Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-750(კ-22) 20 ივნისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - გ. ც-ი, ე. ბ-ე, ა. ც-ი, ნ. ც-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 24 მარტს გ. ც-იმა, ე. ბ-ემ, ა. ც-იმა და ნ. ც-იმა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებსაც არ მიუღიათ ფულადი სახის კომპენსაცია და არც საცხოვრებელი ფართით არიან უზრუნველყოფილნი. მიუხედავად ამისა, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის ბრძანებით, მოსარჩელეებს უარი ეთქვათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ნგრევად ობიექტში - სასტუმრო „კ...ში“ ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ გ. ც-ი 1992 წლიდან ცხოვრობს და რეგისტრირებულია ქ. თბილისში, ...ის №1-ში მდებარე სასტუმრო „კ...ში“, თუმცა, ვინაიდან ფართის მესაკუთრე უზღუდავთ ფართით სარგებლობას, ისინი ვეღარ ახერხებენ აღნიშნულ ფართში ცხოვრებას, აღნიშნული გარემოება კი სააგენტოს მხრიდან არ ყოფილა შესწავლილი.

მოსარჩელეებმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №04-2290/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის, მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ც-ის, ე. ბ-ეის, ა. ც-ისა და ნ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №04-2290/ო ბრძანება და მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ც-ი და მისი ოჯახის წევრები - ე. ბ-ე, ა. ც-ი და ნ. ც-ი იყვნენ იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები და მათი რეგისტრაციის ადგილს წარმოადგენდა ქ. თბილისი, ...ის ქ. №1-ში მდებარე სასტუმრო „კ...ი“, რომელიც იყო ნგრევადი ობიექტი. ამასთან, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №04-2290/ო ბრძანებით გ. ც-ის ოჯახს ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 29 აგვისტოს დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების და გასაუბრების ოქმის მიხედვით, გ. ც-ის, ე. ბ-ეის, ა. ც-ისა და ნ. ც-ის მიერ აპლიკაციაში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის №1, სასტუმრო „კ...ი“ განხორციელდა მონიტორინგი. მონიტორინგის დროს გ. ც-ის ოჯახი მისამართზე არ დახვდათ, შენობაში მცხოვრებმა პირებმა კი მონიტორინგის თანამშრომლებს განუმარტეს, რომ გ. ც-ი დიდი ხანია, რაც აღარ ცხოვრობდა აღნიშნულ შენობაში. 2019 წლის 5 სექტემბერს, გ. ც-იმა მონიტორინგის ჯგუფს განუმარტა, რომ 1991 წლიდან მოკავებული ჰქონდა ფართი ქ. თბილისში, ...ის ქ. №1 სასტუმრო „კ...ის“ შენობაში მე-5 სართულზე, თუმცა მის შვილს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები და ესაჭიროებოდა შედარებით უკეთესი გარემო მკურნალობისთვის, რის გამოც ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ქ. რუსთავში, მე-... მკრ., მე-... კორპ., ბ. 39-ში.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდებოდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებული გარემოება, რომ მონიტორინგის განხორციელებისას გ. ც-ი არ იმყოფებოდა მისამართზე, ვინაიდან ერთჯერადად საცხოვრებელ ფართში არყოფნა, არ გამორიცხავდა ამავე მისამართზე ცხოვრების შესაძლებლობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს განმარტებით, მხარის ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დასადგენად, რეგისტრაციის მისამართი არ შეიძლება ჩაითვალოს მისი რეალური საცხოვრებელი ადგილის დადგენის უტყუარ მტკიცებულებად, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში, მხარის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი განსხვავდება რეგისტრაციის მისამართისგან. სწორედ ამიტომ, საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტი სწავლობს კონკრეტული დევნილი ოჯახის საცხოვრებელ პირობებს, მათ რეალურ საცხოვრებელ მისამართს და სხვა გარემოებებს. გარდა ამისა, სააგენტო მიიჩნევს, რომ თუ ოჯახი რეალურად არ ცხოვრობს ნგრევად ობიექტში, მისი განსახლებაც კრიტერიუმების გარეშე გამორიცხულია.

კასატორმა განმარტა, რომ მნიშვნელოვანია შესაბამის ეტაპზე იმ ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა, რომლებიც სასწრაფოდ საჭიროებენ განსახლებას, რათა საცხოვრებელი პირველ რიგში მიიღონ რეალურად საჭიროების მქონე ოჯახებმა. განსახილველ შემთხვევაში კი, კასატორის მოსაზრებით, საქმეში არსებული მონიტორინგის ოქმებიდან ცალსახად დასტურდებოდა, რომ სასტუმრო „კ...ის“ გამოთავისფულების დროს გ. ც-ი ოჯახთან ერთად სხვა ქალაქში და სხვა მისამართზე ცხოვრობდა, ამასთან, სააგენტომ აღნიშნა, რომ ინფორმაცია გადამოწმდა რამდენჯერმე და არც ერთხელ არ დადასტურდა ოჯახის ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, განსახილველ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გ. ც-ის, ე. ბ-ეის, ა. ც-ის და ნ. ც-ისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება, ნგრევად შენობაში ფაქტობრივად არ ცხოვრების საფუძვლით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დევნილის რეგისტრაციის ადგილს წარმოადგენს სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა, ხოლო ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრულია დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (ძალადაკარგულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით) 6.1 მუხლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე - გ. ც-ი და მისი ოჯახის წევრები - ე. ბ-ე, ა. ც-ი და ნ. ც-ი არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები და მათი რეგისტრაციის ადგილს წარმოადგენს ქ. თბილისი, ...ის ქ. №1-ში მდებარე სასტუმრო „კ...ი“, რომელიც არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ნგრევადი და საცხოვრებლად უვარგისი ობიექტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 2016 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2015 წლის 9 ნოემბრის №124 ოქმის თანახმად, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვათ სასტუმრო „კ...ში“ მცხოვრებ მოსარჩელეებს, საკუთრების ქონის გამო. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ადმინისტრაციული ორგანოს უარი გასაჩივრებულ იქნა სასამართლოში, რომელმაც ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბათილად ცნო გასაჩივრებული აქტები და მოპასუხეს დაავალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა. ასევე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №04-2290/ო ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე გ. ც-ის, ე. ბ-ეს, ა. ც-ისა და ნ. ც-ის ოჯახს, ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო, უარი ეთქვათ ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

განსახილველ შემთხვევაში, ასევე დადგენილია, რომ 2019 წლის 29 აგვისტოს დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების და გასაუბრების ოქმის მიხედვით, გ. ც-ის, ე. ბ-ეის, ა. ც-ისა და ნ. ც-ის მიერ აპლიკაციაში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის ქ. №1, სასტუმრო „კ...ი“ განხორციელდა მონიტორინგი. მონიტორინგის დროს გ. ც-ის ოჯახი მისამართზე არ დახვდათ, შენობაში მცხოვრებმა პირებმა კი მონიტორინგის თანამშრომლებს განუმარტეს, რომ გ. ც-ი დიდი ხანია, რაც აღარ ცხოვრობს აღნიშნულ შენობაში. 2019 წლის 5 სექტემბრის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების და გასაუბრების ოქმის თანახმად კი, მონიტორინგის ჯგუფი გაესაუბრა გ. ც-ის, რომელმაც განმარტა, რომ მას მამიდასთან გუ. ც-ითან ერთად 1991 წლიდან მოკავებული ჰქონდა ფართი ქ. თბილისში, ...ის ქ. №1 სასტუმრო „კ...ის“ შენობაში მე-5 სართულზე. გ. ც-იმა ასეევე განმარტა, რომ იგი დაოჯახდა 2001 წელს და შეეძინა ორი შვილი. ამასთან, ვინაიდან მის შვილს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები და ესაჭიროებოდა შედარებით უკეთესი გარემო მკურნალობისთვის, ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ქ. რუსთავში, მე-... მკრ., მე-... კორპ., ბ. 39-ში.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებული გარემოება, რომ მონიტორინგის განხორციელებისას გ. ც-ი არ იმყოფებოდა მისამართზე, ვინაიდან ერთჯერადად საცხოვრებელ ფართში არყოფნა, არ გამორიცხავს ამავე მისამართზე ცხოვრების შესაძლებლობას. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისის განჩინებაში მოყვანილ სამართლებრივ მსჯელობაზე: „ნგრევად ობიექტში მცხოვრებ პირს საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დროის რაღაც მონაკვეთის განმავლობაში მოუწიოს ასეთი საცხოვრებლის დატოვება (ნათესავებთან თავის შეფარება, დაქირავებულ საცხოვრებელში გადასვლა და ა.შ.), თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ ასეთ შემთხვევაში პირმა მიატოვა ჩასახლების ობიექტი, არ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს და შესაბამისად არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას“ (სუსგ №ბს-326(კ-21), 22.07.2021წ.). ამდენად, აღსანიშნავია, რომ ნგრევად ობიექტში ცხოვრება თავისი სპეციფიკის გათვალისწინებითა და ფიზიკური პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შესაძლოა დაკავშირებული იყოს აღნიშნული ობიექტის გარკვეული დროით დატოვებასთან. პირადი და ოჯახის უსაფრთხოების მიზნით ობიექტის დროებით მიტოვება და სხვა საცხოვრებელში გადასვლის ფინანსური შესაძლებლობის ქონა ან/და ოჯახის წევრის ან ნათესავისგან დროებითი თავშესაფრის მიღება კი, არ შეიძლება იქცეს სააგენტოს მხრიდან დევნილი პირ(ებ)ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ვალდებულებისთვის თავის არიდების საშუალებად.

ამასთან, განსახილველ შემთხვევაში მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სადავო აქტი გამოცემულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 2016 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, რომლითაც დადგენილია, რომ კომისიას გ. ც-ის ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე თავდაპირველად უარი ეთქვა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ოჯახის წევრს საკუთრებაში ჰქონდა უძრავი ქონება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამავე გადაწყვეტილებით, სასამართლომ დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის ოჯახი რეგისტრირებული იყო დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში სასტუმრო „კ...ში“, სადაც მართლზომიერ მფლობელობაში ჰქონდათ გადაცემული ფართი. მეორე მხრივ კი, გასათვალისწინებელია, რომ გ. ც-ის მხრიდან, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის მიზეზად მითითებულ იქნა მისი შვილის (დაბადებული ...) ჯანმრთელობის მდგომარეობა და მკურნალობისთვის შესაბამისი გარემოს საჭიროება, ამდენად, სააგენტოს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლით გათვალისწინებული, ბავშვის ინტერესის დაცვის უკეთ უზრუნველყოფის პრიორიტეტულობის მხედველობაში მიღებითა და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით უნდა მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე