Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-1206(კ-21) 5 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „...ი“

მესამე პირი - შპს „თ...ი“

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 13 მარტს, „...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 11 მარტის N1/04-18-2515 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში.

მოსარჩელის განმარტებით, სავარაუდოდ 2018 წლის დეკემბრის თვეში, შპს „ყ...მა“ შპს „...ის“ ბუნებრივი გაზის მოწოდების კვანძზე დაამონტაჟა მრიცხველი. აღნიშნულის შესახებ არავითარი წერილობითი შეტყობინება შპს „...ს“ არ მიუღია. შპს „ყ...მა“ 2019 წლის იანვრის თვის მიწოდებული ბუნებრივი აირის ოდენობა დათვალა უკანონოდ დამონტაჟებული მრიცხველის მონაცემების მიხედვით და მოითხოვა აღნიშნული თანხის გადახდა შპს „...ის“ მხრიდან. მრიცხველის უკანონოდ დამონტაჟებისა და ამ მრიცხველის საფუძველზე დაკისრებული თანხის - 7216,69 ლარის კანონიერების შემოწმების მიზნით, კომპანიამ 2019 წლის 18 თებერვალს საჩივრით მიმართა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს. კომისიის 2019 წლის 11 მარტის N1/04-18-2515 წერილით შპს „...ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა. კომისიამ საერთოდ არ განიხილა წარდგენილი საჩივარი და ადმინისტრაციული წარმოების გარეშე გამოსცა მითითებული აქტი, რომლითაც შპს „ყ...ის“ მიერ მრიცხველის დამონტაჟება, ასევე შესაბამისი მრიცხველის საფუძველზე კომპანიისათვის თანხის დარიცხვა, მიჩნეულ იქნა კანონიერად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ის“ სარჩელი. ამავე განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო შპს „ყ...ი“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ოქტომბრის საოქმო განჩინებით შპს „ყ...ის“ უფლებამონაცვლედ დადგინდა შპს „თ...ი“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 11 მარტის N1/04-18-2515 წერილი და მოპასუხეს დაევალა, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, შპს „...ის“ მიმართ წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით (2019 წლის 18 თებერვლის განცხადება).

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს. კომისია უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები, ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელსა და მომხმარებელს შორის.

საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, 29-ე მუხლებზე და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის N12 დადგენილებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებზე“, რომლითაც განსაზღვრულია აღრიცხვის კვანძის მოწყობის წესი. ამასთანავე, აღნიშნული „წესების“ საფუძველზე, ნებისმიერ პირს, თუკი ირღვევა მისი უფლებები, უფლება აქვს, შეიტანოს საჩივარი კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველთან, კომისიაში ან მიმართოს სასამართლოს („წესების“ მე-7, მე-8 მუხლები).

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, კომისიის სადავო 2019 წლის 11 მარტის N1/04-18-2515 წერილით უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული ის საკითხი, რომელზეც საჩივრის ავტორი მიუთითებდა, თუმცა წერილი არ შეიცავს სათანადო მსჯელობას ადმინისტრაციულ საჩივარზე. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601, 96-ე მუხლებზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ჩათვალა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ვალდებულია, სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და შპს „...ის“ მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის საფუძვლიანობის ხელახლა შესწავლის შედეგად, გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს დაინტერესებული პირის კანონით გარანტირებული უფლებები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განჩინებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 7 თებერვალს, შპს „...ის“ დირექტორმა განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მოთხოვნით. განმცხადებელი უსაფუძვლოდ მიიჩნევდა შპს „ყ...ის“ 2017 წლის 3 თებერვლის შეტყობინებას, შპს „...ის“ კუთვნილ ავტოგაზგასამართ სადგურზე არსებული აღრიცხვის კვანძის ... ტიპის ხარჯმზომი მოწყობილობის ... ტიპის მრიცხველით (ელ. კორექტორით ...) შეცვლისა და სამუშაოების ჩატარების თაობაზე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 14 მარტის N6/04-18/103-3483 წერილით შპს „...ს“ ეცნობა, რომ კომპანიის ქმედება შეესაბამებოდა კომისიის 2009 წლის 9 ივლისის N12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ შესაბამის მოთხოვნებს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 14 მარტის N6/04-18/103-3483 წერილი შპს „...მა“ გაასაჩივრა სასამართლოში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 სექტემბრის N3/1841-17 გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 14 მარტის N6/04-18/103-3483 წერილი და კომისიას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, შპს „...ის“ 2017 წლის 7 თებერვლის განცხადებასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხის ხელახლა შესწავლის შედეგად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2018 წლის 27 აპრილს მიიღო N30/8 გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს „...ის“ მოთხოვნა, შპს „ყ...ისათვის“ შპს „...ის“ საკუთრებაში არსებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვის კვანძის (მრიცხველის) შეცვლის აკრძალვის თაობაზე. მხარეებს განემარტათ, რომ ბუნებრივი გაზის აღრიცხვის ახალი კვანძის მოწყობის შემთხვევაში, „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ შესაბამისად, აღრიცხვის კვანძის მოწყობა უნდა განხორციელებულიყო შპს „ყ...ის“ მიერ, მომხმარებლისათვის აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე გაწეული ხარჯის გადაკისრების გარეშე. ამასთანავე, „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, აღრიცხვის კვანძი შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებთან და სტანდარტებთან. ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს „ყ...ის“ მოთხოვნა, აღრიცხვის კვანძის შეცვლასთან დაკავშირებით, დავის მონაწილე მხარეებისათვის „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მოთხოვნების შესრულების დავალდებულების შესახებ. ასევე არ დაკმაყოფილდა შპს „ყ...ის“ მოთხოვნა, შპს „...სა“ და შპს „ყ...ს“ შორის არსებული დავის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის (დაუყოვნებლივ აღსრულებაზე მიქცევის) თაობაზე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 27 აპრილის N30/8 გადაწყვეტილების პირველი და მეორე პუნქტები შპს „...მა“ სასამართლო წესით გაასაჩივრა. კომპანიამ მოითხოვა აღნიშნული პუნქტების ბათილად ცნობა და შპს „ყ...ისათვის“ შპს „...ის“ საკუთრებაში არსებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვის კვანძის (მრიცხველის) შეცვლის აკრძალვის შესახებ შპს „...ის“ მოთხოვნის დაკმაყოფილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია შპს „...ის“ სარჩელი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის N6/04-18-5390 აქტის (წერილის) ბათილად ცნობის თაობაზე, რომელიც შეეხება საკონტროლო მრიცხველის დაყენებას (საქმე N3/4551-17).

2019 წლის 18 თებერვალს შპს „...ის“ დირექტორმა განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას. განმცხადებელმა მოითხოვა შპს „ყ...ის“ მხრიდან შპს „...თან“ შეთანხმების, ხელშეკრულებისა და აქტის გარეშე, ე.წ. „საკონტროლო მრიცხველის“ დამონტაჟების კანონიერების შესწავლა; ამ მრიცხველის მონაცემებით მოთხოვნილი თანხის კანონიერების შესწავლა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით და შპს „ყ...ისთვის“ შპს „...ის“ მიმართ გაზის მიწოდების შეწყვეტის აკრძალვა, დავის დასრულებამდე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 თებერვლის N6/01-16-1658 წერილით შპს „ყ...ს“ აეკრძალა დავის დასრულებამდე მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტა, მიმდინარე საფასურის გადახდის პირობით და დაევალა 10 სამუშაო დღის ვადაში საკითხთან დაკავშირებით წერილობითი განმარტების წარდგენა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის 2019 წლის 11 მარტის N1/04-18-2515 წერილით შპს „...ს“ ეცნობა, რომ შპს „ყ...ის“ მიერ საკონტროლო მრიცხველის დაყენება არ ეწინააღმდეგებოდა „წესებით“ დადგენილ მოთხოვნებს. კომპანია უფლებამოსილი იყო, აღნიშნული მრიცხველის მეშვეობით განეხორციელებინა დარიცხვა. ამავე წერილით მხარეს განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელს ეჭვი ეპარებოდა შპს „ყ...ის“ მიერ მოწყობილი საკონტროლო მრიცხველის აღრიცხვიანობის სიზუსტეში, კომპანია გამოთქვამდა მზადყოფნას, შპს „...ისთვის“ მისაღებ ნებისმიერ აკრედიტირებულ ლაბორატორიაში საკონტროლო მრიცხველის საექსპერტო შემოწმების განხორციელებასთან დაკავშირებით.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 11 მარტის N1/04-18-2515 წერილი არ შეიცავს დასაბუთებულ მსჯელობას შპს „...ის“ მიერ ადმინისტრაციულ საჩივარში დასმულ საკითხებზე. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. ამდენად, არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, არსებობს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, რომლითაც შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდება. სასამართლომ ვერ უზრუნველყო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური და მატერიალური კანონიერების გადამოწმება, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამდენად, არსებობს ახალი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 333-ე მუხლის მეორე, მე-3 ნაწილებზე, 394-ე მუხლის „ე“, „ე1“ ქვეპუნქტებზე, 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ვ“ ქვეპუნქტებზე და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი სრულად პასუხობს მითითებული ნორმების მოთხოვნებს. სადავო საკითხზე საკასაციო სასამართლოს განმარტება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი კატეგორიის საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოს არ განუხილავს.

კასატორი თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და არასწორად შეაფასა კომისიის პოზიცია, აღრიცხვის კვანძის შეცვლის (საკონტროლო მრიცხველის მოწყობის) მიზნით, ლიცენზიატის უფლებამოსილების თაობაზე. ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატი - შპს „თ...ი“, მისთვის კანონქვემდებარე სპეციალური ნორმატიული აქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, თბილისში, მის სალიცენზიო არეალში არსებულ ყველა ავტოგაზგასამართ სადგურთან მიმართებით ადგენს აღრიცხვის ერთიან სტანდარტს. ამ კატეგორიის მომხმარებლებისთვის მიწოდებული ბუნებრივი აირის მოცულობის არასრულად აღრიცხვიანობისა და დანაკარგების გაზრდის გამო, ლიცენზიატი ყველა სადგურზე ცვლის ხარჯთაღმრიცხველ კონტროლერს - ...-ს, ხარჯმზომი მოწყობილობა ... მრიცხველით (ელ. კორექტორით ...). პრეცენდენტის დაშვებით, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია სადავოდ გახადოს ლიცენზიატის მიერ აღრიცხვის კვანძის მოწყობა, მხოლოდ იმ მოტივით, რომ მისთვის გაცილებით სასურველია მოხმარებული ბუნებრივი აირის უფრო ნაკლები მოცულობის აღმრიცხავი მრიცხველი და მიუღებელია ლიცენზიატის მიერ მოთხოვნილი, უფრო ზუსტად აღმრიცხველი მრიცხველი. წარმოიშობა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული რეგულირების საწინააღმდეგო მოცემულობა - ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალომამარაგების ნებისმიერ მსხვილ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს მიეცემა უფლება, სხვადასხვა ხერხით იდავოს მასთან მოწყობილ აღრიცხვის კვანძზე და დავის ხანგრძლივი გაჭიანურებით თვითნებურად განსაზღვროს ლიცენზიატთან ანგარიშსწორების წესი და პირობები. მოცემულ საქმეზე პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა სადავო საკითხთან მიმართებაში სამართლებრივი შედეგი არ განმარტეს და არ დაასაბუთეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს, კომისიის სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება უნდა შეეფასებინა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, კომისიის 2009 წლის 9 ივლისის N12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ ნორმატიულ დანაწესებთან შესაბამისობის თვალსაზრისით.

კასატორი მიუთითებს, რომ 2009 წლის 9 ივლისის N12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებიდან“ გამომდინარე, აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს. ბუნებრივი აირის აღრიცხვის მიზნით, აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს განაწილების ლიცენზიატი. სწორედ განაწილების ლიცენზიატის უფლებამოსილებას განეკუთვნება მის მიერ მოწყობილი აღრიცხვის კვანძის შესაბამისობის დადგენა მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებთან და სტანდარტებთან.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კომისიის 2019 წლის 11 მარტის N1/04-18-2515 სადავო აქტის გამოცემის საფუძველი იყო შპს „...ის“ 2019 წლის 18 თებერვლის განცხადება (და არა საჩივარი, როგორც მას სასამართლო მოიხსენიებს. კომისიაში რეგისტრაციის N1900/01), რომელიც შეეხებოდა შპს „ყ...ის“ მიერ ე.წ. „საკონტროლო მრიცხველის“ დამონტაჟებისა და ამ მრიცხველის მონაცემებით მოთხოვნილი თანხის კანონიერების შესწავლას. კომისიის 2019 წლის 24 აპრილის N33/12 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს „...ის“ მოთხოვნა შპს „ყ...ის“ კუთვნილი აღრიცხვის კვანძის (მრიცხველის) საფუძველზე დარიცხული თანხის უკანონოდ მიჩნევისა და აღნიშნული მრიცხველით დარიცხვის შეწყვეტის შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაში იყო შპს „...ის“ სარჩელი, კომისიის 2019 წლის 24 აპრილის N33/12 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, კომისიისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე (საქმე N3/3775-19). თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით 2019 წლის 24 აპრილის N33/12 გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი და კომისიას სასამართლოს სხვა შემადგენლობამ უკვე დაავალა ახალი აქტის გამოცემა შპს „...ის“ 2019 წლის 18 თებერვლის განცხადებაზე (გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო წესით და არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში (საქმე N3ბ/2514-20). ამდენად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ყურადღება არ გაამახვილეს იმ გარემოებაზე, რომ კომისიას 2019 წლის 24 აპრილის N33/12 გადაწყვეტილებაში უკვე ჰქონდა ნამსჯელი შპს „...ის“ 2019 წლის 18 თებერვლის განცხადებაზე. ამავდროულად, სწორედ ამ განცხადებაში მითითებული მოთხოვნის ხელახლა შესწავლა და ახალი აქტის გამოცემა დაავალა კომისიას სასამართლომ განსახილველ საქმეზეც (2021 წლის 25 თებერვლის N3/1857-19 გადაწყვეტილება). ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ იმსჯელეს, რაში გამოიხატა კომისიის 2019 წლის 11 მარტის N1/04-18-2515 წერილით შპს „...ის“ ინტერესის დარღვევა ან წერილის ბათილად ცნობისადმი „მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი“. საკითხი მარტივია: მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე აქვს თუ არა ლიცენზიატს უფლება და ვალდებულება, მხოლოდ მან გადაწყვიტოს, რა ტიპის აღრიცხვის კვანძი მოაწყოს ამა თუ იმ მომხმარებელთან და რომელი ნორმატიული დანაწესი ანიჭებს მომხმარებელს უფლებამოსილებას, საკუთარი სურვილისამებრ, მარეგულირებელი ნორმების უგულებელყოფით განსაზღვროს აღრიცხვისა და ანგარიშგების პირობები. სასამართლოსთვის ცნობილი იყო შპს „...ის“ მიერ ინიცირებული ყველა დავის თაობაზე, რომელთა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიც იდენტურია (სასამართლოებმა უნდა შეისწავლონ შპს ,,თ...ის“ - ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატის მიერ ბუნებრივი გაზის მრიცხველის დამონტაჟების (შეცვლის) კანონიერების, ამ მრიცხველის ჩვენებების მიხედვით დარიცხული თანხის საფუძვლიანობის საკითხი და უნდა შეაფასონ აღნიშნულიდან გამომდინარე სამართლებრივი შედეგი). აღსანიშნავია, რომ შპს „...ი“ - ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებელი, რომელიც თავის მხრივ, ავტოგაზგასამართი სადგურის მეშვეობით ახდენს ბუნებრივი გაზის რეალიზაციას, დღემდე ახერხებს სასურველი, დამოწმების ვადაგასული მრიცხველით ბუნებრივი გაზის მოხმარებას, მისთვის მისაღები პირობებით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ კომისიაში და თბილისის საქალაქო სასამართლოში დავის განხილვის პერიოდში, შპს „...სა“ და შპს „თ...ის“ შორის არსებობდა „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებით“ რეგულირებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის თანახმად, ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატი ვალდებული იყო, უზრუნველეყო ბუნებრივი გაზით შესაბამისი მომხმარებლის უწყვეტი და საიმედო მომარაგება კანონმდებლობის, ლიცენზიის პირობების, „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებისა“ და შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების თანახმად. გამყიდველს ჰქონდა ვალდებულება, მიეწოდებინა მყიდველისთვის ბუნებრივი გაზი მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობდა ვალდებულებას, გადაეხადა მიღებული (მოხმარებული) ბუნებრივი გაზის საფასური ლიცენზიატის კუთვნილი აღრიცხვის კვანძის ჩვენებების საფუძველზე და დაეცვა მოქმედი კანონმდებლობით, „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებითა“ და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.

კასატორის განმარტებით, კომისიის ყველა აქტი შპს „...ს“ გასაჩივრებული ჰქონდა სასამართლოში. ამასთან, სადავო მრიცხველთან დაკავშირებით, შპს „...ი“, როგორც ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატთან, ისე ბუნებრივი გაზის მიმწოდებელთან იმყოფება სამოქალაქო დავაში და ამ გზით მათთვის აკრძალული აქვს ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტა, მრავალწლიანი პერსპექტივით. ამ პირობებში, მოცემულ საქმეზე შპს „...მა“ ვერ დაასაბუთა, რა ზიანი მიადგა კომისიის გასაჩივრებული აქტით და ვერ მიუთითა რაიმე სამართლებრივ შედეგზე, ვინაიდან შედეგი უკვე დამდგარი იყო - კომისიის თითქმის ყველა გადაწყვეტილების თუ წერილობითი პასუხის სასამართლოში გასაჩივრებით შპს „...ს“ რეალიზებული ჰქონდა სასამართლოსთვის მიმართვის უფლება. მას მიეწოდებოდა ბუნებრივი გაზი და ნორმატიული დანაწესების საწინააღმდეგოდ, მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურს ანგარიშობდა მისთვის სასურველი მრიცხველით. კომპანია ხელს უშლიდა შპს „თ...ის“ კანონიერად დამოწმებული გამართული აღრიცხვის კვანძის მოწყობაში და მოხმარებული და რეალიზებული ბუნებრივი გაზის საზღაურის მიღებაში. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად გაიზიარა მოსარჩელის მითითებები, არ შეაფასა კომისიის პოზიცია და დაადგინა არასწორი მოცემულობა. სადავო საკითხზე არსებობს კომისიის არაერთი გადაწყვეტილება და წერილობითი განმარტება, მათ შორის - 2019 წლის 24 აპრილის N33/12 გადაწყვეტილება და მასზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 იანვრის N3/3775-19 გადაწყვეტილება.

კასატორის განმარტებით, როგორც შპს „...ის“, ისე შპს „თ...ის“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, კომისიამ საფუძვლიანად შეისწავლა და გამოიკვლია. კომისიის გადაწყვეტილება სამართლებრივად დასაბუთებულია და მიღებულია დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. გადაწყვეტილების მიღებისას ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას. სადავო აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. მოქმედი სპეციალური საკანონმდებლო რეგულაციების საფუძველზე, კონტროლის განსახორციელებლად კომისიას სახელმწიფოსაგან გადაცემული აქვს განსაზღვრული რეგულირების სფეროები - ელექტროენერგეტიკა, ბუნებრივი გაზი, წყალმომარაგება და ამ სფეროებში სადავო საკითხების გადაწყვეტის ფართო დისკრეცია. დელეგირებული კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის საქმიანობა წარმოადგენს ადმინისტრირების ერთ-ერთ განსაკუთრებულ სახეს. ამდენად, კომისია განსაკუთრებული მაკონტროლებელი ფუნქციების მატარებელია. მომხმარებლის მოთხოვნის ნორმატიულ დანაწესებთან შესაბამისობის შესწავლა კომისიის რეგულირებადი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია. სააპელაციო სასამართლომ ვერ უზრუნველყო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური და მატერიალური კანონიერების გადამოწმება, რამაც მთლიანობაში არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო საჩივარი შეიცავს დასაბუთებულ სამართლებრივ არგუმენტაციას, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონთან შეუსაბამობის თაობაზე.

კასატორის მოსაზრებით, განსახილველი საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები ხელს შეუწყობს კომისიაში მრიცხველის შეცვლის თაობაზე ლიცენზიატის უფლებამოსილების საკითხის განხილვის არსის გააზრებას და ადმინისტრაციული ორგანოს უფლება-მოვალეობების დაზუსტებას, კომისიის მიერ გადაწყვეტილებათა მიღების ფორმების დაკონკრეტებას, გაანალიზებას. ამავდროულად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება სასარგებლო იქნება კომისიის რეგულირების სფეროში შემავალი ყველა რეგულირებული საწარმოსთვის, კომისიის მიერ ამ კატეგორიის საქმეების გადაწყვეტისას სწორი პრაქტიკის დასამკვიდრებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი. ამავე სასამართლოს 2022 წლის 31 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დადგინდა მხარეთა დასწრების გარეშე საქმის განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2017 წლის 7 თებერვალს შპს „...ის“ დირექტორმა განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მოთხოვნით. განმცხადებელი უსაფუძვლოდ მიიჩნევდა შპს „ყ...ის“ 2017 წლის 3 თებერვლის შეტყობინებას, შპს „...ის“ კუთვნილ ავტოგაზგასამართ სადგურზე არსებული აღრიცხვის კვანძის ... ტიპის ხარჯმზომი მოწყობილობის ... ტიპის მრიცხველით (ელ. კორექტორით ...) შეცვლისა და სამუშაოების ჩატარების თაობაზე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 14 მარტის N6/04-18/103-3483 წერილით შპს „...ს“ ეცნობა, რომ კომპანიის ქმედება შეესაბამებოდა კომისიის 2009 წლის 9 ივლისის N12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ შესაბამის მოთხოვნებს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 14 მარტის N6/04-18/103-3483 წერილი შპს „...მა“ გაასაჩივრა სასამართლოში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 სექტემბრის N3/1841-17 გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 14 მარტის N6/04-18/103-3483 წერილი და კომისიას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, შპს „...ის“ 2017 წლის 7 თებერვლის განცხადებასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხის ხელახლა შესწავლის შედეგად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2018 წლის 27 აპრილს მიიღო N30/8 გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს „...ის“ მოთხოვნა, შპს „ყ...ისათვის“ შპს „...ის“ საკუთრებაში არსებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვის კვანძის (მრიცხველის) შეცვლის აკრძალვის თაობაზე. მხარეებს განემარტათ, რომ ბუნებრივი გაზის აღრიცხვის ახალი კვანძის მოწყობის შემთხვევაში, „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ შესაბამისად, აღრიცხვის კვანძის მოწყობა უნდა განხორციელებულიყო შპს „ყ...ის“ მიერ, მომხმარებლისათვის აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე გაწეული ხარჯის გადაკისრების გარეშე. ამასთანავე, „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, აღრიცხვის კვანძი შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებთან და სტანდარტებთან. ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს „ყ...ის“ მოთხოვნა, აღრიცხვის კვანძის შეცვლასთან დაკავშირებით, დავის მონაწილე მხარეებისათვის „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მოთხოვნების შესრულების დავალდებულების შესახებ. ასევე არ დაკმაყოფილდა შპს „ყ...ის“ მოთხოვნა, შპს „...სა“ და შპს „ყ...ს“ შორის არსებული დავის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის (დაუყოვნებლივ აღსრულებაზე მიქცევის) თაობაზე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 27 აპრილის N30/8 გადაწყვეტილების პირველი და მეორე პუნქტები შპს „...მა“ სასამართლო წესით გაასაჩივრა. კომპანიამ მოითხოვა აღნიშნული პუნქტების ბათილად ცნობა და შპს „ყ...ისათვის“ შპს „...ის“ საკუთრებაში არსებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვის კვანძის (მრიცხველის) შეცვლის აკრძალვის შესახებ შპს „...ის“ მოთხოვნის დაკმაყოფილება.

2019 წლის 18 თებერვალს შპს „...ის“ დირექტორმა განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას. განმცხადებელმა მოითხოვა შპს „ყ...ის“ მხრიდან შპს „...თან“ შეთანხმების, ხელშეკრულებისა და აქტის გარეშე, ე.წ. „საკონტროლო მრიცხველის“ დამონტაჟების კანონიერების შესწავლა; ამ მრიცხველის მონაცემებით მოთხოვნილი თანხის კანონიერების შესწავლა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით და შპს „ყ...ისთვის“ შპს „...ის“ მიმართ გაზის მიწოდების შეწყვეტის აკრძალვა, დავის დასრულებამდე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 19 თებერვლის N6/01-16-1658 წერილით შპს „ყ...ს“ აეკრძალა დავის დასრულებამდე მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტა, მიმდინარე საფასურის გადახდის პირობით და დაევალა 10 სამუშაო დღის ვადაში საკითხთან დაკავშირებით წერილობითი განმარტების წარდგენა.

შპს „ყ...ის“ 2019 წლის 27 თებერვლის წერილით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ეცნობა, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის N12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს, ხოლო პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-80 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, გაზის მრიცხველების სავალდებულო დამოწმების პერიოდულობა, მათი მაქსიმალური ხარჯიდან გამომდინარე, შეადგენს 4 და 10 წელს. „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მეორე მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს ანგარიშსწორებისათვის მომხმარებელთან მოწყობილი აღრიცხვის კვანძის გამართული მუშაობა, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაწილების ლიცენზიატს ევალება ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა, თუ ირღვევა ტექნიკური რეგლამენტისა და უსაფრთხოების წესების მოთხოვნები.

ამავე წერილის მიხედვით, შპს „...ის“ გამზომი კვანძის დიაფრაგმაზე, მილსადენის შიდა დიამეტრზე, მილსადენის შიდა ზედაპირის სიმქისესა და სწორ მონაკვეთზე გავიდა პერიოდული დამოწმების ვადა. შესაბამისად, შპს „ყ...მა“, ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების მოთხოვნების გათვალისწინებით, მომხმარებელს მოსთხოვა, გონივრულ ვადაში მოეხდინა მოცემული სწორხაზოვანი ელემენტების მორიგი პერიოდული დამოწმება, თუმცა აბონენტმა ეს მოთხოვნა არ შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ დაუმოწმებელი გამზომი კვანძის ექსპლუატაციის პირობებში მოხმარებული ბუნებრივი გაზის არასწორად აღრიცხვის ალბათობა საკმაოდ დიდია, შპს „ყ...მა“ გაითვალისწინა შპს „...ის“ ინტერესები და არ შეუწყვიტა მას გაზმომარაგება. ამასთან, 2018 წლის დეკემბერში, კომპანიამ მომხმარებლის ობიექტისაგან განცალკევებით მოაწყო საკონტროლო აღრიცხვის კვანძი (მრიცხველი ..., კორექტორით ...), რომლის მეშვეობითაც უზრუნველყოფს აბონენტის მიერ ფაქტობრივად მოხმარებული ბუნებრივი გაზის ზუსტ აღრიცხვას. წერილის ავტორმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აღრიცხვის კვანძის აღრიცხვიანობის უკეთესი სიზუსტის გამო, შპს „ყ...ის“ არც ერთ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს არ აღერიცხება მოხმარებული გაზის მოცულობა ... ხარჯმზომი კონტროლერის მეშვეობით.

წერილში ასევე მითითებულია, რომ საკონტროლო აღრიცხვის კვანძის ჩვენების მიხედვით, შპს „...ის“ მიერ მიმდინარე წლის იანვრის თვეში მოხმარებულმა ბუნებრივი გაზის მოცულობამ შეადგინა 75210,00 კუბური მეტრი, ხოლო უშუალოდ მისმა აღრიცხვის კვანძმა, რომელიც აგებულია ... ტიპის ხარჯმზომზე და გასული აქვს პერიოდული დამოწმების ვადა, დააფიქსირა მხოლოდ 68602,00 კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის ხარჯი. ანუ, შპს „...ის“ მრიცხველის ცდომილებამ მომხმარებლის სასარგებლოდ შეადგინა თითქმის 10% (თანხობრივად - 6721,14 ლარი), რაც შპს „ყ...ისათვის“ ზარალს წარმოადგენს.

ამავე წერილით შპს „ყ...ი“ დაუსაბუთებლად მიიჩნევს შპს „...ის“ განცხადებას, საკონტროლო აღრიცხვის კვანძის მონტაჟის უკანონობის თაობაზე, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 მაისის განჩინებით მისი დაყენება აიკრძალა უშუალოდ შპს „...ის“ ობიექტზე, ხოლო შპს „ყ...მა“ საკონტროლო კვანძი მოაწყო თავის კუთვნილ გამანაწილებელ ქსელზე, შპს „...ის“ ობიექტისაგან განცალკევებულად. თუ განმცხადებელს ეჭვი ეპარება შპს „ყ...ის“ მიერ მოწყობილი საკონტროლო მრიცხველის აღრიცხვიანობის სიზუსტეში, კომპანია გამოთქვამს მზადყოფნას, შპს „...ისთვის“ მისაღებ ნებისმიერ აკრედიტებულ ლაბორატორიაში საკონტროლო მრიცხველის საექსპერტო შემოწმების განხორციელებასთან დაკავშირებით.

წერილში ხაზგასმულია, რომ შპს „...ზე“ დარიცხული თანხა - 76 497,94 ლარის ოდენობით წარმოადგენს აბონენტის მიერ 2019 წლის იანვრის თვეში მხოლოდ ფაქტობრივად მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულებას (მიმდინარე დავალიანებას), რომელიც მომხმარებელმა სრულად არ გადაიხადა. 2019 წლიდან, მითითებულ აბონენტთან ყოველთვიური ანგარიშსწორება განხორციელდება შპს „ყ...ის“ საკონტროლო მრიცხველის მეშვეობით.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის 2019 წლის 11 მარტის N1/04-18-2515 წერილით შპს „...ს“ ეცნობა, რომ შპს „ყ...ის“ მიერ საკონტროლო მრიცხველის დაყენება არ ეწინააღმდეგებოდა „წესებით“ დადგენილ მოთხოვნებს. კომპანია უფლებამოსილი იყო, აღნიშნული მრიცხველის მეშვეობით განეხორციელებინა დარიცხვა. ამავე წერილით მხარეს განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელს ეჭვი ეპარებოდა შპს „ყ...ის“ მიერ მოწყობილი საკონტროლო მრიცხველის აღრიცხვიანობის სიზუსტეში, კომპანია გამოთქვამდა მზადყოფნას, შპს „...ისთვის“ მისაღებ ნებისმიერ აკრედიტირებულ ლაბორატორიაში საკონტროლო მრიცხველის საექსპერტო შემოწმების განხორციელებასთან დაკავშირებით.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის 2019 წლის 11 მარტის N1/04-18-2515 წერილი შპს „...მა“ 2019 წლის 18 მარტის საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში. საჩივრის ავტორმა მოითხოვა შპს „ყ...ისთვის“ ე.წ. „საკონტროლო მრიცხველის“ დემონტაჟის დავალება, აღნიშნული მრიცხველის ძირითად მრიცხველად გამოყენების აკრძალვა და შპს „...ის“ მიმართ უკანონო თანხების გადახდის მოთხოვნის აკრძალვა, ასევე, დავის დასრულებამდე შპს „ყ...ისთვის“ შპს „...ისთვის“ მიწოდების შეწყვეტის აკრძალვა.

შპს „...მა“ 2019 წლის 25 მარტს განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და ამავე კომისიის თავმჯდომარის 2019 წლის 11 მარტის N1/04-18-2515 წერილის სასამართლოში გასაჩივრების გამო, მოითხოვა შპს „ყ...ისთვის“ შპს „...ის“ მიმართ ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის აკრძალვა.

შპს „...მა“ კომისიის 2019 წლის 4 აპრილის სხდომაზე დააზუსტა კომისიაში წარდგენილი მოთხოვნა და მოითხოვა შპს „ყ...ის“ კუთვნილი აღრიცხვის კვანძის (მრიცხველის) საფუძველზე დარიცხული თანხის უკანონოდ მიჩნევა, ასევე აღნიშნული მრიცხველით დარიცხვის შეწყვეტა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 24 აპრილის N33/12 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს „...ის“ მოთხოვნა, შპს „ყ...ის“ კუთვნილი აღრიცხვის კვანძის (მრიცხველის) საფუძველზე დარიცხული თანხის უკანონოდ მიჩნევისა და აღნიშნული მრიცხველით დარიცხვის შეწყვეტის შესახებ. ამავე გადაწყვეტილებით შპს „ყ...ს“ დაევალა მიერთების სქემის გამარტივება გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში და შპს „...ის“ წინასწარი ინფორმირების უზრუნველყოფა აღნიშნული სამუშაოების განხორციელების თარიღის შესახებ.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს მოქმედი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი იყო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სამართლებრივი აქტების შესრულების სავალდებულოობა ლიცენზიატისათვის, ბუნებრივი გაზის მიმწოდებლისა და მომხმარებლისათვის, ხოლო 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ხაზგასმული იყო განაწილების ლიცენზიატის ვალდებულება, ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში მომსახურება განეხორციელებინა ამ კანონის, მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ლიცენზიატის საინვესტიციო პროგრამის შესაბამისად. ამავე კანონით, კომისიის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციად განსაზღვრული იყო ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლებს, ბუნებრივი გაზის მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში; (კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი).

დადგენილია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 11 მარტის N1/04-18-2515 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველი გახდა ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებლის - შპს „...ის“ 2019 წლის 18 თებერვლის განცხადება, რომელიც შეეხებოდა განაწილების ლიცენზიატის - შპს „ყ...ის“ მიერ ე.წ. „საკონტროლო მრიცხველის“ დამონტაჟებისა და ამ მრიცხველის მონაცემებით მოთხოვნილი თანხის კანონიერების შესწავლას. ამავე აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგლირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის N12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები“.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი ზემოაღნიშნული „წესები“ ემსახურებოდა მომხმარებელთა უფლებების დაცვას, ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატებს, მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზანს და გამომდინარეობდა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონიდან. „წესებთან“ შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალული იყო. ბუნებრივი გაზის მიმწოდებლები, განაწილების ლიცენზიატები და მომხმარებლები ვალდებულნი იყვნენ, დაეცვათ ამ წესებში მოცემული ნორმები („წესების“ პირველი მუხლი). მითითებული „წესების“ მეორე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ბუნებრივი გაზით მომარაგების ძირითად პრინციპს წარმოადგენდა მომხმარებლის შესაბამისი პარამეტრების ბუნებრივი გაზით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგება კანონმდებლობის, ლიცენზიის პირობების, ამ წესებისა და მისი შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“, „თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებული იყო, გამართულ მდგომარეობაში ჰქონოდა გამანაწილებელი ქსელი, ანგარიშსწორებისათვის მოეწყო ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძი (აღრიცხვის კვანძები) და უზრუნველეყო მათი გამართული მუშაობა. ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებთან, ტექნიკური რეგლამენტისა და უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობის (დარღვევების) აღმოჩენის მიზნით, ლიცენზიატი ვალდებული იყო, ამ წესების შესაბამისად, ეწარმოებინა საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული გაზმომარაგების სისტემის, მათ შორის, მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელის, გაზდანადგარების, ხელსაწყოებისა და მათი ქსელთან მიერთების საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებთან, ასევე, ამ დანადგარების შესაბამის ტექნიკურ დოკუმენტაციასთან (მათ შორის, სამონტაჟო-საექსპლუატაციო დოკუმენტაციასთან) შესაბამისობის სისტემატური შემოწმება და განეხორციელებინა სათანადო რეაგირება. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებული იყო, დაუყოვნებლივ მოეხდინა სათანადო რეაგირება და შეეწყვიტა ბუნებრივი გაზით მომარაგება, თუ დაირღვეოდა ტექნიკური რეგლამენტისა და უსაფრთხოების წესების მოთხოვნები.

„წესების“ მე-7 მუხლი შეეხებოდა აღრიცხვის კვანძის მოწყობას. ამ მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის პირველი პუნქტის შესაბამისად, საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარება უნდა აღრიცხულიყო ინდივიდუალურად. განაწილების ლიცენზიატი ვალდებული იყო, ამ მიზნით მოეწყო აღრიცხვის კვანძი, შესაბამისად, შეეძინა, დაემონტაჟებინა და შეეკეთებინა აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა სახის მოწყობილობები, დანადგარები და სხვა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფს აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავს მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან. ამავე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მეორე პუნქტის თანახმად, საჭიროების შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატს უფლება ჰქონდა, ხოლო ამ წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ვალდებული იყო, მოეხსნა, შეეკეთებინა, დაემოწმებინა და შეეცვალა აღრიცხვის კვანძი (მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველი), ასევე, სხვა სახის მისი კუთვნილი მოწყობილობები, მათ შორის, დანადგარები, რომლებიც აღრიცხვიანობისთვის არის საჭირო.

მითითებული „წესების“ მე-7 მუხლი მე-5 პუნქტის თანახმად, აღრიცხვის კვანძი შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებთან და სტანდარტებთან. აღრიცხვის კვანძი უნდა მოწყობილიყო ისე, რომ დაინტერესებულ პირს ჰქონოდა მრიცხველის ჩვენების აღების საშუალება, ასევე, განაწილების ლიცენზიატს შეძლებოდა ამ წესების შესაბამისად, დაუბრკოლებლად განეხორციელებინა სხვა სახის სამუშაოები.

ზემოაღნიშნული „წესების“ მე-9 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, დაზიანებული აღრიცხვის კვანძის, ასევე, მისი შემადგენელი მრიცხველების, სხვა სახის დანადგარებისა და მოწყობილობების აღდგენას, შეცვლასა და დამონტაჟებას უზრუნველყოფდა განაწილების ლიცენზიატი თავისი ხარჯით, გარდა ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე „წესების“ მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზის მოხმარების აღრიცხვის კვანძის მოწყობას, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის შეძენას, შეცვლას, მოხსნას, შემოწმებას, დამოწმებას ან/და დამონტაჟებას უზრუნველყოფდა განაწილების ლიცენზიატი. ბუნებრივი გაზის მრიცხველი შეიძლებოდა მოხსნილიყო, თუ მრიცხველს გასული ჰქონდა დამოწმების ან/და გეგმიური შემოწმების ვადა - მრიცხველის დამოწმების ან მისი გამოცვლის მიზნით. ამავე მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, ბუნებრივი გაზის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებული იყო, ბუნებრივი გაზის მრიცხველის მოხსნისთანავე დაემონტაჟებინა სხვა მრიცხველი (მიუხედავად იმისა, საჭიროებდა თუ არა ძველი (მოხსნილი) მრიცხველი, ამა თუ იმ გარემოებიდან გამომდინარე, ლაბორატორიულ ან/და სხვა სახის შემოწმებას) ან ემოქმედა ამ მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად.

ამავე „წესების“ 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებული იყო, უზრუნველეყო ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული გაზმომარაგების სისტემის, მათ შორის, მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელის, გაზდანადგარების ან მოწყობილობების გამართულობა, ტექნიკურ დოკუმენტაციასთან, ტექნიკურ რეგლამენტთან და უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის შემოწმებით, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად (ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად). აღნიშნული შემოწმება მიზნად ისახავდა ტექნიკურ რეგლამენტთან და უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობის (დარღვევების) აღმოჩენასა და ამ დარღვევის შესაძლო შედეგებზე საცალო მომხმარებელთა წერილობით ინფორმირებას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული დავის შინაარსიდან გამომდინარე, ერთი მხრივ, უნდა დადასტურდეს შპს „თ...ის“ ექსკლუზიური უფლებამოსილება, შპს „...ისათვის“ საკონტროლო მრიცხველის დამონტაჟებასთან დაკავშირებით, ხოლო მეორე მხრივ - გამოირიცხოს შესაძლო უზუსტობა, რომელიც უკავშირდება ლიცენზიატის მიერ დამონტაჟებული მრიცხველის მეშვეობით ბუნებრივი გაზის მოხმარების აღრიცხვას.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ლიცენზიატისათვის ზემოაღნიშნული „წესებით“ მინიჭებული უფლებამოსილებები, მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვის სიზუსტის დადგენას და შესაბამისად, მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის საფასურის სწორად დარიცხვას ემსახურება. თავისთავად ის გარემოება, რომ განაწილების ლიცენზიატის მხრიდან წარმოიშობა მომხმარებლისათვის საკონტროლო მრიცხველის დაყენების აუცილებლობა, მიუთითებს ბუნებრივი გაზის მოხმარების არასწორად აღრიცხვის საფრთხზე. ლიცენზიატის მიზანს წამოადგენს ბუნებრივი გაზის მოხმარების აღრიცხვა დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში არსებული მრიცხველის მეშვეობით და მომხმარებლისათვის არასწორად დარიცხვის თავიდან აცილება. კომისიის 2009 წლის 9 ივლისის N12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებიდან“ გამომდინარეობს, რომ აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს. ბუნებრივი აირის აღრიცხვის მიზნით, აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს განაწილების ლიცენზიატი. სწორედ განაწილების ლიცენზიატის უფლებამოსილებას განეკუთვნება მის მიერ მოწყობილი აღრიცხვის კვანძის შესაბამისობის დადგენა მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებთან და სტანდარტებთან.

დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ლიცენზიატის მიერ ხარჯმზომი მოწყობილობა ... მრიცხველით (ელ. კორექტორით ...) მოსარჩელე კომპანიის სადგურზე ხარჯთაღმრიცხველი კონტროლერის - ...-ის შეცვლის მიზეზი გახდა მიწოდებული ბუნებრივი აირის მოცულობის არასრულად აღრიცხვა და დანაკარგის გაზრდა. ასევე უდავოა, რომ აღრიცხვის კვანძის შეცვლა (საკონტროლო მრიცხველის მოწყობა), ლიცენზიატმა განახორციელა შესაბამისი სპეციალური ნორმების შემცველი ნორმატიული აქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა საცალო მომხმარებელთან მიმართებაში აღრიცხვის ერთიანი სტანდარტის დაცვის პრინციპიდან გამომდინარე.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის ერთ-ერთი მიზანია სტანდარტიზაციის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება. აღნიშნული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სტანდარტიზაციის სფეროში ეს კოდექსი ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტების უპირატესობის პრინციპს. ამავე კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სტანდარტი უნდა ემყარებოდეს პრაქტიკული გამოცდილების, მეცნიერებისა და ტექნიკის განზოგადებულ შედეგებს და მიზნად უნდა ისახავდეს წარმოების ეფექტიანობის და თავსებადობის ზრდას. საგულისხმოა, რომ კოდექსის 66-ე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს სტანდარტის გამოყენების ნებაყოფლობითობაზე, თუმცა ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, უპირატესობა ენიჭება შესაბამის სფეროში საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების გამოყენებას. ამავე კოდექსის მე-80 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, გაზის მრიცხველების სავალდებულო დამოწმების პერიოდულობა, მათი მაქსიმალური ხარჯიდან გამომდინარე, შეადგენს 4 და 10 წელს.

საქმის მასალებით დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ შპს „...ის“ გამზომი კვანძის დიაფრაგმაზე, მილსადენის შიდა დიამეტრზე, მილსადენის შიდა ზედაპირის სიმქისესა და სწორ მონაკვეთზე გავიდა პერიოდული დამოწმების ვადა. შესაბამისად, შპს „ყ...ს“, როგორც განაწილების ლიცენზიატს, გააჩნდა უფლებამოსილება, შპს „...ისათვის“ მოეთხოვა გონივრულ ვადაში გაზის მრიცხველის მორიგი პერიოდული დამოწმება. შესაბამისი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მოხმარებული ბუნებრივი გაზის არასწორად აღრიცხვის მაღალი ალბათობის გათვალისწინებით, შპს „ყ...მა“, მომხმარებლის ობიექტისაგან განცალკევებით მოაწყო საკონტროლო აღრიცხვის კვანძი (მრიცხველი ..., კორექტორით ...), რომლის მეშვეობითაც უზრუნველყოფს აბონენტის მიერ ფაქტობრივად მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვას. სადავო წარმოებასთან დაკავშირებული მასალებით დგინდება, რომ ამ მოსარჩელის კატეგორიის მომხმარებლებისთვის მიწოდებული ბუნებრივი აირის მოცულობის არასრულად აღრიცხვიანობისა და დანაკარგების გაზრდის გამო, ხარჯთაღმრიცხველ კონტროლერს - ...-ს ლიცენზიატი ყველა სადგურზე ცვლის ხარჯმზომი მოწყობილობა ... მრიცხველით (ელ. კორექტორით ...).

საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის მხრიდან საწინააღმდეგო მტკიცებულებების წარმოუდგენლობის პირობებში, დადასტურებულად უნდა იქნეს მიჩნეული, რომ მომხმარებელთან მიმართებაში ლიცენზიატის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ქმედებები გამომდინარეობს საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი ერთგვაროვანი მიდგომიდან და განაწილების ლიცენზიატს გააზრებული აქვს ამგვარი მიდგომის ეფექტურობა. ამ პირობებში, შპს „...ი“, როგორც ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებელი, დამოწმებისათვის ვადაგასული მრიცხველის მეშვეობით მოიხმარს ბუნებრივი გაზს, მისთვის მისაღები პირობებით. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არასანდოდ მიჩნეული მრიცხველის გამოყენებით მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვის პროცესში ცდომილების დაშვების მაღალი ალბათობის პირობებში, გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და მასთან ადაპტირების მნიშვნელობას. „..დაუშვებელია, თუნდაც წინმსწრებ პერიოდში არასათანადო წესით დამონტაჟების პირობებში, განაწილების ლიცენზიატს - შპს „ყ...ს“ (შპს „თ...ის“ წინამორბედს) წაერთვას შესაძლებლობა, დამოწმების მოწმობის მოქმედების ვადის განმავლობაში ხარვეზის აღმოფხვრისათვის ობიექტზე მოახდინოს ბუნებრივი გაზის დანახარჯის მეტი სიზუსტით აღმრიცხველი მრიცხველის მონტაჟი..“(სუს 2022 წლის 10 ნოემბრის Nბს-1194(კ-21) განჩინება)...ტექნოლოგიური განვითარების კვალდაკვალ, იზრდება ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარების გამოყენების საჭიროება. ტექნოლოგიური ნოვაციებისათვის ტემპის შეთავსება და ეტაპობრივი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება წარმოადგენს ერთგვარ გარანტიას წარმოების ხარისხის, მისი ეფექტიანობის დახვეწისა და ზრდისათვის. საერთაშორისო თუ ეროვნულ სტანდარტებთან თავსებადობის მიღწევით პრეზუმირდება, რომ უმჯობესდება ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების შედეგები. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტულ ლიცენზირებად საქმიანობაში ნოვატორული ტექნოლოგიური საშუალებების დანერგვა არ არის კანონმდებლის თვითმიზანი, მას გააჩნია ობიექტური ახსნა და ასეთი მიდგომა განპირობებულია თანამედროვე ტექნიკური საშუალებების მეტი ეფექტიანობითა და სიზუსტით..“(სუს 2022 წლის 10 ნოემბრის Nბს-1194(კ-21) განჩინება).

საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ შპს „ყ...ის“ მიერ საკონტროლო მრიცხველის დაყენება ეწინააღმდეგებოდა სადავო პერიოდში მოქმედი ზემოაღნიშნული „წესებით“ დადგენილ მოთხოვნებს. საგულისხმოა, რომ სადავო აქტში ასახულია განაწილების ლიცენზიატის პოზიცია - მისი მზადყოფნა, მოწყობილი საკონტროლო მრიცხველის აღრიცხვიანობის სიზუსტის დადგენის მიზნით, შპს „...ისთვის“ მისაღებ ნებისმიერ აკრედიტირებულ ლაბორატორიაში განხორციელებულიყო საკონტროლო მრიცხველის საექსპერტო შემოწმება. ამასთანავე, კანონმდებლობა განაწილების ლიცენზიატს ავალდებულებს, საკუთარი სახსრებით განახორციელოს არსებული აღრიცხვის კვანძის ჩანაცვლებისათვის საჭირო ყველა ღონისძიება. მოსარჩელეს ასევე არ წარმოუდგენია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებული იმ გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულებები, რომ 2019 წლის იანვრის თვის მონაცემებით, შპს „...ის“ მრიცხველის ცდომილებამ მომხმარებლის სასარგებლოდ შეადგინა თითქმის 10% (საკონტროლო აღრიცხვის კვანძის ჩვენების მიხედვით, შპს „...ის“ მიერ 2019 წლის იანვრის თვეში მოხმარებულმა ბუნებრივი გაზის მოცულობამ შეადგინა 75210,00 კუბური მეტრი, ხოლო უშუალოდ მისმა აღრიცხვის კვანძმა, რომელიც აგებულია ... ტიპის ხარჯმზომზე და გასული აქვს პერიოდული დამოწმების ვადა, დააფიქსირა მხოლოდ 68602,00 კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის ხარჯი).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის სწორად გადაწყვეტა დამოკიდებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის კანონმდებლობის შესაბამისად გადანაწილებაზე. ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საგულისხმოა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა სადავო აქტი, თუმცა მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციული ორგანოსთვის დაკისრება არ გამორიცხავს მოწინააღმდეგე მხარის გათავისუფლებას სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ მიუთითა შესაბამის ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე, რომლებითაც გამოირიცხებოდა განაწილების ლიცენზიანტის შესაძლებლობა - შპს „...ის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების კვანძზე დაემონტაჟებინა საკონტროლო მრიცხველი და შესაბამისი მრიცხველით აღრიცხული მონაცემების საფუძველზე მოეხდინა ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვა. მოსარჩელე კომპანიას, სამართლებრივ ნორმებზე მითითებით, არ წარმოუდგენია დასაბუთებული არგუმენტაცია და შესაბამისი მტკიცებულებები, რასაც შეიძლებოდა გამოერიცხა შპს „...ის“ ...-ის ტიპის აღრიცხვის კვანძის მრიცხველის საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი მრიცხველით ჩანაცვლება განაწილების ლიცენზიატის მხრიდან.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. კონკრეტული გარემოებების გამოკვლევა და შეფასება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას უნდა წარმოადგენდეს. „..საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება..“ (სუს 13.12.2018წ. Nბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება). საკასაციო პალატა არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, განსახილველი დავის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტის აუცილებლობის თაობაზე. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები საკმარისია იმისათვის, რომ დადასტურდეს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული სადავო აქტის კანონიერება. ქვედა ინსტანციის სასამართლოებს ჰქონდათ სრული პროცესუალური შესაძლებლობა, თავად გადაეწყვიტათ სადავო საკითხი და არსებითად ემსჯელათ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ სათანადო გარემოებებზე მითითების გარეშე ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მართებულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება, თუმცა შესაბამისი ნორმატიული საფუძვლის არსებობის პირობებში არ იმსჯელა განაწილების ლიცენზიატის - შპს „ყ...ის“ (შპს „თ...ის“ წინამორბედის) შესაძლებლობაზე - ავტოგაზგასამართ სადგურზე უზრუნველყოს საკონტროლო მრიცხველის დამონტაჟება, იმ შემთხვევაში, როდესაც აღრიცხვის კვანძი არ შეესაბამება საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს. ამასთანავე, საქმის მასალები და შესაბამის სფეროში საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებისათვის უპირატესობის მინიჭების პრინციპი ცხადყოფს, რომ ლიცენზიატის მიერ განსაზღვრული წესით აღრიცხვის კვანძის მოწყობის უკანონოდ მიჩნევა წარმოშობს ლიცენზიატთან ანგარიშსწორების წესისა და პირობების თვითნებურად განსაზღვრის რისკს.

საკასაციო პალატა მოცემული დავისათვის ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის Nბს-1194(კ-21) განჩინებაში ასახულ მსჯელობას, რომელიც უკავშირდება შპს „...სა“ და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას შორის არსებულ დავას, შპს „ყ...ის“ უფლებამონაცვლის - შპს „თ...ისათვის“ შპს „...ის“ საკუთრებაში არსებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვის კვანძის შეცვლის ააკრძალვის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე. საკასაციო პალატამ საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნებით დადასტურებულად ჩათვალა „...“ ტიპის გაზის მრიცხველის ზოგადი არასანდოობა პულსირებული ნაკადის წარმოქმნის დროს და გაურკვევლად მიიჩნია მოსარჩელის ინტერესი ძველი, გაუქმებულ სტანდარტზე მომუშავე მრიცხველის შენარჩუნების მიმართ. საკასაციო სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ობიექტზე დამონტაჟებული აღრიცხვის კვანძის სათანადო საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული მრიცხველით შეცვლის გარეშე, განაწილების ლიცენზიატს მოუწევდა ყველა მიმწოდებლის მიმართ ინდივიდუალური მიდგომის გატარება, რაც შექმნიდა ქაოტურ მდგომარეობას და გააჭიანურებდა მოქმედ სტანდარტებთან თავსებადი აღრიცხვის კვანძების ექსპლუატაციაში ჩაშვების პროცესს. „..მრიცხველის შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას არსებით, გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს არა კონკრეტულ ობიექტზე მისი გამოყენების შედეგები, ანუ დამონტაჟებული მრიცხველის ამ ობიექტზე აღრიცხვიანობის სიზუსტე, არამედ უშუალოდ მითითებული აღრიცხვის კვანძის ზოგადი ვარგისიანობა და სანდოობა. თავად გაზის მრიცხველის მახასიათებლები უნდა იყოს მაქსიმალურად სარწმუნო, რათა მისი ექსპლუატაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შედეგად მოხმარებული ბუნებრივი გაზის ოდენობის აღრიცხვის პროცესში მაქსიმალურად იქნეს დაზღვეული ყველანაირი რისკისა და ლაფსუსის პოტენციურად წარმოშობა. სხვაგვარად, განაწილების ლიცენზიატი ვერ შეძლებდა ყველა ობიექტზე დროულად და ეფექტურად საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი აღრიცხვის კვანძების შეცვლა-დამონტაჟებას, რასაც, ობიექტთა სიმრავლის გათვალისწინებით, უკვე არსებული გაზის მრიცხველების უზუსტობის შემთხვევაში, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ზიანი მიეყენებინა უშუალოდ განაწილების ლიცენზიატისათვის. აღნიშნულის საპირწონედ, არც საქმის მასალებით და არც მოსარჩელის არგუმენტაციით არ იკვეთება შპს „...ისათვის“ გაზის მრიცხველის შეცვლის შედეგად რაიმე ხელშესახები ზიანის მიყენების რისკი ან ამგვარი რისკის წარმოშობის გონივრული საფრთხეები, რაც სასამართლოს სხვაგვარი მსჯელობის საფუძველს მისცემდა..“(სუს 2022 წლის 10 ნოემბრის Nბს-1194(კ-21) განჩინება).

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. შესაბამისად, უსაფუძვლოა სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების გათვალისწინებით, უნდა გაუქმდეს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის პირობებში, შპს „...ის“ მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად. ამასთანავე, შპს „...ს“ უნდა დაეკისროს მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ სააპელაციო სასამართლოში გადახდილი 150 ლარის და საკასაციო სასამართლოში გადახდილი 300 ლარის (სულ 450 ლარის) ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. შპს „...ის“ მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

5. შპს „...ს“ დაეკისროს მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში საქმის განხილვისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე