Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-351(კ-22) 30 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - სსიპ ქონების მართვის სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირი - კ. მ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ ქონების მართვის სააგენტომ 2019 წლის 09 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 17 სექტემბრის №... გადაწყვეტილებისა და რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2019 წლის 25 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება კ. მ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 თებერვლის განჩინებით სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, რომელმაც განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორმა აღნიშნა, რომ ქ. თბილისში, ...ში (სოფ. ...ში) მდებარე 1727429 კვ.მ მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად და მას მინიჭებული აქვს №... საკადასტრო კოდი, რაც ასევე დასტურდება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით. 2019 წლის 24 აპრილს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს №... წერილით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოში გადმოიგზავნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 28.03.2019წ. №... წერილი, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, რომლითაც მოთხოვნილი იყო №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების საზღვრების ცვლილების განხილვა კ. მ-ის №... სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილი მიწის ნაკვეთის ნაწილში. სსიპ ქონების მართვის სააგენტომ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მარეგისტრირებელ ორგანოს 10.07.2019წ. №... წერილით აცნობა, რომ სააგენტოს მიზანშეწონილად არ მიაჩნდა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის კორექტირება (არგუმენტაციის ნაკლებობის/არ არსებობის გამო). სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ შესწავლილ იქნა საკითხი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ კ. მ-მა 2018 წელსაც მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს №... სარეგისტრაციო განცხადებით და მოითხოვა მიწის ნაკვეთის საკუთრებად რეგისტრაცია და მითითებული სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი უძრავი ქონება (კოორდინატებით X - ...; Y - ...) დაახლოებით 200 მეტრითაა დაშორებული დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან (ს/კ ...), აღნიშნულით კი იქმნება შთაბეჭდილება, რომ კ. მ-ს ვერ გაურკვევია 2007 წლით დათარიღებული ხელშეკრულებით სად შეიძინა მიწის ნაკვეთი. მითითებული გარემოების გასარკვევად და უძრავი ქონების იდენტურობის დასადგენად არსებითი მნიშვნელობისაა უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელიც გადაეცა მ. ქ-ეს (გამყიდველს). 2001 წლის 10 მაისით დათარიღებული №577 მიღება-ჩაბარების აქტით მიწის ნაკვეთს, რომელიც გადაეცა მ. ქ-ეს, მინიჭებული აქვს №771 ნომერი. აღნიშნული აქტით არ დგინდება მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ვინაობა/იდენტურობა, რაც სავალდებულოა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი უძრავი ქონების სივრცეში იდენტიფიცირებისთვის, იმ პირობებში, როდესაც მიღება-ჩაბარების აქტებზე არ არის ასახული კოორდინატები და ადგილმდებარეობის განსაზღვრა ხდება დაინტერესებული პირისა და მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებისთვის გადაცემული მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე. 2001 წლის 10 მაისის №577 მიღება-ჩაბარების აქტით ირკვევა, რომ მ. ქ-ისთვის საკუთრებაში გადაცემულ №771 მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთის მხრიდან უნდა ესაზღვრებოდეს №770 მიწის ნაკვეთი, სამხრეთით - საძოვარი, აღმოსავლეთით და დასავლეთით - გზა. ასევე აღნიშნულ აქტს თან ახლავს მიწის ნაკვეთის გეგმა, რომელიც ასახავს ქონების კონფიგურაციას. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დაინტერესებაში არსებული უძრავი ქონების უფლების დამდგენი დოკუმენტის 2001 წლის 10 მაისის №577 მიღება-ჩაბარების აქტით შეიძლება მხოლოდ ჩრდილოეთით მდებარე მიწის ნაკვეთის განსაზღვრა, უნდა შემოწმდეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემები, რომლის თანახმად დაინტერესებაში არსებული უძრავი ქონების ჩრდილოეთით მდებარეობს №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი (მესაკუთრე თ. ბ-ე (პ/ნ: ...); უძრავი ქონების წინა საკადასტრო კოდი ...), რომლის უფლების დამდგენი დოკუმენტით დგინდება, რომ ქონებას მინიჭებული აქვს 649 ნომერი და მის სამხრეთის უნდა მდებარეობდეს არა 771 ნომერი მიწის ნაკვეთი (რომელიც 2001 წლის 10 მაისის №577 მიღება-ჩაბარების აქტითაა განსაზღვრული), არამედ №650 მიწის ნაკვეთი. აღნიშნულით კი კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის, როგორც მარეგისტრირებელი ორგანოს პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენს. ამასთან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 26 თებერვლის №... წერილით, რომლითაც მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობას აღნიშნულია, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი №... სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი იყო სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე - ქ. თბილისი, ...ი ...ი 1200 კვ.მ, ხოლო დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდებოდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. კასატორის მითითებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, როგორც მარეგისტრირებელ ორგანოს, აქვს მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის საფუძვლების სრული ბაზა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს გადაამოწმოს და შეისწავლოს განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია რამდენად იძლევა შესაძლებლობას განხორციელდეს ქონების რეგისტრაცია ამა თუ იმ პირზე. 2019 წლის 26 თებერვლის №... წერილით ნათლად დგინდება, რომ კ. მ-ის მიერ №... განცხადებით წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არ იძლეოდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის საშუალებას და სწორედ ამიტომ მიმართა ...ის რაიონის გამგეობას, რომელსაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსაგან განსხვავებით არ აქვს წვდომა ზემოაღნიშნულ დოკუმენტაციასთან და ის ხელმძღვანელობს მხოლოდ გადაგზავნილი დოკუმენტაციით. ირკვევა რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ, რომელსაც ჰქონდა ინფორმაცია კ. მ-ის 2018 წლის 27 ივნისის №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით, არც 2019 წლის 26 თებერვლის №... წერილით და არც წერილზე თანდართული დოკუმენტაციით ...ის რაიონის გამგეობას ნებსით თუ უნებლიედ საკითხთან დაკავშირებით არ აცნობა, მოცემულ შემთხვევაში კი ამას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა, კერძოდ: 2018 წლის 27 ივნისის №... სარეგისტრაციო განცხადებით (იგივე უფლებადამდგენი დოკუმენტაციით) კ. მ-ი 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას ითხოვდა განსხვავებული კონფიგურაციით და დაახლოებით 200 მეტრის დაშორებით 2019 წლის 25 სექტემბერს რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან (ს/კ: ...). განსახილველი საკითხის მნიშვნელობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 17 სექტემბრის №... გადაწყვეტილება ეფუძნება ...ის რაიონის გამგეობის 22/03/2019წ. №... წერილსა და 22.03.2019წ. №... (№458-38) წერილს/აქტს, რომლითაც დადგინდა იდენტურობა, ხოლო მას საკითხის შესწავლისას არ ჰქონდა სრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. 2019 წლის 18 სექტემბერს სსიპ ქონების მართვის სააგენტოში შემოსული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... გადაწყვეტილებით სამსახურს ეცნობა, რომ დაკმაყოფილდა კ. მ-ის (პ/ნ: ...) წარმომადგენლის ვ. გ-ის (პ/ნ: ...) №... (16.08.2019წ.) ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის №... (17.07.2019წ) გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს დაევალა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის კორექტირება კ. მ-ის №... სარეგისტრაციო განცხადებაზე წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად. ვინაიდან საკითხი ეხებოდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონებას, სსიპ ქონების მართვის სააგენტომ 26.09.2019წ. №... წერილით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და აცნობა, რომ ვინაიდან კ. მ-ის სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით ფაქტობრივი გარემოებები და არსებული დოკუმენტაცია ერთმანეთთან თანხვედრაში არ მოდიოდა, ითხოვა ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებულ პირად ჩართვა. აღნიშნული წერილით ასევე განიმარტა, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტო გეგმავდა ...ის რაიონის გამგეობასთან ერთად საკითხის განმეორებით შესწავლას, რათა არ მომხდარიყო რომელიმე მხარის კანონიერი ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, აღნიშნულს ასევე ადასტურებს ...ის რაიონის გამგეობაში გაგზავნილი სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 27.09.2019წ. №... წერილი. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მარეგისტრირებელმა ორგანომ ისე მიიღო გადაწყვეტილება კ. მ-ის №... სარეგისტრაციო განცხადების დაკმაყოფილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ: ...) ნაწილზე 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთზე კ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, რომ აღნიშნულის თაობაზე არ შეატყობინა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს.

კასატორის მითითებით, ნაკვეთთა იდენტურობის ფაქტი დადგინდა მხოლოდ კ. მ-ისა და ადგილზე დათვალიერებაში მონაწილე პირების მ. მ-ისა (პ/ნ: ...) და ბ. მ-ის (პ/ნ: ...), როგორც მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების/მართლზომიერი მფლობელების განმარტებების საფუძველზე. სააგენტოს მიერ გადამოწმდა ინფორმაცია, თუ სსიპ საჯარო რეესტრის მონაცემებით მითითებულ მოქალაქეებს რა ქონება ერიცხებოდათ საკუთრებაში და იყვნენ თუ არა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მფლობელები/მესაკუთრეები. ირკვევა, რომ მ. მ-ის საკუთრებაშია №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება, რომელიც სულ მცირე 2 000 (ორი ათასი) მეტრითაა დაშორებული დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან, შესაბამისად ის მეზობელი მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელად ვერ იქნებოდა მიჩნეული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 05 აპრილის განჩინებით სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას სადავო გადაწყვეტილებების კანონიერებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მართლზომიერად განხორციელდა კ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2001 წლის 10 მაისის №577 მიწის მიღება-ჩაბარების აქტით ... ...ში მდებარე 0.12ჰა ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი გადაეცა მ. ქ-ეს, რომელმაც ხსენებული ნაკვეთი 2007 წლის 18 ოქტომბრის N1-4538 ნასყიდობის ხელშეკრულებით საკუთრებაში გადასცა კ. მ-ს. უძრავი ქონება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2007 წლის 5 ნოემბერს საკადასტრო კოდით - .... 2019 წლის 20 თებერვალს კ. მ-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ... ...ში მდებარე 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთზე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 26 თებერვალს წერილით მიმართა ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობას და წარუდგინა მოთხოვნა, დაედასტურებინა კ. მ-ის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. ...ის რაიონის გამგეობის მიერ 2019 წლის 15 მარტს შედგენილი იქნა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის დათვალიერების ოქმი N458, რომლის მიხედვით, დადასტურდა მიწის ნაკვეთთა იდენტურობა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 28 მარტის N... გადაწყვეტილების თანახმად, ვინაიდან კ. მ-ის მიერ სარეგისტრაციო წარდგენილი მიწის ნაკვეთი ზედდებაში იყო თბილისის მუნიციპალიტეტის კუთვნილ, N... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთთან, 28.03.2019წ. №... წერილით თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, კასატორს ეთხოვა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების საზღვრების ცვლილების განხილვა კ. მ-ის №... სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილი მიწის ნაკვეთის ნაწილში. სსიპ ქონების მართვის სააგენტომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აცნობა, რომ მიზანშეწონილად არ მიაჩნდა ... საკადასტრო კოდის უძრავ ნივთზე (წინა ნომერი ...) დაფიქსირებული ზედდების ნაწილში მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 17 ივლისის N... გადაწყვეტილებით, კ. მ-ს უარი ეთქვა მის მიერ მოთხოვნილ რეგისტრაციაზე. გადაწყვეტილება კ. მ-მა ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 17 სექტემბრის N... სადავო გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა კ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2019 წლის 17 ივლისის N... გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს დაევალა N... სარეგისტრაციო წარმოების განახლება და N... მიწის ნაკვეთის საზღვრების დაზუსტებასთან დაკავშირებით რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 სექტემბრის N... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა კ. მ-ის განცხადება ქალაქ თბილისში, ... ...ში მდებარე 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთზე წარდგენილი საკადასტრო-აზომვითი ნახაზის მიხედვით ცვლილების რეგისტრაციის შესახებ.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაცია იძლეოდა კ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საკმარის საფუძველს. წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტაცია, ისევე როგორც მიწის ნაკვეთთა იდენტურობის შესახებ ...ის რაიონის გამგეობის ცნობა, არ გაუქმებულა და ძალაშია, შესაბამისად, არ არსებობდა მათი უკანონოდ მიჩნევის ფაქტობრივი ან სამართლებრივი საფუძველი. აგრეთვე, საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე კ. მ-ის საკუთრების უფლება პირველადად დარეგისტრირდა 2007 წელს, ხოლო N... საკადასტრო კოდის მქონე ნაკვეთზე ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 2011 წელს. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას მიღება-ჩაბარების აქტის და მასზე დართული გეგმის შესაბამისად სადავო მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის უზუსტოდ დადგენის შესახებ, რადგანაც ამ მიმართებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მასთან დაცული საარქივო თუ სხვა სახის მატერიალური და ელექტრონული მონაცემების საფუძველზე, გააჩნია კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენცია უძრავი ნივთის ადგილმდებარეობისა და საზღვრის იდენტიფიცირების თვალსაზრისით. ამასთან სადავო ნაკვეთის ადგილმდებარეობა თავად კასატორის დაქვემდებარებაში არსებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იქნა დადასტურებული, შესაბამისად ჯერ კიდევ 2001 წელს გაცემულ მიღება-ჩაბარების აქტში ასახულ მონაცემებში (მოსაზღვრე პირების) არსებული უზუსტობა ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დასაბუთებულად მიჩნევის საკმარისი საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა