Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1464(კ-22) 2 ივნისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ. მ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ნოემბრის განჩინება

აღწერილობითი ნაწილი:

თ. მ-მა 2022 წლის 16 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს მიმართ და ამავე საბჭოს 2022 წლის 6 მაისის №05/22/შ/პ/ზ-003 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე მოსარჩელისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლასთან დაკავშირებით მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით თ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 6 მაისის №05/22/შ/პ/ზ-003 გადაწყვეტილება; მოპასუხეს თ. მ-ისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველმა ადგილობრივმა საბჭომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ნოემბრის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ნოემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველმა ადგილობრივმა საბჭომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

2023 წლის 23 მაისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს წარმომადგენელმა განცხადებით მომართ საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის საფუძველზე სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტა. კასატორის განმარტებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 17 მაისის N05/23/ზ-031 გადაწყვეტილებით თ. მ-ი გათავისუფლდა პირობით ვადამდე და შესაბამისად აღარ არსებობს დავის საგანი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი განცხადებების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას თუ არ არსებობს დავის საგანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2023 წლის 23 მაისს კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, განსახილველ საქმესთან დაკავშირებით წარმოადგინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს N N05/23/ზ-031 გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საბჭომ 2023 წლის 17 მაისს ზეპირი მოსმენით განიხილა თ. მ-ის შუამდგომლობა პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების დადგენილებითი ნაწილის თანახმად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველ ადგილობრივ საბჭოში შემოსული შუამდგომლობა მსჯავრდებულ თ. მ-ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე დაკმაყოფილდა; მსჯავრდებული თ. მ-ი გათავსუფლდა პირობით ვადამდე - 1 (ერთი) წლით, 5 (ხუთი) თვითა და 6 (ექვსი) დღით ადრე; მსჯავრდებული თ. მ-ი გათავისუფლდა პატიმრობიდან 2023 წლის 18 მაისს.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილვებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 6 მაისის №05/22/შ/პ/ზ-003 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოსარჩელისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლასთან დაკავშირებით მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება წარმოადგენდა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ აქტის ბათილად ცნობისა ახალი აქტის გამოცემის მიმართ მოსარჩელის ინტერესი სახეზე იყო მოსარჩელის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პერიოდში, ხოლო მისი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებით ამგვარი ინტერესი და შესაბამისად, სარჩელის განხილვის პროცესუალური წინაპირობა აღარ არსებობს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ დავაზე დავის საგნის არარსებობის გამო უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, ვინაიდან აღარ არსებობს საქმის წარმოების გაგრძელების წინაპირობა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9 მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 273-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით,

დაადგინა:

1. თ. მ-ის სარჩელზე დავის საგნის არარსებობის გამო შეწყდეს საქმის წარმოება;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ნოემბრის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება;

3. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა, დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ.გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ.ცინცაძე

ნ.სხირტლაძე