Facebook Twitter

№ბს-630(კ-22) 7 ივნისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. ვ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განცხადებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს, მოწინააღმდეგე მხარის - ა. ვ-ას მიმართ.

განმცხადებელმა მოითხოვა: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ქ. მარნეულში მდებარე, მოქალაქე ა. ვ-ას (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის მთლიან ნაკვეთზე (ს/კ ...), ფართობით 1000 კვ.მ.

2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება, ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე, დაკმაყოფილდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ამ საკუთრების სახელმწიფოს სახელზე დარეგისტრირებისათვის, მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება, ადგილობრივი მნიშვნელობის მარნეული-ლომთაგორა- ალგეთის საავტომობილო გზის (15 კმ სიგრძით) სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის განხორციელების მიზნით, პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეულ, ა. ვ-ას (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ქ. მარნეულში მდებარე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1000 კვ.მ ფართობის მთლიან მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...). გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ვალდებულია უზრუნველყოს იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრის წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაცია, რომელზეც მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება.

3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ვ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის განჩინებით ა. ვ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ვ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ აუდიტის შეფასებით განსაზღვრული თანხა არ არის ადაეკვატური, რაც სასამართლოთა მიერ არასწორად შეფასდა. სასამართლოები მიუთითებენ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლზე, თუმცა დავის გადაწყვეტამდე არ დაუვალებიათ და არ მიუთითებიათ მხარისთვის დავის ობიექტურად და სამართლიანად გადაწყვეტაზე.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. ვ-ას საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ვ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

ა) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 7 ივლისის ამონაწერის თანახმად, მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით: ..., რეგისტრირებული იყო ა. ვ-ას (პ/ნ ...) საკუთრებაში (ს.ფ. 10-11); ბ) 2020 წლის 4 დეკემბრის №... წერილით, ა. ვ-ას ეცნობა, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებდა სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტს, კერძოდ, მარნეული-ლომთაგორა-ალგეთის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს და საპროექტო გზის ზემოქმედების ფარგლებში მოქცეული იყო ა. ვ-ას კუთვნილი №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი. ამავე წერილით ა. ვ-ასათვის შეთავაზებული იქნა მიწის ჯამური ღირებულების 13500 (ცამეტი ათას ხუთასი) ლარის ანაზღაურება. აღნიშნული წერილი ა. ვ-ას ჩაბარდა პირადად 2020 წლის 8 დეკემბერს. 2020 წლის 18 დეკემბერს ა. ვ-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს და აცნობა, რომ თანახმაა დათმოს თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს/კ ...) სახელმწიფოს სასარგებლოდ, თუ კომპენსაცია იქნება 30000 (ოცდაათი ათასი) ლარი ან უზრუნველყოფილი იქნება აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვა მიწის ნაკვეთში გაცვლა (ს.ფ. 15, 16, 17); გ) 2021 წლის 17 თებერვალს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფლებამოსილ პირთან - ნ. ბ-ესთან სატელეფონო საუბრისას ა. ვ-ამ უარი განაცხადა შეთავაზებულ თანხაზე და ითხოვა ადგილმონაცვლობა ან თანხის გაზრდა, რაზედაც მას განემარტა, რომ დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნა და შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დეპარტამენტი იმოქმედებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ, ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით მიმართავს კომპეტენტურ ორგანოს (ს.ფ. 18); დ) საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის გარემოსა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსის 2021 წლის 24 თებერვლის №1704-2 სამსახურებრივი ბარათით, ამავე სამსახურის თავმჯდომარის მ/შემსრულებელს ეცნობა, რომ ადგილობრივი მნიშვნელობის მარნეული-ლომთაგორა-ალგეთის საავტომობილო გზის პროექტის ფარგლებში დამუშავდა განსახლების სამოქმედო გეგმა და ვინაიდან აღნიშნული პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების ნაწილთან (მათ შორის ა. ვ-ასთან) ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება, მიზანშეწონილია კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი პროცედურების განხორციელება (ს.ფ. 8-9); ე) საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის გარემოსა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსის 2021 წლის 10 მარტის №2208-2 სამსახურებრივი ბარათით, ამავე სამსახურის უფროსის მ/შემსრულებელს ეცნობა, რომ ინვენტარიზაციის ფორმები საპროექტო კომპანიის მიერ სრულყოფილად იქნა შევსებული, ამასთან, მიეწოდა იმ მიწის ნაკვეთების მონაცემები (მათ შორის ა. ვ-ას მიწის ნაკვეთი (ს/კ ...)), რომლებიც საჭიროებენ ექსპროპრიაციას (ს.ფ. 6-7); ვ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2021 წლის 06 აგვისტოს №1-1/362 ბრძანებით, ადგილობრივი მნიშვნელობის მარნეული-ლომთაგორა-ალგეთის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი ჩაითვალა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ საქვეუწყებო დაწესებულებას, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება პროექტის ფარგლებში მოქცეულ უძრავ ქონებებზე, მათ შორის - ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე, მდებარე: მარნეულის მუნიციპალიტეტი, ქ. მარნეული (ს.ფ. 33-36); ზ) საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და აცნობა, რომ ა. ვ-ას საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონება, ს/კ ... იმყოფება ექსპროპრიაციის რეჟიმში და ითხოვა აღნიშნული მიწის ნაკვეთისათვის სტატუსის მინიჭება: „იმყოფება ექსპროპრიაციის რეჟიმში“ (ს.ფ. 37-38); თ) 2021 წლის 16 აგვისტოს, გაზეთ „...ი“-ს ყოველდღიურ ნომერში, მე-10 გვერდზე, გამოქვეყნებულია განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ დღის წესრიგში დადგა მარნეული-ლომთაგორა-ალგეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება. პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოექცა მარნეულის მუნიციპალიტეტში, ქ. მარნეულში მდებარე, მოქალაქე ა. ვ-ას (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის მთლიანი ნაკვეთი (ს/კ ...), ფართობით 1000 კვ.მ. ამავე შეტყობინებაში აღნიშნულ იქნა, რომ პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთზე ექსპროპრიაციის უფლების მოსაპოვებლად კანონმდებლობით განსაზღვრული მეორე ეტაპის გავლის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უახლოეს მომავალში მიმართავდა სასამართლოს. აღნიშნული ბრძანების გაზეთში გამოქვეყნების შესახებ წერილი გაეგზავნა მოქალაქე ა. ვ-ას (ს.ფ. 39-50, 51-52).

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოსათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ქ. მარნეულში მდებარე, მოქალაქე ა. ვ-ას საკუთრებაში არსებულ, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის მთლიან ნაკვეთზე (ს/კ ...), ფართობით 1000 კვ.მ.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია (1); აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან (3).

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. ამასთან, წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ მოსაკრებლების ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად

ამდენად, საკუთრების უფლება აღიარებული და გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით - „საკუთრების დაცვა“.

საკუთრების უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და იგი საჯარო ხელისუფლების მიერ შეიძლება შეიზღუდოს, თუმცა აღნიშნული შეზღუდვა უნდა იყოს მართლზომიერი, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება და იგი უნდა იყოს კანონით დადგენილი. ამავდროულად, უნდა შეფასდეს, უფლებაში ჩარევით ხომ არ მოხდა საკუთრების უფლების არსის დარღვევა. უფლებაში ჩარევის დადგენის შემთხვევაში, უნდა შეფასდეს, მიღწეულ იქნა თუ არა სამართლიანი ბალანსი უფლებაში ჩარევასა და ამავე უფლების დაცვას შორის.

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის ან/და საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.

აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის შესაბამისად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია ექსპროპრიაციის გზით. ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება ხორციელდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით. მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა და სუბიექტი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება (1); ექსპროპრიაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. სასამართლოს გადაწყვეტილებით დგინდება სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. სასამართლოს გადაწყვეტილება აგრეთვე უნდა შეიცავდეს საექსპროპრიაციო ქონების დეტალურ აღწერას და შესაბამის მითითებას მესაკუთრის წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით უზრუნველყოფის თაობაზე (2).

განსახილველ დავაზე დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2021 წლის 6 აგვისტოს №1-1/362 ბრძანებით, ადგილობრივი მნიშვნელობის მარნეული-ლომთაგორა-ალგეთის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი ჩაითვალა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ საქვეუწყებო დაწესებულებას, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭა პროექტის ფარგლებში მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლება - ს/კ ... მდებარე: მარნეულის მუნიციპალიტეტი, ქ. მარნეული.

ზემოაღნიშნული კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, ყველა მესაკუთრეს, რომელთა ქონება ექვემდებარება ექსპროპრიაციას, მინისტრის შესაბამისი ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ ექსპროპრიაციის უფლების მოპოვებით დაინტერესებული პირი აწვდის ინფორმაციას, რომელიც ქვეყნდება ცენტრალურ და შესაბამის ადგილობრივ პრესაში. ინფორმაცია უნდა შეიცავდეს პროექტისა და მისი განხორციელების ფარგლების, აგრეთვე ტერიტორიისა და, სავარაუდოდ, საექსპროპრიაციო ქონების მოკლე აღწერას (1); პირველ პუნქტში აღნიშნულ ყველა მესაკუთრეს უნდა ეცნობოს აგრეთვე სასამართლოში განცხადების შეტანისა და სასამართლოს მიერ განცხადების განხილვის თარიღი (2).

განსახილველ საქმესთან მიმართებით საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ საავტომობილო გზა წარმოადგენს მგზავრთა გადაადგილებისა და ტვირთების ტრანსპორტირების ძირითად და არსებით სოციალურ ინფრასტრუქტურას. იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის განვითარებასა და ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაში. შესაბამისად, აღნიშნული პროექტის განხორციელებას დიდი მნიშვნელობა გააჩნია რეგიონისა და მთელი ქვეყნისათვის, იგი მნიშვნელოვანი და მასშტაბურია, რაც ცალსახად ადასტურებს საზოგადოებრივი საჭიროების აუცილებლობას, რაც საფუძვლიანს ხდის სასარჩელო მოთხოვნას მარნეულის მუნიციპალიტეტში, ქ. მარნეულში მდებარე, მოქალაქე ა. ვ-ას საკუთრებაში არსებულ, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის მთლიან ნაკვეთზე (ს/კ ...), ფართობით 1000 კვ.მ, ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლზე, რომელიც ადგენს ქონების საბაზრო ღირებულებასა და კომპენსაციაზე დავის წესს, კერძოდ, თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით (1).

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ვ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე