Facebook Twitter

საქმე №ბს-398 (კ-23) 15 ივნისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2022 წლის 7 მარტს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - ვ. ბ-ის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო მოსამსახურე ვ. ბ-ეს შორის 2020 წლის 12 ოქტომბერს დაიდო კონტრაქტი სამსახურის გავლის თაობაზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 20.10.2020წ. N6195 ბრძანებით ვ. ბ-ე დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ...ის უფროსი სერჟანტად, ...ის ცენტრის .... მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურე“ იღებდა ვალდებულებას, კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, კეთილსინდისიერად ემსახურა თავდაცვის სამინისტროში, ხოლო, თავის მხრივ, სამინისტროს ვალდებულებას წარმოადგენდა „სამხედრო მოსამსახურის“ ხელფასით უზრუნველყოფა. კონტრაქტის 3.2 პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახურის ვადა განისაზღვრა 4 წლით, თუმცა საქართველოს თავდაცვის მეთაურის 27.10.2021წ. №3241 ბრძანების თანახმად, ვ. ბ-ე გათავისუფლდა თანამდებობიდან „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების“ XVI თავის მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მართვის ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის 2017 წლის 25 ივლისის №965 ბრძანების პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

მოსარჩელის მითითებით, ამავე კონტრაქტის 7.3 პუნქტით განისაზღვრა „სამხედრო მოსამსახურის“ ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ, თუ „სამხედრო მოსამსახურე“ ამ კონტრაქტის მოქმედების განმავლობაში ვადამდე იქნებოდა დათხოვნილი საკონტრაქტო სამსახურიდან პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, ის უპირობოდ გახდებოდა ვალდებული, შეწყვეტიდან (შეიარაღეაბული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში სამინისტროსათვის ჯარიმის სახით აენაზღაურებინა 3 000 (სამი ათასი) ლარი.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ვ. ბ-ე დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალებიდან პირადი პატაკის საფუძველზე. კონტრაქტის გაფორმებიდან მას აქვს ნამსახურები ორ წელზე ნაკლები, კერძოდ ერთი წელი და ცხრამეტი დღე. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ვ. ბ-ეს წარმოეშვა ფინანსური პასუხისმგებლობა, კერძოდ, კონტრაქტის 7.3 პუნქტის მიხედვით, 3 000 ლარის ანაზღაურების ვალდებულება, რაც მოპასუხეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დღემდე არ შეუსრულებია.

ამდენად, მოსარჩელემ ვ. ბ-ესთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ, ჯარიმის სახით 3000 (სამი ათასი) ლარის გადასახდელად დაკისრება მოითხოვა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ვ. ბ-ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისრა 1500 ლარის გადახდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2020 წლის 12 ოქტომბერს ვ. ბ-ეს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 04 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებული №4027/20 კონტრაქტი და იგი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 ოქტომბერს №6195 ბრძანებით გაწვეულ იქნა საკონტრაქტო(პროფესიულ) სამხედრო სამსახურში.

12.10.2020 წლის №4027/20 კონტრაქტის 3.2 პუნქტის თანახმად, კონტრაქტის საფუძველზე მსახურის ვადა შეადგენს 4 (ოთხ) წელს. კონტრაქტის 7.3 პუნქტით განისაზღვრა „სამხედრო მოსამსახურის“ ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ „სამხედრო მოსამსახურე“ ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული „სამხედრო მოსამსახურე“ მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნებოდა დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან (წვევამდელის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვადამდე შეუწყდებოდა კონტრაქტი), სამხედრო მოსამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ ხდებოდა ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 (ათი) დღის ვადაში „სამინისტროსათვის“ აენაზღაურებინა ჯარიმის სახით 3000 (სამი ათასი) ლარი. ამავე პუნქტში გაკეთებულია დათქმა, რომ „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ აცხადებს, რომ კონტრაქტიდან გამომდინარე დავების განხილვისას სადავო არ გახდება წინამდებარე მუხლში აღნიშნული თანხა და არანაირი დავა არ წარმოიშვება მის ირგვლივ.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ბ-ეს კონტრაქტის გაფორმებიდან ამავე კონტრაქტის დარღვევამდე (ვადამდე შეწყვეტამდე) ნამსახურები ჰქონდა ორ წელზე ნაკლები.

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2021 წლის 27 ოქტომბერს №MOD 7 21 00003241 ბრძანებით ვ. ბ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის საფუძველზე.

სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე(05.06.2018წ. საქმე Nბს-880-876(კ-17)), რომლის მიხედვითაც, შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტი არ შეიცავს საფუძვლების დიფერენცირებას და პირგასამტეხლო 3 000 ლარის ოდენობით ერთიანია იმ პირობის მიუხედავად, როგორია ბრალის სიმძიმე და საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რომ განსახილველ პირობებში ჯარიმის 3 000 ლარით განსაზღვრა უკიდურესად მძიმეა, კაბალურ მდგომარეობაში ამყოფებს სამხედრო მოსამსახურეს და სრულად დამოკიდებულს ხდის კონტრაქტორზე, რის გამოც მართებულია სასამართლოს მხრიდან პირგასამტეხლოს თანხის ოდენობის შემცირება.

საპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულების არსებობა, ბუნებრივია, ხელშემკვრელ მხარეებს ავალდებულებს იმოქმედონ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულონ შეთანხმებული ვალდებულებები, თუმცა, აღნიშნული არ გამორიცხავს მხარეთა ინტერესების ბალანსირების აუცილებლობას, რომელიც უნდა ემყარებოდეს მხარეთა თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპს.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მოწინააღმდეგე მხარის პოზიციაზე, კერძოდ ვ. ბ-ემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ კონტრაქტის შესაბამისად თანხა უნდა გადაეხადა ათი დღის ვადაში, თუმცა ჯარიმის ოდენობა შეუსაბამოა მის ფინანსურ მდგომარეობასთან ვინაიდან არის სოციალურად დაუცველი. მოპასუხემ საქალაქო სასამართლო სხდომაზე ითხოვა აღნიშნული ჯარიმის თანხის განწილვადება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეამცირა ნორმატიული აქტების იერარქიაში უფრო მაღალ საფეხურზე მდგომი საკანონმდებლო აქტის, სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე. ამდენად, აპელანტის მითითება იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გამოიყენა სამართლებრივი ნორმა (საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის N683 ბრძანება, რომელშიც ცვლილება იქნა შეტანილი 22.11.14წ. N1633 ბრძანებით), რომელიც უნდა გამოეყენებინა, უსაფუძვლოა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 15 პუნქტზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების მე-18 თავის პირველი პრიმა თავის „დ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ კანონმდებლობამ და სასამართლო პრაქტიკამ ერთმანეთისაგან განასხვავა სახელშეკრულებო და კანონით განსაზღვრული პირგასამტეხლო (ჯარიმა). კასატორი აღნიშნავს, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ ჯარიმის სახით მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს კანონისმიერ ფიქსირებულ თანხას და მასზე სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გავრცელება შეუსაბამოა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

თავდაპირველად საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის პირობებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში მოთხოვნის საფუძვლიანობა წარმოადგენს, რამდენადაც გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილი მოპასუხის - ვ. ბ-ის მიერ არ გასაჩივრებულა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 416-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებზე, 2020 წლის 12 ოქტომბერს ვ. ბ-ეს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 04 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებული N4027/20 კონტრაქტი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 20.10.2020წ. N6195 ბრძანებით ვ. ბ-ე დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ...ის უფროსი სერჟანტად, ...ის ცენტრის ....

კონტრაქტის 7.3 პუნქტით განისაზღვრა „სამხედრო მოსამსახურის“ ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ „სამხედრო მოსამსახურე“ ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული „სამხედრო მოსამსახურე“ მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნებოდა დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან (წვევამდელის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვადამდე შეუწყდებოდა კონტრაქტი), სამხედრო მოსამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ითვალისწინებდა ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ ხდებოდა ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 (ათი) დღის ვადაში „სამინისტროსათვის“ ჯარიმის სახით აენაზღაურებინა 3000 (სამი ათასი) ლარი. ამავე პუნქტში გაკეთებულია დათქმა, რომ „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ აცხადებდა, რომ კონტრაქტიდან გამომდინარე დავების განხილვისას სადავო არ გახდებოდა წინამდებარე მუხლში აღნიშნული თანხა და არანაირი დავა არ წარმოიშობოდა მის ირგვლივ.

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2021 წლის 27 ოქტომბრის №3241 ბრძანებით, I კლასის რიგითი, ვ. ბ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან, კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო 12.10.2021 წლის პირადი პატაკის საფუძველზე. ვ. ბ-ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობის ვადა შეადგენს 1 წელს და 19 დღეს. დასახელებული ბრძანების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 18.03.2014 წლის №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის დებულების“ მე-16 თავის მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მართვის ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 14.12.2018წ. №MOD 3 18 00000965 ბრძანების პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ვ. ბ-ეს კონტრაქტის გაფორმებიდან ამავე კონტრაქტის დარღვევამდე (ვადამდე შეწყვეტამდე) ნამსახურები აქვს ორ წელზე ნაკლები. განსახილველ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება არ შესრულდა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ვადაში, დადგენილი წესით, რაც გამოიხატა ვ. ბ-ის მიერ კონტრაქტის საკუთარი სურვილით შეწყვეტაში, თუმცა მის მიერ სხვა სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა არ იკვეთება. ხელშეკრულების მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობამ კრედიტორს მიანიჭა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან ადმინისტრაციული ხელშეკრულების ფორმა და განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა მოწესრიგებულია კანონის და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე, დაუშვებელია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს (ჯარიმის) შემცირება, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს მხარეთა მიერ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში შეთანხმებულ პირობას, არამედ დადგენილია კანონისმიერი საფუძვლით. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, ჯარიმა (საურავი) პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. განსახილველი ადმინისტრაციული ხელშეკრულების შინაარსის გათვალისწინებით, მხარეები შეთანხმებულნი არიან პირგასამტეხლოზე, კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა კი ექცევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის ფარგლებში.

ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, თუმცა სასამართლო, თავის მხრივ, უფლებამოსილია იმოქმედოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში და იმსჯელოს პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მითითებული ნორმის საფუძველზე პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას, ვალდებულების დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესსა და სხვა ობიექტურ გარემოებებს.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ კონტრაქტის 7.3 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას (საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის N683 ბრძანებით (ცვლილება იქნა შეტანილი 22.11.14წ. N1633 ბრძანებით), დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობის მოცემულ სამართალურთიერთობაზე იმპერატიულად გავრცელების თაობაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდა ნორმატიული აქტების იერარქიაში უფრო მაღალ საფეხურზე მდგომი საკანონმდებლო აქტის, სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე. ამდენად, კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გამოიყენა სამართლებრივი ნორმა რომელიც უნდა გამოეყენებინა, უსაფუძვლოა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხემ საქალაქო სასამართლოში გამოთქვა მზაობა ჯარიმის ნაწილობრივ გადახდის შესახებ, თუმცა აღნიშნა, რომ სოციალურად დაუცველია და ითხოვა განწილვადება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხისათვის დაკისრებული ჯარიმა ადეკვატურია და შესაბამისობაშია მოპასუხის მიერ დარღვეული ვალდებულების სიმძიმესთან და ზოგადად სამართლიანობის პრინციპებთან, რამდენადაც ჯარიმის 3000 (სამი ათასი) ლარით განსაზღვრა შეუსაბამოდ არათანაბარ სამართლებრივ თუ უფლებრივ მდგომარეობაში ამყოფებს სამხედრო მოსამსახურეს და მთლიანად დამოკიდებულს ხდის კონტრაქტორზე, რის გამოც ჯარიმის თანხის გონივრულ ფარგლებში შემცირება შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიზანს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა