საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1108(კ-21) 20 ივნისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ბ-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 27 დეკემბერს ნ.ბ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ...ის სერვის ცენტრის 2019 წლის 7 ოქტომბრის №04-00-დ/42447გადაწყვეტილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 4 დეკემბრის №04/62920 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის, ნ.ბ-ის სასარგებლოდ 2019 წლის 1 ნოემბრიდან სახელმწიფო პენსიის დანიშვნის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით ნ.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ...ის სერვის ცენტრის 2019 წლის 7 ოქტომბრის №04-00-დ/42447 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 4 დეკემბრის №04/62920 გადაწყვეტილება; მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მოსარჩელე ნ.ბ-ისათვის 2019 წლის 1 ნოემბრიდან სახელმწიფო პენსიის დანიშვნის შესახებ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
კასატორის განმარტებით, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი საჯარო საქმიანობას განმარტავს, როგორც საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში განხორციელებულ შრომით ანაზღაურებად საქმიანობას. აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. საჯარო საქმიანობის პერიოდში, პენსიით შეუზღუდავი უზრუნველყოფის მიზნებისათვის, კანონი უშვებს გამონაკლისს („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ მე-4 მუხლის ,,გ“ პუნქტი) პოლიტიკურ და რელიგიური ორგანიზაციებში, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ და სოფლის მეურნეობის და მეცნიერებათა აკადემიებში, მუზეუმებში, ბიბლიოთეკებში, სკოლა-პანსიონებში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებებში დასაქმებულებისათვის. სახელმწიფო გასაცემლების ადმინისტრირებისას, საჯარო სამსახურის ზემოაღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე, სააგენტო ხელმძღვანელობს „ზოგადი განათლების შესახებ“, „უმაღლესი განათლების შესახებ“, „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“, „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“, ,,საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“, „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“, „მუზეუმების შესახებ“ და „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონებით.
კასატორის განმარტებით, უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) შრომით საქმიანობას ეწევა უშუალოდ სსიპ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, რაც წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში განხორციელებულ საქმიანობას. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან/და თავისი წესდებით (დებულებით) გათვალისწინებული საქმიანობა, თუ შესაბამისი კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაფუძნებულია სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით, მისი წესდება (დებულება) უნდა შეესაბამებოდეს იმ კანონის მოთხოვნებს, რომლის საფუძველზედაც ადმინისტრაციული აქტი იქნა მიღებული და საჯარო სამართლის იურიდიული პირი, როგორც ამ კანონით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობათა სუბიექტი, წარმოიშობა და იურიდიული პირის სტატუსს იძენს წესდების (დებულების) დამტკიცებისა და იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნიდან (არჩევიდან). აღნიშნული გარემოებების გარდა, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა შეიძლება განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლი და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან შეიძლება შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მხოლოდ: კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში. აღნიშნულის გარდა, კანონის მიხედვით: საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდება (დებულება) უნდა შეიცავდეს ამ პირის: ... გ) მიზნებს, ფუნქციებსა და საქმიანობის საგანს; საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდება (დებულება) მტკიცდება კანონით დადგენილი წესით.
კასატორის განმარტებით, სსიპ იუსტიციის უმაღლეს სკოლას, წესდება ან რომელიმე საკანონმდებლო აქტი არ ანიჭებს უფლებამოსილებას, განახორციელოს ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - იუსტიციის უმაღლესი სკოლა, მიუხედავად „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით განსაზღვრული დანიშნულებებისა (იუსტიციის მსმენელის პროფესიული მომზადება, მოსამართლის პროფესიული სრულყოფისათვის მისი გადამზადება, აგრეთვე, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დასაკომპლექტებლად მოსამართლის თანაშემწეობის კანდიდატისა და სხვა სპეციალისტების მომზადება გადამზადებისა), არ მიეკუთვნება ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო - კვლევითი დაწესებულებების რიცხვს. შესაბამისად, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირისათვის, სახელმწიფო პენსიით უზრუნველყოფის სამართლებრივი საფუძველი არ წარმოიშობა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის კანონიერება. კერძოდ, უნდა შეფასდეს სსიპ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში საქმიანობა მიიჩნევა თუ არა საჯარო საქმიანობად, რომელიც გამორიცხავს პენსიის მიღებას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. 1996 წლის 3 მაისის ევროპის სოციალური ქარტიის პირველი ნაწილის 23-ე პუნქტის მიხედვით, ხელმომწერი მხარეები (სახელმწიფოები) აღიარებენ ხანდაზმულ პირთა მიმართ სოციალური დაცვით სარგებლობის უფლებას.
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის თანახმად, პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პენსიის მიღების უფლება წარმოადგენს პირის საჯარო სუბიექტური უფლების ერთ-ერთ სახეს, რომლითაც იგი საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე აღჭურვილია სახელმწიფო ხელისუფლების მიმართ. სუბიექტური უფლების წარმოშობის წინაპირობა არის მეორე პირის მოვალეობა, რამდენადაც სუბიექტური საჯარო სამართლებრივი უფლება არის პირისადმი საჯარო სამართლის ნორმით მინიჭებული უფლება, თავისი ინტერესების დასაცავად მოითხოვოს სახელმწიფოსაგან კონკრეტული დამოკიდებულება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხანდაზმულ პირთა სოციალური უფლებების მიმართ სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება, არა მხოლოდ აღიაროს აღნიშნულ პირთა სოციალური უფლებების არსებობა, არამედ საპენსიო სისტემასთან დაკავშირებული ქმედითი ეროვნული კანონმდებლობის შექმნისა და არსებულის დახვეწის გზით, აგრეთვე, უზრუნველყოს ხსენებულ უფლებათა რეალიზებისათვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე სამართლებრივი გარანტიების შექმნა. პოზიტიურ ჭრილში, სახელმწიფო, ასევე, ვალდებულია, დასახელებული ვალდებულებების ზედმიწევნითი განხორციელებით დაიცვას ხანდაზმულ პირთა სოციალური უფლებები და შეამციროს მათი ხელყოფის რისკები. ამასთან, პენსიის მიღების უფლების საჯარო-სამართლებრივი შინაარსის გათვალისწინებით, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას სახელმწიფოს მიერ პენსიის გაცემის შემხვედრი ვალდებულებით აღჭურვით, სახელმწიფოს სოციალურ უფლებათა მიმართ წარმოეშობა ნეგატიური ვალდებულებაც - საპენსიო სისტემის ფორმირების შედეგად ნაკისრი ვალდებულებების განუხორციელებლობით თავად არ ხელყოს ხანდაზმულ პირთა სოციალური გარანტიები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ...ის სერვის ცენტრის 2019 წლის 7 ოქტომბრის №04-00-დ/42447 გადაწყვეტილებით ნ.ბ-ეს ეცნობა, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის II თავის მე-3 მუხლის თანახმად, „პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში“ ვინაიდან, ნ.ბ-ე მუშაობდა სსიპ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, იგი ვერ მოიპოვებდა სახელმწიფო პენსიის დანიშვნის უფლებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის II თავი განსაზღვრავს პენსიის დანიშვნის წესსა და პირობებს, კერძოდ, მითითებული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის - 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საპენსიო ასაკს მიღწეული პირისათვის პენსიის უფლების წარმოშობის დამაბრკოლებელ გარემოებას ან წარმოშობილი უფლების შეწყვეტის საფუძველს პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელება წარმოადგენს. ნ.ბ-ეს სწორედ "სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო საქმიანობის განხორციელების მოტივით უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიით უზრუნველყოფაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო საქმიანობის ცნებას განსაზღვრავს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ამდენად, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობა არ წარმოადგენს საჯარო საქმიანობას და არ ქმნის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის საფუძველს.
შესაბამისად, განსახილველი სამართალურთიერთობის შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დადგინდეს ახორციელებს თუ არა ნ.ბ-ე საჯარო საქმიანობას, რის გამოსარკვევადაც უნდა შეფასდეს სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლა - სადაც ამჟამად მუშაობს ნ.ბ-ე – წარმოადგენს თუ არა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას. მოცემული დავის საგანს სწორედ სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის საქმიანობის ფორმა და მისი პროფილი იწვევს, რა დროსაც ყურადღება უნდა გამახვილდეს სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის შექმნის საფუძვლებსა და საქმიანობის ძირითად მიმართულებაზე.
თავდაპირველად საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ,,იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია - 13.12.2019 წლის N 5569-Iს საქართველოს ორგანული კანონით "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე) პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე, რომლის მიხედვით, სკოლის დანიშნულებაა საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლედ დასანიშნი პირის – იუსტიციის მსმენელის პროფესიული მომზადება. სკოლის მიზანია, უზრუნველყოს იუსტიციის მსმენელის თეორიული ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული მუშაობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება, აგრეთვე იუსტიციის მსმენელის მიერ მომავალი პასუხისმგებლობისა და კანონით დადგენილ ფარგლებში მოქმედების თავისუფლების შეცნობა, ხელი შეუწყოს იუსტიციის მსმენელის თანდათანობით ინტეგრაციას იმ სოციალურ გარემოში, რომელშიც მას, როგორც მოსამართლეს, მომავალში მოუწევს საქმიანობა. სკოლის დანიშნულებაა ასევე მოქმედი მოსამართლის პროფესიული სრულყოფისათვის მისი გადამზადება, აგრეთვე საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დასაკომპლექტებლად მოსამართლის თანაშემწეობის კანდიდატისა და სხვა სპეციალისტების მომზადება-გადამზადება. აღნიშნული ნორმები ხაზს უსვამენ სსიპ "იუსტიციის უმაღლესი სკოლის " შექმნის მიზნებსა და საფუძვლებს, რომელიც სწორედ მოსამართლედ დასანიშნი პირის - იუსტიციის მსმენელის პროფესიული მომზადებისათვის შეიქმნა.
იუსტიციის უმაღლესი სკოლის დანიშნულებაზე ანალოგიურად მიუთითებს ამჟამად მოქმედი "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 661.2 მუხლი, რომლითაც სკოლის დანიშნულებაა საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლედ დასანიშნი პირის – იუსტიციის მსმენელის პროფესიული მომზადება. სკოლის მიზანია, უზრუნველყოს იუსტიციის მსმენელის თეორიული ცოდნის გაღრმავება და მისთვის პრაქტიკული მუშაობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება, აგრეთვე იუსტიციის მსმენელის მიერ მომავალი პასუხისმგებლობისა და კანონით დადგენილ ფარგლებში მოქმედების თავისუფლების შეცნობა, ხელი შეუწყოს იუსტიციის მსმენელის თანდათანობით ინტეგრაციას იმ სოციალურ გარემოში, რომელშიც მას, როგორც მოსამართლეს, მომავალში მოუწევს საქმიანობა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით სკოლის დანიშნულებაა ასევე მოქმედი მოსამართლის პროფესიული სრულყოფისათვის მისი გადამზადება, აგრეთვე საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დასაკომპლექტებლად მოსამართლის თანაშემწეობის კანდიდატისა და სხვა სპეციალისტების მომზადება-გადამზადება.
იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს 2008 წლის 18 აპრილის N1/1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდების მე-2 მუხლით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) სკოლის მიზნებია: ა) იუსტიციის მსმენელის თეორიული ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული მუშაობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავების უზრუნველყოფა; ბ) იუსტიციის მსმენელის მიერ მომავალი პასუხისმგებლობისა და კანონით დადგენილ ფარგლებში მოქმედების თავისუფლების შეცნობის ხელშეწყობა; გ) იუსტიციის მსმენელის ინტეგრირება იმ სოციალურ გარემოში, სადაც მას, როგორც მოსამართლეს, მომავალში მოუწევს საქმიანობა; დ) მოქმედი მოსამართლის პროფესიული განვითარება და სრულყოფა; ე) მოსამართლის თანაშემწეობის კანდიდატის, საერთო სასამართლოების სისტემის მოსამსახურის და სხვა სპეციალისტების პროფესიული მომზადება-გადამზადების უზრუნველყოფა. ამავე წესდების მე-3 მუხლით კი სკოლის ამოცანებია ა) იუსტიციის მსმენელის თეორიული კურსის, სტაჟირების და სემინარული მუშაობის პროგრამების შემუშავება, დამტკიცება და განხორციელება; ბ) იუსტიციის მსმენელის და სკოლის სხვა პროგრამის მსმენელთა გამოცდების ორგანიზება-ჩატარება; გ) სკოლის მსმენელთათვის და მოქმედი მოსამართლეებისათვის სკოლის ბაზაზე ბიბლიოთეკის შექმნა და პერიოდული განახლება; დ) მოქმედი მოსამართლის გადამზადების პროგრამის შემუშავება, დამტკიცება და განხორციელება; ე) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სასამართლოს მოხელეთა მომზადების პროგრამის დამტკიცება და მომზადების კურსის განხორციელება; ე 1 ) „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების განსახორციელებლად, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ფინანსური შემოსავლების მიღების მიზნით, კვალიფიკაციის ასამაღლებელი სხვადასხვა სასწავლო პროგრამების განხორციელება. ვ) მოსამართლის თანაშემწის, სხდომის მდივნის და საერთო სასამართლოების სისტემის სხვა მოსამსახურეთა გადამზადების პროგრამების შემუშავება, დამტკიცება და განხორციელება; ზ) პროკურორის, ადვოკატის და სხვა სპეციალისტების გადამზადების პროგრამების შემუშავება, დამტკიცება და განხორციელება; თ) „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ წესდებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება.
ანალოგიური შინაარსის ნორმებს ითვალისწინებს ამჟამად მოქმედი იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს 2023 წლის 31 მაისის №01/4-23 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდების მე-2 მუხლი, სადაც სკოლის მიზნად აღნიშნულია საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლედ დასანიშნი პირის – იუსტიციის მსმენელის პროფესიული მომზადება, მისი თეორიული ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული მუშაობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავების უზრუნველყოფა; მისი ინტეგრირება იმ სოციალურ გარემოში, სადაც მას, როგორც მოსამართლეს, მომავალში მოუწევს საქმიანობა; მოქმედი მოსამართლის პროფესიული სრულყოფისათვის მისი გადამზადება; საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დასაკომპლექტებლად მოსამართლის თანაშემწეობის კანდიდატის და სხვა სპეციალისტების პროფესიული მომზადება-გადამზადების უზრუნველყოფა. ამავე წესდების მე-3 მუხლით კი აღნიშნული მიზნების მისაღწევად სკოლა ატარებს იუსტიციის მსმენელთა შესარჩევ კონკურსს; შეიმუშავებს, ამტკიცებს და ახორციელებს იუსტიციის მსმენელების თეორიული კურსის, სტაჟირების და სემინარული მუშაობის პროგრამებს; მოქმედი მოსამართლეების გადამზადების პროგრამებს; სასამართლოს მოხელეთა მომზადების, აგრეთვე - გადამზადების პროგრამებს და კურსებს; პროკურორის, ადვოკატის და სხვა სპეციალისტების გადამზადების პროგრამებს; საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ფინანსური შემოსავლების მიღების მიზნით, კვალიფიკაციის ასამაღლებელ სხვადასხვა სასწავლო პროგრამებს; ატარებს იუსტიციის მსმენელის და სკოლის სხვა პროგრამის მსმენელთა გამოცდებს; სკოლის ბაზაზე ქმნის და პერიოდულად განაახლებს სკოლის მსმენელთათვის და მოქმედი მოსამართლეებისათვის ბიბლიოთეკას. ამდენად, იუსტიციის უმაღლესი სკოლის საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებითა და თავად სკოლის შექმნის საფუძვლებით უდავოდ დგინდება სკოლის საქმიანობის საგანმანათლებლო ხასიათი. ხოლო დაწესებულების სახელწოდება - სსიპ „იუსტიციის უმაღლესი სკოლა“ კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას, რამეთუ სკოლა (ბერძ. Scholē) განიმარტება როგორც სასწავლო - აღმზრდელობითი დაწესებულება, სადაც ახალგაზრდები მასწავლებელთა ხელმძღვანელობით იღებენ სათანადო განათლებას (იხ. http://ena.ge/explanatory-online; https://www.ice.ge/liv/liv/ganmartebiti.php).
ასევე აღსანიშნავია, რომ „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 და მე-19 მუხლები (ძალადაკარგულია - 13.12.2019 წლის N 5569-Iს საქართველოს ორგანული კანონით "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე), განსაზღვრავენ იუსტიციის მსმენელისათვის სკოლაში სწავლის პერიოდის სპეციალობით მუშაობის სტაჟში ჩათვლისა და სკოლაში სწავლების ხანგრძლივობის საკითხებს რაც მოიცავს თეორიულ კურსს, სტაჟირებას და სემინარულ მუშაობას. ამდენად, იუსტიციის უმაღლესი სკოლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს იუსტიციის მსმენელების პროფესიული მომზადება, მოსამართლის პროფესიული სრულყოფისათვის მათი გადამზადება, აგრეთვე, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დასაკომპლექტებლად მოსამართლის თანაშემწეობის კანდიდატისა და სხვა სპეციალისტების მომზადება-გადამზადება. შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი სკოლა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ 2019 წლის 5 ნოემბერს გაცემულ №02/2459 ცნობაზე, რომლითაც დგინდება, რომ ნ.ბ-ე მუშაობს სსიპ - იუსტიციის უმაღლესი სკოლის ...ის თანამდებობაზე 2013 წლის 1 სექტემბრიდან დღემდე, ხოლო 2006 წლის 1 მაისიდან 2013 წლის 1 სექტემბრამდე მუშაობდა ...ის ...ად. საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობდა ნ.ბ-ისათვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ კანონმდებელმა გამონაკლისი დაუშვა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულებზე განურჩევლად საქმიანობის შინაარსისა, რათა სტიმული მიეცა და წაეხალისებინა აღნიშნული საქმიანობა, რომლის ორგანიზებასაც შესაბამისი დაწესებულება უზრუნველყოფს და რომელიც მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის. ამ თვალსაზრისით საყურადღებოა საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულთათვის შესაბამისი საკანონმდებლო გამონაკლისების გათვალისწინება იმისათვის, რომ ისინი არ დაბრკოლდნენ და მოტივირებულნი იყვნენ აღნიშნულ დაწესებულებაში საქმიანობასთან დაკავშირებით და ამ გზით ხელი შეუწყონ დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების ჯეროვნად განხორციელებას. შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულთათვის სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო გამონაკლისის დადგენა ემსახურება ამ დაწესებულების ინტერესებსა და მიზნების ხელშეწყობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მართებულია სასამართლოების დასკვნა, რომ ნ.ბ-ესთან მიმართებაში, ადგილი არ ჰქონია ისეთ ფაქტობრივ-სამართლებრივ მოცემულობას, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის საფუძველი. შესაბამისად, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნა, სახელმწიფო პენსიის დანიშვნის შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალების შესახებ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე