საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-852(კ-22) 20 ივნისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „შ...“
მესამე პირი - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 თებერვლის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2015 წლის 16 ოქტომბერს შპს „შ...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა შპს „შ...ს“ შავ სიაში დარეგისტრირებისა და თეთრ სიაში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 15 ოქტომბრის №789 განკარგულების ბათილად ცნობა. ამასთან, მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის საფუძველზე, შპს „შ...ს“ შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე 2015 წლის 15 ოქტომბრის №789 განკარგულების მოქმედების შეჩერება და დავის განხილვის პერიოდით შპს „შ...ს“ შავი სიიდან ამოღება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით შპს „შ...ს“ შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 15 ოქტომბრის №789 განკარგულების პირველი პუნქტის მოქმედება, შპს „შ...ს“ შავ სიაში დარეგისტრირების ნაწილში. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ნოემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 ოქტომბრის განჩინება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „შ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი შპს „შ...ს“ შავ სიაში დარეგისტრირებისა და თეთრ სიაში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 15 ოქტომბრის №789 განკარგულება. საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 თებერვლის განჩინებით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, ელექტრონული ტენდერების (...; ...) სატენდერო დოკუმენტაციების მე-3 პუნქტის 3.2 ქვეპუნქტში მითითებული ჩანაწერის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან/და ხარჯთაღრიცხვაში არსებითი შეუსაბამობა გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას. მოცემულ შემთხვევაში კი, პრეტენდენტს დისკვალიფიკაცია მიენიჭა დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვების არასრულყოფილად წარდგენის გამო, კერძოდ, ხარჯთაღრიცხვები დადგენილი თანხის შესაბამისად არ იყო წარდგენილი. აღნიშნული საკითხი არ იქნა გათვალისწინებული სააპელაციო სასამართლოს მიერ, რამაც, საბოლოოდ, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს. კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება ყველა სახის სახელმწიფო შესყიდვაზე, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების გარდა.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის პირველი პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტის თანახმად, შესყიდვებში მონაწილეობის მსურველი არის პირი, რომელსაც აქვს შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობის სურვილი, „ი1“ ქვეპუნქტის თანახმად, პრეტენდენტი არის პირი, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური, ხოლო „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი არის შავი სია, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. შავი სია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. შავი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით (შემდგომ – კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი).
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებულ „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესზე“ (ძალადაკარგულია 2017 წლის 19 ივლისიდან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 06/14/2017 №12 ბრძანებით), რომლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წესის მიზანია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაცია, კოორდინაცია და მონიტორინგი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, წესის მოქმედება ვრცელდება გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე. ხსენებული „წესის“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უფლებამოსილია განსაზღვროს მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტთა ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები, ამ მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიერ 2015 წლის 30 ივლისს გამოცხადდა გამარტივებული ელექტრონული ტენდერები (...; ...) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2014 წლის ოქტომბრის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საყრდენი კედლებისა და მოაჯირების მოწყობის თაობაზე. 2015 წლის 7 აგვისტოს №2 სხდომის ოქმებით კომისიამ განიხილა ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის - შპს „შ...ს“ მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია და შპს „შ...ს“ შესასრულებელი სამუშაოების დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენისთვის განესაზღვრა ვადა არაუგვიანეს 2015 წლის 12 აგვისტოსი, ხოლო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად განესაზღვრა ვადა არაუგვიანეს 2015 წლის 14 აგვისტოსი.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად - ამ კანონით დადგენილი წესით მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია.
საკასაციო პალატა მიუთითებს „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-13 მუხლზე, რომელიც არეგულირებს დისკვალიფიკაციის განხორციელების წესსა და პირობებს. ხსენებული ნორმის პირველი პუნქტის თანახმად, სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ ოქმი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს ატვირთული სისტემაში მისი ხელმოწერისთანავე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი განსაზღვრავს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის კონკრეტულ შემთხვევებს, კერძოდ, მითითებული პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ ის არ წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულების გარანტიას (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), უარს აცხადებს ხელშეკრულების დადებაზე ან/და სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე.
განსახილველ შემთხვევაში, სატენდერო კომისიის 2015 წლის 14 აგვისტოს №3 საოქმო გადაწყვეტილებებით, სატენდერო დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, მიჩნეულ იქნა, რომ შპს ,,შ...ს“ მიერ წარდგენილი შესასრულებელი სამუშაოების დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვა არ შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც პრეტენდენტს მიეცა დისკვალიფიკაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 2 მარტის №150 განკარგულებით შპს „შ...“ დარეგისტრირდა თეთრ სიაში.
ასევე დადგენილია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 14 აგვისტოს №05/2071 და №05/2067 წერილებით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შემდგომი რეაგირებისათვის ეცნობა ... და ... გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერებში მონაწილე პრეტენდენტის - შპს „შ...ს“ დისკვალიფიკაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის მიერ პრეტენდენტს გაეგზავნა შეტყობინებები და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად, ეთხოვა განსახილველ საკითხზე სააგენტოში წერილობითი განმარტებების წარმოდგენა, რაზედაც მან პასუხად წარმოადგინა 2015 წლის 16 სექტემბრის №01/166 და 29 სექტემბრის №01/179 წერილები, რომლითაც არ იზიარებდა შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობით შეტყობინებებს. საკითხის განხილვის შედეგად კი, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ 2015 წლის 15 ოქტომბერს მიღებულ იქნა №789 სადავო განკარგულება, რომლითაც შპს „შ...“ დარეგისტრირდა შავ სიაში და გაუქმდა მისი თეთრ სიაში რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტში განმარტებულია შესყიდვებში მონაწილე კვალიფიციურ მიმწოდებელთა რეესტრი (შემდგომ – თეთრი სია) – თეთრი სია, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. თეთრ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ კვალიფიციურ მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებიც აკმაყოფილებენ თეთრ სიაში რეგისტრაციისათვის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ კრიტერიუმებს. თეთრ სიაში რეგისტრირებული კვალიფიციური მიმწოდებელი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისას სარგებლობს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით.
სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ სადავო პერიოდში მოქმედი 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შავი სია განმარტებულია, როგორც სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებული ოფიციალური რეესტრი, რომელშიც რეგისტრირებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს შავ სიაში დარეგისტრირებიდან ერთი წლის განმავლობაში არ ჰქონდა უფლება, მონაწილეობა მიეღო სახელმწიფო შესყიდვაში. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული იყო, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიემართა სააგენტოსთვის წერილობითი შეტყობინებით, თუ ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იყო ტენდერიდან/კონკურსიდან ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარუდგენლობის (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულების დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის გამო.
დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 15 ოქტომბრის №789 განკარგულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ 2015 წლის 2 მარტს მიღებულ №150 განკარგულება შპს „შ...ს“ თეთრ სიაში დარეგისტრირების თაობაზე“. შესაბამისად, შპს ,,შ...ს“ გაუუქმდა თეთრ სიაში რეგისტრაცია.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებაზე (საქმე №3-630/15), რომლითაც შპს „შ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2014 წლის ოქტომბრის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საყრდენი კედლებისა და მოაჯირების მოწყობის სამუშაოების შესყიდვის სატენდერო კომისიის 2015 წლის 14 აგვისტოს საოქმო გადაწყვეტილება შპს „შ...ს“ დისკვალიფიკაციის ნაწილში. აღსანიშნავია, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ 2015 წლის 15 ოქტომბერს გამოცემული №789 განკარგულება, სწორედ რომ სატენდერო კომისიის მიერ მიღებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ იმ ოქმებს ეფუძნებოდა, რომლებიც ბათილად იქნა ცნობილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. ამგვარად, სადავო აქტის მიღების საფუძვლის - შპს „შ...ს“ დისკვალიფიკაციის თაობაზე სატენდერო კომისიის 2015 წლის 14 აგვისტოს საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის პირობებში, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 15 ოქტომბრის №789 განკარგულების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, რამეთუ აღარ არსებობს ის გარემოება, რაც საფუძვლად დაედო სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 თებერვლის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე