საქმე №ბს-397(კ-23) 15 ივნისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2020 წლის 24 თებერვალს ა. ბ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი 2005 წლის 1 სექტემბრიდან მუშაობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, კონტრაქტით, სამხედრო მოსამსახურედ. მასთან პირველი კონტრაქტი გაფორმდა 2005 წლის 1 სექტემბერს, 4 წლის ვადით. 2008 წლის 11 სექტემბერს გაფორმდა ახალი ხელშეკრულება 4 წლის ვადით. 2011 წლის 12 დეკემბერს გაფორმდა მესამე კონტრაქტი - 8 წლის ვადით, ხოლო 2019 წლის 12 დეკემბერს მოსარჩელესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის უკვე მეოთხე კონტრაქტს მოეწერა ხელი. მესამე კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, ნაცვლად კანონმდებლობით გათვალისწინებული 14000 ლარისა, ერთჯერადი დახმარების სახით ა. დ.-ს ძე ბ-აზე გაიცა 7000 ლარი. შესაბამისად, სარჩელის მიზანს წარმოადგენს ზემოაღნიშნული დანაკლისის, 7 000 ლარის თანხის ანაზღაურება.
მოსარჩელე მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ 26.09.2007წ. №560 ბრძანებას. ზემოაღნიშნული ბრძანების 47 სეკუნდა პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, 47 პრიმა პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეს ერთჯერადი დახმარება მიეცემა შემდეგი ოდენობით, მეორე ან მომდევნო ოთხი/რვა წლიანი კონტრაქტის შემდგომ რვა წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 14000 ლარის ოდენობით.
მოსარჩელე მიიჩნევს რომ აკმაყოფილებს კანონის ზემოაღნიშნულ დანაწესს, რადგან ა. ბ-ასთან მეორე ოთხწლიანი კონტრაქტი გაფორმდა 2008 წლის 11 სექტემბერს, რომელიც შეწყდა 8 წლიანი კონტრაქტით (გაფორმებული 2011 წლის 12 დეკემბერს). 8 წელი მან ბოლო კონტრაქტის საფუძველზე სრულად იმსახურა, რის გამოც ითხოვს 14 000 ლარიდან დარჩენილი თანხის 7 000 ლარის ანაზღაურებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ა. ბ-ას სასარგებლოდ დაეკისრა - 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 13 ოქტომბრის №2767 ბრძანების თანახმად, ...ი ა. ბ-ა გაწვეული იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში და დაინიშნა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად 2005 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ბრიგადის სპეციალური დანიშნულების ბატალიონის ...ად.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2008 წლის 11 სექტემბერს, ა. ბ-ასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა №26359 ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, იგი დაიდო 4 წლის ვადით. აღნიშნული ხელშეკრულება შეწყდა 2011 წლის 12 დეკემბერს. იმავე დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ა. ბ-ას შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 18 თებერვლის №53 ბრძანებით დამტკიცებული ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 8 წელი. 2011 წლის 12 დეკემბერს გაფორმებული 8 წლიანი კონტრაქტი ა. ბ-ამ დაასრულა 2019 წლის 12 დეკემბერს. 2019 წლის 12 დეკემბერს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ა. ბ-ას შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 27.02.2009 წლის №122 ბრძანებით დამტკიცებული №3615/19 კონტრაქტი. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 4 წლით.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 472-ე პუნქტზე, რომლის მიხედვით, 471-ე პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს ერთჯერადი დახმარება მიეცემათ შემდეგი ოდენობით: ა) ორწლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 3000 ლარი, ან; ბ) ოთხწლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 7000 ლარი, ან; გ) რვაწლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც შეწყდა პირველი 4 (ოთხი) წლიანი კონტრაქტი 7000 ლარი, ან; დ) მეორე ან მომდევნო ოთხი/რვაწლიანი კონტრაქტის შემდგომ რვაწლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 14000 ლარი. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და მხარები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ა. ბ-ას სახელზე ერთჯერადი დახმარების სახით გაიცა 7000 ლარი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №14 ბრძანებით ცვლილება შევიდა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში. ბრძანებას დაემატა 476 პუნქტი, რომლითაც განისაზღვრა, რომ 472 პუნქტით განსაზღვრული ერთჯერადი დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული კონტრაქტის პირობები ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მითითებული ცვლილებით დადგენილი დანაწესი ვერ გავრცელდება მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობაზე, ვინაიდან, ნორმატიულ აქტს უკუძალა ენიჭება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ აქტით („ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში შესაბამისი აქტით ნორმატიული აქტის უკუძალა დადგენილი და განსაზღვრული არ ყოფილა. შესაბამისად, მოსარჩელესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე ვრცელდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471 და 472 პუნქტებით გათვალისწინებული დანაწესი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სრულად აკმაყოფილებს და შეესაბამება №560 ბრძანებით განსაზღვრულ, ერთჯერადი დახმარების გაცემისათვის საჭირო სავალდებულო პირობებს.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება მასზედ, რომ მეორე ან მომდევნო ოთხი/რვაწლიანი კონტრაქტის შემდგომ, რვაწლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში მოსარჩელეზე უნდა გაცემულიყო ერთჯერადი დახმარება 14 000 ლარი ნაცვლად 7 000 ლარისა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური ოპერაციების ბატალიონის დასავლეთი საზღვაო სპეციალური დანიშნულების ასეულის საზღვაო სპეციალური დანიშნულების ... ა. დ.-ს ძე ბ-ას მიმართ კონტრაქტი 4 წლიანი გაფორმდა 2008 წლის 11 სექტემბერს, რომელიც არ ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას. აღნიშნული კონტრაქტი მოსარჩელეს შეუწყდა 2011 წლის 12 დეკემბერს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 18 თებერვლის №53 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის გაფორმების გამო. 12.12.2011 წელს გაფორმებული რვა წლიანი კონტრაქტი მოსარჩელემ დაასრულა 2019 წლის 12 დეკემბერს, რის შემდეგაც მან მიიღო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანების 58-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარება.
კასატორი მიუთითებს, რომ 2008 წლის 11 სექტემბრამდე სპეციალური ოპერაციების ძალების პირად შემადგენლობასთან ხელშეკრულებები (კონტრაქტი) არ ფორმდებოდა, პირველი კონტრაქტი მხარესთან 2008 წელს გაფორმდა, ხოლო მე-3 კონტრაქტი ჯერ კიდევ მოქმედია, არ არის დასრულებული. კასატორმა მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 69-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ წერილობითი ფორმით. კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა შორის 2008 წლამდე არ ყოფილა ადმინისტრაციული ხელშეკრულება გაფორმებული. კასატორი მიიჩნევს, რომ კანონმდებლობის შესაბამისად ა. ბ-ამ უკვე მიიღო ერთჯერადი დახმარება, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ა. ბ-ას სასარგებლოდ, 7 000 (შვიდი ათასი) ლარის გადასახდელად დაკისრება. საკასაციო სასამართლო მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისთვის არსებითად მიიჩნევს განისაზღვროს რა ოდენობის თანხა ეკუთვნოდა ა. ბ-ას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებზე, 2005 წლის 13 ოქტომბრის №2767 ბრძანების თანახმად, ...ი ა. ბ-ა გაწვეული იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში და დაინიშნა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად 2005 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ბრიგადის სპეციალური დანიშნულების ბატალიონის ...ად (შტატი №8/629-01); საფუძველი: სპეციალური დანიშნულების ბრიგადის მეთაურის შუამდგომლობა (3173, 23.09.2005წ).
დადგენილია, რომ 2008 წლის 11 სექტემბერს, ა. ბ-ასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა №26359 ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 4 წელი. ზემოაღნიშნული ხელშეკრულება შეწყდა 2011 წლის 12 დეკემბერს.
2011 წლის 12 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ა. ბ-ას შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 18 თებერვლის N53 ბრძანებით დამტკიცებული ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 8 წელი. 8 წლიანი კონტრაქტი ა. ბ-ამ დაასრულა 2019 წლის 12 დეკემბერს.
2019 წლის 12 დეკემბერს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ა. ბ-ას შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 27.02.2009 წლის N122 ბრძანებით დამტკიცებული №3615/19 კონტრაქტი. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, იგი დაიდო 4 წლის ვადით.
საკასაციო სასამართლო მოიხმობს სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების (ძალადაკარგულია 2018 წლის 15 იანვრიდან) 471 პუნქტს, რომლის თანახმად, ამ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ორი, ოთხი ან რვა წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის ან ახალი კონტრაქტის გაფორმების გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 472 პუნქტში მითითებული ოდენობით. ამ პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ პუნქტის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება, თუ მითითებული კონტრაქტის გაფორმებამდე წინა კონტრაქტი შეუწყდა 8 წლიანი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმა ერთჯერადი გასაცემლის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის ადგენს იმ მოცემულობას, რომ სამხედრო მოსამსახურეს გავლილი უნდა ჰქონოდა სამხედრო სამსახური 4-წლიანი კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტის დასრულების შემდგომ, მასთან კვლავ უნდა გაფორმებულიყო კონტრაქტი 4 წლის ვადით (2009 წლის 1 მარტს ან მის შემდგომ). ამასთან, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა სრულად უნდა ყოფილიყო ამოწურული და ახალი კონტრაქტის დადებამდე არ უნდა ყოფილიყო 2 წელზე მეტი გასული.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 472-ე პუნქტის მიხედვით, 471-ე პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს ერთჯერადი დახმარება მიეცემათ შემდეგი ოდენობით: ა) ორწლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 3000 ლარი, ან; ბ) ოთხწლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 7000 ლარი, ან; გ) რვაწლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც შეწყდა პირველი 4 (ოთხი) წლიანი კონტრაქტი 7000 ლარი, ან; დ) მეორე ან მომდევნო ოთხი/რვაწლიანი კონტრაქტის შემდგომ რვაწლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 14000 ლარი.
საქმეში წარმოდგენილი მასალების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა. ბ-ა აკმაყოფილებდა ზემოაღნიშნული სამართლებრივი მოწესრიგების პირობებს. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 13 ოქტომბრის N2767 ბრძანებაზე, რომლითაც დგინდება, რომ ...ი ა. დ.-ს ძე ბ-ა გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში და დაინიშნა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად 2005 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ბრიგადის სპეციალური დანიშნულების ბატალიონის ...ად.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ მოსარჩელე აკმაყოფილებს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471 და 472 პუნქტების მოთხოვნებს, ვინაიდან ა. ბ-ამ მეორე კონტრაქტი დაასრულა 2011 წლის 12 დეკემბერს, მესამე 8 წლიანი კონტრაქტი დაასრულა 2019 წლის 12 დეკემბერს, შესაბამისად, მეორე ან მომდევნო ოთხი/რვაწლიანი კონტრაქტის შემდგომ, რვაწლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში მასზე უნდა გაცემულიყო ერთჯერადი დახმარება 14 000 ლარი ნაცვლად 7000 ლარისა .
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №14 ბრძანებით ცვლილება შევიდა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში და ბრძანებას დაემატა 476 პუნქტი, რომლითაც განისაზღვრა, რომ 472 პუნქტით განსაზღვრული ერთჯერადი დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული კონტრაქტის პირობები ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ მითითებული ცვლილებით დადგენილი დანაწესი ვერ გავრცელდება მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობაზე, ვინაიდან, ნორმატიულ აქტს უკუძალა ენიჭება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ აქტით („ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში შესაბამისი აქტით ნორმატიული აქტის უკუძალა დადგენილი და განსაზღვრული არ ყოფილა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2017 წლის 7 მარტს განხორციელებული ცვლილების შეტანის შედეგად დადგინდა კონტრაქტით გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარების გათვალისწინების სავალდებულობა, რომლსაც უკუძალა ვერ ექნება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 7 000 ლარის ოდენობით მიუღებელი ერთჯერადი დახმარების ანაზღაურების დაკისრების მართებულობასთან დაკავშირებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა