საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-424(კ-22) 25 აპრილი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე - კ.ე-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2020 წლის 28 დეკემბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - კ.ე-ას მიმართ.
მოსარჩელემ მოპასუხისათვის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის, 2018 წლის 24 მაისიდან 2020 წლის 31 მაისის ჩათვლით, 8982.01 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე კ.ე-ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის საფასურის გადახდა: 2018 წლის 24 მაისიდან 2020 წლის 31 მაისის ჩათვლით - 8982.01 ლარის ოდენობით. მოპასუხე კ.ე-ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 269,46 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ.ე-ამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით კ.ე-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს კ.ე-ას სასარგებლოდ დაეკისრა სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის ანაზღაურება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
კასატორი არ ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ მოპასუხეს არაერთხელ გაეგზავნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან წერილობითი მოთხოვნა, რომლითაც განესაზღვრა ვადა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა უშედეგოდ, მოპასუხის მიერ თანხა არ იქნა გადახდილი.
კასატორი აღნიშნავს, რომ კ.ე-ას მიერ სახელმწიფო ქონებაში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტი დასტურდება 2018 წლის 9 ივლისის ადგილზე დათვალიერების ოქმით, სარჩელზე თანდართული ექსპერტიზის დასკვნებით, ფოტოსურათებით, შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 01 ოქტომბრის წერილით, რომელშიც იდენტიფიცირებულია სახელმწიფოს საკუთრების უფლების ობიექტის (ს/კ ...) კ.ე-ას მიერ სამეწარმეო საქმიანობის მიზნით გამოყენების ფაქტი, ,,...ას“ 2020 წლის 10 ივლისის წერილითა და სხვა მტკიცებულებებით, რომელიც უტყუარად მოწმობს კ.ე-ას მიერ სახელმწიფო ქონების გამოყენებას სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით. შესაბამისად, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 26 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს კ.ე-ასათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად, სამეწარმეო საქმიანობისათვის სარგებლობის საფასურის დაკისრება წარმოადგენს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ა’’ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე.
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. აღნიშნული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, საფასური შეიძლება დაეკისროს პირს, რომელიც სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს/მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას იყენებს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისათვის, სახელმწიფოსთან შეთანხმების გარეშე.
ამდენად, დავის სწორად გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია კ.ე-ას მიერ 2018 წლის 24 მაისიდან 2020 წლის 31 მაისის ჩათვლით სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის ფაქტის დადგენა.
საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის თანახმად, კ.ე-ა ინდ.მეწარმედ რეგისტრირებულია 2014 წლის 19 თებერვლიდან (ს/კ ...), მისამართზე - ზუგდიდი, ....
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 23 დეკემბრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 2313.00 კვ.მ (დაზუსტებული) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1 საერთო ფართით 514.59 კვ.მ, N2 საერთო ფართით 37.52 კვ.მ, N3 საერთო ფართით 12.42 კვ.მ, N4 (ჭა), ს/კ-ით ..., მესაკუთრედ რეგისტრირებულია სახელმწიფო; უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 მაისის N1/4-151 ბრძანება.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N007170718, N003386319 და N004548520 დასკვნების თანახმად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონების (ს.კ. ...) შენობა N1-ის და მასთან მისასვლელი 228 კვ.მ გზის საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება, 2018 წლის მდგომარეობით, შეადგენდა 350 ლარს, 2019 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 20 მაისამდე, შეადგენდა 370 ლარს, 2019 წლის 20 მაისიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შეადგენდა 380 ლარს, 2020 წლის 01 იანვრიდან 2020 წლის 31 მაისის ჩათვლით, შეადგენს 390ლარს.
შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 1 ოქტომბრის N21-11/123112 წერილით ირკვევა, რომ ქ.ზუგდიდი, სოფელი ...ში, N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე სამეწარმეო საქმიანობას 2018 წლის 28 სექტემბრის მდგომარეობით ახორციელებდა მცირე ბიზნესის სტატუსის მწონე მეწარმე - კ.ე-ა (ს/ნ ...). სს ,,...ას“ 2020 წლის 10 ივლისის N5122902 წერილით ირკვევა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში N... საკადასტრო კოდზე 09.07.1995 წლიდან - 09.07.2020 წლამდე, სს ,,...ას“ სააღრიცხვო ბაზაში აბონენტად რეგისტრირებულია - ე.ე-ა N.... ამავე დოკუმენტით ირკვევა, რომ სადავო პერიოდში 24.05.2018 წლიდან - 31.05.2020 წლის ჩათვლით ელ.ენერგიის საფასური გადახდილია 186.03 ლარის ოდენობით. ასევე დადგენილია, რომ ე.ე-ა არის კ.ე-ას მამა.
2021 წლის 15 მარტის დათვალიერების ოქმითა და ფოტომასალით ირკვევა, რომ 2021 წლის 15 მარტის მდგომარეობით ... არ ფუნქციონირებდა.
საქმეში არსებული სხვადასხვა დროის ზედნადებებით ასევე დასტურდება, რომ კ.ე-ას მასალა ჩამოჰქონდა ...დან, სადაც ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, ჩერდებოდა თავის საცხოვრებელ ადგილზე და იგივე მასალა, იმავე რაოდენობით, შემდგომში მიჰქონდა სარეალიზაციოდ თბილისში, რაც უდავოდ დასტურდება ზედნადებებით.
ზემოაღნიშნული გარემოებებისა და ასევე რაიონული სასამართლოში მოწმედ დაკითხული პირების ახსნა-განმარტებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ კ.ე-ას მხრიდან სახელმწიფო ქონების ფლობის ფაქტი არ დასტურდება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
მოცემულ შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ვერ შეძლო იმ მტკიცებულებების წარმოდგენა და ვერ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომლებიც დაადასტურებდნენ მისი სარჩელის საფუძვლიანობას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. განსახილველ შემთხვევაში, კასატორს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს გააქარწყლებდა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას დაამტკიცებდა.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე