Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1404(კ-22) 25 აპრილი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ. ტ-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 4 აგვისტოს თ. ტ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და მოითხოვა ამავე სააგენტოს 2021 წლის 5 ივლისის №03/11937 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისათვის სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ცვლილების განხორციელებისა და თ. ტ-ას კომპენსირებულად მონიშვნის გაუქმების დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით თ. ტ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 5 ივლისის №03/11937 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხეს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე თ. ტ-ასთან დაკავშირებით. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, მიიჩნევს, რომ მართალია სასამართლომ გამიყენა ის კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი. კასატორის მითითებით, ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ის გარემება, რომ საქმეში წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებებით დასტურდებოდა მოსარჩელის მხრიდან კომპენსაციის მიღების ფაქტი. შესაბამისად, კასატორმა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესსა და საქართველოს მთავრობის 2021 წლის 5 მარტის №292 განკარგულებით დამტკიცებულ „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2021-2022 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ 2.1.9. პუნქტზე მითითებით აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ იკვეთება მოსარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

კასატორმა განმარტა, რომ თ. ტ-ას მიერ სააგენტოში წარდგენილი 2021 წლის 1 ივლისის განცხადებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ თ. ტ-ა მისი ოჯახის წევრებთან ერთად ერთ სარეგისტრაციო ნომერზე ფიქსირდებოდა 2007 წლამდე. ამასთან, ფართის გამოთავისუფლების სანაცვლოდ, საოჯახო ნომერზე თანხა მინდობილობით აღებული ჰქონდა ი. ტ-ას - თ. ტ-ას მამას, რომელმაც თანხა აიღო 2006 წლის 2 ივნისს. ამდენად, კომპენსაციის გაცემის მომენტისთვის ოჯახი იმყოფებოდა ერთ სარეგისტრაციო ნომერზე და ცხოვრობდა ერთ მისამართზე, ხოლო ოჯახის გაყოფა მოხდა კომპენსაციის გაცემის შემდეგ, 2007 წლის 5 ნოემბრის განცხადების საფუძველზე. კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ფულადი კომპენსაცია გადაეცა დევნილ ოჯახს და არა ამ ოჯახის ერთ რომელიმე კონკრეტულ წევრს. ამდენად, სააგენტო მიიჩნევს, რომ თ. ტ-ა არის უზრუნველყოფილი და მის მიმართ ვერ განხორციელდება გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, განსახილველ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს თ. ტ-ასთვის მონაცემთა ბაზაში მისი კომპენსირებულად მონიშვნის გაუქმების თაობაზე უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-4 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულია, რომ დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა, ხოლო დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ საფუძველზე, რომლის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აღნიშნული წესის შესაბამისად არ განიხილება იმ დევნილი ოჯახების განაცხადები, რომლებსაც, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და სათანადო ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ. ტ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელსაც მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი და მოითხოვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თ. ტ-ამ 2021 წლის 1 ივლისს განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და მოითხოვა ამავე სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ცვლილების განხორციელება და თ. ტ-ას კომპენსირებულად მონიშვნის გაუქმება. სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 5 ივლისის №03/11937 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თ. ტ-ას ეთქვა უარი მისი განცხადების დაკმაყოფილებაზე.

ასევე დადგენილია, რომ იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის ანკეტის მიხედვით, თ. ტ-ას ოჯახი შედგებოდა 5 წევრისაგან, ი. ტ-ა, თ. ტ-ა, ე. ტ-ა, ეს. ტ-ა, თე. ტ-ა. ოჯახი 1999 წლის 8 სექტემბერს გადმოვიდა ქობულეთიდან ქალაქ ბათუმში, ...ო „...ს“ შენობაში. ამასთან, მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა აფხაზეთი, ...ში, ...ში. დროებით საცხოვრებელი მისამართის კი წარმოადგენდა: აჭარა, ბათუმი. სარეგისტრაციო ნომერი №.... თ. ტ-ას ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი - 2009 წლის 12 აგვისტოს დაბადებული დ. მ-ო და 2008 წლის 18 ივლისს დაბადებული ა. მ-ო.

ასევე დადგენილია, რომ ი. ტ-ას, თე. ტ-ას, ეს. ტ-ას და ზ. ტ-ას (რომელთა მუდმივი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე იყო აფხაზეთი, ...ში ...ა) დროებით საცხოვრებელი მისამართი იყო ბათუმი, ...ო „...“. თუმცა ზემოაღნიშნულმა პირებმა შეიცვალეს დროებით საცხოვრებელი მისამართი, ბათუმიდან გადავიდნენ თბილისში, ...ი, ...ის ქ. კორპუსი 8, ბინა 33. ოჯახის სარეგისტრაციო ნომერია №.... საქმის მასალებში არსებული სს „ა...ის“ 2021 წლის 27 ოქტომბრის წერილის თანახმად, ფიზიკური პირი თ. ტ-ა ფიქსირდება ...ო „...ში“- საოჯახო ნომრით - ... და ფართის გამოთავისუფლების სანაცვლოდ, მითითებულ საოჯახო ნომერზე თანხა მინდობილობით აღებული აქვს ფიზიკურ პირს - ი. ტ-ას, რომელმაც თანხა აიღო 2006 წლის 2 ივნისს. ამავე წერილით განიმარტა, რომ სხვა დოკუმენტაცია აღნიშნულ ოჯახთან დაკავშირებით არ მოიპოვებოდა.

საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ კერძო ინვესტორის მიერ დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფისას, ჩასახლების ობიექტის ადმინისტრაცია (მოცემულ შემთხვევაში ...ო „...“) იღებდა ვალდებულებას, სამინისტროს მიერ მიწოდებული ყველა დევნილი პირის სახელობითი სიის შესაბამისად და ობიექტში მცხოვრები თითოეული დევნილი პირის მიერ დაკავებული ფართის სანაცვლოდ, გაეცა ფულადი კომპენსაცია. ხელშეკრულება ფორმდებოდა კანონით დადგენილი წესით, რომლის მიხედვით, ადმინისტრაცია გამოთავისუფლებული ფართის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციის გადაცემის შესახებ ხელშეკრულებას აფორმებდა ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრთან. შესაბამისად, ოჯახის სხვა წევრებიც ითვლებოდნენ თანხის მიმღებ პირებად. საკასაციო სასამართლო იზიარებს, ქვედა ინსტანციების სასამართლოების მითითებას იმის თაობაზე, რომ საქმეში არ მოიპოვება რაიმე სახის დოკუმენტი (მაგ. ხელშეკრულება, საბანკო ანგარიშიდან შესაბამისი ამონაწერი, თანხის მიღების ხელწერილი), რომელიც დაადასტურებდა ი. ტ-ას მიერ ამგვარი ფორმით გაცემული კომპენსაციის მიღების ფაქტს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლზე, რომლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. ხოლო 97-ე მუხლის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

საკასაციო პალატა ასევე იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების მსჯელობას მასზედ, რომ იმ პირობებში, როდესაც სხვადასხვა სარეგისტრაციო ნომერზე ფიქსირდებოდა ოჯახი, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სათანადოდ არ ყოფილა გამოკვლეული და შეფასებული მოსარჩელე თ. ტ-ა წარმოადგენდა თუ არა ი. ტ-ას, თე. ტ-ას, ეს. ტ-ასა და ზ. ტ-ას ოჯახის წევრს, მოპასუხის მიერ მითითებული კომპენსაციის გადაცემის დროს. ამდენად, არ დგინდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებების გამოკვლევა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების მოძიება/შეფასება და იკვეთება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საჭიროება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე