Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1276(კ-22) 25 აპრილი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი - საქართველოს გენერალური პროკურატურა

მოწინააღმდეგე მხარე - გ. ც-ი

მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2020 წლის 6 ივლისს გ. ც-იმა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 7 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე გ. ც-ის სარჩელისა გამო მოპასუხეების საქართველოს გენერალური პროკურატურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის მატერიალური ზიანის სახით - 2800 ლარის ოდენობით, ხოლო მორალური ზიანის სახით - 15 000 ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ივნისის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით გ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს გენერალურ პროკურატურას გ. ც-ის სასარგებლოდ, დაეკისრა მატერიალური ზიანის სახით - 500 ლარისა და მორალური ზიანის სახით - 2000 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ და გ. ც-იმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის სხდომაზე გ. ც-ის წარმომადგენელმა დააზუსტა (შეამცირა) მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის მოსარჩელე გ. ც-ის სასარგებლოდ მატერიალური სახით - 1000 ლარისა და მორალური ზიანის სახით - 5000 ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გ. ც-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელე გ. ც-ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება 750 ლარის ოდენობით (სისხლის სამართლის საქმეში წარმომადგენლის ხარჯი); საქართველოს გენერალურ პროკურატურას ასევე დაეკისრა მოსარჩელე გ. ც-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის - 3000 ლარის ოდენობით ანაზღაურება. მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ.

კასატორი, საქართველოს გენერალური პროკურატურა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 18.4 მუხლზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208.1 და 207-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18, 413.1, 992-ე და 1005.3 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ პირს ზიანი უნდა მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ბრალის ფორმით, ამასთან, მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - ზიანს შორის. ასევე, სახეზე უნდა იყოს მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია. მოცემულ შემთხვევაში კი პროკურატურის მხრიდან ამგვარ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია.

ამასთან, კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებული განჩინებით პროკურატურისთვის გ. ც-ის სასარგებლოდ დაკისრებული მორალური ზიანის ოდენობას და ყურადღებას ამახვილებს როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებით დადგენილ, ასევე, საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკაზე (სუსგ №ბს-890 (კ-19), 26.11.2019წ.). კასატორი აღნიშნავს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გ. ც-ის პატიმრობაში ყოფნის ვადამ შეადგინა 8 დღე, რაც შემდგომ შეიცვალა გირაოთი, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა მის მიმართ მიმდინარეობდა 1 წლის და 27 დღის განმავლობაში. გარდა ამისა, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ განსხვავებით ზემოთ აღნიშნული სასამართლო პრაქტიკისა, გ. ც-ი არის ნასამართლევი სხვა დანაშაულის ჩადენისათვის (2016 წლის 11 იანვრის განაჩენით მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, დანაშაულისთვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით). შესაბამისად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, სამართლებრივი ნორმების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაში ჩამოყალიბებული განმარტებების შესაბამისად, ასევე, მსგავს საქმეებზე საქართველოს სასამართლო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, კასატორის მოსაზრებით, საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მორალური ზიანის სახით 3000 ლარის დაკისრება არ გამომდინარეობს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებიდან.

კასატორი ასევე არ იზიარებს საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ საადვოკატო მომსახურებისათვის 750 ლარის დაკისრებას, რადგან მხარის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაღებული ხარჯის უპირობოდ სრულად ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულება თარიღდება 2015 წლით და ამასთან, თარიღი გადასწორებულია. ასევე, გადახდის ქვითრები არის სხვადასხვა დანიშნულების. გარდა ამისა, საქმეში არ ყოფილა წარმოდგენილი ადვოკატის მიერ აღნიშნული თანხების შემოსავალში ასახვისა და შესაბამისი გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. მატერიალური ზიანის ანაზღაურებისას კი, წარმოდგენილ უნდა იქნეს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს ზიანის გამომწვევ გარემოებებსა და განსაზღვრავს მიყენებული ზიანის ოდენობას. მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის წარმოებაზე მითითება არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს, მასზედ რომ დადგინდეს ბრალდების გამო კონკრეტული ოდენობით მატერიალური ზიანის დადგომის ფაქტი. შესაბამისად, სასამართლოს მიერ არ მომხდარა მტკიცებულებათა შეფასება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურისა საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის უკანონო დაკავებიდან გამომდინარე, საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლიანობა და დაკისრებული თანხის ოდენობის გონივრულობა.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გ. ც-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელე გ. ც-ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება - 750 ლარის ოდენობით (სისხლის სამართლის საქმეში წარმომადგენლის ხარჯი); საქართველოს გენერალურ პროკურატურას ასევე დაეკისრა მოსარჩელე გ. ც-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის - 3000 ლარის ოდენობით ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ. გადაწყვეტილება მოსარჩელე გ. ც-ის არ გაუსაჩივრებია. აღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო, მხარეთა დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილია იმსჯელოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე მხოლოდ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

ამდენად, საკასაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება უნდა შეამოწმოს მხოლოდ საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის გ. ც-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 3000 ლარისა და მატერიალური ზიანის სახით - 750 ლარის ოდენობით (სისხლის სამართლის საქმეში წარმომადგენლის ხარჯი) დაკისრების ნაწილში.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული დანაწესით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, სახელმწიფო სახსრებიდან აანაზღაუროს მისი მოსამსახურეების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი, ხოლო ზიანის ანაზღაურების წინაპირობებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კერძოდ, მითითებული კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. ამრიგად, ზიანის ანაზღაურებისთვის, პირის ქმედება უნდა ატარებდეს მართლსაწინააღმდეგო ხასიათს და იწვევდეს პირისთვის ზიანის მიყენებას. დამდგარ შედეგსა და უკანონო ქმედებას შორის კი უნდა არსებობდეს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. რაც შეეხება მართლსაწინააღმდეგო ქმედების განმახორციელებელი პირის ბრალეულობას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. ასეთი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. კერძოდ, პირს, რომლის მიმართაც გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. ზემოაღნიშნული ნორმის მიზანია დაზარალებულის დაცვა და გამართლებული პირისათვის სახელმწიფო ორგანოების მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანით გამოწვეული ნეგატიური შედეგების კომპენსირება.

საქმეზე დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით (საქმე №10ა-296) ბრალდებულ გ. ც-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო, გირაოს თანხად განისაზღვრა 3 000 (სამი ათასი) ლარი. მასვე აეკრძალა დაზარალებულთან მიახლოება. ამავე განჩინებით, ბრალდებულს ან მის სასარგებლოდ სხვა პირს უფლება აქვს გირაოს თანხის ნაცვლად შეიტანოს ფულადი თანხის ეკვივალენტური უძრავი ქონება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით (საქმე №1/1013-19) გ. ც-ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. ამავე განაჩენით გამართლებულ გ. ც-ის განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 თებერვლის განაჩენით (საქმე №1/ბ-14-2020) უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენი გ. ც-ის მიმართ. იგი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენი წარმოადგენს მოსარჩელის რეაბილიტაციის იურიდიულ საფუძველს, ვინაიდან უტყუარად დასტურდება წარდგენილი ბრალდების უსაფუძვლობა და პირის მიმართ გამოყენებული შეზღუდვის არამართლზომიერება. ამდენად, სახეზეა გ. ც-ის მარეაბილიტირებელი გარემოება და სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისთვის არსებობს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი, რომელიც გამოწვეულია უშუალოდ უკანონო ბრალდებით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაკავშირებულია არაქონებრივი უფლებების დარღვევასთან, ხოლო ქონებრივი უფლებების უკანონო შეზღუდვა იწვევს მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორი სახელმწიფო ორგანოს მოსაზრებას ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არარსებობის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ რეაბილიტირებული პირის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არსებობს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად, როგორც ეს პირდაპირაა გათვალისწინებული სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

რაც შეეხება მიყენებული ზიანის ოდენობას, სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებაში სასამართლოს მიერ არამატერიალური ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. კერძოდ, მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია დამდგარი ზიანის სიმძიმე, შელახული უფლების მნიშვნელობა, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, საპატიმრო დაწესებულებაში პირის ყოფნის დრო და სხვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. ც-ის მიერ იმ განცდების გათვალისწინებით, რაც თან ახლავს უკანონოდ დაწყებული სისხლისსამართლებრივ დევნას, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის 3000 ლარის დაკისრება მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების პროპორციულია და ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში.

განსახილველ შემთხვევაში, მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით მოსარჩელე ითხოვდა სისხლის სამართალწარმოების ფარგლებში ადვოკატის იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული თანხების ანაზღაურებას.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს სისხლის სამართალწარმოების ფარგლებში ადვოკატისათვის მომსახურების ღირებულების თანხა. აღნიშნულს განაპირობებს უშუალო მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა - სისხლისსამართლებრივ დევნასა და იურიდიული მომსახურების მიღების საჭიროებას შორის. რომ არა უკანონო ბრალდება/მსჯავრდება, მოსარჩელეს არ ექნებოდა სისხლის სამართალწარმოების ფარგლებში იურიდიული მომსახურებისათვის ხარჯის გაწევის საჭიროება. ასეთ დროს სახელმწიფოს ეკისრება ადვოკატის მიერ მოსარჩელისათვის გაწეული მომსახურების ღირებულების გადახდა მაშინაც კი, თუ არ დასტურდება ხარჯის ფაქტობრივად გაწევა. საკითხის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს იურიდიული მომსახურების გაწევის ფაქტს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-432-429 (2კ-17)).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს თ. ც-ისა (გ. ც-ის მამა) და ადვოკატ ნ. კ-ის შორის 2018 წლის 5 ოქტომბრის შეთანხმებაზე, რომლის თანახმად, დაცვის ორდერისთვის განკუთვნილ თანხად მითითებულია 500 ლარი, ხოლო საქმის წარმოებისთვის განკუთვნილი ჰონორარის ოდენობა განისაზღვრა 1000 ლარით (საერთო ჯამში 1500 ლარი). 2019 წლის 10 მაისის შეთანხმების თანახმად, დაცვის ორდერისთვის განკუთვნილ თანხად მითითებულია 500 ლარი, ხოლო საქმის წარმოებისთვის განკუთვნილი ჰონორარის ოდენობა განისაზღვრა 800 ლარით (საერთო ჯამში 1300 ლარი).

მოცემულ საქმეში ასევე წარმოდგენილია სს ,,ლ...ს’’ 06/10/2018 წლის №5148042897 შემოსავლის ორდერი, რომლითაც დასტურდება გ. ც-ის საქმეზე მისი მამის - თ. ც-ის მიერ 200 ლარის გადახდა, ხოლო სს ,,ლ...ს’’ 24/10/2018 წლის №5148723316 შემოსავლის ორდერით დასტურდება 300 ლარის გადახდა. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ გ. ც-ის ადვოკატის - ნ. კ-ის განმარტებით, ზემოაღნიშნული თანხები რეალურად გადახდილ იქნა სისხლის სამართლის საქმეში წარმომადგენლის მონაწილეობისთვის და არა გ. ც-ის რომელიმე საქმეზე სარჩელის განხილვის მიზნით, როგორც ეს მითითებულია შემოსავლის ორდერზე დანიშნულების გრაფაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას ადვოკატის მომსახურების ღირებულების თანხის ოდენობასთან დაკავშირებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. საქართველოს გენერალური პროკურატურისა საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე