Facebook Twitter

№ბს-891(კ-22) 22 ივნისი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გოჩა აბუსერიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. გ-ის (ი. გ-ის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 2 მარტს ი. გ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელემ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 13.12.2016 წლის №01/28444 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა ქ. ქუთაისში, ...ს გამზ. №...-ში საცხოვრებელ ბინაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემაზე) ბათილად ცნობა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ქ. ქუთაისში ...ს გამზ. №...-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ) გამოცემის დავალება მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 მაისის განჩინებით ი. გ-ის გარდაცვალების გამო, მის საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ნ. გ-ი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის (ი. გ-ის უფლებამონაცვლე) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის განჩინებით ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ არ დასტურდებოდა ი. გ-ის და მისი უფლებამონაცვლე ნ. გ-ის მხრიდან არაპრივატიზებული საცხოვრებელი ფართის ფლობისა და სარგებლობის იურიდიული ფაქტი, რის გამოც ისინი ვერ იქნებოდნენ მიჩნეულნი ბინის კანონიერ მოსარგებლეებად, რაც აუცილებელი იყო საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების შესაბამისად მოსარჩელე მხარისათვის საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადასაცემად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ გაურკვეველია ისეთი გარემოებების არსებობის პირობებში, როდესაც: ა) სასამართლომ დაადგინა, რომ ე. კ-ი ცხოვრობდა ქალაქ ქუთაისში, ...ს I შეს. №...-ში მდებარე ბინაში; ბ) ნ. გ-ის ბიძა ე. კ-ი (მამკვიდრებელი) 26.08.1982 წლიდან რეგისტრირებული იყო ქუთაისში, ...ს გამზირის ...ის №...-ში; გ) ი. გ-ი არის აწ. განსვენებული ე. კ-ის მემკვიდრე, ხოლო ნ. გ-ი არის ი. გ-ის მემკვიდრე; დ) არსებობდა 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით მინიჭებული შეღავათით სარგებლობისათვის, კერძოდ, არაპრივატიზებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობზე პირის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის საჭირო ორი პირობა კუმულაციურად, რაზე დაყრდნობით მიიჩნია სასამართლომ რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.

კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით განსაზღვრული, საცხოვრებლის კანონიერად ფლობის დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში, საცხოვრებელი ბინის მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი შეიძლება დადასტურებულიყო სხვა დოკუმენტით, მათ შორის ჩაწერით. ამდენად, სასამართლოს უნდა ემსჯელა სწორედ საქმეში არსებული დოკუმენტებით და ფაქტობრივი გარემოებებით და მითითება არ უნდა გაეკეთებინა უშუალოდ იმ დოკუმენტებზე, რომლებიც ზოგადად მოთხოვნილია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკუთრების მოწმობის გასაცემად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოადგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ი. გ-ი იყო გარდაცვლილი ე. კ-ის და - მემკვიდრე, ხოლო ნ. გ-ი კი არის ი. გ-ის შვილი - მემკვიდრე.

ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 13.12.2016 წლის №01/28444 ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით, მოსარჩელე მხარეს უარი ეთქვა ქ. ქუთაისში, ...ს გამზ №...-ში საცხოვრებელ ბინაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესზე, რომელიც არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს (მუხლი 1.1). მითითებული წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით კი განმარტებულია, რომ კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული დადგენილების საფუძველზე, პირის ან მისი მემკვიდრისათვის საცხოვრებლის საკუთრებაში გადაცემისათვის აუცილებელია, რომ დაინტერესებული პირი იყოს საცხოვრებლის კანონიერი მოსარგებლე, ანუ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით ჰქონდეს საცხოვრებლით სარგებლობის უფლება და ფაქტობრივად სარგებლობდეს ამ საცხოვრებლით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია საქმეზე წარმოდგენილია ე. კ-ის პასპორტის ასლი (ფორმა №1; გაცემული 1982 წელს), სადაც მის მისამართად მითითებულია - ქ. ქუთაისი, ...ს ქუჩა №..., რაც თავის მხრივ მიუთითებს შესაბამის პერიოდში ე. კ-ის სადავო ფართში მართლზომიერად შესახლების ფაქტზე, თუმცა აღნიშნული ავტომატურად არ ქმნის შესაბამისი ქონების მისი მემკვიდრისათვის საკუთრებაში გადაცემის საფუძველს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე გამოკითხული მოწმე ლილი ბუცხრიკიძის განმარტებით, იგი ი. გ-ის არ იცნობდა. ქ. ქუთაისში, ...ს I შეს. № ...-ში მდებარე ბინაში თავად ცხოვრობდა სამი წელი. სახლში მანამდე ცხოვრობდა ე. კ-ი (ე. კ-ი), რომელიც საჭიროებდა სპეციალურ ზრუნვას და ის წაიყვანა მთავრობამ/სახელმწიფომ. ამდენად, საქმის მასალებით არ დასტურდება ე. კ-ის მიერ საცხოვრებელი სახლის უწყვეტად, სიცოცხლის ბოლომდე ფაქტობრივად ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, იმ პირობებში, როდესაც ამ საცხოვრებელი სახლით წლების განმავლობაში ცხოვრობდა სხვა ოჯახი და ფაქტი შესაბამის ფართში ლილი ბუცხრიკიძის ოჯახის იძულებით შესვლის შესახებ არ დასტურდება.

ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ცალსახად არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა შეფასებას, იმის თაობაზე, რომ ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისათვის, აუცილებელი იყო საცხოვრებელი ფართით უშუალოდ მოსარჩელის მიერ სარგებლობის ფაქტი, რამდენადაც, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის 2.1.ე. მუხლის შესაბამისად, კანონიერ მოსარგებლედ ასევე ითვლება კანონიერი მოსარგებლის მემკვიდრეც (უშუალოდ კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში), თუმცა ე. კ-ის მიმართ ბინის პრივატიზების საფუძვლების არ არსებობის პირობებში, აღნიშნული გარემოება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად, არ წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს, რამდენადაც იგი გავლენას არ ახდენს განსახილველი საქმის სამართლებრივ შედეგზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ იყო მოსარჩელისათვის ქონების საკუთრებაში გადაცემის საფუძვლები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, მ. კ-ეს საკასაციო საჩივარზე 19.07.2022 წ. საგადასახდო დავალება №1658223294/GEL-ით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის განჩინება;

3. მ. კ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 26.08.2020 წ. საგადასახდო დავალება №1658223294/GEL-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. აბუსერიძე