Facebook Twitter

საქმე №ბს-21(კ-23) 13 ივნისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2022 წლის 24 იანვარს შ.ს.კ-იმ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.

სარჩელის თანახმად, შ.ს.კ-იმ 2021 წლის 25 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მასზე საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა მოითხოვა. მოსარჩელის განაცხადთან დაკავშირებით 2021 წლის 26 ივლისს მიღებულ იქნა უარყოფითი გადაწყვეტილება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გამო. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა სასამართლოში. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად, სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილდა და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, შ.ს.კ-ისათვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით. განმეორებითი წარმოების პირობებში, ადმინისტრაციულმა ორგანომ 2021 წლის 27 დეკემბერს მიიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელისთვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქართველოში გააჩნია ლეგალური შემოსავალი. მოსარჩელეს ჰყავს საქართველოს მოქალაქე მეუღლე, რომელიც საქართველოში ფლობს უძრავ ქონებას. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მის მიმართ გამოცემული აქტი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას, ეყრდნობა მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რომლის შინაარსიც მისთვის უცნობია. ამასთან, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მხედველობაში არ მიიღო ის ფაქტი, რომ მოსარჩელე დაქორწინებულია საქართველოს მოქალაქე - თ.ა-ზე. საქართველოს კონსტიტუციის 36.2 მუხლის თანახმად, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას და არ დააშოროს ოჯახის წევრები. მოსარჩელის განმარტებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე შეფასების მიღმა დატოვა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს და მის მეუღლეს საქართველოში გააჩნიათ უძრავი ქონება და ლეგალური შემოსავალი. მოსარჩელისთვის არ არის ცნობილი კონკრეტულად რა ქმედებისთვის სდებენ ბრალს, მისი რომელი ქმედება შეფასდა საქართველოს უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველად. სადავო აქტიდან არ იკვეთება ის საჯარო ინტერესი, რომელიც ადმინისტრაციულმა ორგანომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას უპირატესად მიიჩნია.

ამდენად, მოსარჩელემ მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 27 დეკემბრის №1000754286 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის შ.ს.კ-ისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით შ.ს.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 27 დეკემბრის №1000754286 გადაწყვეტილება; მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კანონით დადგენილ ვადაში, დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შ.ს.კ-ისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის მინიჭების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მოიხმო უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთი სახე არის მუდმივი ცხოვრების ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელიც დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქე შ.ს.კ-იმ 25.06.2021 წ. მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა მოითხოვა. განმცხადელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 26.10.2021წ. გადაწყვეტილებით, რაც შ.ს.კ-იმ გაასაჩივრა სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შ.ს.კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 26 ივლისის №1000754286 გადაწყვეტილება და მოპასუხეს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, შ.ს.კ-ისათვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით 2021 წლის 16 დეკემბერს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ N01/257505 წერილით მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა, არსებობდა თუ არა აღნიშნული პირისათვის უარის თქმის კანონისმიერი საფუძველი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2021 წლის 20 დეკემბრის NMIA 1 21 00187456 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, დეპარტამენტს შ.ს.კ-ისთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად მიაჩნდა.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ უცხოელისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. იგი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ სასამართლო იცავს რა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, იმავდროულად, აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტურად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა; უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2022 წლის 16 მაისის განჩინებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან დამატებით გამოითხოვა ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 27 დეკემბრის №1000754286 გადაწყვეტილებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს და მხარეებისთვის ხელმისაწვდომი არ არის, შესაბამისად მისი შინაარსი ასახვას ვერ პოვებს სასამართლოს განჩინებაში.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მოიხმო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-110-103(2კ-13)) 2014 წლის 25 მარტის განჩინებაში ჩამოყალიბებული სამართლებრივი შეფასებები; შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ სადავო აქტი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 27 დეკემბრის №1000754286 გადაწყვეტილება წინააღმდეგობაშია მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რაც ქმნის წანამძღვრებს მისი ბათილად ცნობისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 -ე მუხლის და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ მოცემული საქმის განხილვის ფარგლებში სასამართლოს მიერ გამოკვლეული და დადგენილი იქნა ყველა იმ ფაქტობრივი გარემოების არსებობა, რაც სამართლებრივ საფუძველს ქმნის საიმისოდ, რომ შ.ს.კ-ის მიმართ გაიცეს მუდმივი ცხოვრების ნებართვა, სააპელაციო პალატამ ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება მასზედ, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც შ.ს.კ-ის მიენიჭება საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, ამასთან, დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. კასატორი აღნიშნავს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, უცხოელის მიერ ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნის შემთხვევაში მოქმედებს კანონით დადგენილ ფარგლებში, კერძოდ სააგენტო მიმართავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც თავის მხრივ იკვლევს უცხოელის შესახებ ინფორმაციას და მას საიდუმლო სახით გადასცემს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ზემოაღნიშნული დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას, საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირების მიზნით, იკვლევს და გამოითხოვს მტკიცებულებებს, რომელიც ხდება გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გაწერილია საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ: არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ ან/და იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.

განსახილველ შემთხვევაში სააგენტომ უპირატესობა მიანიჭა საჯარო ინტერესს, დაეყრდნო რა უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოძიებულ ინფორმაციას. კასატორი ყურადღებას ამახვილებს "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის "ა" და "გ" ქვეპუნქტებზე, რომლის თანახმად ინფორმაციის მოპოვება/დამუშავებზე ერთადერთ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების კონტრდაზვერვის დეპარტამენტი. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო კანონმდებლობით შეზღუდულია მოიპოვოს ისეთი მტკიცებულება, რომელიც სადავოს გახდიდა ან გაააბათილებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნას. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შ.ს.კ-ისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ კანონიერი და დასაბუთებულია. კასატორი მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ((ლეანდერი შევედეთის წინაააღმდეგ, (leander v Sweden)), რომელშიც დადგინდა, რომ შვედეთის მთავრობას უფლება ჰქონდა დაედგინა ეროვნული უსაფრთხოების უპირატესი ინტერესი აპლიკანტის ინდივიდუალურ ინტერესთან შედარებით.ზემოაღნიშნული საქმე ასევე ადასტურებს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში უფლებამოსილი იყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოეცა სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად.

კასატორის მითითებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით და უპირატესობა მიენიჭა საჯარო ინტერესს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია შ.ს.კ-ისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 27 დეკემბრის №1000754286 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის შ.ს.კ-ისათვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთი სახე არის მუდმივი ცხოვრების ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელიც დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი.. ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, რომ უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ. ამავე მუხლის ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი კი უცხოელისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს. ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უცხოელს საქართველოში ყოფნის ვადა შეიძლება შეუწყდეს თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაციას.

დადგენილია, რომ შ.ს.კ-ის მეუღლე - თ.ა-ი არის საქართველოს მოქალაქე და მოსარჩელეს გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი საქართველოში. ასევე დადგენილია, რომ 2021 წლის 25 ივნისს, სამხრეთის აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქე შ.ს.კ-მა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართა განცხადებით, რომლითაც საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა მოითხოვა.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2021 წლის 28 ივნისს წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა - არსებობდა თუ არა შ.ს.კ-ისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2021 წლის 23 ივლისის №MIA 0 21 00100414 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა შ.ს.კ-ისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის მინიჭება. შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 26 ივლისის №1000754286 გადაწყვეტილებით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, განმცხადებელს უარი ეთქვა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე. ზემოაღიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა შ.ს.კ-ის მიერ.

კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 სექტემბრის №4968-21 გადაწყვეტილებით შ.ს.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 26 ივლისის №1000754286 გადაწყვეტილება და მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, შ.ს.კ-ისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, თუმცა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სადავო აქტით კვლავ უარყოფითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ წერილით მიმართა კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მოთხოვნით ეცნობებინათ - არსებობდა თუ არა შ.ს.კ-ისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2021 წლის 20 დეკემბრის №SSG 1 21 00187456 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, დეპარტამენტს შ.ს.კ-ისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად მიაჩნდა.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 27 დეკემბრის №1000754286 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შ.ს.კ-ის განცხადება და უარი ეთქვა მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება კანონმდებლობა ადამიანის უფლებების, საქართველოს მოქალაქეობის, მიგრაციის, ქვეყანაში შემოსვლისა და ქვეყნიდან გასვლის, საქართველოში სხვა სახელმწიფოს მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დროებით ან მუდმივად ყოფნის შესახებ. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობაზე, რომლის თანახმად „სახელმწიფო უფლებამოსილია, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების შესაბამისად შეიმუშაოს სათანადო საიმიგრაციო პოლიტიკა და განსაზღვროს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საქართველოში შესვლის, დროებით ან მუდმივად ყოფნის პირობები და წესი. საიმიგრაციო საკითხების რეგულირებისას, მათი პოლიტიკური ხასიათიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ხელისუფლება ფართო მიხედულების ზღვრით სარგებლობს..“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის №2/9/810,927 გადაწყვეტილება საქმეზე სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - გარნიკ ვარდერესიანი, არტავაზდ ხაჩატრიანი და ანი მინასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, II-13). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სახელმწიფოსა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელებს შორის, საქართველოს მოქალაქეების მსგავსად, არსებობს განსაკუთრებულად მჭიდრო კავშირი, რაც მრავალ ასპექტში გამოიხატება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის №2/3/540 გადაწყვეტილება საქმეზე „რუსეთის მოქალაქეები - ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები - მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6). „საქართველოში მცხოვრები უცხოელები მჭიდროდ არიან დაკავშირებულები სახელმწიფოსთან, ისინი წარმოადგენენ ქართული საზოგადოების წევრებს და საქართველოს მოქალაქეების მსგავსად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის ყოფა–ცხოვრებაში, მის წინსვლასა და განვითარებაში. უცხოელები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, ინტენსიურად ექცევიან საქართველოს სამართლებრივი რეგულირების სფეროში და ნორმატიული წესრიგის ფორმირება, როგორც წესი, საქართველოს მოქალაქის თანაბრად ახდენს გავლენას მათ საქმიანობაზე, არსებობასა და განვითარებაზე. დემოკრატიული საზოგადოების არსებობა მოითხოვს მისი თითოეული წევრის უფლების პატივისცემას. საზოგადოების წევრებისათვის განვითარების თანაბარი შესაძლებლობების შექმნას. სწორედ საქართველოში მცხოვრები უცხოელის სახელმწიფოსთან მჭიდრო კავშირი განაპირობებს იმას, რომ კონსტიტუციამ მათ განსაკუთრებული სტატუსი მიანიჭა და კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობის კონტექსტში მნიშვნელოვნად გაუთანაბრა საქართველოს მოქალაქეებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-94,95).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური ინტერესია უზრუნველყოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის სათანადოდ დაცვა. ამგვარად, სწორედ სახელმწიფოა უფლებამოსილი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ინტერესებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, განსაზღვროს, თუ რა ფორმით დაარეგულიროს უცხოელთა სამართლებრივი სტატუსი სახელმწიფოში. აღნიშნული ინტერესების დაცვის მნიშვნელობასა და სახელმწიფოს ფართო მიხედულების ზღვარზე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტიც, რომელიც მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებაზე ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან, ხოლო „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად კი იგი ვალდებულია, რომ ინფორმაცია გამოითხოვოს შესაბამისი ორგანოებიდან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობაზე, რომ „კონსტიტუციური უფლებების... შეზღუდვის შეფასების საზომი, თანაზომიერების პრიციპია. აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს ადამიანის უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის შებოჭვის მექანიზმს და, შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის ელემენტს. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. იგი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, უფლებამოსილი და რიგ შემთხვევებში ვალდებულია გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. თუმცა, საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი და ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს ფაქტობრივი გარემოებები, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა და ამის საფუძველზე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

განსახილველ შემთხვევაში, სამართალწარმოება ემსახურება იმის გამორკვევას, შ.ს.კ-ისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმა წარმოადგენდა თუ არა თანაზომიერ ჩარევას მის უფლებებში და იყო თუ არა აღნიშნული სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის აუცილებელი ღონისძიება, რამეთუ მოსარჩელის საქართველოს მოქალაქეზე ქორწინების ფაქტი იმთავითვე არ გულისხმობდა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას მოსარჩელეზე მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე, რამდენადაც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გადაწყვეტილებას უნდა იღებდეს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად.

2023 წლის 31 მაისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მიმართა. მიმართვაში აღნიშნულია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 27 დეკემბრის №1000754286 გადაწყვეტილებით შ.ს.კ-ის (დაბ.: ...წ., სამხრეთ აფრიკაში, პასპორტის ნომერი: ...) „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, უარი ეთქვა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2021 წლის 20 დეკემბრის №SSG 1 21 00187456 წერილი, რომლითაც სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიიჩნდა შ.ს.კ-ისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის მინიჭება. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 31 მაისის მიმართვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ეთხოვა, საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის წარმოედგინა ინფორმაცია/მასალები (მათ შორის საიდუმლო), რომელიც საფუძლად დაედო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2021 წლის 20 დეკემბრის №SSG 1 21 00187456 წერილის გაცემას და მოსარჩელისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის მიცემის მიზანშეუწონლად მიჩნევას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად კონტრდაზვერვით საქმიანობად მიიჩნევა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები, და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არსებითია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საკითხები, თუმცა მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს თანმიმდევრული და არ უნდა ქმნიდეს შეუსაბამო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას.

სასამართლო მხედველობაში იღებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეს ლუპსა რუმინეთის წინააღმდეგ (Lupsa v. Romania, №10337/04). აღნიშნულ საქმეზე, რუმინეთის პროკურატურის ბრძანებით, მომჩივნის რუმინეთის ტერიტორიაზე ყოფნა გამოცხადდა არასასურველად და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი რუმინეთიდან 10 წლით გაძევებისა და დეპორტირების შესახებ იმ საფუძვლით, რომ რუმინეთის დაზვერვის სამსახურს მიღებული ჰქონდა „საკმარისი და სერიოზული სადაზვერვო ინფორმაცია, რომ მისი საქმიანობა საფრთხეს უქმნიდა ეროვნულ უშიშროებას“ (Lupsa v. Romania, №0337/04, $39, 08 ივნისი 2006). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სიცხადის ხარისხი, რაც შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას მოეთხოვება, მეტწილად რეგულირების კონკრეტულ სფეროზეა დამოკიდებული. საფრთხეები, რომლებიც ეროვნულ უშიშროებას ემუქრება განსხვავდება ხასიათისა და დროის მიხედვით და ამიტომ წინასწარ მათი განსაზღვრა რთულია. თუმცა პირს, რომლის მიმართაც ხორციელდება ეროვნული უშიშროების ინტერესებზე დამყარებული ღონისძიება, არ უნდა წაერთვას თვითნებობის გამომრიცხავი ყველა გარანტია, რაც ნიშნავს იმას, რომ სადავო ღონისძიება ზედმიწევნით უნდა გამოიკვლიოს დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა ორგანომ, რომელიც უფლებამოსილია შეამოწმოს ყველა შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოება, რათა შეაფასოს ღონისძიების კანონიერება და უზრუნველყოს ხელისუფლების მიერ შესაძლო თვითნებობის პრევენცია (იქვე, 37-38).

განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 27 დეკემბრის №1000754286 გადაწყვეტილების კანონიერების შესამოწმებლად საკასაციო პალატამ კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოითხოვა ინფორმაცია, რომელიც მოსარჩელისთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის მისაღებად დამაბრკოლებელი აღმოჩნდა. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კონტრდაზვერვის სახელმწიფო სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის ბუნების (სახელმწიფო საიდუმლოება) გათვალისწინებით, სასამართლო უფლებამოსილი არ არის გადაწყვეტილებაში ასახოს მისი შინაარსი. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი ინფორმაციის/მასალების გაცნობის საფუძველზე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის არსებობის პირობებში, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიიღო კანონშეუსაბამო გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საიდუმლო მასალაში მითითებული ინფორმაცია ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად არ ქმნიდა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს.

საკასაციო სასამართლო კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საიდუმლო წერილის, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ შ.ს.კ-ისათვის უფლებების შეზღუდვა არ გამომდინარეობს ლეგიტიმური მიზნიდან - სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფიდან.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 25.01.2023წ. №01222 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ოქტომბრის განჩინება;

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 25.01.2023წ. №01222 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა