Facebook Twitter

№ბს-670(კ-22) 7 ივნისი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ. თ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 25 თებერვლის №933 განკარგულება; ბ) დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ქ. თბილისში, ...ი ქუჩა №49-ში, სახლი №6-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 890.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე თ. თ-იის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით თ. თ-იის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 25 თებერვლის №933 განკარგულება, რომლითაც თ. თ-ის უარი ეთქვა - ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №49-ში, სახლი №6-ის მიმდებარედ საერთო ფართით - 890.00 კვ.მ ფართის ოდენობით მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე და მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა თ. თ-იის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი დოკუმენტაციის, ორთოფოტოების, ადგილზე დათვალიერებისა და საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად, არ დადასტურდა თ. თ-იის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი არც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და არც საკუთრების უფლების მოთხოვნის დროისათვის. საყურადღებოა, რომ მოცემული მიწის ნაკვეთი არ ქმნის ერთიან სივრცეს, არ არის შემოსაზღვრული მყარი სასაზღვრო მიჯნით, რაც კანონის შესაბამისად, წარმოადგენს განსახილველი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს. ვინაიდან არ არსებობდა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის კანონით დადგენილი პირობები, კომისია მოკლებული იყო შესაძლებლობას მიეღო სადავო აქტისაგან განსხვავებული შინაარსის მქონე გადაწყვეტილება.

სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ის გარემოება, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებას, რაც, თავის მხრივ, სხვა გარემოებებთან ერთად, წარმოადგენს საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელ გარემოებას. ამასთან, სასამართლო ყოველგვარი დასაბუთების გარეშე იზიარებს საქმეში წარმოდგენილ ნოტარიალურად დამოწმებულ მოწმეთა ჩვენებებს.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 25 თებერვლის №933 განკარგულების კანონიერების შეფასება და მოპასუხისთვის ქ. თბილისში, ...ი ქუჩა №49-ში, სახლი №6-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 890.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე თ. თ-იის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) 2017 წლის 22 დეკემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა თ. თ-იის №... განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იქნა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ქუჩა ...ი №49, სახლი №6-ის მიმდებარედ (ნაკვეთის ფართობი: 890 კვ.მ) (ს.ფ. 54-55); ბ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 29 დეკემბრის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, ელექტრონული საკადასტრო რუკის მონაცემებით, №... განცხადებაზე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონულ ვერსიაზე მოცემულ უძრავ ნივთი, 25.12.2017 წლის მდგომარეობით, ზედდებაშია უფლებარეგისტრირებულ უძრავ ნივთთან, საკადასტრო კოდით: ...; მესაკუთრე - სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი. მითითებულ განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული საარქივო მასალების, კერძოდ, ყოფილი საზოგადოებრივი მეურნეობების მიწათსარგებლობის გეგმების მიხედვით, აღნიშნული ნაკვეთის დანიშნულებისა და კატეგორიის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არ მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში, რომელზეც სააგენტოს არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება (ს.ფ. 57); გ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 8 იანვრის №10236 წერილობითი მიმართვით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გადაეგზავნა თ. თ-იის მიერ წარდგენილი განაცხადი და ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ქუჩა ...ი №49, სახლი №6-ის მიმდებარედ (ს.ფ. 56); დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 27 დეკემბრის ადგილზე დათვალიერების ოქმის თანახმად, ადგილზე გასვლით გაირკვა, რომ მიწის ნაკვეთი (მდებარე: ქ. თბილისი, ქუჩა ...ის №49, სახლი №6-ის მიმდებარედ) შეღობილია მავთულბადით. ნაწილობრივ ღობე ახსნილია (მოიპარეს, რის შემდეგაც ოჯახმა დაიბრუნა და შენახულია ავტოფარეხში). მიწის ნაკვეთზე დგას კაპიტალური არასაცხოვრებელი ნაგებობა (ს.ფ. 126); ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 20 იანვრის №4 სხდომის ოქმის თანახმად, თ. თ-იის განცხადებასთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს კომისიის წევრებმა და აღნიშნეს, რომ არ დადგინდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. კერძოდ, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის, ორთოფოტოების, ადგილზე დათვალიერებისა და საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა თ. თ-იის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და არც, საკუთრების უფლების მოთხოვნის დროისათვის. მითითებული გარემოებები კი, აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს განსახილველი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს (ს.ფ. 92-97); ვ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2019 წლის 28 ივნისის წერილის თანახმად, სამსახურმა ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით განიხილა ...ის №49-ში, სახლი №6-ის მიმდებარედ 890კვ.მ მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და აღნიშნა, რომ მითითებული მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია საცხოვრებელ (სზ-2) ზონაში და კვეთს №... საკადასტრო ერთეულს (ს.ფ. 70-71); ზ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 25 თებერვლის №933 განკარგულებით უარი ეთქვა თ. თ-ის მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ქუჩა ...ი №49, სახლი №6-ის მიმდ., საერთო ფართობი - 890.00 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ არ დგინდება თ. თ-იის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი (ს.ფ. 50-51); თ) საქმეში წარმოდგენილია ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმად, ...ის ქ. №49-ში მცხოვრები პირები: ა. მ-ი, გ. ს-ი, ი. უ-ე, ნ. მ-ი, ნ. ხ-ე, თ. ჭ-ე ადასტურებენ, რომ ამავე მისამართზე (...ის ქ. №49-ში, სახლი №6-ის) მცხოვრები რ. თ-ის (შვილი - თ. თ-იი) ოჯახი 1983-1984 წლებიდან ფლობს ...ის ქ. №49-ში სახლი №6-ის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთს. ეწევიან მეურნეობას, კერძოდ, მოჰყავთ ერთწლოვანი კულტურები, გაშენებულია აქვთ ვაზი და ხეხილი. ამავე ოჯახის მიერ 1984-1990-იან წლებში ამავე ნაკვეთში აგებულია დამხმარე კაპიტალური შენობა-ნაგებობა (ს.ფ. 62-63; 103-107).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი – ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესზე“, რომლის 2.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტია სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი. იმავე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტის თაობაზე მოწმის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება.

სადავო შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელეს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი უთხრა იმ საფუძვლით, არ დგინდება თ. თ-იის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი კანონის ამოქმედებამდე და არც, საკუთრების უფლების მოთხოვნის დროისათვის. მოპასუხე მხარის განმარტებაში ერთ-ერთ არგუმენტად მითითებულია ის გარემოებაც, რომ მიწის ნაკვეთი სრულად არ არის შემოსაზღვრული ღობით.

მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ნოტარიული ჩვენებებისა და საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველთან მიმართებით საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მითითებას, რომ კომისიის სადავო აქტი არ შეიცავს რაიმე სახის დასაბუთებას დამდგარ სამართლებრივ შედეგთან მიმართებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის საკმარისად დასაბუთებული, თუ რატომ არ მიიჩნია უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე თ. თ-იის მიერ კომისიაში წარდგენილი განცხადება და მასზე თანდართული მტკიცებულებები „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ქ. თბილისში, ქუჩა ...ის №49, სახლი №6-ის მიმდებარედ მდებარე მიწის ნაკვეთის თვითნებური დაკავების შეფასებისას საკმარის საფუძვლად. ამასთან, აღიარების კომისია ვალდებული იყო ემსჯელა არა მხოლოდ მოთხოვნილი სრული (890 კვ.მ) მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით აღიარების თაობაზე, არამედ იმ ნაწილზეც, სადაც არსებობს მტკიცებულება, მიწის ნაკვეთის ფლობა-სარგებლობის ფაქტის დასადგენად. მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობის საგანი არ ყოფილა და არც განმცხადებელს მისცემია საშუალება, წარედგინა თავისი მოსაზრება 890,00 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილიდან კონკრეტული, უფრო მცირე ფართის დაკავებასთან, ფლობასა და სარგებლობასთან დაკავშირებით.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა ადგენს უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ორ ტიპს - შენობით ან მის გარეშე. შენობის გარეშე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მდებარეობს განმცხადებლის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის მომიჯნავედ. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ დადასტურებული უნდა იყოს განმცხადებლის მიერ ასაღიარებელი ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი ზემოხსენებული კანონის ამოქმედებამდე. მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს ყურადღება არ გაუმახვილებია იმ გარემოებაზე სადავო მიწის ნაკვეთის აღიარება მოთხოვნილია, როგორც დამოუკიდებელი, ცალკე მდგომი შენობით, თუ როგორც განმცხადებლის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის მომიჯნავეობით, რომელზეც განთავსებულია შენობა. საყურადღებოა, რომ უკანასკნელ ვითარებაში კანონის ამოქმედებამდე მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების დასადასტურებლად შენობის აშენების დროის განსაზღვრა ერთ-ერთი მტკიცებულებაა მაშინ, როდესაც ცალკე მდგომი უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის აღიარებისათვის მოცემულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის არსებობა კანონის ამოქმედებამდე აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს.

ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაადგინოს უფლებაასაღიარებელი ნაკვეთი დამოუკიდებელი, ცალკე მდგომია შენობით, თუ როგორც განმცხადებლის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის მომიჯნავე, რომელზეც განთავსებულია შენობა. აღნიშნულის შემდგომ, კომისიამ უნდა გამოიკვლიოს სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული არასაცხოვრებელი შენობა აგებულია თუ არა 2007 წლამდე, ვის მფლობელობაში და სარგებლობაშია დღეის მდგომარეობით და სხვა მტკიცებულებებთან ერთად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება თ. თ-იის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ოქტომბრის #ბს-504-501(კ-17) გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში მოცემული დეფინიციის თანახმად თვითნებურად დაკავებული მიწა არის ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ნორმის შინაარსით სახელმწიფო საკუთრების მიწა პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე უნდა იყოს თვითნებურად დაკავებული. კანონის გამოყენების მიზნებისათვის მნიშვნელოვანია იმ ფაქტის დადგენა, რომ პირის მიერ მოხდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის დაკავება. აღნიშნულ კონტექსტში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის მოხსენიება არ ნიშნავს, რომ განცხადების განხილვის მომენტში მიწა უცილობლად მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში უნდა იმყოფებოდეს. ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებიდან ადგილობრივ საკუთრებაში გადაცემით არ გაუქმებულა ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა, ვინაიდან აღნიშნულით არ მომხდარა ნაკვეთის პრივატიზება, მისი განკერძოება.“

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში აღრიცხვის ფაქტი არ წარმოადგენს მასზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე კერძო პირის საკუთრების უფლების აღიარების შემზღუდავ გარემოებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს თვალსაზრისით არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე