Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-60(კ-22) 29 მარტი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

სხდომის მდივანი - ანა ნიგურიანი

კასატორები (მოსარჩელეები) - ა. თ-ი, მ. ბ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირები (ასკ-ის 16.2 მუხლით) - ზ. ჩ-ი, თ. დ-ი, ა. გ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 21 აპრილს ა. თ-იმა და მ. ბ-იმა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. სარჩელის საბოლოოდ დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელეებმა მოითხოვეს: 1) „რეგისტრაციის შესახებ“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 10 სექტემბრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მესაკუთრე ა. გ-ის საკადასტრო საზღვრებში მ. ბ-ისა და ა. თ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთამდე მისასვლელი საერთო სარგებლობის გზის მოქცევის ნაწილში (საკადასტრო კოდი: ...); 2) „რეგისტრაციის შესახებ“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 11 ნოემბრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მესაკუთრეების - ზ. ჩ-ისა და თ. დ-ის საკადასტრო საზღვრებში მ. ბ-ისა და ა. თ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთამდე მისასვლელი საერთო სარგებლობის გზის მოქცევის ნაწილში (ს/კ ...); 3) ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 19 აპრილის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; 4) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 4 ოქტომბრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ თბილისში, სოფელ ...ში, 800 კვ.მ ფართის უძრავი ქონება (ს/კ ...) თანასაკუთრების უფლებით აღრიცხული აქვთ საჯარო რეესტრში. აღნიშნული ქონება მათ სახელზე რეგისტრირებულია თანაბარი წილის უფლებით. მიწის ნაკვეთს ორ მხარეს - აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით ესაზღვრება რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები, კერძოდ, აღმოსავლეთით ესაზღვრება ა. გ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი (ს/კ ...), ხოლო ჩრდილოეთით - თ. დ-ისა და ზ. ჩ-ის მიწის ნაკვეთი (ს/კ ...). მოსარჩელეებს არ გააჩნიათ საკუთრებამდე მისასვლელი გზა, ვინაიდან ა. გ-ის, ზ. ჩ-ისა და თ. დ-ის თვითნებური ქმედების შედეგად, საერთო სარგებლობაში არსებული გზა მიტაცებულ იქნა და მოექცა მათ საკადასტრო საზღვრებში. მოსარჩელეების მოსაზრებით, მესამე პირთა მოთხოვნები რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრმა დააკმაყოფილა წარდგენილი სარეგისტრაციო მასალების რეესტრში დაცულ დოკუმენტაციასთან შედარების გარეშე. შედეგად, მიღებულ იქნა კანონშეუსაბამო გადაწყვეტილებები. ა. გ-ის მიწის ნაკვეთი 2015 წლის 10 სექტემბერს ისე დარეგისტრირდა საჯარო რესტრში, რომ წარდგენილი აზომვითი ნახაზით გადმოცემული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა რეესტრში დაცულ დოკუმენტაციას, კერძოდ, საჯარო რეესტრში დაცული დოკუმენტაციის თანახმად, ა. გ-ის მიწის ნაკვეთს ესაზღვრებოდა 2 მეტრის სიგანის გზა, ხოლო სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტებით გზის არსებობა არ დასტურდებოდა. აღნიშნული ქმნიდა არა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების, არამედ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველს. საჯარო რეესტრს ასევე არ უნდა განეხორციელებინა ზ. ჩ-ისა და თ. დ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ვინაიდან საჯარო რესტრის მასალებში არ იძებნება უძრავ ქონებაზე მათი საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი - სოფელი ...ის საკრებულოს 2003 წლის 21 იანვრის N69 ცნობა. ამასთანავე, ტექბიუროში დაცული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია დასტურდება სოფელი ...ის საკრებულოს თავმჯდომარის ცნობით, რომლის თანახმად, ზ. ჩ-ის საკუთრებას დასავლეთით ესაზღვრება გზა. მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია არ ემთხვევა მესაკუთრის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი ნახაზის კონფიგურაციას და საზღვრებს. ფაქტობრივი მდგომარეობით, ზ. ჩ-ის დასავლეთით გზის არსებობა არ დგინდება. ყოველივე აღნიშნული ცხადყოფს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონსაწინააღმდეგოა. სარეგისტრაციო სამსახურს არ გაუთვალისწინებია ის გარემოება, რომ ა. გ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთსა და ზ. ჩ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს შორის უნდა გადიოდეს 2 მეტრი სიგანის გზა, სამხრეთით მდებარე ხევამდე, რაც დასტურდება ასევე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით. ეს სწორედ ის გზაა, რომლის საშუალებითაც ა. თ-ი და მ. ბ-ი დაუკავშირდებიან მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ა. გ-ი, თ. დ-ი და ზ. ჩ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ა. თ-ისა და მ. ბ-ის სარჩელი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ა. თ-ისა და მ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. თ-იმა და მ. ბ-იმა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 სექტემბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ა. თ-ისა და მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განჩინებით ა. თ-ის და მ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საკასაციო პალატის 2020 წლის 11 სექტემბრის Nბს-209-209(კ-18) განჩინებაში ასახული მითითების შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი 2021 წლის 17 თებერვლის განცხადებით აპელანტებმა დააზუსტეს პირველი და მეორე სასარჩელო მოთხოვნები, რომლებიც შემდეგი სახით ჩამოყალიბდა: 1) ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 10 სექტემბრის N... გადაწყვეტილება „რეგისტრაციის შესახებ“, მესაკუთრე ა. გ-ის საკადასტრო საზღვრებში მ. ბ-ის და ა. თ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთამდე მისასვლელი საერთო სარგებლობის გზის მოქცევის ნაწილში (საკადასტრო კოდი: ...); 2) ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 11 ნოემბრის N... გადაწყვეტილება „რეგისტრაციის შესახებ“, მესაკუთრეების - ზ. ჩ-ისა და თ. დ-ის საკადასტრო საზღვრებში მ. ბ-ის და ა. თ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთამდე მისასვლელი საერთო სარგებლობის გზის მოქცევის ნაწილში (ს/კ ...). ამდენად, სააპელაციო პალატამ შეაფასა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 10 სექტემბრის N... და 2010 წლის 11 ნოემბრის N... გადაწყვეტილებების კანონიერება, მესაკუთრეების საკადასტრო საზღვრებში მ. ბ-ის და ა. თ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთამდე მისასვლელი საერთო სარგებლობის გზის მოქცევის ნაწილში.

სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1992 წლის 18 ნოემბრის ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობით გ. ხ-ის მემკვიდრეებად ანდერძში ნაჩვენებ ქონებაზე ცნობილნი არიან თ. დ-ი და ზ. ჩ-ი. სამკვიდრო ქონება, რომელზეც გაცემულია მოწმობა, არის საცხოვრებელი სახლი, მდებარე სოფელ ...ში. სახლი შედგება ორი სართულისაგან, ოთხი ოთახისაგან, საცხოვრებელი ფართით: 80 კვ. მეტრი, დამხმარე - 20 კვ. მეტრი, განლაგებულია მეურნეობის მიწაზე.

2010 წლის 11 ნოემბერს ზ. ჩ-იმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა თბილისში, სოფელ ...ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. განცხადებას თან ახლდა აზომვითი ნახაზი, ელექტრონულ ვერსიასთან ერთად.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 11 ნოემბრის N... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ზ. ჩ-ის 2010 წლის 11 ნოემბრის განცხადება უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ ქალაქ თბილისში, სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონება (ნაკვეთის საკუთრების ტიპი - თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება -სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი - 1000.00 კვ. მეტრი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - ...) საკუთრების უფლებით აღრიცხულია თ. დ-ისა და ზ. ჩ-ის სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მითითებულია: 1992 წლის 18 ნოემბრის ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა N2-1214; 2003 წლის 21 იანვრის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის ცნობა N22; 2003 წლის 20 იანვრის სოფელი ...ის საკრებულოს ცნობა N69.

1999 წლის 3 ივნისს თ. ლ-ესა და ა. გ-ის შორის გაფორმდა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომლითაც მშენებარე საცხოვრებელი სახლი და 2400 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი შეიძინა ა. გ-იმა (მდებარე მცხეთის რაიონში, სოფელ ...ში; დასახლება -„კ...ი“, მშენებარე საცხოვრებელი სახლის გაშენების ფართი - 187,0 კვ. მეტრი. 2400 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი მოთავსებულია შემდეგ ზომებში და საზღვრებში: აღმოსავლეთით - 108 მეტრი სიგრძე, ესაზღვრება გზა; დასავლეთით - 118 მეტრი სიგრძე, ესაზღვრება მ. ხ-ის მიწის ნაკვეთი და გზა; ჩრდილოეთით - 20 მეტრი სიგანე, ესაზღვრება გზა; სამხრეთით - 22,8 მეტრი სიგანე, ესაზღვრება ხევი)

2015 წლის 9 სექტემბერს ა. გ-იმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია საკუთრებად აღიარებულ საკარმიდამო მიწაზე (მდებარე მცხეთის რაიონში, სოფელ ...ში, დასახლება „კ...ში“; ზონა - თბილისი, სექტორი - 72). განცხადებას ერთვოდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 10 სექტემბრის N... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. გ-ის 2015 წლის 9 სექტემბრის განცხადება.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ ქალაქ თბილისში, სოფელი ...ის მიმდებარედ არსებულ უძრავ ქონებაზე (ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი - 2400.00 კვ.მეტრი; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - ...) 2015 წლის 10 სექტემბრიდან აღრიცხულია ა. გ-ის საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 1999 წლის 3 ივნისს დამოწმებული ხელშეკრულება N2-318).

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე (საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება) და მოიხმო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმეზე: „მოქალაქეები - ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები, საქართველოს წინააღმდეგ“ (გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია, რომ „ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, განსაკუთრებით კი, საკუთრების უფლების იგნორირება გამორიცხავს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, მთლიანად საზოგადოებისა და მის ცალკეულ წევრთა ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფას და პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ სტაბილურობას. დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს ეკონომიკური სიძლიერე სწორედ საკუთრების უფლების პატივისცემასა და დაცვას ეყრდნობა“). ამასთან, სააპელაციო პალატის განმარტებით, საკუთრების უფლება აღიარებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო აქტებითაც (მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლზე) და მიუთითა, რომ საერთაშორისო აქტებით გათვალისწინებული დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახდებისა თუ მოსაკრებლების ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად. ხსენებული დანაწესი უზრუნველყოფს საკუთრების უფლების კვალიფიციურ დაცვას.

სააპელაციო პალატის განმარტებით, საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედებს უტყუარობის და სისრულის პრეზუმცია, რაც განპირობებულია სამოქალაქო ბრუნვის ინტერესებით. საჯარო რეესტრის სისწორის ვარაუდი გულისხმობს იმას, რომ რეგისტრირებული უფლება კონკრეტული სახით არსებობს და იგი ეკუთვნის რეგისტრირებულ პირს. უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება, წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს, თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის „კ“, „ლ“ პუნქტებზე („სარეგისტრაციო დოკუმენტის“ და „სარეგისტრაციო დოკუმენტაციის“ განმარტება) და განმარტა, რომ კანონი არ განსაზღვრავს სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციის კონკრეტულ ჩამონათვალს, შესაბამისად, „რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები“, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავისი შინაარსის გათვალისწინებით უნდა უქმნიდეს ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელების წინაპირობის არსებობის შესახებ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გასაჩივრებულ ნაწილში სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების უკანონობასთან მიმართებაში აპელანტების მიერ ჩამოყალიბებული არგუმენტების მიხედვით, ა. გ-იმა (ს/კ ...), ზ. ჩ-იმა და თ. დ-იმა (ს/კ ...) თავიანთი მიწის ნაკვეთების საზღვრებში მოაქციეს ნაკვეთებს შორის გამავალი საერთო სარგებლობის გზა, რაც ა. თ-ის და მ. ბ-ის თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საჯარო გზასთან დამაკავშირებელ ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 11 სექტემბრის Nბს-209-209(კ-18) განჩინებაში ასახული მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოდან გამოითხოვა მოსარჩელეების: მ. ბ-ისა და ა. თ-ის წინამორბედ მესაკუთრეებზე გაცემული 1992 წლის 6 ოქტომბრის N31 მიღება-ჩაბარების აქტი, ასევე ა. გ-ის წინამორბედ მესაკუთრეზე - თ. ლ-ეზე გაცემული 1992 წლის 6 ოქტომბრის N8 მიღება-ჩაბარების აქტი და უძრავი ქონების შესაბამისი პერიოდის ორთოფოტო მასალა.

სააპელაციო პალატამ საქმეზე წარმოდგენილი 1992 წლის 6 ოქტომბრის N31 მიღება-ჩაბარების აქტით დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ხ-ის გადაეცა 0.08 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელიც მოთავსებულია შემდეგ საზღვრებში: ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩ-ი, სამხრეთით - ხევი, აღმოსავლეთით - ჯ. ქ-ე, დასავლეთით - გ. მ-ე. 2012 წლის 12 ოქტომბერს მ. ხ-იმა N... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და N... უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა. აღნიშნულ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით, მარეგისტრირებელ ორგანოს 2012 წლის 9 ნოემბერს დამატებით წარედგინა მ. ხ-ის განცხადება, რომელშიც განმცხადებელი მიუთითებს: „ვინაიდან მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზა არ არსებობს, ამისათვის ჩემს კუთვნილ ფართზე ვიკლებ მიწის ფართს და მსურს დავიკანონო ნაკვეთთან მისასვლელი გზა, რათა წინა ორი მეზობლის მიერ არ მოხდეს (სამომავლოდ) ამ გზის დაკანონება, რის შემდეგაც მე დავკარგავ ნაკვეთთან მისასვლელ გზას“. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 20 ნოემბრის N... გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება მ. ხ-ის განცხადებაზე.

საჯარო რეესტრიდან საქმეზე დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაციით სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მცხეთის რაიონის ტექბიუროს უფროსის 1999 წლის 18 მაისის N186 ცნობის თანახმად, თ. ლ-ეის სახელზე სოფელ ...ში ირიცხებოდა 2400 კვ.მ ფართის საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე მშენებარე საცხოვრებელი სახლი, გაშენების ფართით - 187 (სახლთმფლობელობა მცხეთის ტექინვენტარიზაციის ბიუროში რეგისტირებულია N39-ით). 1999 წლის 18 მაისის N39 საცხოვრებელი სახლის ტექნიკურ პასპორტში (თ. ლ-ე) დაცული მიწის ნაკვეთის გეგმის (ნახაზის) მიხედვით, 2400 კვ.მ მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება სოფლის გზა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით, 1992 წლის 6 ოქტომბრის N8 მიღება-ჩაბარების აქტი ტექაღრიცხვის ბიუროში არ იძებნება (01.04.2021წ. სასამართლოს სხდომის ოქმი, 11:13:33).

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საქმეზე წარმოდგენილ, 2005 წლით დათარიღებულ ორთოფოტოზე, N..., N... და N... მიწის ნაკვეთებს შორის გზის არსებობის ფაქტი არ დასტურდება.

სააპელაციო პალატამ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტების თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) თავდაპირველ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს ნ. ხ-იის სახელზე გაცემული 1992 წლის 6 ოქტომბრის N31 მიღება-ჩაბარების აქტი. მითითებული მიღება-ჩაბარების აქტის შინაარსით და თანდართული ნახაზით დგინდება, რომ მიწის ნაკვეთს არცერთი მხრიდან გზა არ ესაზღვრებოდა, კერძოდ, 0.08 ჰა მიწის ნაკვეთი მოთავსებულია შემდეგ საზღვრებში: ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩ-ი, სამხრეთით ესაზღვრება ხევი, აღმოსავლეთით ესაზღვრება ჯ. ქ-ე, ხოლო დასავლეთით - გ. მ-ე. ამდენად, ა. თ-ის და მ. ბ-ის წინამორბედ მესაკუთრეებზე გაცემული უფლების დამდგენი დოკუმენტით არ დასტურდება მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ გზის არსებობა. ამასთანავე, მ. ხ-იმა, რომლისგანაც მოსარჩელეებმა შეიძინეს N... მიწის ნაკვეთი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2012 წლის 9 ნოემბერს წარდგენილი განცხადებით თავად დაადასტურა ის გარემოება, რომ იმ მდგომარეობით, მიწის ნაკვეთთან (ს/კ ...) მისასვლელი გზა არ არსებობდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეზე წარმოდგენილი, ა. გ-ის N... მიწის ნაკვეთის წინამორბედი მესაკუთრის - თ. ლ-ეის სახელზე გაცემული 1999 წლის 18 მაისის N186 ცნობის მიხედვით, თ. ლ-ეის სახელზე სოფელ ...ში ირიცხებოდა 2400 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და ზედ მდებარე მშენებარე საცხოვრებელი სახლი (გაშენების ფართით - 187. სახლთმფლობელობა მცხეთის ტექინვენტარიზაციის ბიუროში რეგისტირებულია N39-ით). ამასთან, 1999 წლის 18 მაისის N39 საცხოვრებელი სახლის ტექნიკურ პასპორტში (თ. ლ-ე) დაცული მიწის ნაკვეთის გეგმით (ნახაზით) ირკვევა, რომ მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება სოფლის გზა. რაც შეეხება თ. ლ-ეის სახელზე გაცემულ 1992 წლის 6 ოქტომბრის N8 მიღება-ჩაბარების აქტს, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული დოკუმენტი ტექაღრიცხვის ბიუროში არ იძებნება.

სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილ, 2005 წლით დათარიღებულ ორთოფოტოზე, რომლითაც დგინდება, რომ 2005 წლის მდგომარეობით, N..., N... და N... მიწის ნაკვეთებს შორის გზა ფაქტობრივად არ არსებობდა. ამასთანავე, N... და N... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შორის გზის არსებობა ან გზის კვალის არსებობა, არც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლის 11 ივლისს განხორციელებული ადგილზე დათვალიერებით არ დადგინდა.

საქმეში არსებულ სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 30 ნოემბრისა და 2016 წლის 11 აპრილის დასკვნებთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით. ამასთანავე, სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებული უნდა იყოს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით. სააპელაციო პალატის განმარტებით, 2015 წლის 30 ნოემბრის ექსპერტიზის დასკვნა გაცემულია იმ დაშვებით, რომ სსიპ საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე დატანილია გზა, რაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება. 2016 წლის 11 აპრილის ექსპერტიზის დასკვნასთან მიმართებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტები გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს სადავოდ ხდიან მხოლოდ მათ კუთვნილ მიწის ნაკვეთამდე მისასვლელი საერთო სარგებლობის გზის ნაწილში, რომლის არსებობის ფაქტიც არ დგინდება. ამ პირობებში, 2016 წლის 11 აპრილის ექსპერტიზის დასკვნა არ იძლევა გაზიარებისა და მის საფუძველზე სადავო საკითხის გადაწყვეტის შესაძლებლობას.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, აპელანტების წინამორბედ მესაკუთრეებზე გაცემული უფლების დამდგენი დოკუმენტის, ა. გ-ის წინამორბედი მესაკუთრის სახელზე ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული მონაცემის (აღნიშნული სააღრიცხვო მასალა ძალაშია და არ გაუქმებულა), 2005 წლის ორთოფოტოს მონაცემების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ N... და N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შორის გზის არსებობის ფაქტი არ დასტურდება. შესაბამისად, აპელანტების პოზიცია, მათ კუთვნილ მიწის ნაკვეთამდე მისასვლელი საერთო სარგებლობის გზის არსებობის თაობაზე, უსაფუძვლოა.

სააპელაციო პალატამ ასევე იმსჯელა „ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 19 აპრილის N... გადაწყვეტილების კანონიერებაზე. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ საჩივრის განხილვაზე დააფუძნა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტზე და მიუთითა, რომ რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით. პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა სადავო აქტში მითითებული მოტივაცია, რასაც პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, დასაშვებად არის მიჩნეული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან ტერიტორიული სამსახურების გადაწყვეტილების (მათ შორის - საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების) კონტროლის/გადამოწმების შესაძლებლობა. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საჯარო რეესტრის სტრუქტურული წყობა არ შეიძლება გაგებულ იქნას იმგვარად, რომ მას არა აქვს უფლება ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე გადაამოწმოს მის მიერვე მიღებული აქტის კანონიერება. ამდენად, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტი არ გამორიცხავს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებას, წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში გადაამოწმოს ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება. დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებათა კანონიერების შემოწმების მიზნით, მიმართოს როგორც მარეგისტრირებელ ორგანოს, ისე სასამართლოს. სადავო ნორმა და მასში რეგისტრაციის შესახებ აქტის კანონიერების შემოწმების დაქვემდებარება სასამართლოსადმი, მარეგისტრირებელ ორგანოს არ უზღუდავს ამგვარ აქტზე წარდგენილი საჩივრის განხილვის უფლებას. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განჩინება Nბს-144(კ-19) საქმეზე). სააპელაციო პალატის განმარტებით, ვინაიდან საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით ცალსახად დადასტურებულია მესამე პირების საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერება, ამასთან, მოპასუხეს ამ ნაწილში არ მოუთხოვია ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დავალება, მიზანშეწონილია, ამ მოთხოვნის ნაწილშიც არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელეების მოთხოვნა.

„2015 წლის 10 სექტემბრის N... გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 4 ოქტომბრის N... გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში - ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. მითითებული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესასრულებლად სავალდებულო ძალა არ არის აბსოლუტური ხასიათის და კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ასეთი აქტების საკუთარი ინიციატივით გაუქმების შესაძლებლობას, რითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ასევე ანიჭებს უფლებამოსილებას, განახორციელოს საკუთარი გადაწყვეტილებების თვითკონტროლი. სასამართლომ მოიხმო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის Nბს-861-853(კ-16) გადაწყვეტილება, რომლითაც საკასაციო პალატამ განმარტა: „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის აუცილებელია, რომ ერთ შემთხვევაში (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს მიერ აქტის ბათილად ცნობა) სახეზე გვქონდეს ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივა, შეამოწმოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება, მეორე შემთხვევაში კი (ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა), დაინტერესებული პირის საჩივარი უკვე გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონთან შესაბამისობის შემოწმების, გაბათილების მოთხოვნით. ამდენად, კანონის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა შეუძლია: 1) თავად აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს (კანონი არ ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამ უფლებამოსილების გამოყენებისათვის აუცილებელ რაიმე განსაკუთრებულ წინაპირობას, მინიმალურ დონეზე ინფორმირებულობაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკუთარი ინიციატივით დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება თავისივე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შესამოწმებლად, გასაბათილებლად); 2) ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს (ამ შემთხვევაში სავალდებულოა, რომ ზემდგომ ორგანოს წარედგინოს დაინტერესებული პირის ადმინისტრაციული საჩივარი უკვე გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონთან შესაბამისობის შემოწმების, გაბათილების მოთხოვნით); 3) სასამართლოს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი ერთ-ერთი ფუნდამენტური პროცესუალური პრინციპის - დისპოზიციურობის პრინციპის თანახმად, მხოლოდ დაინტერესებული პირის (მოსარჩელის) მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელს შეუძლია სათავე დაუდოს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას, რომლის ფარგლებშიც სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონთან შესაბამისობის საკითხს, იღებს უკანონო აქტის გაბათილების შესახებ)“. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო პალატამ გასაჩივრებულ ნაწილში კანონშესაბამისად მიიჩნია „რეგისტრაციის შესახებ“ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2015 წლის 10 სექტემბრის N... გადაწყვეტილება, არ არსებობს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 4 ოქტომბრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა - ა. თ-იმა და მ. ბ-იმა.

კასატორები ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.

კასატორების მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია და არ ემყარება საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე გაკეთებულ დასკვნებს. კასატორები ყურადღებას ამახვილებენ მოცემულ საქმეზე მიღებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 11 სექტემბრის Nბს-209-209(კ-18) განჩინებაზე, რომლითაც საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს, იმ მოსაზრებების გასათვალისწინებლად რაც განჩინებით იქნა განსაზღვრული. საქართველო უზენაესი სასამართლო არ დაეთანხმა სააპელაციო პალატას მთელ რიგ საკითხებში და საქმის ხელახალი განხილვისას დაავალა სააპელაციო პალატას, ყურადღება მიექცია შესაბამის საკითხებზე. სააპელაციო პალატამ თავი ვერ გაართვა ამ მითითებების დასაბუთების ან უარყოფის ტვირთს. გასაჩივრებული განჩინებით გაკეთებულია მცდარი დასკვნები, რაც არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. სააპელაციო პალატამ საერთოდ გამორიცხა გზის არსებობის ფაქტი და შესაბამისად, ამ პირობებში, შეუძლებელი იყო რეგისტრაციის ხელშემშლელი გარემოებების შეფასება. სააპელაციო სასამართლოს დასკვნები გზის არარსებობასთან დაკავშირებით, მცდარი და დაუსაბუთებელია. სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეზე დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები და ისე მივიდა მცდარ გადაწყვეტილებამდე. ფაქტების ნაწილი მისი მხრიდან არასრულად შეფასდა.

კასატორები მიუთითებენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, მე-601 მუხლებზე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე და მიიჩნევენ, რომ სადავო შემთხვევაში, მარეგისტრირებელმა ორგანომ არ შეადარა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტები რეესტრში დაცულ დოკუმენტებს. ა. გ-ის მიერ სარეგისტრაციო მასალების წარდგენის შემდგომ, საჯარო რეესტრს უნდა მიეღო რეგისტრაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „გ“ პუნქტის საფუძველზე. აშკარა იყო, რომ წარდგენილი აზომვითი ნახაზით გადმოცემული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა რეესტრში დაცულ დოკუმენტაციას - ა. გ-ის ნაკვეთს, რეესტრში დაცული დოკუმენტაციის თანახმად, აღმოსავლეთ ნაწილში ესაზღვრებოდა 2 მეტრი სიგანის გზა, ხოლო სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტი ამ კომპონენტს არ მოიცავდა, იყო დაკორექტირებული და გზის არსებობას საერთოდ გამორიცხავდა. ასეთ პირობებში, მარეგისტრირებელს უნდა შეეჩერებინა წარმოება და მოეთხოვა განმცხადებლისთვის 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა მეზობელ მიწის ნაკვეთთან, ან 2 მეტრი სიგანის გზის საკუთრებასთან დაკავშირებული დოკუმენტი, რაც არ განუხორციელებია. მარეგისტრირებელს უნდა მოეთხოვა განმცხადებლისათვის დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ორ ნაკვეთს შორის არსებულ გზის საკუთრებაში მოქცევა მას ნამდვილად შეეძლო, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც რეესტრში დაცული ყველა დოკუმენტი მიუთითებდა გზის არსებობაზე. თავად ა. გ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტი - ნასყიდობის ხელშეკრულება მიუთითებდა მომიჯნავე ნაკვეთთან 2 მეტრი სიგანის გზის არსებობაზე, თუმცა მისი საკუთრების უფლება მაინც დარეგისტრირდა ისეთი ფორმით, რომ აღნიშნული გზა აღარ დარჩა. შეუძლებელია, ასეთ პირობებში ა. გ-ის ჰქონოდა კანონიერი ნდობა. მან თავადვე იცოდა, რომ 2 მეტრი სიგანის გზა არ ეკუთვნოდა. კანონიერი ნდობის პრინციპს საფუძვლად შეიძლება დაედოს მხოლოდ დაინტერესებული პირის კეთილსინდისიერი ქცევა.

კასატორების განმარტებით, 2020 წლის 11 სექტემბრის Nბს-209-209(კ-18) განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლო არ დაეთანხმა სააპელაციო პალატას მთელ რიგ საკითხებში, კერძოდ: სასამართლო არ დაეთანხმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ ზ. ჩ-ისა და თ. დ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისას არ არსებობდა რეგისტრაციის ხელშემშლელი გარემოებები და N... გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით. საკასაციო პალატამ მიუთითა მიწის ნაკვეთის ნახაზზე, რომლითაც განსაზღვრულია მოსაზღვრე მხარეები და აღნიშნულია, რომ ნაკვეთს „ა-ბ“ მხარეს ესაზღვრება გზა. აღნიშნული გარემოება საჯარო რეესტრს არ გამოუკვლევია დაზუსტებული მონაცემებით საკუთრების უფლების რეგისტრაციისას და არ შეუფასებია, რამდენად იძლეოდა ნაკვეთი სწორედ ამგვარი კონფიგურაციით რეგისტრაციის შესაძლებლობას. სადავო სწორედ ეს გარემოებაა - მომიჯნავე მესაკუთრეების კუთვნილი მიწის ნაკვეთების რეგისტრაციამ გამოიწვია მოსარჩელთა კუთვნილ უძრავ ქონებამდე მისასვლელი გზის გაუქმება. საკითხის ხელახალი განხილვისას აღნიშნული გარემოება სააპელაციო პალატამ საერთოდ არ გამოიკვლია და შეფასების მიღმა დატოვა.

კასატორების განმარტებით, ა. გ-ი 2015 წლის 10 სექტემბერს დარეგისტრირდა N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ. მისი უფლების დამდგენი დოკუმენტი იყო 1999 წლის 3 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნაკვეთს აღმოსავლეთ მხარეს ესაზღვრება 108 მეტრი სიგრძის გზა. საქმეში ასევე დაცულია მიღება-ჩაბარების აქტი, ნაკვეთის გეგმით, სადაც აღნიშნულია, რომ აღმოსავლეთით ნაკვეთს ესაზღვრება გზა. სადავო სარეგისტრაციო გადაწყვეტილების მიხედვით, მიწის ნაკვეთს ესაზღვრება არა გზა, რამედ ზ. ჩ-ისა და თ. დ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი. აღნიშნული მსჯელობის საპასუხოდ, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ საქმის მასალებით არ დგინდება გზის არსებობის ფაქტი და საამისოდ მიუთითა აბსოლუტურად ალოგიკურ მტკიცებულებებზე.

კასატორების მითითებით, 1992 წლის 6 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტში ასახული ინფორმაციის მიხედვით, ნ. ხ-იის ნაკვეთს დასავლეთით ესაზღვრება გ. მ-ე. აღნიშნულის საწინაღმდეგოდ, სასამართლოს ჰქონდა ა. გ-ის სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი და ნასყიდობის ხელშეკრულება. ორივე დოკუმენტში მითითებულია, რომ აღმოსავლეთ ნაწილში მიწის ნაკვეთს ესაზღვრება გზა, თუმცა სასამართლომ უპირატესობა მიანიჭა ნ. ხ-იის სახელზე გაცემულ მიღება-ჩაბარების აქტს. კასატორების განმარტებით, საქმეზე წარმოდგენილი 2015 წლის 30 ნოემბრის ექსპერტიზის დასკვნის ბოლო დანართში არსებულ ფოტოზე დაკვირვებით შესაძლებელია დასკვნის გაკეთება, თუ რატომ იყო მიღება-ჩაბარების აქტში მსგავსი ინფორმაცია. გზა, რომელიც ექსპერტმა იპოვა რეესტრის მონაცემებში, მიდიოდა სწორედ ხ-ის კუთვნილ ნაკვეთამდე და არ გასდევდა მთელ დასავლეთ ნაწილს. სწორედ ამით შეიძლებოდა ყოფილიყო განპირობებული მიღება-ჩაბარების აქტში ასეთი ტიპის ჩანაწერი. სააპელაციო სასამართლომ არ დაუპირისპირა ეს ორი ფაქტი ერთმანეთს და არ დაასაბუთა, რატომ გაიზიარა ჩანაწერი გზის არარსებობის შესახებ და რატომ არ გაიზიარა ჩანაწერი გზის არსებობის შესახებ, რომელიც 4 დოკუმენტში გვხვდება (გ-ის უფლების დამდგენ დოკუმენტებში (ნასყიდობის ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი), ჩ-ისა და დ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის აზომვით ნახაზში და ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცულ დოკუმენტებში). სასამართლომ ასევე მიუთითა მ. ხ-ის განცხადებაზე, რომელიც დამატებით იქნა წარდგენილი საჯარო რეესტრში და ამ განცხადების შინაარსით დაასკვნა, რომ გზა ნამდვილად არ არსებობდა, რაც თავად მ. ხ-იმა აღიარა. სააპელაციო პალატამ არასრულად შეაფასა განცხადება და მისი შინაარსი. რეალურად, განცხადების სიტყვასიტყვითი თუ შინაარსობრივი გაანალიზება, საპირისპირო დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლეოდა. მართალია, მ. ხ-ი განცხადებას იწყებს სიტყვებით „ვინაიდან ნაკვეთთან მისასვლელი გზა არ არსებობს“, თუმცა აგრძელებს სიტყვებით: „მსურს დამიკანონოთ ნაკვეთთან მისასვლელი გზა“. ასევე მიუთითებს: „დავკარგავ ნაკვეთთან მისასვლელ გზას“; „რათა წინა ორი მეზობლის მიერ არ მოხდეს (სამომავლოდ) ამ გზის დაკანონება“. ამდენად, ერთ განცხადებაში სამჯერ ნახსენები სიტყვა „გზა“ პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ გზა უკვე არსებობს და განმცხადებელი ცდილობს ამ გზის საჯარო რეესტრში რეგისტრაციას. სიტყვები „ვინაიდან მისასვლელი გზა არ არსებობს“ შეიძლება გავიგოთ მხოლოდ იმგვარად, რომ გზა არ არის რეესტრში რეგისტრირებული და ამ პრობლემის აღმოფხვრას ცდილობს სწორედ განმცხადებელი. მ. ხ-ი შიშობდა, რომ სამომავლოდ არსებული გზა მოექცეოდა წინა ორი მეზობლის - ჩ-ის, დ-ისა და გ-ის რეგისტრირებულ საზღვრებში. იგი შეიძლებოდა დარჩენილიყო ნაკვეთთან მისასვლელი გზის გარეშე, რაც მოგვიანებით განხორციელდა კიდეც. სასამართლომ მხოლოდ მისთვის სასურველი კონტექსტი ამოიღო განცხადებიდან და არ გამოვიდა მთლიანი განცხადების შინაარსიდან. რეალურად მ. ხ-ი სწორედ იმ გზის დაკანონებას ცდილობდა საჯარო რეესტრში, რომელიც უკვე იყო მითითებული გ-ისა და ჩ-ის (რასაც თავად ჩ-იც არ უარყოფს შესაგებლით) საკუთრებასთან დაკავშირებულ სარეგისტრაციო მასალებში. საყურადღებოა, რომ მოცემული სარეგისტრაციო წარმოება არ შეწყვეტილა გზის არარსებობის საფუძვლით ან იმ მიზეზით, რომ განმცხადებელი ითხოვდა სხვისი საკუთრების რეგისტრაციას, არსებობდა გადაფარვა და სხვა.

კასატორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლო გზის არარსებობის ფაქტის დადასტურებას ასევე შეეცადა 2005 წლით დათარიღებული ორთოფოტოთი და დაასკვნა, რომ აღნიშნული ორთოფოტოთი არ დასტურდება N... და N... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებებს შორის გზის არსებობა. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ გზის არარსებობის ფაქტი დადასტურებულია საჯარო რეესტრის მიერ 2016 წლის 11 ივლისს განხორციელებული ადგილზე დათვალიერების ოქმით. კასატორების განმარტებით, გაურკვეველია, როგორ დაადგინა სასამართლომ გზის არარსებობის ფაქტი 2005 წლის ორთოფოტოთი და როგორ შეიძლება ეს ფაქტი დაუპირისპირო იმ გარემოებას, რომ ვინაიდან 90-იან წლებში შედგენილ უფლების დამდგენ დოკუმენტებში ასახული გზა არ მოხვდა 2005 წლით დათარიღებულ ორთოფოტოში, გზა არ არსებობს. 1999 წელს, უძრავი ქონების გ-ის მიერ შეძენის დროისათვის, ასევე ზ. ჩ-ის სასარგებლოდ მომზადებული ცნობის გაცემის დროისათვის, გზა ნამდვილად არსებობდა და სწორედ ის გარემოებაა სადავო. ამ პირებმა გზა სათავისოდ მიიტაცეს და ფაქტობრივ ღობეში მოაქციეს. ამ პირობებში, სააპელაციო სასამართლო ასკვნის, რომ 2005 წელს არსებული მდგომარეობით, რადგან ორთოფოტოში გზა არ ჩანს, იგი არ არსებობს. ამ არგუმენტს სასამართლო უპირისპირებს უკვე დასახელებულ წონად არგუმენტებს. ამ ფონზე, 2016 წლის დათვალიერების შედეგებით გზის არარსებობის ფაქტის დადგენაზე მითითება დამატებით არგუმენტად, სცდება ჯანსაღი კრიტიკი ფარგლებს. რაც ჯერ კიდევ 2005 წელს ჰქონდათ მხარეებს მიტაცებული საკუთარ ფაქტობრივ საზღვრებში, შეუძლებელია, გამოჩენილიყო 2016 წლის ადგილზე დათვალიერების შედეგებში.

კასატორები მიუთითებენ, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ა. გ-ის წინამორბედი მესაკუთრის - თ. ლ-ეის სასარგებლოდ გაცემულ, 1999 წლის 18 მაისს მომზადებულ ტექნიკურ პასპორტზე, რომელშიც მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთით ფიქსირდება სოფლის გზის მოსაზღვრეობა. კასატორების განმარტებით, სასამართლომ დააფიქსირა აღნიშნულ დოკუმენტში ჩრდილოეთით გზის არსებობა, თუმცა ვერ შენიშნა იმავე სამსახურის მიერ მომზადებული საველე დოკუმენტი, სადაც მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთს, როგორც დასავლეთით, ისე აღმოსავლეთით, ესაზღვრება გზა. გაურკვეველია, როგორ შეიძლებოდა, ერთ დოკუმენტად არსებული ეს მტკიცებულებები ცალმხრივად შეფასებულიყო. სასამართლომ აღნიშნა, რომ თ. ლ-ეის სახელზე გაცემული 1992 წლის 6 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტი არ მოიძებნა და ამ პირობებში, შეფასების მიღმა დატოვა ის ფაქტი, რომ სამაგიეროდ, იძებნება უფრო ახალი თარიღით - 1999 წელს ა. გ-ის სახელზე მომზადებული მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც ნათლად იკითხება, რომ მიწის ნაკვეთს აღმოსავლეთ მხარეს ესაზღვრება 2 მეტრი სიგანის გზა. ეს ის დოკუმენტია, სადაც გზის სიგანეც კი დაფიქსირებულია და მას მოგვიანებით დაეყრდნო სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი, თუმცა, არც ექსპერტიზის დასკვნა გაითვალისწინა სასამართლომ. 2015 წლის 30 ნოემბრისა და 2016 წლის 11 აპრილის დასკვნებით დადგინდა, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით, გზა ნამდვილად არსებობდა. 2015 წლის 30 ნოემბრის დასკვნას ერთვის დანართი, რომელზეც გზის კონტურია დატანებული. დასკვნებით ასევე დადგინდა, რომ ა. გ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთი საზღვარის ადგილმდებარეობა არ შეესაბამებოდა ცნობა-დახასიათებას და მიწის ნაკვეთის აზომვით ნახაზზე არსებულ მდგომარეობას. საკასაციო პალატის მხრიდან განვითარებული მსჯელობის საპასუხოდ, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ 2015 წლის 30 ნოემბრის ექსპერტიზის დასკვნა მომზადებულია გზის არსებობის დაშვებით, თუმცა საქმეში არსებული მტკიცებულებით აღნიშნული არ დასტურდება. გაუგებარია სასამართლოს აღნიშნული, არგუმენტი, იმ პირობებში, როდესაც ექსპერტი ცალსახად მიუთითებს გზის მოწყობის შესაძლებლობას იმ ადგილას, სადაც საჯარო რეესტრის მონაცემებით დატანილია გზა. დასკვნას ერთვის სიტუაციური ფოტო. ამდენად, ადგილი აქვს არა ვარაუდს, არამედ ფაქტებით გამყარებულ მსჯელობას (იგივე ვითარების არსებობის დადასტურებაა შესაძლებელი საჯარო რეესტრის ვებგვერდზე ელექტრონული რუკის გადამოწმებისას). კასატორების მოსაზრებით, საქმეში არსებულ 2016 წლის 11 აპრილის ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებითაც გაურკვეველია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა. სასამართლომ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ 2016 წლის 11 აპრილის დასკვნა ეყრდნობოდა რეესტრში დაცულ უფლების დამდგენ დოკუმენტებს. ამდენად, შეუძლებელი იყო სასამართლოს მხრიდან მისი გაუზიარებლობა. დასკვნით დეტალურად არის დასაბუთებული, თუ რა ნაწილში და როგორ არ შეესაბამებოდა საჯარო რეესტრში დაცულ დოკუმენტებს ადგილზე, რეალურად არსებული ვითარება.

კასატორების განმარტებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით შეუსაბამოდ იქნა მიჩნეული არქივში ა. გ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის ზომები და ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადგილზე დათვალიერებისას მიღებული შედეგები. ტექნიკური აღრიცხვის მონაცემებით, შენობა-ნაგებობიდან აღმოსავლეთ საზღვრამდე (ანუ გზამდე) დაშორება არის 5.2 მეტრი, ხოლო ადგილზე შემოწმების შედეგად - 6.83 მეტრი. სხვაობა 1.63 სანტიმერია, რაც ახლოს არის გზასთან დაკავშირებულ მონაცემთან (გზის სიგანე 2 მეტრია). სააპელაციო პალატამ ეს არგუმენტი შეფასების მიღმა დატოვა - არ უმსჯელია ამ მონაცემზე და არსებულ შეუსაბამობაზე. საკასაციო პალატის განჩინებაში ყურადღება ასევე გამახვილებული იყო იმ გარემოებაზე, რომ შენობა-ნაგებობის ზომები თითქმის არ იყო შეცვლილი - პირვანდელი ზომა იყო 14.05*13.30=186.8, ხოლო ახალი - 13.55*14.08=190.78. ამდენად, სახლის ზომების ცვლილების არქონის პირობებში, შეუძლებელი იყო აღმოსავლეთი საზღვრის იმგვარად ცვლილება, რომ ეს სხვაობა მიგვეღო სახლის აღმოსავლეთ კედლიდან აღმოსავლეთ საზღვრამდე. საკასაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სასამართლოს წარედგინა თ. ხ-ის, გ. მ-ის, გ. ხ-ისა და მ. ხ-ის განცხადება, რომლითაც აღნიშნული პირები ადასტურებდნენ მოსარჩელეთა კუთვნილ მიწის ნაკვეთამდე მისასვლელი გზის არსებობას. ამასთანავე, გზით სარგებლობდა აწ გაუქმებული კვლევითი ინსტიტუტი. მითითებულ იქნა აუზის არსებობაზე, რომლითაც კვლევითი ინსტიტუტი სარგებლობდა და რომლის კვალიც ამჟამადაც შეინიშნებოდა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ეს ფაქტიც ყოველგვარი შეფასების მიღმა დატოვა. ადგილზე დათვალიერებისას აუზის ნანგრევები მართლაც არსებობდა. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებდა, რომ ყურადღება გამახვილებულიყო მესამე პირების - ზ. ჩ-ისა და თ. დ-ის მიერ საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელზე, რომლითაც ისინი ადასტურებდნენ 150-200 სმ. სიგანის გზის ნამდვილად არსებობას პირველად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში. ამ გარემოებათა უარყოფა მესამე პირებს არ მოუხდენიათ საკითხის განმეორებით განხილვისას. სააპელაციო სასამართლომ ეს ფაქტიც ყოველგვარი შეფასების მიღმა დატოვა. მესამე პირების აღნიშნული აღიარება თანხვედრაშია მიღება-ჩაბარების აქტით განსაზღვრულ გზის ზომებთან, კერძოდ მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულია, რომ არსებობდა 2 მეტრი სიგანის გზა, ხოლო მესამე პირები შესაგებლით ადასტურებენ, რომ არსებობს 150-200 სანტიმეტრამდე გზა. ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, რომ არსებობს სხვაობა გ-ის სახლის აღმოსავლეთ საზღვრიდან სასაზღვრო მიჯნამდე და ეს სხვაობა შეადგენს 1.62 სანტიმეტრს. მხოლოდ სასამართლოსთვის არ აღმოჩნდა საკმარისი ამ ფაქტების ერთობლიობა, რომ დარწმუნებულიყო 2 მეტრი სიგანის გზის წარსულში არსებობაში, რომელიც დღეის მდგომარეობით მოქცეულია მესამე პირთა სასარგებლოდ რეგისტრაციებში.

კასატორების განმარტებით, მოცემულ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო პალატას დაავალა გზის არსებობა-არარსებობის ფაქტის დადგენა უფლებადამდგენ დოკუმენტებზე დაყრდნობით, რასაც სააპელაციო სასამართლომ გვერდი აუარა და არ შეაფასა საქმეზე არსებული მტკიცებულებები. სასამართლოს ხელთ ჰქონდა ყველა მტკიცებულება, დაედგინა როგორც გზის არსებობა, ისე მისი გაბარიტები. საჯარო რეესტრში არ მოიძებნა ა. გ-ის წინამორბედის სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი, მაგრამ მოიძებნება ტექნიკური აღრიცხვის მონაცემები, რომლითაც დასტურდება გზის არსებობის ფაქტი. ასევე იძებნება ა. გ-ის სასარგებლოდ არსებული ნასყიდობის ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც დასტურდება გზის არსებობა. იძებნება ზ. ჩ-ისა და თ. დ-ის საკუთრებასთან კავშირში არსებული აზომვითი სქემა, სადაც დასტურდება გზის არსებობა. ადგილზე დათვალიერებისას დადგენილია ცდომილება (162 სმ) ა. გ-ის სახლის აღმოსავლეთ ნაწილიდან აღმოსავლეთ საზღრამდე. ამასთანავე, ზ. ჩ-ი და თ. დ-ი ადასტურებენ წარსულში გზის არსებობას. ამ გარემოებას ასევე ადასტურებს ადგილობრივად მცხოვრები პირების განცხადება და კვლევითი ინსტიტუტისთვის მოწყობილი ავზის ფრაგმენტები. ექსპერტი ადასტურებს, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით გზის არსებობა ფიქსირდება. ყოველივე აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, გზის არარსებობის დასადასტურებლად, სააპელაციო სასამართლოსთვის მხოლოდ ის ფაქტი აღმოჩნდა საკმარისი, რომ 2005 წლის ორთოფოტოზე არ ჩანს გზა და 2016 წლის დათვალიერებისას გზა ნაპოვნი არ არის. ექსპერტიზის დასკვნაზე არსებული გზის კონტურით შესაძლებელია დადგენა, თუ რატომ შეიძლება ყოფილიყო ხ-ის სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი, მასში ასახული მონაცემებით. უძრავი ქონების შესაბამისი პერიოდის დოკუმენტად ვერ ჩაითვლება 2005 წლის ორთოფოტო. ამ დოკუმენტით შეუძლებელია დადგინდეს 90-იან წლებში არსებული გზის არსებობა-არარსებობის ფაქტი. რაც შეეხება მ. ხ-ის მიერ გაკეთებულ განცხადებას (რომელიც არ იყო ქონების ერთადერთი მესაკუთრე და ქონებას ჰყავდა კიდევ 3 მესაკუთრე), იგი ცდილობდა, საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გზით დაეცვა საკუთარი ქონება მისასვლელი გზის დაკარგვისაგან, რაც მოგვიანებით განხორციელდა კიდეც. სასამართლომ ეს ფაქტი არასწორად შეაფასა. მთლიანობაში, ფაქტების სწორად შეფასებით, სააპელაციო სასამართლო დაადგენდა გზის არსებობას და იმ გარემოებას, რომ 2 მეტრი სიგანის გზის ნაწილი - 163 სანტიმეტრი მოქცეული იყო ა. გ-ი საკუთრების ნაწილში, ხოლო გზის დარჩენილი ნაწილი - 37 სანტიმეტრი მოქცეული იყო თ. დ-ისა და ზ. ჩ-ის სახელზე რეგისტრირებული საკუთრების ნაწილში. გზის მასშტაბი მოცემულია ა. გ-ის სახელზე გაცემულ მიღება-ჩაბარების აქტში, ხოლო გზის ადგილმდებარეობის დადგენისთვის ერთადერთი სწორი და მაორიენტირებელი გარემოებაა ა. გ-ის სახლის მდებარეობა, ზომები, მისგან აღმოსავლეთი საზღვარი, რომელიც არ მოდის შესაბამისობაში ტექბიუროში დაცულ ზომებთან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. თ-ისა და მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინებით დასაშვებად იქნა მიჩნეული ა. თ-ისა და მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი. ამავე განჩინებით დადგინდა საქმის განხილვა მხარეთა დასწრებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის, სასამართლო სხდომაზე მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა. თ-ისა და მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმესთან დაკავშირებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

1992 წლის 18 ნოემბრის ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობით, ანდერძში მითითებულ ქონებაზე, გარდაცვლილი გ. ხ-ის მემკვიდრეებად ცნობილნი არიან თ. დ-ი და ზ. ჩ-ი. სამკვიდრო ქონება, რომელზეც გაცემულია მოწმობა, არის საცხოვრებელი სახლი, მდებარე სოფელ ...ში. სახლი შედგება ორი სართულისაგან, ოთხი ოთახისაგან, საცხოვრებელი ფართით: 80 კვ. მეტრი, დამხმარე - 20 კვ. მეტრი, განლაგებულია მეურნეობის მიწაზე.

მცხეთის რაიონის გამგეობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული 2003 წლის 21 იანვრის N22 ცნობის მიხედვით, თ. დ-ი და ზ. ჩ-ი 2003 წლის 21 იანვრიდან აღრიცხულნი არიან სოფელ ...ში, 0.1 ჰა დაუზუსტებელი მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) თანამესაკუთრეებად. საქმეში დაცულია სოფელი ...ის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მიერ დამოწმებული ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის ნახაზი, რომელზეც მითითებულია უძრავი ქონების პარამეტრები და მოსაზღვრე მხარეები. აღნიშნული ნახაზის მიხედვით, ზ. ჩ-ის ნაკვეთს „ა-ბ“ მხარეს ესაზღვრება გზა.

2003 წლის 21 იანვარს შედგენილი მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის მიხედვით, ზემოაღნიშნული ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის 2003 წლის 21 იანვრის N22 ცნობის, სოფელი ...ის საკრებულოს 2003 წლის 20 იანვრის N69 ცნობისა და 1992 წლის 18 ნოემბრის N2-124 ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე, სოფელ ...ში, 0.1 ჰა დაუზუსტებელი მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეებად აღირიცხნენ თ. დ-ი და ზ. ჩ-ი (უძრავი ქონების სარეგისტრაციო N...).

2010 წლის 11 ნოემბერს ზ. ჩ-იმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა თბილისში, სოფელ ...ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში (ს/კ ...) ცვლილების რეგისტრაცია. განცხადებას თან ახლდა აზომვითი ნახაზი, ელექტრონულ ვერსიასთან ერთად.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 11 ნოემბრის N... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ზ. ჩ-ის 2010 წლის 11 ნოემბრის განცხადება, წარდგენილი აზომვითი ნახაზის საფუძველზე, უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული, 2010 წლის 11 ნოემბერს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ ქალაქ თბილისში, სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონება (ნაკვეთის საკუთრების ტიპი - თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი - 1000 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - ...) თანასაკუთრების უფლებით აღრიცხულია თ. დ-ისა და ზ. ჩ-ის სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად ამონაწერში მითითებულია: 1992 წლის 18 ნოემბრის ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა N2-1214; 2003 წლის 21 იანვრის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის ცნობა N22; 2003 წლის 20 იანვრის სოფელი ...ის საკრებულოს ცნობა N69. ამავე გადაწყვეტილების საფუძველზე, 2010 წლის 11 ნოემბერს გაცემულია შესაბამისი მიწის ნაკვეთის ამსახველი საკადასტრო გეგმა.

საქმეზე წარმოდგენილი, ა. გ-ის (N...) საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე) წინამორბედი მესაკუთრის - თ. ლ-ეის სახელზე მცხეთის რაიონის ტექბიუროს უფროსის მიერ გაცემული 1999 წლის 18 მაისის N186 ცნობის თანახმად, თ. ლ-ეზე სოფელ ...ში ირიცხებოდა 2400 კვ.მ ფართის საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე მშენებარე საცხოვრებელი სახლი, გაშენების ფართით - 187 კვ.მ (სახლთმფლობელობა მცხეთის ტექ. ინვენტარიზაციის ბიუროში რეგისტირებულია N39-ით).

1999 წლის 18 მაისის N39 საცხოვრებელი სახლის ტექნიკურ პასპორტში (წინა მესაკუთრე - თ. ლ-ე, შემდგომი მესაკუთრე - ა. გ-ი) დაცული მიწის ნაკვეთის გეგმის (ნახაზის) მიხედვით, მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება გზა.

1999 წლის 3 ივნისს თ. ლ-ესა და ა. გ-ის შორის გაფორმდა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომლითაც მშენებარე საცხოვრებელი სახლი და 2400 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი შეიძინა ა. გ-იმა (მდებარე მცხეთის რაიონში, სოფელ ...ში; დასახლება -„კ...ი“, მშენებარე საცხოვრებელი სახლის გაშენების ფართი - 187,0 კვ. მეტრი. 2400 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი მოთავსებულია შემდეგ ზომებში და საზღვრებში: აღმოსავლეთით - 108 მეტრი სიგრძე, ესაზღვრება გზა; დასავლეთით - 118 მეტრი სიგრძე, ესაზღვრება მ. ხ-ის მიწის ნაკვეთი და გზა; ჩრდილოეთით - 20 მეტრი სიგანე, ესაზღვრება გზა; სამხრეთით - 22,8 მეტრი სიგანე, ესაზღვრება ხევი).

2015 წლის 9 სექტემბერს ა. გ-იმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია საკუთრებად აღიარებულ საკარმიდამო მიწაზე (მდებარე მცხეთის რაიონში, სოფელ ...ში, დასახლება „კ...ში“; ზონა - თბილისი, სექტორი - 72). განცხადებას ერთვოდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 10 სექტემბრის N... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. გ-ის 2015 წლის 9 სექტემბრის განცხადება. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ ქალაქ თბილისში, სოფელი ...ის მიმდებარედ არსებულ უძრავ ქონებაზე (ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი - 2400.00 კვ. მეტრი; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - ...) 2015 წლის 10 სექტემბრიდან აღრიცხულია ა. გ-ის საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 1999 წლის 3 ივნისს დამოწმებული ხელშეკრულება N2-318). ამავე რეგისტრაციის საფუძველზე 2015 წლის 10 სექტემბერს გაცემულია საკადასტრო გეგმა.

ნ. ხ-იის სახელზე გაცემული 1992 წლის 6 ოქტომბრის N31 მიღება-ჩაბარების აქტისა და თანდართული ნახაზის მიხედვით, 0.08 ჰა მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩ-ი, სამხრეთით - ხევი, აღმოსავლეთით - ჯ. ქ-ე, ხოლო დასავლეთით - გ. მ-ე.

საქმეზე წარმოდგენილი, 2010 წლის 20 დეკემბერს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ ქალაქ თბილისში, სოფელი ...ის მიმდებარედ არსებულ უძრავ ქონებაზე (ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი - 800 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - ...) 2010 წლის 20 დეკემბერს აღირიცხა ვ., ვა., ლ. და მ. ხ-იების საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად ამონაწერში მითითებულია სოფელი ...ის საკრებულოს 2005 წლის 23 თებერვლის N352 ცნობა, სოფელი ...ის საკრებულოს 2005 წლის 23 თებერვლის N351 ცნობა და 1992 წლის 6 ოქტომბრის N31 მიღება-ჩაბარების აქტი.

2012 წლის 12 ოქტომბერს მ. ხ-იმა N... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და N... უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა.

აღნიშნულ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით, მარეგისტრირებელ ორგანოს 2012 წლის 9 ნოემბერს დამატებით წარედგინა მ. ხ-ის განცხადება, რომელშიც განმცხადებელი მიუთითებს: „ვინაიდან მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზა არ არსებობს, ამისათვის ჩემს კუთვნილ ფართზე ვიკლებ მიწის ფართს და მსურს დავიკანონო ნაკვეთთან მისასვლელი გზა, რათა წინა ორი მეზობლის მიერ არ მოხდეს (სამომავლოდ) ამ გზის დაკანონება, რის შემდეგაც მე დავკარგავ ნაკვეთთან მისასვლელ გზას“.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 20 ნოემბრის N... გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება მ. ხ-ის განცხადებაზე.

2015 წლის 13 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულებით ა. თ-იმა და მ. ბ-იმა მ. ხ-ის, ვ. ხ-ის, ვა. ხ-ისა და ლ. ხ-ისაგან შეიძინეს თბილისში, სოფელ ...ში მდებარე 800 კვ.მ. ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დაზუსტებული მიწის ნაკვეთი (ს/კ ...).

2015 წლის 16 იანვარს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ 2015 წლის 13 იანვრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე 2015 წლის 16 იანვარს დარეგისტრირდა ა. თ-ისა და მ. ბ-ის საკუთრების უფლება.

2016 წლის 11 აპრილს ა. თ-იმა და მ. ბ-იმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. საჩივრის ავტორებმა მოითხოვეს რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 10 სექტემბრის N... გადაწყვეტილებისა და N... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერების შესწავლა.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 19 აპრილის N... გადაწყვეტილებით ა. თ-ის და მ. ბ-ის უარი ეთქვათ ადმინისტრაციუილ საჩივრის განხილვაზე, იმ მოტივით, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ თავისი ინიციატივით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება რეგისტრაციის შესახებ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2015 წლის 10 სექტემბრის N... გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით. მოკვლევის ფარგლებში, საჯარო რეესტრმა ჩაატარა ადგილზე დათვალიერება. ადგილზე დათვალიერების ოქმით დადგინდა, რომ N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებას აკრავს მყარი კედელი. N1 შენობა აგებულია 17 წლის წინ. N1 შენობიდან მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთ კედლამდე დაშორება შეადგენს 6.82 მ-ს. N... კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს N... კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთისაგან ყოფს მყარი კედელი. ორ უძრავ ნივთს შორის გზის ან მისი კვალის არსებობა არ დგინდება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 4 ოქტომბრის N... გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრმა დაადგინა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე არ გამოვლინდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით განსაზღვრული, რეგისტრაციის შესახებ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2015 წლის 10 სექტემბრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

საქმეში არსებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 30 ნოემბრის N007154015 დასკვნის მიხედვით, ქ. თბილისში, სოფელ ...ში N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან აუცილებელი საფეხმავლო (ორგასასვლელიანი) მისასვლელი გზა შესაძლებელია მოეწყოს მის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილიდან N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით, სადაც საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით დატანილია გზა და ფაქტობრივი მდგომარეობით მოწყობილია საავტომობილო ბეტონის გზა, კიბე და საფეხმავლო ბილიკი.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 11 აპრილის N002029916 დასკვნის მიხედვით, ქ. თბილისში, სოფელ ...ში, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს, როგორც საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ისე ფაქტობრივი მდგომარეობით, არ გააჩნია დამოუკიდებელი კავშირი საჯარო გზასთან, არც საფეხმავლო და არც საავტომობილო. ქ. თბილისში, სოფელ ...ში N... და N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შორის, როგორც საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ისე ფაქტობრივი მდგომარეობით, საერთო სარგებლობაში არსებული 2 მეტრიანი გზა არ არსებობს. ქ. თბილისში, სოფელ ...ში ა. გ-ის სახელზე გაცემულ, 05.04.2011წ. მომზადებულ ცნობა-დახასიათებასა და მასზე თანდართულ 2400 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნახაზზე არსებული მშენებარე ნაგებობისა და ფაქტობრივად განთავსებული შენობა-ნაგებობის კოორდინატების გათვალისწინებით გაორიენტირებული აღმოსავლეთ ნაწილში საზღვრის ადგილმდებარეობა არ შეესაბამება N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთ ნაწილში არსებულ საკადასტრო საზღვრის ადგილმდებარეობას.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელეთა ინტერესს წარმოადგენს მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთამდე მისასვლელი გზის მოწყობა. ამ მიზნით, მოსარჩელეები სადავოდ ხდიან მესამე პირთა სახელზე საჯარო რეესტრში განხორციელებულ რეგისტრაციებს, მათ საკადასტრო საზღვრებში მოსარჩელეთა კუთვნილ მიწის ნაკვეთამდე მისასვლელი საერთო სარგებლობის გზის მოქცევის ნაწილში. მოსარჩელეები თვლიან, რომ სწორედ მესამე პირების - ზ. ჩ-ის, თ. დ-ისა და ა. გ-ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საზღვრებშია მოქცეული ნაკვეთებს შორის გამავალი საერთო სარგებლობის გზა, რაც მათი ნაკვეთის საჯარო გზასთან დამაკავშირებელი ერთადერთი საშუალება იყო.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, როგორც საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, უნდა უზრუნველყოს რეგისტრაციის მქონე პირების ინტერესთა დაცვა, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ამავე ნორმის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამდენად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, როგორც მარეგისტრირებელი ორგანო, ვალდებულია გადაამოწმოს სააგენტოსთვის წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებთან შესაბამისობა. „..გადამოწმების ვალდებულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებითაც, რომ უპირატესად თავად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არის ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობის შესახებ, სწრაფი რეგისტრაციის პრინციპის გატარება საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს სხვა სუბიექტების საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას..“ (სუს 2013 წლის 28 თებერვლის Nბს-367-363(კ-12) გადაწყვეტილება).

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მესამე პირთა სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია განახორციელა ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ და დაცულ ინფორმაციათა სათანადოდ შეფასებისა და ურთიერთშედარების გარეშე.

დადგენილია, რომ 2003 წლის 21 იანვრიდან თ. დ-ი და ზ. ჩ-ი აღრიცხულნი იყვნენ სოფელ ...ში მდებარე 0,1 ჰა დაუზუსტებელი მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეებად (ს/კ ...). სოფელი ...ის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მიერ დამოწმებული ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის ნახაზის მიხედვით, ზ. ჩ-ის მიწის ნაკვეთს „ა-ბ“ მხარეს ესაზღვრება გზა, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 11 ნოემბრის N... გადაწყვეტილებით ზ. ჩ-ისა და თ. დ-ის სახელზე მითითებული მიწის ნაკვეთის დაზუსტებული საზღვრებით რეგისტრაციის პირობებში, ფაქტობრივი მდგომარეობით, მითითებული პირების ნაკვეთს „ა-ბ“ მხარეს გზა არ ესაზღვრება. ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს 2010 წლის 11 ნოემბრის N... აქტის გამოცემამდე სრულყოფილად არ შეუფასებია ის დოკუმენტაცია, რომლებიც უკავშირდება თ. დ-ისა და ზ. ჩ-ის მიწის ნაკვეთს. გამოკვლეული არ არის, რამდენად არსებობდა მითითებული პირების მიერ რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით მიწის ნაკვეთის დაზუსტების შესაძლებლობა, მათივე უფლების დამდგენ დოკუმენტებთან და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი რეგისტრაციის დროს დაცულ მონაცემებთან შესაბამისობის დაცვით.

საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს დოკუმენტაციას, რომლებიც გაცემულია მესამე პირის - ა. გ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან (ს/კ ...) დაკავშირებით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით N... მიწის ნაკვეთზე ა. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი გახდა 1999 წლის 3 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, ა. გ-იმა თ. ლ-ეისაგან შეიძინა სოფელ ...ში, „კ...ის“ დასახლებაში მდებარე 2400 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი, მშენებარე საცხოვრებელ სახლთან ერთად. ამავე ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთს აღმოსავლეთით (სიგრძე 108 მეტრი) ესაზღვრება გზა, დასავლეთით (სიგრძე 118 მეტრი) - მ. ხ-ის მიწის ნაკვეთი და გზა, ჩრდილოეთით (სიგანე 20 მეტრი) - გზა, სამხრეთით (სიგანე 22.8 მ) - ხევი (ასევე საყურადღებოა, რომ მართალია, საჯარო რეესტრში ა. გ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი ზემოაღნიშნული 1999 წლის 3 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება გახდა, თუმცა საქმეს ასევე ერთვის ამავე თარიღით ა. გ-იზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი. აღნიშნულ მიღება-ჩაბარების აქტზე თანდართული მიწის ნაკვეთის გეგმა შეიცავს იდენტურ მონაცემებს, ნასყიდობის ხელშეკრულებაში მიწის ნაკვეთის მოსაზღვრედ მითითებულ მხარეებთან მიმართებაში. კერძოდ, ნახაზის მიხედვითაც, ა. გ-ის მიწის ნაკვეთს აღმოსავლეთით ესაზღვრება გზა; დასავლეთით - მ. ხ-ი და გზა, ჩრდილოეთით - გზა, ხოლო სამხრეთით - ხევი). ამ პირობებში, ა. გ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ 2015 წლის 10 სექტემბრის N... გადაწყვეტილების მიღების შედეგად, ა. გ-ის მიწის ნაკვეთს აღმოსავლეთით გზა არ ესაზღვრება. ფაქტობრივი მდგომარეობით, მიწის ნაკვეთს აღმოსავლეთ მხარეს ესაზღვრება თ. დ-ისა და ზ. ჩ-ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი (ს/კ ...). მარეგისტრირებელ ორგანოს ა. გ-ის სახელზე სადავო რეგისტრაციის განხორციელებისას არ გაუთვალისწინებია სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტში ასახული ინფორმაცია, რომელიც მიწის ნაკვეთის პარამეტრებს და მოსაზღვრე მხარეებს შეეხებოდა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მესამე პირების უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ უფლების დამდგენ დოკუმენტებში ასახული მონაცემებით დგინდება შესაბამის მიწის ნაკვეთებს შორის გზის არსებობა, თუმცა ფაქტობრივი მდგომარეობა - მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მესამე პირების სახელზე სადავო რეგისტრაციების განხორციელების შედეგები, გზის არსებობას არ ადასტურებს. უდავოა, რომ საჯარო რეესტრში დაცულია წინააღმდეგობრივი მონაცემების შემცველი დოკუმენტაცია, სადავო რეგისტრაციებთან დაკავშირებული მიწის ნაკვეთების მოსაზღვრედ გზის არსებობასთან მიმართებით. საქმეში არსებული მასალებით დგინდება მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთამდე გაყვანილი გზის არსებობა, თუმცა, როგორც აღინიშნა, ფაქტობრივი მდგომარეობით, მოსარჩელეთა მიწის ნაკვეთს მისასვლელი გზა არ გააჩნია და მომიჯნავე მიწის ნაკვეთების საკადასტრო საზღვრები არ არის გამოყოფიილი გზით. „რეგისტრაციის შესახებ“ 2015 წლის 10 სექტემბრის N... და 2010 წლის 11 ნოემბრის N... გადაწყვეტილებების მიღებისას საჯარო რეესტრს არ დაუდგენია გზის არსებობა ა. გ-ის, და თ. დ-ისა და ზ. ჩ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შორის.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ასევე საქმეში არსებულ 2015 წლის 30 ნოემბრის ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლითაც დადგენილია თბილისში, სოფელ ...ში N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან აუცილებელი საფეხმავლო (ორგასასვლელიანი) მისასვლელი გზის მოწყობის შესაძლებლობა მის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილიდან, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით. ამასთან, საქმეზე წარმოდგენილი 2016 წლის 11 აპრილის დასკვნის მიხედვით, ა. გ-ის სახელზე გაცემული 2011 წლის 5 აპრილის ცნობა-დახასიათებასა და მასზე თანდართული 2400 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნახაზზე არსებული მშენებარე ნაგებობისა და ფაქტობრივად განთავსებული შენობა-ნაგებობის კოორდინატების გათვალისწინებით გაორიენტირებული აღმოსავლეთ ნაწილში არსებული საზღვრის ადგილმდებარეობა არ შეესაბამება N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთ ნაწილში არსებულ საკადასტრო საზღვრის ადგილმდებარეობას. მითითებული დასკვნების შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს, რამ გამოიწვია მიწის ნაკვეთების წანაცვლება და უფლების დამდგენი დოკუმენტებით გათვალისწინებული გზის მოქცევა მეზობელი მიწის ნაკვეთების საკადასტრო საზღვრებში.

მოსარჩელისა და მესამე პირების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შორის საერთო სარგებლობის გზის არსებობის დადასტურების თვალსაზრისით, საკასაციო პალატა ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) წინარე მესაკუთრის - მ. ხ-ის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი განცხადების შინაარსს, რომელიც უკავშირდებოდა მიწის ნაკვეთის დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციასთან დაკავშირებულ წარმოებას (2012 წლის 12 ოქტომბრის განცხადება). ერთი მხრივ, განმცხადებელი ადასტურებს მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან გზის არარსებობას, თუმცა მეორე მხრივ, გამოთქვამს მზადყოფნას, ამ გარემოების გამოსწორების მიზნით, მოიკლოს მის კუთვნილ ფართზე მიწის ფართი და დაიკანონოს ნაკვეთთან მისასვლელი ის გზა, რომლის დაკანონების ვარაუდიც არსებობს სამომავლოდ წინა ორი მეზობლის მხრიდან.

საგულისხმოა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ თავისი ინიციატივით ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, ა. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ 2015 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების მიზნით. წარმოების ფარგლებში, ჩატარდა ადგილზე დათვალიერება და შედარებულ იქნა უფლების დამდგენი დოკუმენტით განსაზღვრული მიწის ნაკვეთის საზღვრები ამავე ნაკვეთის რეგისტრირებულ მდგომარეობასთან. ადმინისტრაციული წარმოების დროს დადგინდა, რომ საჯარო რეესტრის მიერ განსაზღვრული, რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ზომები სრულად არ შეესაბამება ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მითითებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა თ. ხ-ის, გ. მ-ის, გ. ხ-ისა და მ. ხ-ის განცხადება, რომლითაც აღნიშნული პირები ადასტურებენ N... და N... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთებს შორის N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან მისასვლელი გზის არსებობას. ამასთანავე, ადმინისტრაციული წარმოებისას ა. ბ-ის განმარტებით, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის სამხრეთით, ხევში, მოწყობილი იყო აუზი კვლევითი ინსტიტუტისათვის, საიდანაც ხდებოდა წყლის მიწოდება, ხოლო წყლის მისაღებად აუცილებელი იყო ავზამდე ავტომობილით მისვლა. ავზის კვალი (რკინა-ბეტონის ნანგრევი) დღესაც შეინიშნება. გარდა ამისა, მითითებულ მიწის ნაკვეთებს შორის გზის არსებობას ადასტურებენ თავად მესამე პირები - ზ. ჩ-ი და თ. დ-ი, საქალაქო სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით. მესამე პირები მიუთითებენ, რომ 1992 წელს მათ ნაკვეთი მემკვიდრეობით მიიღეს გ. ხ-ისაგან. იმ პერიოდისათვის, ა. გ-ისა და მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შორის არსებობდა დაახლოებით 150-200 სანტიმეტრის სიგანის გზა, რაც დატანებულია თავდაპირველ ნახაზებსა და ტექნიკურ ნახაზებშიც. შესაგებლის ავტორები ადასტურებენ, რომ ა. გ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას და მათ ნაკვეთს ესაზღვრება გზა ფეხით მოსიარულეთათვის. ორმეტრიანი სიგანის გზა-ორღობე ა. გ-ის საკუთრებაში დარჩა.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მ. ბ-ისა და ა. თ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთამდე მისასვლელი საერთო სარგებლობის გზის მოქცევის ნაწილში გასაჩივრებული „რეგისტრაციის შესახებ“ გადაწყვეტილებების კანონიერების შემოწმებისას, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ყურადღება უნდა გაამახვილოს ზემოაღნიშნულ გარემოებებზეც. ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებთან საჯარო რეესტრის მიერ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ზომების შეუსაბამობის მიზეზის დადგენა რელევანტურია, რამდენადაც, მოსარჩელეთა ინტერესს წარმოადგენს მესამე პირების საკადასტრო საზღვრებში მოქცეული მიწის ნაკვეთებიდან გზის ნაწილის გამოყოფა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასათანადო სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, გასაჩივრებულ ნაწილში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 11 ნოემბრის N... და 2015 წლის 10 სექტემბრის N... გადაწყვეტილებებთან მიმართებაში. სასამართლოს მიერ გამოტანილი დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალების ობიექტური შეფასებიდან. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე მიიღო. სადავო საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილება მიიღოს დაინტერესებულ მხარეთა მოსმენისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. კონკრეტული გარემოებების გამოკვლევა და შეფასება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას უნდა წარმოადგენდეს. „..საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება..“ (სუს 13.12.2018წ. Nბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება).

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები: გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები -„რეგისტრაციის შესახებ“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 11 ნოემბრის N... და 2015 წლის 10 სექტემბრის N... გადაწყვეტილებები, მესამე პირების საკადასტრო საზღვრებში მ. ბ-ისა და ა. თ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთამდე მისასვლელი საერთო სარგებლობის გზის მოქცევის ნაწილში, გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. არ დასტურდება სადავო საკითხის სრულყოფილად გამოკვლევისა და სათანადო მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღება. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მითითებული გადაწყვეტილებები, მესამე პირების საკადასტრო საზღვრებში მ. ბ-ისა და ა. თ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთამდე მისასვლელი საერთო სარგებლობის გზის მოქცევის ნაწილში და მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაევალოს, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.

მოსარჩელეთა მოთხოვნას ასევე წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 19 აპრილის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც ა. თ-ის და მ. ბ-ის უარი ეთქვათ „რეგისტრაციის შესახებ“ 2015 წლის 10 სექტემბრის N... გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების მიზნით წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით, თუმცა აღნიშნული ჩანაწერის არსებობა არ გამორიცხავს პირის უფლებას, რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართოს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს - სააგენტოს, როგორც ერთიანი, ცენტრალიზებული სარეგისტრაციო სისტემის უმაღლეს ორგანოს. სათანადო პირობების არსებობისას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, გადაამოწმოს მის მიერ გამოცემული აქტის კანონიერება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში - ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. როგორც საკასაციო სასამართლომ არაერთგზის განმარტა, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტი არ კრძალავს სააგენტოს მიერ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრის განხილვას. დაშვებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მისი ტერიტორიული სამსახურების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კონტროლის/გადამოწმების შესაძლებლობა (სუსგ 25.05.2011წ. N1695-1651(კ-10), 25.02.2016წ. Nბს-598-591 (კ-15), 02.11.2017წ. Nბს-231-227(კ-15), 20.07.2017წ. Nბს-43-42(კ-17)).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 19 აპრილის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის წინაპირობები (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილი იყო, მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი საჩივრის ფარგლებში, არსებითად ემსჯელა „რეგისტრაციის შესახებ“ 2015 წლის 10 სექტემბრის N... გადაწყვეტილების კანონიერებაზე, თუმცა სააგენტოს 2016 წლის 19 აპრილის N... გადაწყვეტილებით საჩივარი განუხილველად დარჩა „საჯარო რესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტში არსებული ჩანაწერის გათვალისწინებით). ამავდროულად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ 2016 წლის 19 აპრილის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ წარმოშობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის შესაბამისი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დავალების აუცილებლობას, რამდენადაც, მოცემულ საქმეზე ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სწორედ „რეგისტრაციის შესახებ“ 2015 წლის 10 სექტემბრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლის გაუქმების ინტერესიც გააჩნდათ მოსარჩელეებს ზემოაღნიშნული საჩივრის ფარგლებში. მითითებული გადაწყვეტილება, მესაკუთრე ა. გ-ის საკადასტრო საზღვრებში მ. ბ-ისა და ა. თ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთამდე მისასვლელი საერთო სარგებლობის გზის მოქცევის ნაწილში (საკადასტრო კოდი: ...), სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი და სააგენტოს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა, შესაბამის სარეგისტრაციო განცხადებებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 4 ოქტომბრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე:

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება უკავშირდება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის საფუძველზე, თავისი ინიციატივით, „რეგისტრაციის შესახებ“ 2015 წლის 10 სექტემბრის N... გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლას. აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნა განსახილველ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს. ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, საკასაციო პალტამ გადაწყვიტა, რომ „რეგისტრაციის შესახებ“ 2015 წლის 10 სექტემბრის N... გადაწყვეტილება, მესაკუთრე ა. გ-ის საკადასტრო საზღვრებში მ. ბ-ისა და ა. თ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთამდე მისასვლელი საერთო სარგებლობის გზის მოქცევის ნაწილში (საკადასტრო კოდი: ...), სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და სააგენტოს დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა, შესაბამის სარეგისტრაციო განცხადებებთან დაკავშირებით. ამდენად, მითითებულ აქტთან მიმართებაში საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით, არ არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 4 ოქტომბრის N... გადაწყვეტილების ძალაში დატოვების საფუძველი, რომლითაც სააგენტომ ჩათვალა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე არ გამოვლინდა 2015 წლის 10 სექტემბრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის წინაპირობები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელეების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი 100 ლარის, სააპელაციო სასამართლოში გადახდილი 150 ლარისა და საკასაციო სასამართლოში გადახდილი 600 ლარის (სულ 850 ლარის) ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ა. თ-ისა და მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ა. თ-ისა და მ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი „რეგისტრაციის შესახებ“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 11 ნოემბრის N... გადაწყვეტილება, მესაკუთრეების - ზ. ჩ-ისა და თ. დ-ის საკადასტრო საზღვრებში მ. ბ-ისა და ა. თ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთამდე მისასვლელი საერთო სარგებლობის გზის მოქცევის ნაწილში (ს/კ ...);

5. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი „რეგისტრაციის შესახებ“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 10 სექტემბრის N... გადაწყვეტილება, მესაკუთრე ა. გ-ის საკადასტრო საზღვრებში მ. ბ-ისა და ა. თ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთამდე მისასვლელი საერთო სარგებლობის გზის მოქცევის ნაწილში (საკადასტრო კოდი: ...);

6. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა, 2010 წლის 11 ნოემბრის N... და 2015 წლის 9 სექტემბრის N... სარეგისტრაციო განცხადებებთან დაკავშირებით, მ. ბ-ისა და ა. თ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთამდე მისასვლელი საერთო სარგებლობის გზის მოქცევის ნაწილში.

7. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 19 აპრილის N... გადაწყვეტილება, „ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის თაობაზე“;

8. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 4 ოქტომბრის N... გადაწყვეტილება, „ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2015 წლის 10 სექტემბრის N... გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების თაობაზე“;

9. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ა. თ-ისა და მ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 850 (რვაას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე