საქმე #ბს-335(კ-23) 15 ივნისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებისა და ამავე სასამართლოს 2022 წლის 20 ოქტომბრის დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2020 წლის 30 სექტემბერს ნ.ზ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამსახურის მიმართ.
2020 წლის 7 დეკემბერს ნ.ზ-მა დაზუსტებული სარჩელით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამსახურისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 სექტემბრის საოქმო განჩინებით განუხილველი დარჩა ნ.ზ-ის სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის 10 ნოემბრის წერილის ბათილად ცნობის თაობაზე. ამავე სასამართლო სხდომაზე დაზუსტდა მოპასუხეთა წრე და საბოლოოდ, მოპასუხედ განისაზღვრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
სარჩელის დაზუსტების შემდგომ, საბოლოოდ, მოსარჩელემ ნ.ზ-ზე იჯარით გაცემული ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე, #..., #..., #..., #..., #..., #..., #..., #..., #..., #..., #..., #..., #..., #... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების (სათიბი, საძოვარი) პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს ინდივიდუალური ადმიისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა (არაწერილობითი უარის) და ნ.ზ-ზე იჯარით გაცემული, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე #..., #..., #..., #..., #..., #..., #..., #..., #..., #..., #..., #..., #..., #... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 31 აგვისტოს #6/47591 წერილის ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ნ.ზ-ზე იჯარით გაცემული ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე #..., #..., #..., #..., #..., #..., #..., #..., #..., #..., #..., #..., #..., #... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების (სათიბი, საძოვარი) მოსარჩელისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების დავალება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლის 29 აპრილს მან #498 განცხადებით მიმართა შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს და ქარელის რაიონის სოფ. ...ში მდებარე, ქარელის რაიონის გამგეობის 2005 წლის 30 ივნისის #91 დადგენილებით გადაცემული 54.46 ჰა საძოვრისა და 2 ჰა სათიბის კატეგორიის მიწის ნაკვეთებზე პრივატიზაციის პროცესის დაწყება და პირდაპირი მიყიდვის ფორმით ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმება მოითხოვა. მიუხედავად მისი არაერთი მიმართვისა, მან მიიღო მხოლოდ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამსახურის 2020 წლის 10 იანვრის #11/1093 გადაწყვეტილება განცხადების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ და 2020 წლის 10 მარტის #11/15330 წერილი, რომლითაც მას განემარტა, რომ სააგენტოში მიმდინარეობდა აღნიშნული საკითხის განხილვა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობოდა დამატებით.
მოსარჩელის მითითებით, ამის შემდგომ მან მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და იჯარით გადაცემული ნაკვეთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება მოითხოვა, რაზეც 2020 წლის 1 სექტემბერს ელ-ფოსტით მიიღო სააგენტოს 2020 წლის 31 აგვისტოს #6/47591 წერილობითი უარი იმ მოტივით, რომ, რამდენადაც მას და ქარელის რაიონის გამგეობას შორის იჯარის ხელშეკრულება გაფორმებულ იქნა 2005 წლის 30 ივლისის შემდეგ - 2005 წლის 15 აგვისტოს, მოცემულ შემთხვევაში, პრივატიზებას არ ექვემდებარებოდა იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთები.
მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომელმაც 2020 წლის 10 ნოემბრის #04/7351 წერილით მას უარი უთხრა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების საკითხის დაკავშირება იჯარის ხელშეკრულების გაფორმების თარიღთან (2005 წლის 15 აგვისტო) უკანონოა, რადგან მას ნაკვეთები იჯარით გადაეცა 2005 წლის 30 ივნისის დადგენილებით, შესაბამისად, იგი ექვემდებარებოდა პირდაპირი ფორმით პრივატიზებას, რის გამოც მოპასუხის ქმედება ლახავს მოსარჩელის კანონიერ უფლებას.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დამატებით განმარტა, რომ მან სააგენტოს შეთავაზების მიუხედავად, არ შეცვალა მოთხოვნა სააგენტოს მიმართ და არ მოითხოვა მხოლოდ სათიბი კატეგორიის ნაკვეთის პირდაპირი ფორმით პრივატიზება, რადგან ამ შემთხვევაში, აღნიშნული გამოიწვევდა საძოვრის კატეგორიის ნაკვეთებზე გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტას.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ.ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს ინდივიდუალური ადმიისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (არაწერილობითი უარი) ნ.ზ-ზე იჯარით გაცემული ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე #..., #..., #..., #..., #..., #..., #..., #..., #..., #..., #..., #..., #..., #... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების (სათიბი, საძოვარი) პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებაზე უარის თქმის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 31 აგვისტოს #6/47591 წერილი ნ.ზ-ზე იჯარით გაცემული ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე მიწის ნაკვეთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ნ.ზ-ზე იჯარით გაცემული ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე #..., #..., #..., #..., #..., #..., #..., #..., #..., #..., #..., #..., #..., #... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების (სათიბი, საძოვარი) ნ.ზ-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების განხორციელება დაევალა.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის დამატებითი გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ნ.ზ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ნ.ზ-ის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ნაწილის - 500 (ხუთასი) ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საგულისხმო იყო, რომ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერებას ადმინისტრაციული ორგანო ძირითადად ამყარებდა იმ არგუმენტს, რომ ვინაიდან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულება გაფორმებული იყო 2005 წლის 30 ივლისის შემდგომ - 2005 წლის 15 აგვისტოს, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ძ.ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სადავო მიწის ნაკვეთები არ ექვემდებარებოდა პრივატიზებას.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ძ.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პრივატიზებას არ ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვარი, გარდა 2005 წლის 30 ივლისამდე იჯარით გაცემული საძოვრებისა და საძოვრებისა, რომლებიც დადგენილი წესით შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული აქტით დამაგრებულია მათზე მდებარე, ფიზიკური ან/და იურიდიული პირების კერძო საკუთრებაში არსებულ ან/და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, 2005 წლის 15 აგვისტოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულების გაფორმების, შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნ.ზ-ისთვის იჯარით გადაცემის საფუძველს წარმოადგენდა ქარელის რაიონის გამგეობის 2005 წლის 30 ივნისის #91 დადგენილება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კანონის მითითებული ნორმა („სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ძ.ა“ ქვეპუნქტი) გულისხმობდა 2005 წლის 30 ივლისამდე იჯარის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას და არა იჯარის ხელშეკრულების გაფორმებას და შემდგომ მის საჯარო რეესტრში რეგისტრაციას.
სააპელაციო პალატამ, ასევე, მიიჩნია, რომ კანონმდებლის ნების დადგენის მიზნით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 სექტემბრის #1-1/1565 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საჯარო აუქციონის ფორმით და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესის“ მე-9 მუხლის მე-20 პუნქტზე, რომლის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საიჯარო მიწაზე, რომელზეც იჯარით გაცემის გამგეობის დადგენილება გამოცემულია 2005 წლის 30 ივლისის შემდეგ, პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზება არ დაიშვება.
ამდენად, იმ პირობებში, როდესაც 2005 წლის 30 ივნისის მდგომარეობით იჯარის გამცემმა ორგანომ ცალსახად გამოხატა ნება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნ.ზ-ისთვის იჯარით გადაცემის თაობაზე, ხოლო „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი რაიმე სახის დათქმას 2005 წლის 30 ივლისამდე იჯარის ხელშეკრულების არსებობის ან/და მისი რეგისტრაციის თაობაზე არ ითვალისწინებდა, სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ კანონმდებლის მიერ „მიწის იჯარით გაცემის თარიღად“ მოიაზრებოდა შესაბამისი გამგეობის მიერ იჯარის გაცემის შესახებ დადგენილების გამოტანის თარიღი და არა ხელშეკრულების დადების და შემდგომ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტი.
რაც შეეხება აპელანტის მითითებას ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებაზე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 6 ივნისის #ბს-793-777(კ-12) განჩინებაზე, რომელშიც აღინიშნა, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის ხსენებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ სათანადო პირობების არსებობისას, მიწის ნაკვეთის პრივატიზაცია ადმინისტრაციული ორგანოსათვის არის არა უფლება, არამედ ვალდებულება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის დამატებითი გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინებისა და დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, მე-12 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებზე, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საჯარო აუქციონის ფორმით და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცეის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 სექტემბრის #1-1/1565 ბრძანების მე-9 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებზე, ასევე, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ძ.ა“ ქვეპუნქტზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 592-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 2 აგვისტოს #446 ბრძანებულებაზე.
კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო მიწის ნაკვეთები წარმოადგენს საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს. ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ნ.ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ ნ.ზ-ისათვის მიწის იჯარით გადაცემაზე გადაწყვეტილება მიღებულია 2005 წლის 30 ივნისს. შესაბამისად, ამავე თარიღით იჯარით გამცემმა ორგანომ თავისი ნება იჯარით მიწის გაცემაზე გამოხატა და შემდგომი პროცედურები უკვე ტექნიკურ საკითხად უნდა ჩაითვალოს.
კასატორი ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემა გულისხმობს მეიჯარესა და მოიჯარეს შორის ხელშეკრულების გაფორმებას. პირისათვის მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის პროცესი დასრულებულად ითვლება მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმებისა და შემდგომში, მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შედეგად. აღნიშნულის გარეშე, მხოლოდ გამგეობის დადგენილებით მიწის ნაკვეთი იჯარით გაცემულად ვერ ჩაითვლება.
კასატორი მიუთითებს, რომ ნ.ზ-სა და ქარელის რაიონის გამგეობას შორის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულება გაფორმებულ იქნა 2005 წლის 15 აგვისტოს, რისი გათვალისწინებითაც, მოცემულ შემთხვევაში, პრივატიზებას არ ექვემდებარება იჯახის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.
რაც შეეხება ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს, კასატორის განმარტებით, განმცხადებელს ეცნობა, რომ დაინტერესების შემთხვევაში, სააგენტო განიხილავდა სათიბი კატეგორიის მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების საკითხს. შესაბამისად, სააგენტოს 2020 წლის 31 აგვისტოს #6/47591 აქტი არ შეიცავს ... საკადასტრო კოდის პრივატიზებაზე უარს და აქედან გამომდინარე, აღნიშნულ ნაწილში აქტი მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს არ აყენებს პირდაპირ და უშუალო ზიანს. პრივატიზებაზე უარი ეხებოდა მხოლოდ საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთებს.
ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ კანონის თანახმად, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებისათვის აუცილებელი ყველა პირობის არსებობის შემთხვევაშიც კი, სააგენტოს მინიჭებული აქვს იჯარით აღებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების უფლებამოსილება და არა ვალდებულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინებისა და დამატებითი გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და დამატებითი გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ, სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ნ.ზ-ზე იჯარით გაცემული ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე #..., #..., #..., #..., #..., #..., #..., #..., #..., #..., #..., #..., #..., #... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების (სათიბი, საძოვარი) პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს ინდივიდუალური ადმიისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა (არაწერილობითი უარის) და ნ.ზ-ზე იჯარით გაცემული, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე #..., #..., #..., #..., #..., #..., #..., #..., #..., #..., #..., #..., #..., #... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 31 აგვისტოს #6/47591 წერილის კანონიერება, ასევე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ნ.ზ-ზე იჯარით გაცემული ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე #..., #..., #..., #..., #..., #..., #..., #..., #..., #..., #..., #..., #..., #... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების (სათიბი, საძოვარი) მოსარჩელისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-12 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებზე, რომელთა თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ექვემდებარება პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების აუცილებელი პირობაა სახელმწიფოსა და მოიჯარეს შორის გაფორმებული და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საიჯარო ხელშეკრულება. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება საიჯარო ხელშეკრულების, საჯარო რეესტრიდან ამონაწერისა და საკადასტრო გეგმის საფუძველზე.
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტით კანონმდებელი ადგენს მოიჯარის ვალდებულებას, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის მან განცხადებით უნდა მიმართოს პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს არა უგვიანეს 2011 წლის პირველი მაისისა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქარელის რაიონის გამგეობის 2005 წლის 30 ივნისის #91 დადგენილების საფუძველზე, ქარელის რაიონის გამგეობას და ნ.ზ-ს შორის 2005 წლის 15 აგვისტოს დაიდო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულება. სახელმწიფოს საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში იჯარით გასაცემ ქონებებზე (საკადასტრო კოდები: #... - საძოვარი; #... - საძოვარი; #... - საძოვარი; #... - საძოვარი; #... - საძოვარი; #... - საძოვარი; #... - საძოვარი; #... - საძოვარი; #... - საძოვარი; #... - სათიბი; #... - საძოვარი; #... - საძოვარი; #... - საძოვარი; #...- საძოვარი) რეგისტრირებულია 2005 წლის 16 აგვისტოს, ხოლო ნ.ზ-ის იჯარის უფლება - 2005 წლის პირველ სექტემბერს.
ასევე, დადგენილია და კასატორიც სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ნ.ზ-მა 2011 წლის პირველ მაისამდე - 2011 წლის 29 აპრილს მიმართა პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს და იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება მოითხოვა.
საგულისხმოა, რომ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერებას კასატორი ძირითადად ამყარებს იმ არგუმენტს, რომ ვინაიდან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულება გაფორმებულია 2005 წლის 30 ივლისის შემდგომ - 2005 წლის 15 აგვისტოს, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ძ.ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სადავო მიწის ნაკვეთები არ ექვემდებარება პრივატიზებას.
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ძ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პრივატიზებას არ ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვარი, გარდა 2005 წლის 30 ივლისამდე იჯარით გაცემული საძოვრებისა და საძოვრებისა, რომლებიც დადგენილი წესით შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული აქტით დამაგრებულია მათზე მდებარე, ფიზიკური ან/და იურიდიული პირების კერძო საკუთრებაში არსებულ ან/და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მითითებას, რომ 2005 წლის 15 აგვისტოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულების გაფორმების, შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნ.ზ-ისთვის იჯარით გადაცემის საფუძველს წარმოადგენს ქარელის რაიონის გამგეობის 2005 წლის 30 ივნისის #91 დადგენილება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ კანონის მითითებული ნორმა („სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ძ.ა“ ქვეპუნქტი) გულისხმობს 2005 წლის 30 ივლისამდე იჯარის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას და არა იჯარის ხელშეკრულების გაფორმებას და შემდგომ მის საჯარო რეესტრში რეგისტრაციას.
საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 სექტემბრის #1-1/1565 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საჯარო აუქციონის ფორმით და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესის“ მე-9 მუხლის მე-20 პუნქტზე, რომლის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საიჯარო მიწაზე, რომელზეც იჯარით გაცემის გამგეობის დადგენილება გამოცემულია 2005 წლის 30 ივლისის შემდეგ, პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზება არ დაიშვება.
ამდენად, იმ პირობებში, როდესაც 2005 წლის 30 ივნისის მდგომარეობით იჯარის გამცემმა ორგანომ ცალსახად გამოხატა ნება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნ.ზ-ისთვის იჯარით გადაცემის თაობაზე, ხოლო „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი რაიმე სახის დათქმას 2005 წლის 30 ივლისამდე იჯარის ხელშეკრულების არსებობის ან/და მისი რეგისტრაციის თაობაზე არ ითვალისწინებს, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ კანონმდებლის მიერ „მიწის იჯარით გაცემის თარიღად“ მოიაზრება შესაბამისი გამგეობის მიერ იჯარის გაცემის შესახებ დადგენილების გამოტანის თარიღი და არა ხელშეკრულების დადების და შემდგომ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტი.
რაც შეეხება კასატორის მითითებას ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებაზე, საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მსგავსად მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 6 ივნისის #ბს-793-777(კ-12) განჩინებაზე, რომლითაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-7 პუნქტი ერთმნიშვნელოვნად, იმპერატიულად ადგენს, რომ ქონების მმართველი ვალდებულია მოიჯარის განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში გაეცნოს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მისი სისწორის შემთხვევაში, მოიჯარეს გაუგზავნოს შეტყობინება შესაბამისი საპრივატიზებო საფასურის გადახდის თაობაზე და მისი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში, სახელმწიფო ქონების შემძენთან 15 კალენდარული დღის ვადაში დადოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულება. ამდენად, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული რეგულაციით ადგილი არ აქვს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციას, არჩევის შესაძლებლობას. სასამართლოს მითითებით, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის ხსენებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ სათანადო პირობების არსებობისას მიწის ნაკვეთის პრივატიზაცია ადმინისტრაციული ორგანოსათვის არის არა უფლება, არამედ ვალდებულება.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის მითითებაზე იმის შესახებ, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ სათიბი კატეგორიის მიწის ნაკვეთთან მიმართებით ადმინისტრაციული ორგანო გამოთქვამდა მზაობას მოსარჩელისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებაზე, რის გამოც, აღნიშნულ ნაწილში არ არსებობდა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რამდენადაც ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა მოსარჩელისათვის, მათ შორის, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებაც, სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგი თანხვედრაშია აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან მიმართებით ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციასთან. შესაბამისად, მხოლოდ დასახელებული გარემოება არ წარმოშობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საკმარის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება მოსარჩელე ნ.ზ-ისათვის ადვოკატ ზ.მ-ის მიერ იურიდიული მომსახურების გაწევა. მიმდინარე დავის ფარგლებში ადვოკატი მის წარმომადგენლობას ახორციელებდა სამივე ინსტანციის სასამართლოში. ამასთან, საკასაციო შესაგებელს თან ერთვის საადვოკატო მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ხელშეკრულება და საადვოკატკო დოკუმენტი ზ.მ-ისათვის 1000 ლარის გადარიცხვის თაობაზე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სასამართლოს გარეშე ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის მოთხოვნებით, აგრეთვე, მხედველობაში იღებს წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელების ინტენსივობას, ხანგრძლივობას და სხვა გარემოებებს. მოცემულ შემთხვევაში, დავის სირთულისა და წარმომადგენლის მიერ საკასაციო სასამართლოში გაწეული მომსახურების მხედველობაში მიღებით, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო სასამართლომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი შეამოწმა მხარეთა მონაწილეობის გარეშე, კასატორს - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელე ნ.ზ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის - 200 ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინება და ამავე სასამართლოს 2022 წლის 20 ოქტომბრის დამატებითი გადაწყვეტილება;
3. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ნ.ზ-ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ საკასაციო სასამართლოში ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის - 200 ლარის ანაზღაურება;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა