Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-172(კ-23) 5 აპრილი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ი.ს-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი.ს-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და 2021 წლის 9 დეკემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდემ მოითხოვა: „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოდაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 12 აგვისტოს №03-1264/ო ბრძანების ბათილად ცნობა, მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილების თაობაზე მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და ასევე, ადმინისტრაციული დაპირების გამოცემა, მომდევნო ბინების განაწილების დროს, მოსარჩელის ოჯახის ბინით დაკმაყოფილების თაობაზე ქ. თბილისში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით ი.ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 11 დეკემბრის №03-45/ო და 2020 წლის 12 აგვისტოს №03-1264/ო ადმინისტრაციული აქტები; მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელის (განაცხადით გათვალისწინებულ პირებთან ერთად) საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილების თაობაზე, ასევე ადმინისტრაციული დაპირების გამოცემა, მომდევნო ბინების განაწილების დროს, მოსარჩელის ოჯახის ბინით დაკმაყოფილების თაობაზე ქ. თბილისში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის ეტაპზე, ი.ს-ემ შეამცირა სასარჩელო მოითხოვნა და მოითხოვა „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოდაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 12 აგვისტოს №03-1264/ო ბრძანების ბათილად ცნობა, და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეიტლება, ი.ს-ის სარჩელი, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 12 აგვისტოს №03-1264/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს №03-1264/ო ბრძანება, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ი.ს-ის ოჯახის საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილების შესახებ.

პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ კი 2020 წლის 18 მაისს, ი.ს-ემ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და ამავე სააგენტოს მონიტორინგის სამსახურს და მოითხოვა მონიტორინგის სამსახურის მიერ მისი ოჯახის შემოწმება და ფართით დაკმაყოფილება.

2020 წლის 2 ივნისის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, განმცხადებელს ჰყავს 3 შვილი, მისივე განცხადებით ბინა, სადაც ცხოვრობს, იყო მისი დის - ლ.ს-ის საკუთრება, რომელმაც გაყიდა იგი, რადგან ბიზნესისთვის სჭირდებოდა თანხა და აღნიშნული ბინა 68 000 ლარად შეიძინა ვინმე ნ...იმ, რომლისგანაც იქირავეს ბინა მათ. რაც შეეხება ი.ს-ის საკუთრებას, კერძოდ მდებარეს ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №4, მე-3 კორპ. ბინა №70-ს, მათი განმარტებით განმცხადებლის მეუღლეს დასჭირდა თანხა საზღვარგარეთ წასასვლელად, რის გამოც, აღნიშნული ბინა ჯერ იპოთეკით დატვირთეს, ხოლო შემდეგ, რომ ვერ გადაიხადეს თანხა, იძულებული გახდნენ გაეყიდათ. განმცხადებლის მიერ წარდგენილი იქნა ქირავნობის ხელშეკრულება.

2019 წლის 4 დეკემბრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №4-ში, მე-3 კორპ. ბინა №33-ის მესაკუთრეს უკვე წარმოადგენს არა მოსარჩელის და, არამედ - ნ.ჩ-ი (ტ.1,ს.ფ.38). ი.ს-ის 2020 წლის 18 მაისის განცხადებით დასტურდება, რომ მოსარჩელე ცხოვრობდა ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე ბინაში, რომელიც იქირავა ნ.ჩ-ისგან და ყოველთვიურად იხდიდა ქირას 600 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ.36-37 - ქირავნობის ხელშეკრულება).

დადგენილია, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის №36 სხდომის ოქმის თანახმად, ი.ს-ეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართის გადაცემაზე იმ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის გამო, დის მიერ გასხვისებულ ფართში ცხოვრების გამო.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 12 აგვისტოს №03-1264/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე (სხდომის ოქმი №36), ი.ს-ეს (პ/ნ: ...) (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), იმ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებით, უძრავი ქონების ნასყიდობის და ქირავნობის ხელშეკრულებები დადებული იყო მხოლოდ ბინით უზრუნველყოფის თაობაზე დევნილის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით. ხოლო თავის მხრივ, მოსარჩელემ განმარტა, რომ მითითებულ მისამართზე ჯერ დის საკუთრების, შემდეგ კი ქირავნობის პირობებში ცხოვრების ფაქტი განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ წლების განმავლობაში ცხოვრობდა ამ მისამართზე, თავდაპირველად დის საკუთრების, შემდეგ კი ქირავნობის ღირებულებიდან გამომდინარე, მხარის ინტერესებშია ეკონომიკური ფაქტორი, ასევე გასათვალისწინებელია ოჯახის წევრთა ჯერ ბაღში და შემდეგ სკოლაში სწავლების ტერიტორიული ფაქტორები.

პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ნასყიდობისა და ქიროვნების ხელშეკრულებები სადავოდ არაა ქცეული, მოპასუხის მიერ ჩამოყალიბებული არგუმენტები აგებულია მხოლოდ მოსაზრებებზე, წარმოადგენს ვარაუდს. იმ პირობებში როდესაც მტკიცებულებათა შესწავლა-შეფასების პროცესში მითითებული არგუმენტაცია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის თანახმად აუცილებლად უნდა ეფუძნებოდეს სათანადო წესით წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რაც მოპასუხის მიერ არაა უზრუნველყფილი, ხოლო ვარაუდი, სათანადო მტკციებულებებით არაა გამყარებული, მოტივაციას აქცევს უსაფუძვლოს და დაუსაბუთებელს.

პალატამ მიიჩნია, რომადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობას, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა დაძლეული მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მიერ სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის ფლობის ფაქტის შესახებ, ბინით უზრუნველყოფის საკითხის განხილვის მომენტისთვის მოსარჩელეს ჰქონდა 3.5 ქულა, რაც საკმარისი იყო ბინის მისაღებად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ პალატამ ყურადღება მხოლოდ ქულათა ოდენობაზე გაამახვილა და ყურადღების მიღმა დატოვა დევნილი ოჯახების საჭიროებების შეფასების საკითხი. მოპასუხე სააგენტოს მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ საკუთრებაში არსებული ბინის გასხვისება მისი ბინით უზრუნველყოფაზე უარის თქმით იქნა განპირობებული. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე ცხოვრობს დის მიერ გასხვისებულ ბინაში ქირით, უდავოა, რომ იგი განსახლებას არ საჭიროებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ი.ს-ის და მისი შვილების - ა..., დ... და ან... შ-ბის სახელზე გაცემულია დევნილის მოწმობები. აღნიშნული მოწმობებით დგინდება, რომ ისინი არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები.

2013 წლის 19 დეკემბრის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის თანახმად, ი.ს-ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა - ქ. ცხინვალი, ...ის ქ. №152. დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილი), ისევე როგორც ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა - ქ. თბილისი, ..., ...ის გამზ. №84 ( ...).

საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად - ი.ს-ის წინასწარმა სარეიტინგო ქულამ შეადგინა - 3.5 ქულა (საცხოვრებელი ფინანსური პირობები - ცხოვრობს ნათესავის ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1.5 ქულა და 18 წლამდე ასაკის წევრები - 3 არასრულწლოვანი - 2 ქულა).

2019 წლის 24 ივნისს ი.ს-ემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართა განცხადებით საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ.

2019 წლის 3 ივლისს შევსებული გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, ი.ს-ე ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №4, მე-3 კორპ. ბინა №33-ში ქირის გარეშე ცხოვრობდა ოჯახთან ერთად 2014 წლიდან. აღნიშნული ბინის მესაკუთრეს წარმოადგენდა მისი და - ლ.ს-ე, რომელსაც თავის მხრივ დაკანონებული ჰქონდა ფართი ...ის გამზირზე.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 31 ივლისის №04/41182 წერილით ი.ს-ეს 2019 წლის 24 ივნისის წერილთან დაკავშირებით ეცნობა, რომ მის ოჯახს, (სამ ოთხიანი ბინის კანდიდატი) საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი შევსებული ჰქონდა ქ. თბილისში მდებარე ობიექტზე. დევნილთა გრძელვადიანი განსახლების წესის საფუძველზე, კრიტერიუმების გათვალისწინებით და მისი ოჯახის მიერ წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, წინასწარი შეფასებით მინიჭებული ჰქონდა 3.5 ქულა შემდეგ კრიტერიუმებში - სხვასთან ცხოვრება ქირის გარეშე - 1.5 ქულა, 18 წლამდე ასაკის წევრები (ოჯახის სამი წევრი) - 2 ქულა. შესაბამისად, ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი, მინიჭებული ქულების შესაბამისად განიხილებოდა მიმდინარე ეტაპზე, ქ თბილისში არსებული საცხოვრებელი ფართებისა და ოჯახის სულადობის გათვალისწინებით. ამავე წერილით ი.ს-ეს ასევე ეცნობა, რომ მისი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი, შევსებული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადისა და მინიჭებული ქულების შესაბამისად, განიხილებოდა მიმდინარე ეტაპზე, ქ. თბილისში არსებული საცხოვრებელი ფართებისა და ოჯახის სულადობის გათვალისწინებით და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დამატებით ეცნობებოდა წერილობით.

2019 წლის 15 ოქტომბერს ი.ს-ემ კვლავ მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებით საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 ნოემბრის №04/59490 წერილით ი.ს-ეს, მისი 2019 წლის 15 ოქტომბრის №142573 განცხადების პასუხად ეცნობა, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის №39 სხდომის ოქმის თანახმად - ი.ს-ეს უარი ეთქვა 3 ოთახიანი ბინით დაკმაყოფილებაზე იმ მიზეზით, რომ მოცემულ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა მოსარჩელის დის საკუთრებაში ცხოვრების გამო (დას აქვს სხვა ალტერნატიული საცხოვრებელიც).

2019 წლის 4 დეკემბრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №4-ში, მე-3 კორპ. ბინა №33-ის მესაკუთრეს უკვე წარმოადგენს არა მოსარჩელის და, არამედ - ნ.ჩ-ი (ტ.1,ს.ფ.38). დადგენილია, რომ მოსარჩელე ცხოვრობდა ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე ბინაში, რომელიც იქირავა ნ.ჩ-ისგან და ყოველთვიურად იხდიდა ქირას 600 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ.36-37 - ქირავნობის ხელშეკრულება).

სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 11 დეკემბრის №03-45/ო ბრძანების თანახმად - დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №39), ი.ს-ეს (პ/ნ: ...) (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), იმ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

2020 წლის 18 მაისს, ი.ს-ემ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და ამავე სააგენტოს მონიტორინგის სამსახურს და მოითხოვა მონიტორინგის სამსახურის მიერ მისი ოჯახის ხელახლა შემოწმება და ფართით დაკმაყოფილება.

2020 წლის 2 ივნისის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, განმცხადებელს ჰყავს 3 შვილი, მისივე განცხადებით ბინა, რომელშიც ის ცხოვრობს, იყო მისი დის - ლ.ს-ის საკუთრება, განსახილველ ეტაპზე კი, აღნიშნული ბინა ნ.ჩ-ის საკუთრებაშია და მასში ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის ოჯახი ცხოვრობს. რაც შეეხება ი.ს-ის საკუთრებას (ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №4, მე-3 კორპ. ბინა №70), აღნიშნული ბინა ჯერ იპოთეკით დატვირთეს, ხოლო შემდეგ, თანხის გადაუხდელობის პირობებში, გაყიდეს.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის №36 სხდომის ოქმის თანახმად, ი.ს-ეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართის გადაცემაზე მოცმეულ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის გამო, დის მიერ გასხვისებულ ფართში ცხოვრების გამო.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 12 აგვისტოს №03-1264/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე (სხდომის ოქმი №36), ი.ს-ეს (პ/ნ: ...) (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), იმ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (ძალადაკარგულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით) მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა.

„წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება, ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ N6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ N7 დანართის შესაბამისად. თითოეული კომპონენტისათვის დადგენილია შეფასების შესაბამისი ქულა.

„წესის“ დანართი №6-ის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე ფასდება 1.5 ქულით. დადგენილია, რომ ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. ხოლო „წესის“ შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, გადაწყვეტილების მიღებისას, ჯამდება თითოეული დადგენილი კრიტერიუმის მიხედვით მიღებული ქულათა რაოდენობა. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რამდენადაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესი ითვალისწინებს იმ შემთხვევებსაც, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ცხოვრობს სხვის ბინაში, ქირით ან ქირის გარეშე და ამ გარემოებიდან გამომდინარე, შეფასების საერთო სისტემაში დაინტერესებულ პირს ენიჭება კონკრეტული ქულა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ მოცემულ ეტაპზე მოსარჩელის ოჯახის განსახლება გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს, ვინაიდან ცხოვრობს დის ბინაში, უსაფუძვლოა და არ ქმნის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივ საფუძველს. დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე (სუს 2020 წლის 18 მარტის განჩინება, საქმე №ბს-156(კ-20)).

გასათვალისწინებელია, რომ 1.5 ქულა მოსარჩელეს მიენიჭა იმ კრიტერიუმის გამო, რომელიც სხვის საკუთრებაში ცხოვრების ფაქტს ადგენს. ამდენად, სხვის ბინაში ცხოვრება არათუ გამორიცხავს მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის აუცილებლობას, არამედ ადასტურებს განსახლების საჭიროებას. გასათვალისწინებელია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია ზემოაღნიშნული დადგენილი გარემოებების საწინააღმდეგო მტკიცებულებები. ამასთანავე, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსის 2021 წლის 27 ოქტომბრის N03-10679 წერილით დგინდება, რომ სამოთახიანი ბინით დაკმაყოფილდნენ დევნილები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 3 და მეტი ქულა, მათ შორის, მინიჭებული 3.5 ქულით დაკმაყოფილდა 21 ოჯახი (ტ.1, ს.ფ. 252).

ამასთანავე, ის გარემოება, რომ მოსარჩელეს წარსულში საკუთრებაში ჰქონდა უძრავი ქონება არ ადასტურებს მოსარჩელის ოჯახის სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის სხვა გაჭირვებული ოჯახებისგან განსხვავებულ მდგომარეობას, არ გამორიცხავს ი.ს-ის ოჯახის განსახლების საჭიროებას. საქმეში დაცული 2014 წლის 03 ივლისის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ი.ს-ის საკუთრებაში წარსულში არსებული ფართის (ქ. თბილისი, ...ს ქ.N4, კორპ.3, ბ.70) მესაკუთრეს წარმოადგენს ვ.ტ-ე (ტ.1, ს.ფ 113-114). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 10 ივლისის N... და 2019 წლის 19 ივნისის N... წერილებით დასტურდება, რომ ი.ს-ისა და მისი მეუღლის - რ.შ-ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთებზე რეგისტრირებული არ არის (ტ.1, ს.ფ.44-45).

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადო მტკიცებულებათა ერთობლიობით ვერ დაადასტურა მოსარჩელესთან მიმართებაში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის გამომრიცხავი გარემოებების არსებობა. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უკანონოა, შესაბამისად, არსებობს მისი ბათილად ცნობისა და მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე