Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1447(2კ-22) 20 ივნისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - დ.ჭ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2021 წლის 29 დეკემბერს დ.ჭ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ...ის დეპარტამენტში სტრუქტურული რეორგანიზაციასთან დაკავშირებული გასატარებელი ღონისძიებების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 16 ნოემბრის №MOD 2 21 00000988 ბრძანებისა და დ.ჭ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 2 დეკემბრის №MOD 8 21 00005005 ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის მოსარჩელის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის დეპარტამენტის ...ის განყოფილების მთავარი სპეციალისტის (მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) თანამდებობაზე აღდგენის დავალება, ასევე, მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალება მისი თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ყოველთვიური ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით დ.ჭ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი დ.ჭ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 2 დეკემბრის №MOD 8 21 00005005 ბრძანება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე დ.ჭ-ესთან დაკავშირებით; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და დ.ჭ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 სექტემბრის განჩინებით დ.ჭ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და დ.ჭ-ემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 დეკემბრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, ხოლო დ.ჭ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

კასატორის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, მინისტრის 2021 წლის 16 ნოემბრის №MOD 2 21 00000988 ბრძანების მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადამიანური რესურსების დეპარტამენტის მიერ 2021 წლის 25 ნოემბერს გაიმართა ადმინისტრაციული წარმოება, სადაც კომისიური წესით შესწავლილ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ცხრავე მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშნული პროფესიული საჯარო მოხელეების თავდაცვის სამინისტროში სამუშაო გამოცდილება, წახალისება, სასჯელი, შეფასება, ჩატარებული ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების შედეგები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის დეპარტამენტის ...ის განყოფილების მთავარი სპეციალისტის - დ.ჭ-ის მიმართ დაწყებულიყო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მობილობის პროცედურები.

კასატორი თავდაცვის სამინისტროს მითითებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოიკვლია ყველა გარემოება და სწორი შეფასების შედეგად მიიღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება. ამდენად, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ სამინისტროს მიერ ჩატარდა არასრული ადმინისტრაციული წარმოება, უსაფუძვლოა. წარმოების პროცესში გამოკვლეული და შესწავლილი მტკიცებულებების შესაბამისად, თავდაცვის სამინისტრო უფლებამოსილი იყო, მიეღო გადაწყვეტილება დ.ჭ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. შესაბამისად, კონსტიტუციით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან განთავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი (ამჟამად მოქმედი რედაქციის 25-ე მუხლი) იცავს მოქალაქის უფლებას საჯარო სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად განთავისუფლებისაგან (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი „იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“. ამდენად, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების მატერიალური საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქმიანობა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, დ.ჭ-ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლებამდე ეკავა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის დეპარტამენტის ...ის განყოფილების მთავარი სპეციალისტის (III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) თანამდებობა. შესაბამისად იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა. ამავე კანონის 121-ე მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულების აპარატის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა მტკიცდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის დეპარტამენტის უფროსმა 2021 წლის 12 ნოემბრის MOD 7 21 01185474 მოხსენებითი ბარათით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრს და მოითხოვა დეპარტამენტის ეფექტური მუშაობისათვის 2021 წლის 1 დეკემბრიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის დეპარტამენტში გამოცხადებულიყო რეორგანიზაცია და ...ის სამმართველო ჩამოყალიბებულიყო თანდართული ნუსხის მიხედვით. ასევე დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2021 წლის 16 ნოემბრის MOD 2 21 00000988 ბრძანებით, 2021 წლის 1 დეკემბრიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის დეპარტამენტში გამოცხადდა სტრუქტურული რეორგანიზაცია შტატების შესაძლო შემცირებით. აღნიშნული რეორგანიზაციის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 22 ნოემბრის MOD 8 21 0000100 ბრძანებით, ცვლილება შევიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 9 ოქტომბრის MOD 1 20 00000744 ბრძანებაში და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის დეპარტამენტის საშტატო ნუსხა ჩამოყალიბდა ახალი სახით, კერძოდ, ხსენებულ განყოფილებაში გაუქმდა მთავარი სპეციალისტის (III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1 (ერთი) სამოქალაქო თანამდებობა და განისაზღვრა სპეციალისტის 1 (ერთი) სამხედრო თანამდებობა (საშტატო კატეგორია „კაპრალ-სპეციალისტი“), ხოლო ამავე სამმართველოს ...ის ...ის განყოფილებაში გაუქმდა მთავარი სპეციალისტის (III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 2 (ორი) სამოქალაქო თანამდებობა და განისაზღვრა ოფიცრის 1 (ერთი) სამხედრო თანამდებობა (საშტატო კატეგორია „უფროსი ლეიტენანტი“) და სპეციალისტის 1 (ერთი) სამხედრო თანამდებობა (საშტატო კატეგორია „კაპრალ-სპეციალისტი“).

განსახილველ შემთხვევასთან მიმართებით, საკასაციო პალატა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების დასასაბუთებლად, მხოლოდ შესაბამის დისკრეციულ უფლებამოსილებაზე მითითება საკმარისი არ არის და სასამართლო კონტროლს ექვემდებარება ასევე ის, თუ როგორ განხორციელდა დისკრეციული უფლებამოსილება, რამდენადაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის და მე-7 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ დეპარტამენტი ...ის სტანდარტების შემუშავების ჩამოყალიბებისა და დანერგვის პროცესში მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს თავდაცვის ძალების სტრუქტურულ ერთეულებთან. აღნიშნული უფლებამოსილება კი საქართველოს თავდაცვის მინისტრს კანონით აქვს მინიჭებული. ამდენად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 16 ნოემბრის №MOD 2 21 00000988 გასაჩივრებული ბრძანება, გამოცემულია კანონის საფუძველზე და არ ეწინააღმდეგება მას.

საკასაციო სასამართლო, მოსარჩელე დ.ჭ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის - საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 2 დეკემბრის №MOD 8 21 00005005 ბრძანებასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საჯარო სამსახურში, თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთი საფუძველი რეორგანიზაციის შედეგად, შესაბამისი საშტატო ერთეულის (თანამდებობის) შემცირებაა, რაც თავის მხრივ, გულისხმობს აღნიშნული საშტატო ერთეულის ფუნქციურად სრულად გაუქმებას.

საკასაციო სასამართლომ 2015 წლის 8 დეკემბრის №ბს-449-442(კ-15) განჩინებაში განმარტა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ აუცილებლად მიიჩნია, რომ კონკრეტული თანამდებობების იდენტურობის დადგენის მიზნით უნდა შეფასდეს: ა) მათი ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში; ბ) ძირითად უფლებამოსილებათა წრე, ამასთან, ფორმალურად ზოგიერთი ფუნქციის მოკლება ან რაიმე უმნიშვნელო მოთხოვნის დამატება მდგომარეობას არ ცვლის; გ) მოთხოვნები, რომლებიც რეორგანიზაციის შემდგომ საჭიროა კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად; დ) ზოგიერთ შემთხვევაში - შრომის ანაზღაურება.

განსახილველ შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე დ.ჭ-ე სწორედ რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირების, მობილობის შეუძლებლობის გამო გათავისუფლდა სამსახურიდან. შესაბამისად, მნიშვნელოვანია შეფასდეს, ადმინისტრაციულმა ორგანომ საუკეთესოს, უპირატესის ამორჩევის პრინციპზე დაყრდნობით მიიღო თუ არა გადაწყვეტილება, რადგან სამსახურიდან გათავისუფლებულ პირს უნდა ეძლეოდეს შესაძლებლობა, სრულად აღიქვას მისი განთავისუფლების, ასევე, მასთან შედარებით სხვა კონკრეტული პირისთვის უპირატესობის მინიჭების საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოში რეორგანიზაციის შედეგად, მთავარი სპეციალისტის (III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) ცხრა თანამდებობიდან შემცირდა სამი საშტატო ერთეული, კონკრეტულად, გაუქმდა მთავარი სპეციალისტის (III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 2 (ორი) სამოქალაქო თანამდებობა და განისაზღვრა ოფიცრის 1 (ერთი) სამხედრო თანამდებობა (საშტატო კატეგორია „უფროსი ლეიტენანტი“) და სპეციალისტის 1 (ერთი) სამხედრო თანამდებობა (საშტატო კატეგორია „კაპრალ-სპეციალისტი“). შესაბამისად, მთავარი სპეციალისტის (III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) საშტატო ერთეულებზე დასაქმებულ პირებს შორის წარმოიქმნა კონკურენცია ახლად შექმნილ 1 (ერთი) სამხედრო (საშტატო კატეგორია „უფროსი ლეიტენანტი“) და სპეციალისტის 1 (ერთი) სამხედრო (საშტატო კატეგორია „კაპრალ-სპეციალისტი“) საშტატო ერთეულზე შერჩევის მიზნით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ.ჭ-ის გათავისუფლების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 2 დეკემბრის №MOD 8 21 00005005 ბრძანების მიღებამდე 2021 წლის 25 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის მინისტრის MOD 2 21 00000988 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება, სადაც კომისიური წესით უნდა მომხდარიყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოში დასაქმებული ცხრა მთავარი სპეციალისტის (III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) სამუშაო გამოცდილების, წახალისების, სასჯელის, შეფასების, ჩატარებული ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების შედეგების შესწავლა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შესახებ ოქმით დასტურდება, რომ რეორგანიზაციის დროს შტატების შემცირების პროცესში თითოეულ საშტატო ერთეულზე დასანიშნი საჯარო მოხელის შეფასება ინდივიდუალურად არ განხორციელებულა, არამედ განხილულ იქნა მხოლოდ სამსახურიდან გათავისუფლებული სამი მოხელის ზოგადი ინფორმაცია. საყურადღებოა, რომ საქმის მასალებით არ დგინდება ადმინისტრაციულმა ორგანომ შეისწავლა თუ არა, სხვა დასაქმებულებთან შედარებით, დ.ჭ-ის სამსახურიდან განთავისუფლების უპირატესობის საკითხი. რეორგანიზაციის განხორციელებაზე პასუხისმგებელი კომისიის ოქმში წარმოდგენილია ზოგადი მსჯელობა და შესაბამისი არგუმენტაციით არ არის სათანადოდ გამყარებული, თუ რატომ მიენიჭა უპირატესობა კონკრეტულ საჯარო მოხელეებს მოსარჩელესთან შედარებით, რატომ ვერ განახორციელებდა მოსარჩელე კონკრეტული თანამდებობისთვის განკუთვნილ მოვალეობებს, რაზე დაყრდნობით მიიჩნია ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომ დ.ჭ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებითა და თანამდებობაზე დატოვებული პირების შენარჩუნებით, უკეთესად იქნებოდა შესაძლებელი ...ის დეპარტამენტის ფუნქციონირებისათვის განსაზღვრული კანონიერი მიზნის მიღწევა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში მკაფიოდაა გაწერილი, რომ საჯარო სამსახურში, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების პირობებში, დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება. ხსენებული კანონის 106-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ შესამცირებელ მოხელეთა შორის კონკურენციის არსებობის პირობებში, მათ შორის უპირატესის გამოვლენა წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას. გარემოებები, რომლებიც, შესაძლოა, ობიექტურად მართლაც არსებობდეს კონკრეტული მოხელისთვის უპირატესობის მინიჭების პროცესში, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ასახული არ არის შესაბამის აქტში და მიუწვდომელია გარეშე ობიექტური დამკვირვებლისათვის, ეჭვქვეშ აყენებს ადმინისტრაციული აქტის კანონიერებას. ფაქტები და გარემოებები, რომელიც არ არის სათანადო წესით გამოკვლეული, შესწავლილი და შეფასებული, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს აქტის მიღებას. თანაბარ მდგომარეობაში მყოფი და თანაბარი სამსახურებრივი დატვირთვის მქონე მოხელეებიდან, ერთ-ერთი მათგანის გათავისუფლება და მეორის დასაქმება, ბუნებრივია, ბადებს ბუნდოვანებას, რა პირობებშიც მნიშვნელოვანია აქტში აისახოს, თუ რის საფუძველზე გააკეთა ადმინისტრაციულმა ორგანომ კონკრეტული არჩევანი. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს იმ გარემოებას, როდესაც პირთა შორის კონკურენციის არსებობის პირობებში ვერ დგინდება რა გახდა კონკრეტული პირისათვის უპირატესობის მინიჭების საფუძველი, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე მიღებული აქტი არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ დაცულია კანონის წინაშე პირთა თანასწორობის პრინციპი, აქტიდან არ იკვეთება, რომ თანამშრომელთა შერჩევა და დარჩენილ საშტატო ერთეულებზე დასაქმება მოხდა პროფესიონალიზმისა და მათი უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს ობიექტური დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას.

ამრიგად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით. მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას გამოსარკვევია არა მარტო ის, ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ ის, თუ როგორ განახორციელა მან აღნიშნული უფლებამოსილება. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა კი უპირველესად მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ დ.ჭ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 2 დეკემბრის №MOD 8 21 00005005 ბრძანება სწორად იქნა ბათილად ცნობილი და სამინისტროს მართებულად დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 სექტემბრის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე