Facebook Twitter

საქმე #ბს-391(კ-23) 15 ივნისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ.ე-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 4 აპრილს დ.ე-ემ და ლ.ე-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისისა და მესამე პირის - მ.ც-ის მიმართ.

მოსარჩელემ მ.ც-ის სახელზე მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 2003 წლის 10 ოქტომბრის სისტემური რეგისტრაციის (საკადასტრო კოდი: ... ) ჩანაწერისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 23 იანვრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ 2017 წლის 23 იანვრის #... გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა.

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა მ.ც-ი. ამავე განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, შეჩერდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 23 იანვრის #... გადაწყვეტილების მოქმედება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მ.ც-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: ... ) საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ.

სარჩელის დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელეებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 15798 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მ.ც-ის სახელზე #... საკადასტრო კოდით სისტემური რეგისტრაციის შესახებ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 2003 წლის 10 ოქტომბრის ჩანაწერისა და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 7003 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მ.ც-ის სახელზე #... საკადასტრო კოდით (წინა კოდი: ...) რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 23 იანვრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

მოსარჩელეთა განმარტებით, ლ. (პ/ნ ...) და დ. (პ/ნ ...) ე-ებს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, მ.ც-ის (პ/ნ ...) მომიჯნავედ, სისტემური რეგისტრაციით საკუთრებაში გააჩნიათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ამ ნაკვეთის ელექტრონულ ფორმატში რეგისტრაციისათვის მათ მიმართეს საჯარო რეესტრს, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი რეგისტრირებული ჰქონდა მ.ც-ს. საქმის ვითარებაში უკეთ გარკვევისას, დადგინდა, რომ მ.ც-ის სისტემური რეგისტრაციაც არ ასახავდა ობიექტურ ვითარებას: მისი საკუთრება გადმოწეული იყო მოსარჩელეების მხარეს, რის გამოც, თავის მხრივ, ლ. და დ. ე-ეების სისტემური რეგისტრაცია იმგვარად განხორციელდა, რომ მათ საკუთრებაში ექცევა საერთო სარგებლობის გზა, სადაც გადის სარწყავი არხიც.

გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით ლ. და დ. ე-ბის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ლ. და დ. ე-ბის სარჩელი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 15 798 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მ.ც-ის სახელზე #... საკადასტრო კოდით სისტემური რეგისტრაციის შესახებ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 2003 წლის 10 ოქტომბრის ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 7003 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მ.ც-ის სახელზე #... საკადასტრო კოდით (წინა კოდი: ... ) რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 23 იანვრის #... გადაწყვეტილება ლი.ე-ის სახელზე არსებული #... სისტემური რეგისტრაციით განსაზღვრული მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში; ლ. და დ. ე-ბის სარჩელი ამ აქტის სრულად ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 აპრილის განჩინებით გამოყენებული ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 23 იანვრის #... გადაწყვეტილების მოქმედება, დარჩა ძალაში ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ.ე-ემ და ლ.ე-ემ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად. ამავე პალატის 2020 წლის 3 დეკემბრის განჩინებით საქმეზე შეჩერდა საქმის წარმოება აპელანტის - ლ.ე-ის გარდაცვალების გამო, აპელანტის (მოსარჩელის) - ლ.ე-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ნოემბრის განჩინებით გარდაცვლილი ლ.ე-ის (პ/ნ...) უფლებამონაცვლედ დადგინდა დ.ე-ე (პ/ნ ...).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე #3ბ/480-20 განახლდა საქმის წარმოება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინებით დ.ე-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მეორე სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დ.ე-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან ზედდებაში მყოფი მ.ც-ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია იმ ნაწილში იქნა ბათილად ცნობილი, რომლითაც მეზობელ მიწის ნაკვეთთა შორის დადგინდა ზედდება. მ.ც-ის მიერ 2019 წლის 15 აპრილს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ იქნა დაზუსტებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლითაც მის საკუთრებაში აღარ ექცევა გარდაცვლილი ლი.ე-ის სახელზე არსებული სისტემური რეგისტრაციით დაფიქსირებული ფართი და ნახაზი ძირითად ნაწილში მოიცავს მ.ც-ის სისტემური რეგისტრაციით ფიქსირებულ მიწის ნაკვეთს. ამასთან, პალატამ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მესამე პირის წარმომადგენლმა აშკარად გამოხატა მზაობა, რომ მიწის ნაკვეთთან გადაფარვის ნაწილში გასწორდება მ.ც-ის ნაკვეთის საზღვრები, იმგვარად, რომ მოსარჩელე მხარის მიწასთან ზედდება აღარ დარჩეს. მან, ასევე, აღნიშნა, რომ 2017 წლის რეგისტრაციის პირობებში წარდგენილი ნახაზი არ იყო შესრულებული სათანადო აზომვითი ტექნოლოგიით, ამდენად, დადგინდა ზედდება (სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში მესამე პირს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია).

სააპელაციო სასამართლოს შეექმნა წარმოდგენა, რომ წინამდებარე სარჩელის განხილვის პირობებში მოსარჩელის მიზანი იყო სადავო უძრავი ქონების თავის სახელზე დარეგისტრირება, უფრო მეტიც, დ.ე-ის სააპელაციო საჩივრის მოტივაცია აგებული იყო კითხვაზე, თუ სად წავიდა, სად მდებარეობს მიწის ნაკვეთი, რომელიც რეალურად ე-ებს ეკუთვნით და თუ მესამე პირმა სწორად დაირეგისტრირა თავისი ქონება, მაშინ სად მდებარეობს დ.ე-ის მიწის ნაკვეთი იმ ფართობით, რაც მას ეკუთვნის. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითებული მოტივაცია და წარმოდგენილი სასარჩელო პირობების ფარგლებში განმარტა, რომ თუკი მოსარჩელის ინტერესი იყო თავის სახელზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია, მიწის ადგილმდებარეობის მტკიცების ტვირთი გადადიოდა მოსარჩელე მხარეზე.

რაც შეეხება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო საჩივარს, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი არაპერსპექტიულად მიიჩნია. კერძოდ, პალატამ დაასკვნა, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 15798 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მ.ც-ის სახელზე #... საკადასტრო კოდით სისტემური რეგისტრაციის შესახებ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 2003 წლის 10 ოქტომბრის ჩანაწერი კანონშესაბამისი იყო, რამდენადაც მხარეს არ ჰქონდა წარდგენილი აღნიშნული რეგისტრაციის ბათილად ცნობის ხელჩასაჭიდი მტკიცებულება, საფუძველი.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე მიწებზე როგორც მ.ც-ს, ასევე, ლ.ე-ესა (უფლებამონაცვლე - დ.ე-ე) და დ.ე-ეს საკუთრების უფლება გააჩნდათ მიწის საგადასახადო სიის საფუძველზე. უდავო იყო, რომ ლი... (ლ...) ე-სა და მ.ც-ის სისტემური რეგისტრაციით #... და #... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები მდებარეობდა ერთმანეთის მომიჯნავედ. მ.ც-ის სახელზე სისტემური რეგისტრაციით აღირიცხა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 15 789 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. სააპელაციო პალატის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე მხარე აქტიურად მიუთითებდა მესამე პირის სისტემური რეგისტრაციის მონაცემების უზუსტობასა და უკანონობაზე, მას ამ ფაქტის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ ჰქონდა წარმოდგენილი.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ლ.ე-ის მიწასთან არსებული გზის ფორმირება (ან არხის გაყვანა) დროთა განმავლობაში ლ.ე-ის საკუთრების ხარჯზე მოხდა, ეს არ შეიძლებოდა მ.ც-ის ინტერესებისა და საკუთრების შელახვის საფუძველი გამხდარიყო და მისი საკუთრების უფლების ობიექტის ხარჯზე შევსებულიყო გარდაცვლილი ლ.ე-ის უფლებამონაცვლის - დ.ე-ის საკუთრების ობიექტი.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ვერ მიუთითა, თუ რატომ უნდა გაბათილებულიყო მ.ც-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე არ მოითხოვდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის მის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალებას. ამასთან, გასათვალისწინებელი იყო, რომ მოსარჩელის მიწას, მართალია, ესაზღვრებოდა გზა, არხი, თუმცა მესამე პირის მიწას ესაზღვრებოდა უკვე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები. სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დ.ე-ემ ვერ შეძლო სასამართლო დაერწმუნებინა, რომ მ.ც-ის სახელზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაცია ეფუძნებოდა კანონის არასწორ განმარტებას, უფლების დამდგენი დოკუმენტის არარსებობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ.ე-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, 2003 წლიდან სისტემური რეგისტრაციის შედეგად საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ორი მიწის ნაკვეთი. გარდაცვლილი ლი. ე-ისა და მ.ც-ის სახელზე სისტემური რეგისტრაციით რეგისტრირებული ს.კ. ... და ს.კ. ... მიწის ნაკვეთები მდებარეობს ერთმანეთის მომიჯნავედ. მართალია, ნაკვეთები არ ყოფილა შემოღობილი, თუმცა კასატორის აღნიშვნით, მყარ მიჯნას ქმნის მის მიერ გაშენებული ნარგავები - ხილის ხეები. წლებია, მათ იციან თავიანთი საზღვრები.

კასატორის მითითებით, 2017 წლის 23 იანვარს #882017009162 გადაწყვეტილებით მ.ც-ის სახელზე დარეგისტრირდა 7003 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ს.კ. ... მიწის ნაკვეთი (წინა კოდი: ...). მისი ნაკვეთი ფაქტობრივი მდგომარეობით განსხვავდება დარეგისტრირებული კონფიგურაციისაგან.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლო არ ითვალისწინებს, რომ ორთოფოტოზე დატანილი მისი და მ.ც-ის მიწა, მართალია, ინარჩუნებს მიწის მიღება-ჩაბარების აქტზე მოცემულ კონფიგურაციას, თუმცა გადაწეულია, რის გამოც მისი მიწის ნაკვეთი მოიცავს სავალ გზასა და წყლის არხს. კასატორი თვლის, რომ მან დაკარგა მიწის ნაკვეთი, კერძოდ, საჯარო რეესტრი მას არასდროს დაურეგისტრირებს სოფლის საუბნო გზასა და სარწყავ არხს. სასამართლო კი მიუთითებს, რომ მან მისი მიწის ნაკვეთის დაკარგული ნაწილი არ უნდა ეძიოს მ.ც-ის რეგისტრაციაში.

კასატორის განმარტებით, იგი მიუთითებდა, რომ სადავო რეგისტრაცია უკანონოა, რადგან მ.ც-ის საკუთრება მის მხარეს არის გადაწეული. მისი რეგისტრაცია განხორციელებულია იმგვარად, რომ საკუთრებაში მოქცეულია საერთო სარგებლობის გზა და სარწყავი არხი, მიწის ნაკვეთის ერთადერთი მომიჯნავე მეზობელი კი არის მ.ც-ი. კასატორის შეფასებით, რაიონულმა სასამართლომ არასწორად დაადგინა და სააპელაციო პალატაც დაეთანხმა, რომ მ.ც-ის მიმდებარედ აღრიცხული არიან სხვა მესაკუთრეებიც, რომელთა ნაკვეთების კონფიგურაცია, საზღვრები და კოორდინატები რაიმე უზუსტობას არ შეიცავენ. სასამართლომ მომიჯნავე მეზობელთა ვინაობის დადგენისა და საჯარო რეესტრის ამონაწერის მოძიების გარეშე დაასკვნა, რომ აღნიშნული საკითხი გამოკვლეული იყო.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მესამე პირი - მ.ც-ი გამოხატავდა საზღვრების გასწორების მზაობას. მან იცის რეალური მდგომარეობა, ხედავს მის ნარგავებს, რეალურ საზღვარს. ამასთან, იგი განმარტავდა, რომ ზედდება გამოწვეული იყო ნახაზის არასათანადო აზომვითი ტექნოლოგიით შესრულების გამო.

კასატორი თვლის, რომ სასამართლო არ იყო შეზღუდული, საჯარო რეესტრისათვის დაევალებინა ადგილზე დათვალიერების შედეგების წარმოდგენა, რის შედეგადაც მას შეეძლო, ერთობლიობაში შეეფასებინა ნახაზი და ადგილზე დათვალიერების შედეგი - ფაქტობრივი მდგომარეობა, რაც არ განხორციელებულა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ.ე-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ.ე-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ, სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 15798 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მ.ც-ის სახელზე #... საკადასტრო კოდით სისტემური რეგისტრაციის შესახებ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 2003 წლის 10 ოქტომბრის ჩანაწერისა და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 7003 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მ.ც-ის სახელზე #... საკადასტრო კოდით (წინა კოდი: ... ) რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 23 იანვრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის #327 ბრძანებულების (ძალადაკარგულია საქართველოს 2007 წლის 11 მაისის #4741 კანონით) მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის დაჩქარების მიზნით რეგისტრატორმა უნდა მიიღოს მიწის საკუთრებაში გაფორმების მსურველის განცხადება და გამოიყენოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთ-ერთი: ა) მიწის მიღება-ჩაბარების აქტი; ბ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში დასახელებული დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში, გამოიყენება „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის #48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია. აღნიშნულ სიას უნდა დაერთოს მიწის გამოყოფის გეგმა.

საკასაციო სასამართლო, ასევე, იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1514-1515-ე მუხლებზე, რომლითაც დადგინდა, რომ საჯარო რეესტრის სამსახურის ჩამოყალიბებამდე მიწის ნაკვეთების ყოველი ახალი შეძენის რეგისტრაცია 1997 წლის 25 ნოემბრიდან უნდა მომხდარიყო მიწის რეგისტრაციის სამსახურის სისტემაში არსებული საადგილმამულო წიგნის (საჯარო რეესტრის) სამსახურში. საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს უნდა უზრუნველეყო სათანადო სამსახურის ჩამოყალიბება, საჯარო რეესტრის ფორმულარების მომზადება და ყველა იმ ორგანიზაციული საკითხის მოგვარება, რომლებიც დაკავშირებული იყო სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან წარმოშობილი უძრავი ნივთების მესაკუთრეების რეგისტრაციასთან; საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე სამოქალაქო კოდექსით ამ სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელება დაევალა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებს, ხოლო საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსა და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს უნდა უზრუნველეყოთ საჯარო რეესტრის მონაცემების საჯაროობა და ხელმისაწვდომობა დაინტერესებულ პირთათვის.

„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, შენობები, მონაცემთა საინფორმაციო ბანკი და სხვა ქონება გადაეცა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, დ.ე-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან ზედდებაში მყოფი მ.ც-ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია იმ ნაწილში იქნა ბათილად ცნობილი, რომლითაც მეზობელ მიწის ნაკვეთთა შორის დადგინდა ზედდება. ამასთან, მ.ც-ის მიერ 2019 წლის 15 აპრილს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ იქნა დაზუსტებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლითაც მის საკუთრებაში აღარ ექცევა გარდაცვლილი ლი.ე-ის სახელზე არსებული სისტემური რეგისტრაციით დაფიქსირებული ფართი და ნახაზი ძირითად ნაწილში მოიცავს მ.ც-ის სისტემური რეგისტრაციით ფიქსირებულ მიწის ნაკვეთს. ამასთან, საკასაციო სასამართლო, სააპელაციო პალატის მსგავსად, ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მესამე პირის წარმომადგენლმა აშკარად გამოხატა მზაობა, რომ მიწის ნაკვეთთან გადაფარვის ნაწილში გასწორდება მ.ც-ის ნაკვეთის საზღვრები, იმგვარად, რომ მოსარჩელე მხარის მიწასთან ზედდება აღარ დარჩეს. ასევე, აღნიშნა, რომ 2017 წლის რეგისტრაციის პირობებში წარდგენილი ნახაზი არ იყო შესრულებული სათანადო აზომვითი ტექნოლოგიით, ამდენად, დადგინდა ზედდება (საგულისხმოა, რომ სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში მესამე პირს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია).

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის საკასაციო საჩივრის მოტივაციაზე, რომელიც ძირითადად ეფუძნება კითხვას, თუ სად წავიდა, სად მდებარეობს მიწის ნაკვეთი, რომელიც რეალურად ე-ებს ეკუთვნით. ამასთან, თუ მესამე პირმა სწორად დაირეგისტრირა თავისი ქონება, მაშინ სად მდებარეობს დ.ე-ის მიწის ნაკვეთი იმ ფართობის ოდენობით, რაც მას ეკუთვნის. დასმულ კითხვებთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ თუკი მოსარჩელის ინტერესია თავის სახელზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია, მიწის ადგილმდებარეობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელე მხარეს ეკისრება.

საკასაციო სასამართლო, ასევე, იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 15798 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მ.ც-ის სახელზე #... საკადასტრო კოდით სისტემური რეგისტრაციის შესახებ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 2003 წლის 10 ოქტომბრის ჩანაწერი კანონშესაბამისია, რამდენადაც მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია აღნიშნული ჩანაწერის ბათილად ცნობის ხელჩასაჭიდი მტკიცებულება, საფუძველი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე მიწებზე როგორც მ.ც-ს, ასევე, ლ.ე-ესა (უფლებამონაცვლე - დ.ე-ე) და დ.ე-ეს საკუთრების უფლება გააჩნიათ მიწის საგადასახადო სიის საფუძველზე. უდავოა, რომ ლი... (ლ...) ე-სა და მ.ც-ის სისტემური რეგისტრაციით #... და #... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები მდებარეობს ერთმანეთის მომიჯნავედ. ზემოთ მითითებული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე, მ.ც-ის სახელზე სისტემური რეგისტრაციით აღირიცხა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 15 789 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე ცდილობს მესამე პირის სისტემური რეგისტრაციის მონაცემების უზუსტობისა და უკანონობის მტკიცებას, მას ამ ფაქტის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ლ.ე-ის მიწასთან არსებული გზის ფორმირება (ან არხის გაყვანა) დროთა განმავლობაში ლ.ე-ის საკუთრების ხარჯზე მოხდა, ეს არ შეიძლება მ.ც-ის ინტერესებისა და საკუთრების შელახვის საფუძველი გახდეს და მისი საკუთრების უფლების ობიექტის ხარჯზე შეივსოს გარდაცვლილი ლ.ე-ის უფლებამონაცვლის - დ.ე-ის საკუთრების ობიექტი.

საკასაციო პალატა, ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ვერ მიუთითა ლეგიტიმური საფუძველი, თუ რატომ შეიძლება შეიზღუდოს მ.ც-ის საკუთრების უფლება იმგვარად, რომ მისი რეგისტრაცია გაბათილდეს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე არ ითხოვს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალებას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელის მიწას, მართალია, ესაზღვრება გზა, არხი, თუმცა მესამე პირის - მ.ც-ის მიწას ესაზღვრება უკვე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, დ.ე-ემ ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ მ.ც-ის სახელზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაცია კანონშეუსაბამოა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან დ.ე-ეს (პ/ნ...) საკასაციო საჩივარზე 10.04.2023წ. #... საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დ.ე-ეს (პ/ნ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება მესამე პირისათვის - მ.ც-ისათვის ადვოკატ ზ.მ-ის მიერ იურიდიული მომსახურების გაწევა, მიმდინარე დავის ფარგლებში ადვოკატი მის წარმომადგენლობას ახორციელებდა სამივე ინსტანციის სასამართლოში. ამასთან, საკასაციო შესაგებელს თან ერთვის საადვოკატო მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ხელშეკრულება და საბანკო დოკუმენტი ზ.მ-ისათვის 800 ლარის გადარიცხვის თაობაზე.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სასამართლოს გარეშე ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის მოთხოვნებით, აგრეთვე მხედველობაში იღებს წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელების ინტენსივობას, ხანგრძლივობას და სხვა გარემოებებს. მოცემულ შემთხვევაში, დავის სირთულისა და წარმომადგენლის მიერ საკასაციო სასამართლოში გაწეული მომსახურების მხედველობაში მიღებით, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო სასამართლომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი შეამოწმა მხარეთა მონაწილეობის გარეშე, კასატორს - დ.ე-ეს მესამე პირის - მ.ც-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის - 200 ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.ე-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინება;

3. დ.ე-ეს (პ/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 10.04.2023წ. #... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. დ.ე-ეს მ.ც-ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ საკასაციო სასამართლოში ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის - 200 ლარის ანაზღაურება;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა