საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-834 (2კ-22) 01 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - ლ. მ-ი, მ. მ-ი (მოსარჩელე); ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 მაისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. და მ. მ-ებმა 2021 წლის 16 აგვისტოს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, რომლითაც მოპასუხის 2021 წლის 13 ივლისის №882 განკარგულების ბათილად ცნობა და მიწის ნაკვეთზე (№... საკადასტრო კოდის მომიჯნავე მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობი 447 კვ.მ) ლ. მ-ისა და მ. მ-ის თანასაკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. მ-ისა და მ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 13 ივლისის №882 განკარგულება; მოპასუხეს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ მოსარჩელეებთან დაკავშირებით კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 მაისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ლ. მ-ისა და მ. მ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია აღნიშნავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 13 თებერვლის №576 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, ლ. მ-ს და მ. მ-ს უარი ეთქვათ მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ა, საერთო ფართობი 444.00 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე. კომისიამ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ არ დასტურდებოდა განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. კასატორი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილსა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის მე-19 მუხლზე, რომლის თანახმად, განცხადება, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება ხელახლა წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადების განუხილველად დატოვებას ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. კომისიამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში განცხადებაზე წარმოების დაწყების საფუძველი გახდა იმგვარი შინაარსის მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც კომისიას უკვე ჰქონდა ნამსჯელი და მიღებული გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, ხელახალი განცხადების წარდგენა და საკითხის არსებითად განხილვა, კანონის იმპერატიული მოთხოვნით, შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში; კერძოდ, თუკი არსებობს განმცხადებლისათვის ხელსაყრელი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი ფაქტობრივი/სამართლებრივი გარემოება.
კასატორის მითითებით, საქმეში არსებული მასალებიდან ირკვევა, რომ განმცხადებელს წარმოდგენილი ჰქონდა 2018 წლის 25 იანვრის ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, შედგენილი შპს „ე...-ის“ მიერ, რომლის მიხედვით, ლ. მ-ი და მ. მ-ი დაახლოებით 2000 წლიდან ფლობდნენ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთსა (447.00კვ.მ) და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობას. დასკვნის მიხედვით, ასევე ჩანდა, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი და განმცხადებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მოქცეული იყო ერთიან სივრცეში, თუმცა კონკრეტული წელი მითითებული არ იყო. აღნიშნულ დასკვნასთან დაკავშირებით, კომისია განმარტავს, რომ კონკრეტულ პერიოდში არსებული უძრავი ქონების ობიექტური რეალობის ამსახველ მტკიცებულებებს წარმოადგენს ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), რომელიც იძლევა შესაძლებლობას, ობიექტურად განისაზღვროს დედამიწის ზედაპირის მდგომარეობა; კერძოდ, დადგინდეს მიწის ნაკვეთის კონკრეტული საზღვრები, მასზე შენობის არსებობა-არარსებობა და შემოწმდეს მისი განვითარებულობა. ამგვარი ტექნოლოგიური საშუალებები გამორიცხავს სხვა მტკიცებულებებით იმ გარემოების დადგენის საჭიროებას, რაც კონკრეტული, ობიექტური ფაქტების განმსაზღვრელი მტკიცებულებებით დადასტურებას ექვემდებარება. განსახილველ შემთხვევაში კი, 2005, 2010 და 2014 წლის ორთოფოტოებით (აეროფოტოგადაღებებით) დგინდებოდა, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი და განმცხადებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება არ იყო მოქცეული ერთიან სივრცეში და არ იყო შემოსაზღვრული მყარი სასაზღვრო მიჯნით „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და არც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის, რასაც ასევე ადასტურებდა საქმის მასალებში წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზეც დატანილი იყო ნაკვეთის არაფიქსირებული საზღვარი. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნა ეყრდნობოდა დაინტერესებული პირისა და მხარის მიერ წარმოდგენილი მომიჯნავე მეზობლების დასტურს, რაც ეჭვქვეშ აყენებდა მითითებული ექსპერტიზის დასკვნის უტყუარობას.
კასატორის მითითებით, გაურკვეველია როგორ შეიძლება დადგინდეს 2007 წლამდე შენობის არსებობა ფაქტი 2021 წელს ადგილზე დათვალიერებით. კასატორის შეფასებით, არ არსებობდა მტკიცებულება და გარემოება, რომელიც შეიძლება დამატებით გამოკვეთილიყო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, აღნიშნული სასამართლოს მხრიდანაც ვერ იქნა მითითებული და ამ მოცემულობაში სასამართლომ თავი აარიდა საკითხის სამართლებრივ შეფასებას და გადაწყვეტილება მიიღო როგორც საპროცესო, ასევე მატერიალური ნორმების დარღვევით, მაშინ როდესაც საქმეში დაცული მტკიცებულებები იძლეოდა სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას.
კასატორები - ლ. და მ. მ-ები აღნიშნავენ, რომ აღიარების კომისიაში წარდგენილი ჰქონდათ არაერთი მტკიცებულება, რომელიც ცალსახად ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ კანონის მიხედვით მოსარჩელეებს ეკუთვნოდათ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება; კერძოდ, აპელანტებმა 2018 წელს მიმართეს საექსპერტო დაწესებულება შპს „ე...-ს“, რათა მოეხდინათ მათ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთზე განთავსებული ნაგებობის და ტერიტორიის შემომსაზღვრელი ღობის ხანდაზმულობის შესახებ ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის მომზადება. კასატორთა მითითებით, სასამართლოს სწორად უნდა შეეფასებინა ის გარემოება, რომ დასკვნითა და მომიჯნავე ნაკვეთების მფლობელთა ჩვენებებით ცალსახად დადასტურდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ქმნიდა ერთიან სივრცეს. სასამართლოს ყველა წინაპირობა ჰქონდა იმისთვის, რომ დაევალდებულებინა მოპასუხე ახალი აქტის გამოცემით დაკმაყოფილებულიყო გამცხადებლების (კასატორების) მოთხოვნა.
კასატორები აღნიშნავენ, რომ 2018 წელს წარდგენილი განცხადებით მხარეები ითხოვდნენ 447 კვ.მ მიწის ნაკვეთის დაკანონებას და ასევე, წარდგენილი იყო ახალი მტკიცებულებები, მაგალითად, ექსპერტიზის დასკვნა. შესაბამისად, 2018 წელს წარდგენილი განცხადებით შეცვლილი იყო მიწის მონაცემები, რასაც მხარეები განახლებული განცხადებით ითხოვენ და ასევე, დამატებით წარდგენილი იყო ახალი მტკიცებულებები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის განჩინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აგვისტოს განჩინებით, ლ. მ-ისა და მ. მ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, ლ. მ-ისა და მ. მ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე), რომლის ფართობი ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლობა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე თვითნებურად დაკავების საფუძვლით დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების აღიარების ორ ალტერნატიულ პირობას იცნობს: პირველ შემთხვევაში განმსაზღვრელია მიწის ნაკვეთის დაუფლების დრო (კანონის ამოქმედებამდე) და მასზე შენობა-ნაგებობის არსებობის საკითხი მაშინ, როდესაც მეორე საფუძვლით მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაკავებულად მიიჩნევა განმცხადებლის მიერ კანონის ამოქმედებამდე მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის მომიჯნავედ მდებარე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე. ამასთან უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ უნდა იყოს განკარგული.
განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმება საჭიროებს მიწის ნაკვეთზე ლ. და მ. მ-ების საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ კომისიის 2021 წლის 13 ივლისის №882 განკარგულების კანონიერების დადგენას. ხსენებული განკარგულებით, მოსარჩელეებს უარი ეთქვათ საკუთრებაში არსებული ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე 477 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებელთა მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გამოკვლევის შედეგად არ დადგინდა მოსარჩელეების მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. კერძოდ, წარდგენილი დოკუმენტაციისა და აეროფოტოგადაღებების საფუძველზე დადგინდა, რომ განმცხადებლების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ იყო მოქცეული ერთიან სივრცეში და არ იყო შემოსაზღვრული მყარი სასაზღვრო მიჯნით, არც ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და არც გადაწყვეტილების მიღების დროს, რაც არ იძლეოდა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ განმცხადებლები ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე დაუფლებულნი იყვნენ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს და იყენებდნენ მას, როგორც საკუთარს.
საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ ლ. მ-ისა და მ. მ-ის თანასაკუთრების უფლება რეგისტრირებულია ქ. თბილისში, ...აში მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, დაზუსტებული ფართობი - 450 კვ.მ, საკადასტრო კოდი: .... საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი არის 2014 წლის 21 ოქტომბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობა №141158146. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ მოსარჩელეების მამამ - აწ. გარდაცვლილმა გ. მ-მა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება შეიძინა 2000 წლის 25 იანვარს.
საქმეში წარმოდგენილი შპს ,,ე...-ის“ მიერ 2018 წლის 15 იანვარს შედგენილი ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტმა, ქ.თბილისში, ...ის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე განთავსებული შენობის და ტერიტორიის შემომზღუდავი ღობის, ნაკვეთში დარგული მრავალწლოვან მარადმწვანე ნარგავებზე ვიზუალური დაკვირვებით და დამკვეთის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ ზემოხსენებულ ტერიტორიას (447კვ.მ) მ. და ლ. მ-ები ფლობენ წლების განმავლობაში, დაახლოებით 2000 წლიდან დღემდე. კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ზემოხსენებული დასაკანონებელი ტერიტორია (447კვ.მ) მდებარეობს მ. და ლ. მ-ების კუთვნილებაში არსებული ლეგალიზებული ტერიტორიის გაგრძელებაზე და მასთან ერთობლიობაში ქმნის ერთ საერთო სივრცეს. საქმეში აგრეთვე წარმოდგენილია სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომლითაც მოსარჩელეების მეზობლები ადასტურებენ, რომ მ. მ-ი და ლ. მ-ი 2000 წლიდან დღემდე ნამდვილად ფლობენ და სარგებლობენ უძრავი ქონებით. განმცხადებლები თანახმა არიან, რომ მოსარჩელეებმა კანონმდებლობის შესაბამისად მოახდინონ აღნიშნული ქონების ლეგალიზება/დაკანონება და საკუთარ სახელზე გაფორმება/რეგისტრაცია.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 13 ივლისის №882 განკარგულება დაუსაბუთებელია, ვინაიდან მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების ყოველმხრივი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც იძლეოდა სადავო საკითხზე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გავრცელების შესაძლებლობას. საქმეში წარმოდგენილი ფოტოები ადასტურებს, რომ ნაკვეთზე ფიქსირდება მრავალწლიანი ნარგავების არსებობა, ამასთან, ნაკვეთზე განთავსებულია მავთულბადის ღობე. აღნიშნული გარემოება არ გამხდარა კომისიის მსჯელობის საგანი. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ კომისიის მიერ არ წარმოდგენილა სადავო ტერიტორიის ადგილზე დათვალიერების ოქმი, შესაბამისად, არ დასტურდება, რომ მოხდა ნაკვეთის მდგომარეობის ადგილზე შესწავლა, ნარგავებისა და ღობის დათვალიერება, მისი განთავსების სავარაუდო თარიღის განსაზღვრა, მეზობელი ნაკვეთების მესაკუთრეების გამოკითხვა. ამასთან, მოთხოვნილი ნაკვეთის მოსარჩელეების მიერ დაკავებისა და ფლობის ფაქტი დასტურდება მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული განცხადებებით, რაც ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების თანახმად, საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დამადასტურებელი ერთ-ერთი მტკიცებულებაა (სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში). ზემოხსენებული მტკიცებულებები ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად სათანადოდ უნდა შეფასებული კომისიის მიერ.
საკასაციო პალატა არ იზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს მითითებას სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-19 მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ და აღნიშნავს, რომ მოსარჩელეების მიერ შპს ,,ე...-ის“ დასკვნა მოპოვებული იქნა კომისიის 2017 წლის 13 თებერვლის №576 საოქმო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, რაც კანონის 51 მუხლის 31 პუნქტის თანახმად, უნდა მიჩნეულიყო ახალ გარემოებად. მითითებული ნორმის მიხედვით, თუ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი სხვა დოკუმენტაციით უტყუარად არ დგინდება, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) განთავსებულია ამ კანონის ამოქმედებამდე, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია ან სააგენტო უფლებამოსილია სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში დაინტერესებულ პირს დამატებით მოსთხოვოს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ამ კანონის პირველი–მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედებამდე (2007 წლის 20 სექტემბერი) არსებობის ფაქტს, რა გარემეობაც მოცემულ შემთხვევაში იყო სახეზე.
იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები არ დაუდგენია და არ ჩაუტარებია სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, საფუძველს მოკლებულია მ. და ლ. მ-ების საკასაციო პრეტენზია დავის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობის შესახებ. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ საკითხი საჭიროებს დამატებით გამოკვლევას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად ჩატარებითაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების საფუძველზე, სასამართლოსათვის მინიჭებული შესაძლებლობა - გამოიკვლიოს ფაქტობრივი გარემოებები, არ ნიშნავს სასამართლოს უფლებას/ვალდებულებას ჩაანაცვლოს ადმინისტრაციული ორგანო და თავად განახორციელოს ადმინისტრაციული წარმოება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი და კასატორების მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები უპერსპექტივოა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან მ. და ლ. მ-ების მიერ საკასაციო საჩივარზე 14.07.2022წ. №13859503852 საგადახდო დავალებით მ. მ-ის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, ლ. მ-ისა და მ. მ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 მაისის განჩინება;
3. მ. მ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 14.07.2022წ. №13859503852 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა