო მე-17 მუხლი ადგენს სპეციალური მასწავლებლის სტატუსის სახეებს: პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებელი; უფროსი სპეციალური მასწავლებელი; წამყვანი სპეციალური მასწავლებელი; მენტორი სპეციალური მასწავლებელი (განსაკუთრებულ შემთხვევებში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა აღარ დადგენილა მითითებულ ნორმატიულ აქტში 2020 წლის 26 ივნისის შემდგომ განხორციელებული ცვლილებებითაც). საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც შესაბამისი განცხადებების წარდგენისას მოქმედი რეგულაციები მოსარჩელის ინტერესის რეალურად დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლეოდა და მოპასუხე სამინისტროს მხრიდან განცხადებებს დროული რეაგირება არ მოჰყოლია, მოსარჩელისათვის პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სამინისტროს უნდა დაევალოს 2020 წლის 26 ივნისს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილებით დამტკიცებულ „სქემაში“ შესაბამისი ცვლილებების განხორციელებამდე არსებული წესების შესაბამისად.

საკასაციო პალატა ასევე საგულისხმოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილებით დამტკიცებული „სქემა“ 2020 წლის 26 ივნისიდან აღარ ითვალისწინებს შესაძლებლობას - შესაბამისი სტატუსის მინიჭების პირობებში, პედაგოგმა მიიღოს ჯილდო, რაც მოცემულ დავაზე მოსარჩელის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს (პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილება მისთვის წარმოადგენს მხოლოდ მეორე მოთხოვნის - ჯილდოს მიღების დაკმაყოფილების საშუალებას). ამდენად, მოსარჩელისაგან დამოუკიდებელი მიზეზით, შესაბამის განცხადებებზე ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან დროული რეაგირების არარსებობის გამო, „სქემის“ დღეს მოქმედი რედაქცია ვეღარ უზრუნველყოფს მისი მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ როგორც პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების, ისე პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის საკითხთან მიმართებაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოსცეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილებით დამტკიცებული „სქემის“ 2020 წლის 26 ივნისამდე მოქმედი რეგულაციების გათვალისწინებით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს, ხოლო ნ.ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით ნ.ბ-ის სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს: უნდა დაევალოს მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა, ნ.ბ-ისათვის პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებისა და მისთვის ფულადი ჯილდოს ანაზღაურების თაობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ნ.ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

4. ნ.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

5. დაევალოს მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ნ.ბ-ისათვის პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების თაობაზე;

6. დაევალოს მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ნ.ბ-ისათვის ფულადი ჯილდოს ანაზღაურების თაობაზე;

7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე