Facebook Twitter

საქმე №ბს-1369(კ-22) 30 მაისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ა.მ.ა.ა-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 07 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა.მ.ა.ა-ამ წარმომადგენლის მეშვეობით 2022 წლის 04 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 01 იანვრის №1000775238 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის ა.მ.ა.ა-ას მიერ 2021 წლის 22 დეკემბერს წარდგენილი №1000775238 განცხადების განხილვა და მასზე გადაწყვეტილების მიღების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით ა.მ.ა.ა-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ა.მ.ა.ა-ას წარმომადგენლის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 07 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება. ხსენებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტის წარმომადგენელმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის - ა.მ.ა.ა-ას წარმომადგენელი უთითებს საქართველოს მთავრობის 01.09.2014წ. №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-7 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვალდებული იყო ა.მ.ა.ა-ას განცხადება წარდგენილი დოკუმენტებით განეხილა არსებითად და მიეღო არსებითი გადაწყვეტილება. მისი მოსაზრებით ზემოხსენებული ნორმა წარმოადგენს სპეციალურ ნორმას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლთან მიმართებით.

კასატორის წარმომადგენელი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პრაქტიკაზე მითითებით აღნიშნავს, რომ ერთ შემთხვევაში ხდება საკითხის არსებითად განხილვა და ისე მიიღება გადაწყვეტილება, ხოლო მეორე შემთხვევაში საკითხი განუხილველი რჩება, რაც მისი მოსაზრებით ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილს, რომელიც დაუშვებლად მიიჩნევს საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის გარდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 09 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა.მ.ა.ა-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

განსახილველ შემთხვევაში შესაფასებელია გააჩნდა თუ არა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ა.მ.ა.ა-ას განცხადების განუხილველად დატოვების უფლებამოსილება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას. ზემოხსენებული კანონის მე-15 მუხლი ჩამოთვლის ბინადრობის ნებართვის სახეებს, რომლებიც გაიცემა საქართველოში, თუმცა ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვასა და გადაწყვეტის წესს შეიცავს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი“.

„საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-6 მუხლი შეიცავს იმ დოკუმენტთა ჩამონათვალს, რომელიც სასწავლო ბინადრობის მაძიებელმა უნდა წარადგინოს ადმინისტრაციულ ორგანოში. ამავე წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი სააგენტოს ანიჭებს უფლებამოსილებას ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ წესით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს (საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის), ამავე მუხლის მე-7 პუნქტი კი სააგენტოს ავალდებულებს უცხოელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და მოპოვებული მასალის საფუძველზე გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის თაობაზე. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი ჩამოთვლის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლებს, მათ შორის, პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ იგი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის იძებნება ან მსჯავრდებულია შესაბამისი განცხადების წარდგენამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის (თუ ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ არის) ან მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს – სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასრულებამდე.

ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართალია, „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-6 მუხლი შეიცავს სასწავლო ბინადრობის მაძიებლის მიერ წარსადგენ დოკუმენტთა ჩამონათვალს, მაგრამ იგი არ უნდა იქნეს განმარტებული დამოუკიდებლად, კონტექსტიდან ამოგლეჯილად. კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს კანონმდებლის ნამდვილი მიზნის, განზრახვის ადეკვატურად. სასამართლომ უნდა გამოიყენოს განმარტების ისეთი წესები, რომლის მიხედვით კანონი უნდა იყოს განმარტებული კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს კანონმდებლის განზრახვით, როგორც ნორმის განმარტების საშუალებით. კანონის განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს: ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას; ერთიანობის პრინციპს, კერძოდ, ყოველი ნორმა განმარტებული უნდა იქნეს არა ფრაგმენტულად, არამედ სისტემური და ტელეოლოგიური მეთოდებით, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში (სუსგ საქმე №ბს-479-459(კ-10), 21.10.2010წ.).

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხსენებული წესის მე-6 მუხლის შემავსებელ ნორმას წარმოადგენს მე-13 მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც სააგენტოს ანიჭებს უფლებამოსილებას დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარდგენა, რომელთაც საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისთვის, მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისთვის, არსებითი მნიშვნელობა გააჩნიათ. მართებულია სააგენტოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, ვინაიდან განცხადების არსებითად განხილვის შემთხვევაში იგი დაარღვევდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა და არგუმენტებზე, რომელიც გამოკვლეული და შესწავლილი იქნა ადმინისტრაციული წარმოების დროს. იმისათვის, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ა.მ.ა.ა-ას განცხადებაზე არსებითად ემსჯელა, საჭირო იყო დამატებითი დოკუმენტების არსებობა, მისი არარსებობის შემთხვევაში სააგენტო არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან მისი გადაწყვეტილება დაეფუძნებოდა ისეთ გარემოებებს, რომლებიც არ ყოფილა გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოების დროს, სახელდობრ, არსებითი გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭიროა ინფორმაცია ნასამართლობის შესახებ, რათა გამორიცხულიყო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოსარჩელეს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების მოთხოვნით არც ერთხელ მიუმართავს, ამასთან წერილობით იყო გაფრთხილებული ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, თანახმად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილისა.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ განახორციელა მისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 83-ე მუხლებით დაკისრებული ვალდებულება, შესაბამისად არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.მ.ა.ა-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 07 სექტემბრის განჩინება;

3. დ.ჭ-ს (პ/ნ ... ) დაუბრუნდეს 22.11.2022წ. №... საგადახდო დავალებით მის მიერ ა.მ.ა.ა-ას საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა