Facebook Twitter

№ბს-572(კ-22) 7 ივნისი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე – ა. ვ-ე; მოპასუხე - ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ა. ვ-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 19 ივნისის №378 დადგენილება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2014 წლის 14 მარტის №118 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო საურავის დაკისრების შესახებ; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 4 სექტემბრის №02/222 ბრძანება „ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 19 ივნისის №378 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე ა. ვ-ეის წარმომადგენლის შ. ჯ-ეის 2017 წლის 27 ივნისის №19792/25 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. ვ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 19 ივნისის №378 დადგენილება ქალაქ ბათუმის მინიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2014 წლის 14 მარტის №118 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო საურავის დაკისრების შესახებ. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 4 სექტემბრის №02/222 ბრძანება ,,ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 19 ივნისის №378 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე ა. ვ-ეის წარმომადგენლის შ. ჯ-ეის 2017 წლის 27 ივნისის №19792/25 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ მიერ.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინებით ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ“.

კასატორი აღნიშნავს, რომ 2013 წლის 24 ოქტომბერს გამოცემული №311 მითითების საფუძველზე გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევა ა. ვ-ეის მიერ უნებართვოდ განხორციელებული საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის/მშენებლობის ფაქტზე, კერძოდ, ხის შენობის დემონტაჟი და მის ნაცვლად შენობის ბეტონის ბლოკებით მშენებლობა, ღიობების მოწყობა. სამართალდამრღვევს მიეცა გონივრული ვადა 15 დღე, რათა ობიექტი მოეყვანა პირვანდელ მდგომარეობაში. მითითება ჩაბარდა ა. ვ-ეს. 2014 წლის 30 იანვრის შემოწმების აქტის საფუძველზე არ დადასტურდა ა. ვ-ეის მიერ მითითებაში განსაზღვრული პირობების შესრულება, რის შემდგომაც გამოიცა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 10 მარტის №118 დადგენილება, რომლითაც მოსარჩელე დაჯარიმდა 3 000 ლარის ოდენობით. 2014 წლის 14 ივლისის №355 დადგენილებით ა. ვ-ეს დაეკისრა ჯარიმის ერთმაგი ოდენობის საურავი. 2014 წლის 14 ივლისის დადგენილება გასაჩივრდა ჯერ ბათუმის მერიაში, შემდგომ - ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ა. ვ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით ა. ვ-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 14 ივლისის №335 დადგენილების და ქ. ბათუმის მერის 2014 წლის 26 სექტემბრის №611 ბრძანების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ა. ვ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 14 ივლისის №335 დადგენილება ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2014 წლის 10 მარტის №118 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო საურავის დაკისრების შესახებ. ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერის 2014 წლის 26 სექტემბრის №611 ბრძანება 2014 წლის 8 აგვისტოს №17722/25 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. დანარჩენ ნაწილში ა. ვ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ივნისის განჩინებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება.

კასატორი აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 2 ივნისის განჩინებით. შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებული იყო 2016 წლის 2 ივნისიდან 30 დღის ვადაში გადაეხადა 2014 წლის 10 მარტის №118 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმა 3 000 ლარი, რაც არ განუხორციელებია. აღნიშნულის გათვალისწინებით ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილი იყო გამოეცა 2017 წლის 19 ივნისის №378 დადგენილება საურავის დაკისრების თაობაზე.

2017 წლის 1 ივნისის შემოწმების აქტის საფუძველზე დადგინდა, რომ მოსარჩელის მიერ კანონით დადგენილ ვადაში არ მომხდარა დაკისრებული ჯარიმის გადახდა. სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ფარგლებში ა. ვ-ე მიწვეულ იქნა ზეპირ მოსმენაზე 2017 წლის 14 ივნისს. მხოლოდ ამის შემდგომ იქნა გამოცემული 2017 წლის 19 ივნისის №378 დადგენილება. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დააფუძნა სრულყოფილად შესწავლილ და გამოკვლეულ გარემოებებზე, რის გამოც არ არსებობს ა. ვ-ეის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 19 ივნისის №378 დადგენილებით ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2014 წლის 10 მარტის №118 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო ა. ვ-ეს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსის“ 26-ე მუხლის შესაბამისად დაერიცხა საურავი 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით (ს.ფ 21-22); ბ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 4 სექტემბრის №02/222 ბრძანებით ა. ვ-ეის წარმოადგენელის შ. ჯ-ეის ადმინისტრაციული საჩივარი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 19 ივნისის №378 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (ს.ფ 23-25); გ) ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ა. ვ-ეის სარჩელი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო მისი დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის თაობაზე ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 10 მარტის №118 დადგენილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ ქ. ბათუმის მერის 2014 წლის 14 ნოემბრის №257 ბრძანების, საურავის დაკისრების შესახებ ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 14 ივლისის №335 დადგენილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ ქ. ბათუმის მერის 2014 წლის 26 სექტემბრის №611 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 28 იანვრის (საქმე №3/ბ-427-2015წ) გადაწყვეტილებით ა. ვ-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 14 ივლისის №335 დადგენილების და ქ. ბათუმის მერის 2014 წლის 26 სექტემბრის №611 ბრძანების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ა. ვ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 14 ივლისის №335 დადგენილება ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2014 წლის 10 მარტის №118 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო საურავის დაკისრების შესახებ. ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერის 2014 წლის 26 სექტემბრის №611 ბრძანება ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 14 ივლისის №335 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე ა. ვ-ეის 2014 წლის 8 აგვისტოს №17722/25 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. დანარჩენ ნაწილში ა. ვ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება. საქართველო უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ივნისის (საქმე №ბს-261-259(2კ-16) განჩინებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება (ს.ფ 12-17).

მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 19 ივნისის №378 დადგენილებისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 4 სექტემბრის №02/222 ბრძანების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-10 პუნქტზე, რომლის მიხედვით, დამრღვევის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას საურავის დაკისრების შესახებ. ამავე კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად, (1) სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმა დამრღვევმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღეში; (2) დაკისრებული ჯარიმის (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამმაგი ოდენობის ჯარიმისა) გადაუხდელობის შემთხვევაში, ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ დამრღვევს დაერიცხება საურავი დაჯარიმების შესახებ დადგენილებით განსაზღვრული საჯარიმო თანხის ოდენობით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

საკასაციო პალატა ხაზს უსვამს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ჯარიმის დაკისრების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის შემდეგ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს შეტყობინება, რომ ა. ვ-ეს გადაეხადა ძალაში დატოვებული ჯარიმა, არ გაუგზავნია (აღნიშნულ ფაქტობრივი გარემოება კასატორის მიერ სადავო არ არის). ასევე დადგენილია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს ჯარიმის თანხის - 3000 ლარის იძულებით გადახდევინებასთან დაკავშირებით. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2017 წლის 8 ივნისს შეტყობინება გაუგზავნა ა. ვ-ეს სააღსრულებო წარმოების დაწყების თაობაზე. დადგენილია, რომ 2017 წლის 19 ივნისს ა. ვ-ემ ჯარიმა გადაიხადა (ს.ფ. 18-20, 61).

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა განმარტებას, რომ გასული არ იყო 2014 წლის 10 მარტის №118 დადგენილებით განსაზღვრული ჯარიმის გადახდის ვადა და შესაბამისად არ არსებობდა ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის საფუძვლით საურავის დაკისრების შესახებ ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 19 ივნისის №378 დადგენილების გამოცემის საფუძველი, რაც ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის წინაპირობას წარმოადგენს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე