Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-694(კ-22) 17 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ნ.გ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის პირველ ნოემბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ნ.გ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ნ.გ-ისათვის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობისთვის 2013 წლის 25 ივნისიდან 2019 წლის პირველ იანვრამდე ჯამში 11 018,4 (თერთმეტი ათას თვრამეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის დაკისრება, ხოლო 2019 წლის პირველი იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 208 (ორას რვა) ლარის დაკისრება. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ნ.გ-ის უკანონო მფლობელობიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, ...ის გზატკეცილ N43-ში მდებარე, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის N2/1-ის 189 კვ.მ. ფართის გამოთხოვა და უძრავი ქონების მესაკუთრისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 ნოემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი ნ.გ-ის მიმართ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამარლთზომიერად სარგებლობისათვის თანხის დაკისრების ნაწილში. ამავე თარიღის განჩინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი ნ.გ-ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის ნაწილში განსახილველად გადაეგზავნა განსჯად სასამართლოს - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

დაზუსტებული სარჩელით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საბოლოოდ მოითხოვა ნ.გ-ისათვის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობისთვის, 2013 წლის 25 ივნისიდან 2019 წლის პირველ იანვრამდე, ჯამში 11 018,4 (თერთმეტი ათას თვრამეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის დაკისრება, ხოლო 2019 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის 3 აგვისტომდე, ჯამში 1 469,86 (ათას ოთხას სამოცდაცხრა ლარი და ოთხმოცდაექვსი თეთრი) ლარის გადახდის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი; ნ.გ-ს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების არამარლთზომიერი სარგებლობისა და სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) გამოყენების გამო, 2019 წლის 25 მარტიდან 2020 წლის 2 აგვისტოს ჩათვლით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 3 383,46 (სამი ათას სამას ოთხმოცდასამი და ორმოცდაექვსი თეთრი) ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. აპელანტმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არა აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ნ.გ-ის მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფლობის ფაქტი დასტურდება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 23 მაისის აქტით, თუმცა ნ.გ-ის ახსნა-განმარტების გათვალისწინებით, მხარე უძრავი ქონებით სარგებლობდა უფრო ადრეული პერიოდიდან - 2019 წლის 25 მარტიდან. ადმინისტრაციულ ორგანოს, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ისე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის პერიოდში არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა ი/მ ნ.გ-ის მიერ უძრავი ქონებით სარგებლობას 2019 წლის 25 მარტამდე პერიოდშიც. ამდენად, არ დასტურდება სადავო პერიოდში ნ.გ-ის მხრიდან უწყვეტი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელე ადმინისტრაციული ორგანოს მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, თუ სად ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას ნ.გ-ი 2013 წლის 25 ივნისიდან 2019 წლის 25 მარტამდე პერიოდში. აპელანტმა, მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში, ვერ უზრუნველყო საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენა, კერძოდ, არ დასტურდება ი/მ ნ.გ-ის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას N... უძრავი ქონებით (შენობა N2/ა-ის 189 კვ.მ) 2013 წლის 25 ივნისიდან 2019 წლის 25 მარტამდე სარგებლობის ფაქტი. ამდენად, შესაბამისი მფლობელობის გამო, აღნიშნულ პერიოდზე თანხის დაკისრების მოთხოვნა უსაფუძვლოა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი ფლობისა და სამეწარმეო მიზნით გამოყენების გამო, ნ.გ-ისათვის 2019 წლის 25 მარტიდან 2020 წლის 2 აგვისტოს ჩათვლით 3 383,46 ლარის დაკისრება კანონიერია, ხოლო დანარჩენი პერიოდის ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. კასატორმა მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი სრულად დაკმაყოფილდება.

კასატორი თვლის, რომ სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევის წინაპირობები. სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმეში არსებული მასალები. დადგენილად მიჩნეული გარემოებები არ ჰპოვებს დადასტურებას შესაბამისი მტკიცებულებებით. საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს არ მიეცა ობიექტური შეფასება. სასამართლოს დასკვნები დაუსაბუთებელია როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ის ფაქტობრივი გარემოება, რომ არ დასტურდება ნ.გ-ის მხრიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით 2013 წლის 25 ივნისიდან 2019 წლის 25 მარტამდე სარგებლობის ფაქტი.

კასატორი მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 მუხლზე და ამავე კანონის 492 მუხლზე, რომლის თანახმად, ფიზიკური და იურიდიული პირები გათავისუფლდნენ სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისათვის ამ კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად, 2012 წლის 17 სექტემბრამდე სარგებლობის პერიოდისათვის გადასახდელი, სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან. ნ.გ-ი წარმოადგენს ინდივიდუალურ მეწარმეს, რომელიც სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით არამართლზომიერად, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სარგებლობდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით. ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ უძრავი ქონების ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება, რომლითაც არამართლზომიერად სარგებლობს მოპასუხე. მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით არაერთგზის გაეგზავნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილობითი მოთხოვნა, თუმცა უშედეგოდ. მიუხედავად წერილობითი გაფრთხილებისა, შესაბამისი თანხა გადახდილი არ არის. სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მოპასუხის ახსნა-განმარტებას, იმ პირობებში, როდესაც საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, ი/მ ნ.გ-ის მიერ სამეწარმეო საქმიანობის სხვა ტერიტორიაზე განხორციელების თაობაზე. ნ.გ-ი წარმოადგენდა ინდივიდუალურ მეწარმეს, რომელიც სისტემატურად ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას. მას იჯარის ხელშეკრულება სხვა ობიექტზე არასდროს ჰქონია გაფორმებული და იყენებდა მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას. შესაბამისად, მოპასუხეს ევალებოდა სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში: 2013 წლის 25 ივნისიდან 2019 წლის პირველ იანვრამდე სარგებლობის პერიოდისათვის 11 018,4 ლარი, ხოლო 2019 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის 3 აგვისტომდე - 1469, 86 ლარი (ჯამში 12 488. 26 ლარი).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

თბილისში, ...ის გზატკეცილ N43-ში მდებარე უძრავი ქონება 2016 წლის 4 ივლისს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე (ს/კ ...; შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1, საერთო ფართით 474.27 კვ.მ.; N2 და N3 (ნანგრევი).

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 23 მაისის აქტის თანახმად, თბილისში, ...ის გზატკეცილ N43-ში მდებარე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით (ს/კ ...) არამართლზომიერად სარგებლობს და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს ი/მ ნ.გ-ი.

სს „თ...ის“ 2019 წლის 10 ივნისის წერილის თანახმად, ...ის გზატკეცილ N43-ში (ს/კ ...) მოქალაქე ნ.გ-ი (პ/ნ ...) რეგისტრირებული არ არის სს „თ...ის“ აბონენტად.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 30 მაისის N7/32241 წერილით ნ.გ-ს განუმარტა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის შინაარსი და მოსთხოვა, უზრუნველეყო სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, 2013 წლის 25 ივნისიდან არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

ამავე წერილით ნ.გ-ს დაევალა, წერილის ჩაბარებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველეყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართის გამოთავისუფლება და აღნიშნულის თაობაზე სააგენტოს წერილობით ინფორმირება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სააგენტო განახორციელებდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქმედებებს.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 18 ივნისის N7/36285 წერილით ნ.გ-ს კვლავ განუმარტა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტი და მოსთხოვა, უზრუნველეყო სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში (2013 წლის 25 ივნისიდან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით, თვეში 132 ლარი; 2015 წლის იანვრიდან 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით, თვეში 170 ლარი; 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით, თვეში 189 ლარი; 2019 წლის იანვრიდან თვეში 208 ლარი).

ამავე წერილით ნ.გ-ს დაევალა შესაბამისი თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართის გამოთავისუფლება წერილის ჩაბარებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში და აღნიშნულის თაობაზე სააგენტოს წერილობით ინფორმირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააგენტო განახორციელებდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქმედებებს.

2019 წლის 25 ივლისის N7/44434 წერილით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ნ.გ-ს განმეორებით მოსთხოვა, წერილის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველეყო სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში, 2013 წლის 25 ივნისიდან არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისათვის (2013 წლის 25 ივნისიდან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით, თვეში 132 ლარი; 2015 წლის იანვრიდან 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით, თვეში 170 ლარი; 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით, თვეში 189 ლარი; 2019 წლის იანვრიდან თვეში 208 ლარი). ნ.გ-ს დაევალა შესაბამისი თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართის გამოთავისუფლება წერილის ჩაბარებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში და აღნიშნულის თაობაზე სააგენტოს წერილობით ინფორმირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააგენტო განახორციელებდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქმედებებს.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 ივლისის N7/44434 წერილი ნ.გ-ზე გადასაცემად 2019 წლის 27 ივლისს ჩაბარდა მის სრულწლოვან შვილს - ვ.გ-ს.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 14 ივნისის N004032019 ექსპერტიძის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის გზატკეცილ N43-ში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) განთავსებული შენობა-ნაგებობა N2-ის (განაშენიანების ფართობი 189 კვ.მ) მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება, 2013 წლის 25 ივნისიდან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით შეადგენს თვეში 132 ლარს; 2015 წლის იანვრიდან 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით - თვეში 170 ლარს; 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით - თვეში 189 ლარს, ხოლო 2019 წლის იანვრიდან - თვეში 208 ლარს.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 10 აგვისტოს N75070 სამსახურებრივი ბარათის მიხედვით, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2020 წლის 3 აგვისტოს განხორციელებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში, ...ის გზატკეცილ N43-ში სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონებით (ს/კ ...) წერილის გაცემის დროისთვის აღარ სარგებლობს ნ.გ-ი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველი საკასაციო საჩივრის ფარგლები მოიცავს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერების იმ ნაწილში შემოწმებას, რომლითაც უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნა, 2013 წლის 25 ივნისიდან 2019 წლის 25 მარტამდე პერიოდში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად, სამეწარმეო საქმიანობისთვის სარგებლობის გამო, ი/მ ნ.გ-ისათვის თანხის დაკისრების თაობაზე. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტი, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს გააჩნია არამხოლოდ საპროცესო-სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, უტყუარად არ დასტურდება 2013 წლის 25 ივნისიდან 2019 წლის 25 მარტამდე პერიოდში ნ.გ-ის უწყვეტი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ვერ უზრუნველყო შესაბამისი ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნა, რომ 2013 წლის 25 ივნისიდან 2019 წლის 25 მარტამდე პერიოდის გათვალისწინებით, ნ.გ-ისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნა უსაფუძვლოა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე