Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1405(კ-22) 5 მაისი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივნისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ი. გ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. გ-ამ 2021 წლის 02 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 4 ივნისის №817 განკარგულების ბათილად ცნობა, ქ. თბილისში, ...ის მე-... ქუჩის მიმდებარედ არსებულ 303 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ი. გ-ას საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით ი. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 4 ივნისის №817 განკარგულება და მოპასუხეს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ქ. თბილისში, ...ის მე-... ქუჩის მიმდებარედ არსებულ 303 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ი. გ-ას საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 07 ივნისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება.

პალატამ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი უნდა იქნას შემდეგი ინფორმაცია: მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში-მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მანძილი მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის; ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი შეიძლება იყოს ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დაინტერესებული პირის მიერ კომისიაში კანონისა და პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა არ გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“ ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების გზით მოახდინოს კანონითა და ბრძანებულებით მინიჭებული უფლების რეალიზაცია. ამ მიზნით კომისია უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მოიპოვოს დამატებითი დოკუმენტები, დაათვალიეროს საკუთრებაში გადასაცემი ნაკვეთი, მოისმინოს განმცხადებლის, სხვა დაინტერესებული პირის განმარტებები და აღნიშნული მასალების ურთიეთშეჯერების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი, დასაბუთებული გადაწყვეტილება.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 19 სექტემბერს ი. გ-ამ №... განცხადებით მოითხოვა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ქ. თბილისში, ...ის მე-3 ქუჩის მიმდებარედ 303 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განცხადებას თან ერთვოდა შემდეგი დოკუმენტები: მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ინფორმაცია უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საჯარო რეესტრიდან და ტექ-ბიუროდან, ფოტოსურათები, 2005 წლის ორთოფოტო და ნოტარიულად დამოწმებული განცხადება. ი. გ-ას დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2017 წლის 9 ოქტომბერს ადგილზე დაათვალიერა სალეგალიზაციო მიწის ნაკვეთი, ხოლო 2017 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №633) 91-ე საკითხად, ასევე, 2019 წლის 15 აპრილის სხდომაზე (ოქმი №20) 36-ე საკითხად და 2021 წლის 22 აპრილის სხდომაზე (ოქმი №20) 29-ე საკითხად განიხილა მისი საკუთრების უფლების აღიარების საკითხი.

პალატამ საქმის მასალებით ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 4 ივნისის №817 განკარგულებით ი. გ-ას უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ის მე-... ქუჩის მიმდებარედ, საერთო ფართობით: 303 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ საფუძვლით, რომ კომისიის შეფასებით, კომისია განმცხადებლის მოთხოვნის ფარგლებში ვერ იმსჯელებდა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან არ დასტურდებოდა ი. გ-ას მიერ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე დატანილი კონფიგურაციით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის (მისამართი: ქ. თბილისი, ...ის მე-3 ქუჩის მიმდებარედ, საერთო ფართობით: 303 კვ.მ.) თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.

პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილზე 2005 წლამდე შენობა-ნაგებობა, კერძოდ, ავტოფარეხი იყო აშენებული, თუმცა სადავოდაა გამხდარი 303 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ი. გ-ას მიერ სრულად ფლობის ფაქტს.

პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, 105-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე და აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასება გულისხმობს მტკიცებულებათა როგორც ინდივიდუალურ, ასევე მათ ერთობლიობაში შეფასებას. ამასთან, სასამართლო ვალდებულია, მხარეთა ახსნა-განმარტება, წარმოდგენილი მტკიცებულება და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიც შეაფასოს მათი შინაარსის და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით. აღნიშნული გულისხმობს ყველა იმ ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმების განხილვას, დადგენას და გამორიცხვას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე.

პალატის მოსაზრებით, გასათვალისწინებელია საქმეში წარმოდგენილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ სალეგალიზაციო მიწის ნაკვეთის 2017 წლის 9 ოქტომბრის ადგილზე დათვალიერების ოქმი. კერძოდ, დათვალიერების გზით დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო ორი კაპიტალური ავტოფარეხი და ერთი საცხოვრებელი სახლი. მიწის ნაკვეთს მიეწოდებოდა წყალი და შემოსაზღვრული იყო მავთულბადის ღობით.

ამასთან, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 22 ოქტომბრის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ქ. თბილისში, ...ის მე-... ქუჩის მიმდებარედ ტერიტორიაზე მდებარე შპს „კ...ის“ მიერ მომზადებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის ფარგლებში (საზღვრებზე) 2005 წლის ორთოფოტოზე ფრაგმენტულად ფიქსირდებოდა ღობის არსებობა, თუმცა მთლიან პერიმეტრზე ღობის არსებობის დადგენა მცენარეული საფარის გამო შეუძლებელი იყო. თავის მხრივ, შპს „კ...ის“ მიერ მომზადებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზით კი დგინდება, რომ 303 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო ორი ერთსართულიანი არასაცხოვრებელი დანიშნულების და ერთი ერთსართულიანი საცხოვრებელი დანიშნულების შენობა- ნაგებობა.

პალატამ მხედველობაში მიიღო საქმეში არსებული სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომლითაც ი. ა-ამ, კ. ფ-ემ, ნ. ბ-ამ და ბ. ჩ-ამ, როგორც ი. გ-ას მეზობლებმა, დაადასტურეს, რომ 1997 წლიდან ი. გ-ა ფლობდა და სარგებლობდა 303 კვ.მ მიწის ნაკვეთით, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის მე-... ქუჩის მიმდებარედ, რომელიც იყო შემოღობილი და ჰქონდა საცხოვრებელი სახლი. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოიკითხნენ ი. ა-ა და კ. ფ-ე, რომელთაც ერთხმად დაადასტურეს ი. გ-ას მიერ მის დაინტერესებაში არსებული 303 კვ.მ. მიწის ნაკვეთითა და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობები სარგებლობს 1996 წლიდან. კერძოდ, მოსარჩელემ მიწის ნაკვეთი შემოსაზღვრა 1996 წელს და მისი გასუფთავების შემდეგ, მალევე ააშენა ავტოფარეხის ტიპის ორი შენობა, რომელთაგან ერთით, იმ დროიდან, სარგებლობდა საცხოვრებელად. საცხოვრებელი ფართი კი ი. გ-ამ ააშენა მოგვიანებით. თავად მოსარჩელის განმარტებით, 1996 წლიდან მიწის ნაკვეთი შემოღობილია, 303 კვ.მ. მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ერთიან სივრცეს და ამავე დროიდან აშენებული აქვს ავტოფარეხის ტიპის ორი შენობა, ხოლო საცხოვრებელი ფართი ააშენა დაახლოებით 2010 წელს. მისივე განმარტებით, 1996 წლიდან ერთ-ერთი ავტოფარეხით სარგებლობს საცხოვრებელი დანიშნულებით.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხემ სათანადოდ არ გამოიკვლია და შეაფასა სადავო მიწის ნაკვეთის მფლობელობისა და სარგებლობის დადასტურების მიზნით წარდგენილი რიგი მტკიცებულებები, მათ შორის, სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებები და 2005 წლის ორთოფოტო, რომელთა ერთობლივად შეფასების შედეგად დგინდება მოსარჩელის მიერ 2007 წლამდე სადავო უძრავი ქონებით სარგებლობის ფაქტი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

ამდენად სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ სათანადოდ არ გამოიკვლია და შეაფასა სადავო მიწის ნაკვეთის მფლობელობისა და სარგებლობის დადასტურების მიზნით წარდგენილი რიგი მტკიცებულებები, რაც საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“ გათვალისწინებულ მტკიცებულებებს წარმოადგენდა და ერთობლიობაში ქმნიდა სადავო მიწის ნაკვეთზე ი. გ-ას საკუთრების უფლების აღიარების საფუძველს.

პალატამ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.

განსახილველ შემთხვევაში, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება და აღნიშნავს, რომ ი. გ-ას განცხადება აკმაყოფილებდა საკუთრების უფლების აღიარების პირობებს, რის გამოც კომისიას წარმოეშვა ი. გ-ას მიერ თვითნებურად დაკავებულ ფართზე მისი საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულება.

სააპელაციო პალატამ არსებითი მნიშვნელობის მქონედ მიიჩნია ის გარემოება, რომ კომისია თავადვე დადგენილად მიიჩნევს 2005 წლამდე სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილზე შენობა-ნაგებობის განთავსების ფაქტს, ხოლო რაც შეეხება კომისიის მიერ სადავოდ ქცეულ გარემოებას: შენობა-ნაგებობებით დაკავებული მიწის ფართის გარდა სხვა რა ფართის მიწის ნაკვეთი ჰქონდა დაკავებული განმცხადებელს კანონის ამოქმედებამდე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დაადასტურა ი. გ-ამ მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით და თავისი ახსნა-განმარტებით. პალატის მოსაზრებით, იმ ფაქტის გამაქარწყლებელ რაიმე მტკიცებულებას ან/და განმარტებას, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს სრულად არ ფლობდა განმცხადებელი, განსახილველი საქმის მასალები არ შეიცავს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 07 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.

კასატორი მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ თვითნებურად დაკავებული მიწის დეფინიციაზე და აღნიშნავს, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დაკანონების უფლებაში მოიაზრება პირის ფაქტობრივი დამოკიდებულება მოთხოვნილი ნივთისადმი, რომელიც გამოვლინდება ნივთის მფლობელობასა და სარგებლობაში იმ განსხვავებით, რომ აღნიშნული არ ემყარება სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, დაუშვებელია, ე.წ. „ლეგალიზაციას“ დაექვემდებაროს მიწის ის ნაკვეთი, რომლის დაკანონებაზე პრეტენზიას აცხადებს პირი, მაგრამ ვერ ადასტურებს ამ ნივთზე საკუთარი ბატონობის ფაქტს.

კასატორის მითითებით, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის, საქმის გარემოებების გამოკვლევისა და ადგილზე დათვალიერების შედეგად არ დადგინდა ი. გ-ას მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.

კომისიამ დადგენილად მიიჩნია ი. გ-ას მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი იმ ფართობზე, რომელზეც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა ავტოფარეხი ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე. მითითებულის გათვალისწინებით, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე ი. გ-ას საკუთრების უფლების აღიარება მის მიერ განსაზღვრული კონფიგურაციით (შენობის კონტურზე). შესაბამისად, განმცხადებელს დაევალა კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის წარმოდგენა (2019 წლის 15 აპრილის N20 და 2017 წლის 12 სექტემბრის N633 საოქმო გადაწყვეტილებები). თუმცა, 2021 წლის 22 თებერვალს, ი. გ-ამ კომისიაში წარმოადგინა N19/01210531306-55 განცხადება, რომლის მიხედვითაც უარი განაცხადა კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის წარმოდგენასა და მიწის ნაკვეთზე კომისიის მიერ განსაზღვრული კონფიგურაციით საკუთრების უფლების აღიარებაზე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ მიიჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნის ფარგლებში ვერ იმსჯელებდა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე. ვინაიდან არ დასტურდებოდა საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე დატანილი კონფიგურაციით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის (მისამართი: ქ. თბილისი, ...ის მე-... ქუჩის მიმდებარედ; საერთო ფართობი - 303.00 კვ.მ) ი. გ-ას მიერ თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით, კასატორი აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და სამართლებრივად გამართლებული აღმოჩნდება. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე არ/ვერ უთითებს იმ არსებით დარღვევაზე, რომელიც იქნებოდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული დავის ფარგლებში შესაფასებელია სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელისთვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის მართლზომიერება.

დადგენილია, რომ 2016 წლის 19 სექტემბერს ი. გ-ამ №... განცხადებით მოითხოვა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ქ. თბილისში, ...ის მე-... ქუჩის მიმდებარედ 303 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განცხადებას თან ერთვოდა შემდეგი დოკუმენტები: მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ინფორმაცია უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საჯარო რეესტრიდან და ტექ-ბიუროდან, ფოტოსურათები, 2005 წლის ორთოფოტო და ნოტარიულად დამოწმებული განცხადება.

განცხადებას დართული და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაცია 2016 წლის 03 ოქტომბრის N257947 მიმართვით გადაეგზავნა თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსევბულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 4 ივნისის №817 განკარგულებით ი. გ-ას უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ის მე-3 ქუჩის მიმდებარედ, საერთო ფართობით: 303 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ საფუძვლით, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის, საქმის გარემოებების გამოკვლევისა და ადგილზე დათვალიერების შედეგად, არ დადგინდა ი. გ-ას მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. ი. გ-ას კომისიაში არ წარუდგენია მისთვის მოთხოვნილი კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი. ამდენად, არ დასტურდებოდა ი. გ-ას მიერ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე დატანილი კონფიგურაციით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის (მისამართი: ქ. თბილისი, ...ის მე-... ქუჩის მიმდებარედ, საერთო ფართობით: 303 კვ.მ.) თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. ამდენად, დადგენილი გარემოებების, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-7 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 22 აპრილის N20 ოქმის საფუძველზე, ი. გ-ას უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ის მე-... ქუჩის მიმდებარედ, საერთო ფართობით: 303 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე „მიწის ნაკვეთზე ი. გ-ას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 4 ივნისის N817 განკარგულების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა (მუხ.1). აღნიშნული კანონი განსაზღვრავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს და იმ ორგანოების უფლებამოსილებას, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენენ სახელმწიფოს (მუხ. 3).

საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა. ხოლო კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ასრულებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესითა და ამ კანონით დადგენილი წესით. ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის შექმნისა და საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი. ამავე „წესის“ მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში, ხოლო „წესის“ მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს საკუთრების უფლების აღიარების საკითხის განხილვის მიზნით, დაინტერესებული პირის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარსადგენ დოკუმენტთა ჩამონათვალს.

სადავო აქტით მოსარჩელეს უარი ეთქვა, მათ შორის, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-7 პუნქტისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-17 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, რომელთა შესაბამისად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, არ აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“ განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას, საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს „წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, კანონმდებლობა არ ადგენს მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტების ამომწურავ ჩამონათვალს და გარდა მითითებული შემთხვევებისა, განსაზღვრავს მიწის თვითნებურად დაკავების სხვა დოკუმენტებით დადასტურების შესაძლებლობას. ამასთან, „წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ცალკე აწესრიგებს მოწმის ჩვენებას, როგორც მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტის თაობაზე ნოტარიალურად დამოწმებული განცხადების მნიშვნელობას.

მხედველობაშია მისაღები საქმეში დაცული 2016 წლის 17 სექტემბერს სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომლითაც ი. ა-ამ, კ. ფ-ემ, ნ. ბ-ამ და ბ. ჩ-ამ, როგორც ი. გ-ას მეზობლებმა, დაადასტურეს, რომ 1997 წლიდან ი. გ-ა ფლობდა და სარგებლობდა 303 კვ.მ მიწის ნაკვეთით, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის მე-... ქუჩის მიმდებარედ, რომელიც იყო შემოღობილი და მოსარჩელეს გააჩნდა საცხოვრებელი სახლი. აგრეთვე, მეზობლებმა განაცხადეს თანხმობა ი. გ-ას მიერ სადავო მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის ლეგალიზება/პრივატიზებაზე, საკუთრებაში აღიარებაზე.

ამასთან, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 22 ოქტომბრის ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ქ. თბილისში, ...ის მე-... ქუჩის მიმდებარედ ტერიტორიაზე მდებარე (შპს „კ...ის“ მიერ მომზადებული) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის ფარგლებში (საზღვრებზე) 2005 წლის ორთოფოტოზე ფრაგმენტულად ფიქსირდებოდა ღობის არსებობა, თუმცა მთლიან პერიმეტრზე ღობის არსებობის დადგენა მცენარეული საფარის გამო შეუძლებელი იყო. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზით კი დგინდება, რომ 303 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო ორი ერთსართულიანი არასაცხოვრებელი დანიშნულების და ერთი ერთსართულიანი საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობა.

ამასთან, საქმეში დაცული 2014 წლის 21 მაისის უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციით დასტურდება, რომ სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება არ არის რეგისტრირებული.

საქმეში წარმოდგენილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ სალეგალიზაციო მიწის ნაკვეთის 2017 წლის 9 ოქტომბრის ადგილზე დათვალიერების ოქმი. კერძოდ, დათვალიერების გზით დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო ორი კაპიტალური ავტოფარეხი და ერთი საცხოვრებელი სახლი. მიწის ნაკვეთს მიეწოდებოდა წყალი და შემოსაზღვრული იყო მავთულბადის ღობით.

სააპელაციო პალატამ მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ კომისია თავადვე დადგენილად მიიჩნევს 2005 წლამდე სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილზე შენობა-ნაგებობის განთავსების ფაქტს, ხოლო რაც შეეხება კომისიის მიერ სადავოდ ქცეულ გარემოებას იმის შესახებ, რომ არ დადგინდა სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება ი. გ-ამ დაადასტურა მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით და თავისი ახსნა-განმარტებით. აღნიშნულის გამაქარწყლებლად რაიმე მტკიცებულება ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია, მოპასუხე მხარის მტკიცება იმის შესახებ, რომ არ დასტურდებოდა ი. გ-ას მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, აგრეთვე, არც სადავო აქტი შეიცავს გადაწყვეტილების ფაქტობრივ დასაბუთებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე